რის გამო მიიჩნევენ უშგულს ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სოფლად და რეალურად რომელ სოფელს ეკუთვნის ეს სტატუსი
ბოლო კვლევების შედეგად, საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფლის სტატუსთან დაკავშირებით ახალი დეტალები გამოიკვეთა. წინა კვლევებით, ეს სტატუსი სოფელ რესს ეკუთვნოდა. მოგვიანებით, გარკვეულ მიზეზთა გამო, დაიწყეს საუბარი სოფელ უშგულზე. ბოლო დროს ჩატარებული ექსპედიციის შედეგად კი დადგინდა, რომ საქართველოში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი არის თუშეთში, გომეწრის ხეობაში, სოფელი ბოჭორნა. ის ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე ზემოთ მდებარეობს. შესაბამისად, ეს სტატუსი ამ სოფელს უნდა მიენიჭოს, რადგან მას ამისთვის ყველანაირი პირობა გააჩნია, – გვითხრა ექსპედიციის ხელმძღვანელმა, გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა. „თბილისელების“ მკითხველებს ექსკლუზიურად ვთავაზობთ დეტალებს ამ სიახლის შესახებ.
– ბატონო გიორგი, რომელ სოფელს აქვს საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფლის სტატუსი ამჟამად?
– მეოცე საუკუნის ბოლოს წარმოებული აღწერების თანახმად, ყველაზე მაღალი სოფლის სტატუსი ჰქონდა სოფელ რესს, რომელიც ყაზბეგის რაიონში, თრუსოს ხეობაში მდებარეობს, ამ სოფელში 2 410 მეტრზე იდგა საცხოვრებელი სახლი. მეოცე საუკუნის ბოლოს აქ ხალხი, ჩვეულებრივ ცხოვრობდა, ბოლო დროს კი მოსახლეობა სეზონურად ადიოდა. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ეთნიკურად ოსები შეადგენდნენ. ოსებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ის, რომ ისინი ამ ტერიტორიაზე დაახლოებით ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ისე კი, ეს ხეობა ძირძველი ქართული ტერიტორიაა. აქ ადრე იყო დვალეთი – ეს ფაქტი არაერთი მეცნიერის მიერ არის დადასტურებული. ბოლო დროს სოფლები მოსახლეობისგან დაიცალა – უამრავ მათგანში მოსახლეობა ან სეზონურია, ან საერთოდ აღარ არის. სოფელი რესი ახლა უკვე ნასოფლარია. ახალი აღწერა მიმდინარე წელს დაიწყო და, ამის შედეგად, ოფიციალურად გახდება ცნობილი, რომელი სოფელია ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი ამჟამად. გამოითქვა თვალსაზრისი სოფელ უშგულის შესახებ, მაგრამ, უშგული ნამდვილად არ არის ევროპაში ყველაზე მაღალი სოფელი. ზოგიერთი მკვლევარი კავკასიონის ქედზე ატარებს ევროპისა და აზიის საზღვარს – საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილს აზიად მიიჩნევენ. აქვე გეტყვით, რომ ეს არ არის მართებული. საქართველოს გაყოფა არ სჭირდება, ის მთლიანად ევროპას ეკუთვნის. მაგრამ, ამ მეცნიერების მიერ კავკასიონის ქედზე გავლებული საზღვრის გამოა დადასტურებული, რომ უშგულია ყველაზე მაღალი სოფელი (დასახლებული პუნქტი) ევროპაში. არაერთი კვლევის შედეგად დადგენილია უშგულის სიმაღლე – ესაა 2 160 მეტრი, ანუ, ზღვის დონიდან ამ სიმაღლეზე ცხოვრობს ადამიანი. კიდევ ცოტა მაღალზე არის ლამარიას ეკლესია, მაგრამ, ეკლესია არ ითვლება დასახლებულ პუნქტად. რაც შეეხება სხვა ტერიტორიებს, მაგალითად, ხევსურეთში არის სოფელი ბაცალიგო, რომელიც თითქმის უტოლდება უშგულს, მაგრამ, თითქმის ხუთი წელია, იქ მოსახლეობა აღარ არის. ასევე, არის სოფელი ფარავანი, რომელიც სულ რაღაც ათიოდე მეტრით ჩამოუვარდება უშგულის სიმაღლეს.
– ბოლო კვლევების შედეგად დაადგინეთ, რომ ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა რეალურად სხვა სოფელი მდებარეობს. ეს რომელი სოფელია?
– ეს არის თუშეთში, გომეწრის ხეობაში, სოფელი ბოჭორნა. ის ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს. უფრო კონკრეტულად, ამ სოფლის დიდი ნაწილი 2 350 მეტრზეა განლაგებული. ყველაზე მაღალი სახლი კი 2 360 მეტრზე მდებარეობს. ამ სოფელში მიმდინარე წელს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია აღადგინეს, გაისად მისი კურთხევაც იგეგმება და ეს ეკლესია იქნება ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილას მდებარე მოქმედი ეკლესია.
