მონღოლურ-რუსული სიყვარული
მარცხი ელანძეა
სანამ დანარჩენი ცივილიზებული სამყარო იმაზე იჭყლეტს ტვინს, რა სანქციები დაუწესონ რუსეთს და ერთი ეფექტიანი ვერ მოუგონიათ, ამასობაში პრ. პუტინმა მონღოლეთი მოიარა.
მოიარა და იმდენად ნაყოფიერად, რომ მხარეებმა მონღოლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებასაც მიაღწიეს.
მთლად უკიდეგანოსაც არა, მაგრამ მონღოლებსა და რუსებს (ანუ, მონღოლეთისა და რუსთეის მოქალაქეებს) ერთმანეთის სამშობლოებში აწ უკვე 30 დღით შეეძლებათ უვიზოდ შესვლა-დარჩენა.
ოღონდ მხოლოდ ამას არ დასჯერებულან და კიდევ 15 შეთანხმებისთვისაც მოუწერიათ ხელი, მათ შორის, სამხედრო სფეროში თანამშრომლობისთვისაც. სახელდობრ, რფ იღებს ვალდებულებას, რომ მონღოლეთს უანგაროდ გაუწიოს სამხედრო-ტექნიკური დახმარება, ამასთან, რფ-მ მონღოლეთიდან მესაქონლეობის პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვაც გააუქმა. ზედაც, ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა საზეიმო ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა – ერთობლივად აღნიშნეს საბჭოთა და მონღოლური არმიების მიერ იაპონიის არმიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავი.
მართალია, ეს ის შემთხვევვა, ორივე მტკვარში დაგვახრჩობინაო (ისტორიული მწარე სინამდვილის გათვალისწინებით), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ მათ შორის, ყირიმი და სრულად ნახევარი რუსეთი, არც მეტი, არც ნაკლები, მონღოლების ოქროს ურდოს ეკუთვნოდა, წესით, ძალიანაც არ უნდა მიეძალოს ეს ჩვენი ჩრდილოელი მონღოლეთისთვის სამხედრო დახმარებას, თორემ, რომ მოძლიერდება, ემანდ ისტორიული მონღოლური ტერიტორიების შეერთება არ გადაწყვიტოს. –