განსხვავებულით შეთავსებულები
ანუ საყვარელ ცოლად
მართალია, წინასწარ ვიყავით შეიარაღებულნი, ანუ გაფრთხილებულები, რომ, თუმცა უელსის „ნატოს“ სამიტზე წევრობას ვერ მივიღებდით, სამაგიეროდ, რაღაც განსხვავებულს მაინც გამოვკრავდით ხელს (ყანწს როდის შემოიტანენ?!).
ასეც მოხდა – განსხვავებულიც შეგვახვედრეს, გაძლიერებული პაკეტისა და „ოქროს ბარათის“ თვალსაზრისით. ეს ამბავი კი შემდეგს ითვალისწინებს: საქართველოში გაიხსნება „ნატოს“ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, რომელშიც „ნატოელი“ და პარტნიორი სამხედრო ქვედანაყოფები მოემზადებიან; თავდაცვის სამინისტროში გამოგზავნიან „ნატოს“ სამხედრო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც მზრუნველად მიადევნებს თვალს გაძლიერებული პაკეტის განხორციელებას და, რაც მთავარია, „ნატო“ მხარს დაგვიჭერს თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერებაში, მოწოდებასა და შესყიდვაში (და მერე რა, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა და მამაცთა ნებაზე – ომი).
„ოქროს ბარათი“ კი, როგორც განგვიმარტეს, იმის დასტურია, რომ „ნატოს“ სრულად ვეთავსებით! იმას გარდა, რომ ნომერ პირველი პარტნიორის სტატუსსაც გამოვკარით ხელი (ანუ, თუ მთლად პირველი ცოლი ვერ გავხდებით შაჰის კარზე, ყოველ შემთხვევაში, საყვარელი ცოლის სტატუსი გარანტირებული გვაქვს! – ).
მეორე მხრივ, თუ უკრაინის ფონსა და პრ. პუტინის განცხადებებს გავიხსენებთ, რფ არ დაუშვებს თავის სამხრეთ საზღვრებთან „ნატოს“ გაფართოებასო, იმთავითვე აშკარაა, რომ ჩვენი ხელის თხოვნა, ანუ წევრად მიღება, ჩვენვე შეგვიქმნიდა საფრთხეს. ამას ვინ ჩივის – სრულიად დედამიწას!
შესაბამისად, თუკი ხელისგულზე გვატარებენ, მაინცდამაინც ნუ გამოვეკიდებით კავშირის კანონიერების დამადასტურებელ შტამპს პასპორტში, ანუ, ნუ დავაძალებთ, გინდა თუ არა, ვიფსკვნათ ჯვარიო! –