ექსპედიციის შედეგად, საინტერესო ინფორმაცია მოვიძიეთ: ამ სოფელში მცხოვრებმა რამდენიმე კომლმა, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში საცხოვრებელ ადგილად უწერიათ სოფელი ბოჭორნა, ამავე სოფლის ტერიტორიაზე მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ფაქტი კი ნიშნავს იმას, რომ ეს ტერიტორია ნამდვილად სოფელია. თუ ტერიტორია ნასოფლარია და ამჟამად დასახლებული არ არის, მას არ აფიქსირებენ სოფლად. უახლოეს მომავალში აქ ჩატარდება საყოველთაო აღწერა. თუ იქ არ ავა აღმწერი და არ აღწერს იმ სოფელს, ეს იქნება ძალიან ცუდი ფაქტი, რადგან იქ მოსახლეობა ნამდვილად არის. ძირითადად ჩამსვლელები არიან, თუმცა, არის ერთი მოსახლე, რომლის მუდმივი საცხოვრებელიც სწორედ ამ სოფელშია. ის მოსახლე ექიმია და, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეიძლება, მეზობელ ტერიტორიებზეც ჩავიდეს, მაგრამ, ძირითადად სწორედ ამ სოფელში ცხოვრობს.
– როგორც ვხვდები, ეს მიმდინარე პროცესია და სოფელი ბოჭორნა ოფიციალურად ყველაზე მაღლა მდებარე სოფლად არ არის დაფიქსირებული.
– დიახ, ასეა – ჯერჯერობით ეს არ არის ოფიციალურად დაფიქსირებული, რაც, იმედია, მალე მოხდება, რაც მხოლოდ კარგ შედეგს თუ გამოიღებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ, ძველი რუკებისა და აღწერების მიხედვით, ეს ტერიტორია არ ითვლებოდა დასახლებულ პუნქტად. მოსახლეობა ამ სოფლიდან სხვაგან იყო გადასული და სეზონურად დასახლებულ პუნქტს არ აძლევდნენ სოფლის სტატუსს. ასეთი ტერიტორია საქართველოში ბევრია, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანი აქ მუდმივად ცხოვრობს; რომ, ჩვეულებრივ, მიმდინარეობს სოფლის ცხოვრება, მან აქ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ის აღწერების დროს ამ ტერიტორიაზე იქნება, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ტერიტორიას მივანიჭოთ მუდმივად დასახლებული სოფლის სტატუსი, რომელიც ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს.
– თუ ამ სტატუსს მოიპოვებს, ავტომატურად ევროპის ყველაზე მაღალი სოფელიც გახდება?
– კიდევ გავიმეორებ: ევროპის რეგიონის ზღვრის გატარება კავკასიონზე არასწორია. ეს სოფელი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე და, იმის თქმა, რომ იგი ევროპას არ ეკუთვნის და აზიის ტერიტორიაზეა, ყველანაირად გაუმართლებელია. შესაბამისად, თუ ის მოიპოვებს საქართველოში ყველაზე მაღალი სოფლის სტატუსს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის გახდება ევროპის ყველაზე მაღალი სოფელიც.
– მაღალმთიანი სოფელია და, ბუნებრივია, რთული გეოგრაფიული გარემო იქნება.
– იქ ცხოვრება და არსებობა ადვილი ნამდვილად არ არის, მართლაც რთული პირობებია, მაგრამ, იქ ადამიანი ზამთარშიც რჩება. წინა წელთან შედარებით, სიტუაცია ცოტათი გაუმჯობესებულია: მუშაობს სამი ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელი, ინფორმაციაც აღწევს იქამდე. კარგად იჭერს რადიო და ექსპედიციის დროს ჩვენ მისი საშუალებითაც მიგვიღია ინფორმაცია.
რაც შეეხება გადაადგილებას, იქამდე მისასვლელად აბანოს უღელტეხილის გადალახვაა საჭირო, რომელიც თითქმის 3 000 მეტრამდეა. გზა მასზე გადის და მხოლოდ სამი თვის განმავლობაშია შესაძლებელი მისი გადალახვა, დანარჩენი პერიოდი ჩაკეტილია. მაგრამ, მეზობელ სოფელში, ომალოში, გზა არ იკეტება (საჰაერო მიმოსვლით შესაძლებელია გადაადგილება). იქიდან ბოჭორნამდე კი ათი კილომეტრია, რომლის გავლა ცხენით ან ფეხითაც (აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია. ძალიან დიდი თოვლი არ იცის, უფრო მეტად ყინვებია.
– ამ სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, რა შეიცვლება ამ სოფლისთვის?
– მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გახდეს. ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ტურისტი დადის, განსაკუთრებით – ევროპელები. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როცა აბრაზე ეწერება, რომ ეს არის ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სოფელი. რასაკვირველია, ეს ინტერესს გაზრდის და ბევრ ტურისტს მიიზიდავს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ერთი ადამიანი კი არა, ბევრი ოჯახი დარჩეს იქ საცხოვრებლად – სოფელში ამისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. ის ბოლო წლებში დაიცალა, თორემ, ერთი საუკუნის წინ ასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა იქ. რაც შეეხება უშგულს, ბოჭორნა მას კონკურენციას არ გაუწევს, რადგან, მას, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ისედაც ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ბოჭორნას კი ნამდვილად ესაჭიროება იმ რეალური სტატუსის მინიჭება, რაც არის.
– ოფიციალურად დარეგისტრირებისთვის რა არის საჭირო?
– ოფიციალურად მაშინ დაფიქსირდება, როცა აღწერის შედეგები გახდება ცნობილი. თუმცა ჩვენ ვაპირებთ, გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგიდით დავაფიქსიროთ.