კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ქართველი – გიორგი დვალაშვილი რუსეთის ჩემპიონი კარატეში და რას ფიქრობს ის ქართველ სპორტსმენებზე

2014 წელს, 16-17 წლისა და 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, რუსეთის ჩემპიონი კარატეში გახდა ქართველი – გიორგი დვალაშვილი. მისი ოჯახი ყოფითი მიზეზების გამო რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და გიორგი იქ დაიბადა. თუმცა, სამშობლოსთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს და სურვილი აქვს, თავისი წარმატებული სპორტული კარიერა სამშობლოსაც დაუკავშიროს. დღეს კი რუსეთში მოღვაწეობს და ძალიან წარმატებულადაც. ქართული საზოგადოება მას არ იცნობს. „თბილისელების“ მკითხველი პირველია, ვისაც საშუალება აქვს, შეიტყოს რუსეთის ქართველი ჩემპიონის შესახებ. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

– გიორგი, ქართული საზოგადოება არ გიცნობთ, რას გვეტყვი შენ შესახებ?

– რა გითხრათ (იცინის)... მე ვარ გიორგი დვალაშვილი, 17 წლის. ვცხოვრობ რუსეთში. ვარ კარატისტი და ძალიან აქტიურად ვარ ჩართული სპორტის ამ სახეობაში. უპირველესად, იმიტომ, რომ ცხოვრების ჯანსაღ სტილს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და შემდეგ უკვე კონკრეტულად: ეს სახეობა –კარატე ძალიან მომწონს. ვგრძნობ, რომ ეს ნამდვილად ჩემი საქმეა. თან, მგონი, ცუდად არ გამომდის, თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ.

– ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გვიამბე, როცა რუსეთის ჩემპიონი გახდი?

– რუსეთის ჩემპიონატისთვის ისეთ სპორტსმენებს არჩევენ, ვისაც უფრო მეტი ტიტული აქვს. მე პირველად 2013 წელს მივიღე მონაწილეობა – 14-15 წლამდე ასაკისა და 67 კილოგრამი წონით კატეგორიაში. 5 თამაში იყო სულ. ყველა რთული იყო, რადგან მთელი რუსეთიდან საუკეთესო სპორტსმენები იყვნენ შეკრებილი. მაგრამ, ნახევარფინალი განსაკუთრებით ძნელი აღმოჩნდა. იქ მსოფლიო ჩემპიონს შევხვდი. რთული იყო, მაგრამ მაინც მოვუგე. თუმცა ფეხი ვიტკინე. ნემსი გამიკეთეს გასაყუჩებლად და ფინალში ისე გავედი. მოწინააღმდეგემ იცოდა ამის შესახებ და მაინცდამაინც იქ მირტყამდა. წავაგე, თუ არ ვცდები 5:3. მაგრამ წინა დღით, როგორც გითხარით, სხვა დისციპლინაში მოვუგე – კატაბუნკაიში. საბოლოო ჯამში, ავიღე ჩხუბში მეორე ადგილი, ბუნკაიში – პირველი. შესაბამისად, ის ჩხუბში გახდა რუსეთის ჩემპიონი, კატაბუნკაიში – მე. ამის შემდეგ მას კიდევ შევხვდი, მართალია, რუსეთის ჩემპიონატის დონის შეხვედრა არ ყოფილა, მაგრამ ეს ჩემთვის პრინციპის საქმე იყო და სხვათა შორის, საკმაოდ დიდი სხვაობით დავამარცხე.

შემდეგ იყო 2014 წელი და ყველაზე მთავარი მოვლენა ჩემთვის – ისევ რუსეთის ჩემპიონატი. ჩემს კატეგორიაში იყო მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონები და სხვა ტიტულოვანი მოთამაშეები, მაგრამ ყველას დამარცხება შევძელი. პირველ დღეს კატაბუნკაი მოვიგე, შემდეგ დღეს – ჩხუბი და ასე გავხდი რუსეთის ჩემპიონი.

– როგორც ვიცი, სპორტის სხვა სახეობით –კრივითაც ხარ დაკავებული?! იქაც გაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები?

– ჩვენი კლუბის მწვრთნელმა მირჩია, რომ პარალელურად, კრივშიც მევარჯიშა და გავითვალისწინე. მთელი წელი ვვარჯიშობდი და აპრილში დავიკავე მეორე ადგილი WFL ვერსიით. პირველი თამაში 3 წუთში მოვიგე. მეორეში მოწინააღმდეგე 30 წამში ნოკაუტში გავუშვი და მესამეში – დავმარცხდი. საბოლოო ჯამში, მეორე ადგილი მერგო. ვგეგმავ, კარიერა კარატესთან ერთად, კრივშიც გავაგრძელო.

– სკოლას როგორ უთავსებ ამ ყველაფერს? თან, როგორც ვიცი, პარალელურად, ბავშვებსაც ამზადებ კარატეში.

– მასწავლებლებმა იციან ჩემ შესახებ და ცდილობენ, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დამეხმარონ. თუმცა, სწავლასაც თავისი დრო სჭირდება, ბუნებრივია. მოსწავლეებს რაც შეეხება, 2 წლის წინ მწვრთნელმა შემომთავაზა, რომ ჯგუფი ამეყვანა. ერთ წელიწადში ბავშვები შეჯიბრებაზე გავუშვი და საკმაოდ ბევრი ჯილდო მოიპოვეს. ესეც წარმატება იყო ჩემთვის.  წლევანდელ ჯგუფს ახლა ვამზადებ შეჯიბრებებისთვის.

– შთამბეჭდავი შედეგები გაქვს. საინტერესოა, რა არის ამ ეტაპზე შენი მიზანი?

– რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გავხდე და კიდევ, ძალიან მინდა, სპორტის ეს სახეობა საქართველოში მეტად აქტიური გავხადო. ამისთვის ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ მაქვს, თუმცა, სურვილი დიდია. ჩემი აზრით, ქართველ სპორტსმენებს ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ.

–  რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რთული პოლიტიკური ვითარება თუ გამხდარა შენთვის ოდესმე დამაბრკოლებელი?

– პოლიტიკაში არ ვერევი. სპორტში პოლიტიკას არ აქვს ადგილი და არც უნდა ჰქონდეს. პირადად ჩემთვის, ამას არ შეუქმნია პრობლემა. ჩვენ კარგად ვვარჯიშობთ ერთად სხვადასხვა ერის წარმომადგენლები: რუსები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები და ასე შემდეგ.

– საქართველოში თუ ჩამოდიხარ ხოლმე?

– კი, რა თქმა უნდა, სხვანაირად წარმოუდგენელია. საქართველო ჩემი სამშობლოა და ძალიან მიყვარს. ბუნებრივია, აქ ბევრი ახლობელი მყავს და მათთან ძალიან ხშირად მაქვს კონტაქტი. ყოველ ზაფხულს ჩამოვდივართ მთელი ოჯახით და ზაფხულს აქ ვატარებთ. ამ დროს ახლობლები ერთად ვიკრიბებით და ასე, მთელი წლის დანაკლისს ვინაზღაურებთ.

 

скачать dle 11.3