ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
ახალგორელმა ერისთავმა ამილახვარს ქალი მიათხოვა და მზითვად სოფელი ბოლი მისცა, რომელიც მუაჯირიდამ ჩანდა. ბოლოს ამ სოფლის მიცემა დაენანა და გულდაწყვეტილი ხშირად იტყოდა ხოლმე:
– ეს ბოლი თვალებსა მწვავსო.
***
დავით დადიანის მდივან-ბეგმა როსთო ჩიქვანმა, რომელსაც მეგრელები „როსთა-კოჭლს“ ეძახდნენ ცოლი შეირთო – ძალიან ლამაზი ქალი. ქორწილზე დაესწრო მთელი სამეგრელოს მაღალი საზოგადოება, მთავრიდან დაწყებული. ლხინი დამთავრდა. ყველა მოსასვენებლად წამოვიდა.
მეორე დღეს სიძე-ბატონი დილაადრიანად ადგა, რომ არავის ეჩვენოს ცოლის ოთახიდან გამოსული. მაგრამ „სვიმონ-გლახა“ – ქვაშიხოროს სასახლის ხუმარა – მასზე ადრე ამდგარიყო თურმე და წინ შეეფეთა.
– როგორ, ამისთანა ლამაზი ცოლი შეირთე და კიდევ კოჭლობო?! – ჰკითხა ხუმარამ.
– ვითომ და რათაო? ცოლი შევირთე, თურმანიძე ხომ არ შემირთავს, რომ მოვერჩინეო, უპასუხა ჩიქვანმა.
***
ერთი ლიტერატორი შეხვდა ნაავადმყოფარ აკაკის და უთხრა: შენი ამბავი მიტომ არ ვიკითხე, რომ არც მე და არც სხვა „ივერიის“ თანამშრომლებს შენი ავადმყოფობა არ დაგვიჯერებიაო.
– მე თქვენი სიმრთელე და კარგად ყოფნა არასოდეს დამიჯერებია და თქვენც რომ ჩემი ცოტახნის ავადმყოფობა არ დაიჯეროთ, რა საბოდიშოაო? – მიუგო აკაკიმ.
***
ერთმა ქალმა უსაყვედურა აკაკის:
– შენი სიტყვები ლოდივით მაწევს გულზეო!
– რა ვქნა, ბატონო! მე მაინც ვერ დავიმუნჯებ თავს... ნეტავი სულაც ჩემს სიტყვებად გადამაქციაო, – მიუგო აკაკიმ.