ბრინჯის ბურთულები
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ქათმის ბარკლის ან ფრთის ძირები, 1,5 ჭიქა ბრინჯი (მრგვალმარცვლიანი), 1 ცალი კვერცხი, 50 გრამი მაგარი ყველი (ნებისმიერი სახეობის), კარაქი ან ზეთი – შესაწვავად, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში (1,5 ჭიქა ბრინჯს 3 ჭიქა წყალი დასჭირდება). ხორცს მოაშორეთ ძვალი და ძალიან წვრილად დაკეპეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ფარში მოშუშეთ ტაფაზე ცოტა ცხიმში და შუშვისას ცოტა გახეხილი ყველი დაუმატეთ. გადმოდგით და გააცივეთ.
ხელისგულზე მოათავსეთ 2 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი, ხელშივე გაწურეთ და მიეცით ბურთულის ფორმა. შუაგული ჩაუღრმავეთ და მოათავსეთ მასში ფარშის სატენი, ფარშიანი ღრმულიც ბრინჯით გადაფარეთ, მიეცით ბურთის ფორმა, ამოგანგლეთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, მერე საფანელში და შებრაწეთ ზეითუნის ან სიმინდის ზეთში (კარაქშიც შეიძლება). უგემრიელესია, მსუბუქი და არომატული.