კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აქვს იაპონელ პატარძალს ქორწილის დღეს ვარცხნილობაში რქები ჩამაგრებული და რომელი ტრადიციები გადმოიღეს მათ ევროპიდან

იაპონელები რომ ტრადიციების ხალხია, ამაზე დღეს არავინ დავობს. მათ აქვთ განსხვავებული კულტურა, რომლითაც მთელი მსოფლიოა დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ძალიან წინ არიან წასულები, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ძველი ტრადიციების შენარჩუნებას. ამჯერად დავინტერესდით იაპონური ქორწილით, რომელზეც გვესაუბრა, ისტორიკოსი და კულტუროლოგი, ქალბატონი ნინო გოგავა.

 

– როგორი იყო ძველად იაპონური ქორწილი და შემორჩენილია თუ არა ოცდამეერთე საუკუნეში მაშინდელი ტრადიციები?

– საერთოდ იაპონიაში მეთორმეტე საუკუნემდე ეგრეთ წოდებული პოლიგამიური ქორწინება იყო, ანუ, მამაკაცს ბევრი ცოლი ჰყავდა. კაცს მოჰყავდა ცოლი, ქალი რჩებოდა მშობლების ოჯახში და ქმარი წლის განმავლობაში, რამდენიმე თვით ან დღით აკითხავდა მას. მეთორმეტე საუკუნის შუა წლებიდან, სამურაების ეპოქაში, მამაკაცს უკვე ერთი ცოლი ჰყავს, რომელიც თავის სახლში მიჰყავს, თუმცა, კაცის თავისუფლება არც ამჯერად იზღუდება: მას შეეძლო, ცოლისთვის მინიმალური დრო დაეთმო, დანარჩენი კი გაეტარებინა მხიარულ კვარტლებში, გეიშებთან, ჩაის სახლებში და ასე შემდეგ. ქალი თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იყო მამაკაცზე და უმაღლეს დონეზე ემორჩილებოდა. ქალის საქმე იყო ოჯახის მოვლა და შვილების გაზრდა, თუმცა, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან  ბევრი რამ შეიცვალა. ამ საუკუნის 40-იანი წლებიდან ქალები შედარებით თავისუფლები გახდნენ. იაპონიაშიც, როგორც ქვეყნების უმრავლესობაში,  ძველად 14-15 წლის გოგონებს ათხოვებდნენ. დღეს თანამედროვე იაპონელი ქალები აღარ ფიქრობენ ადრე გათხოვებაზე, მათთვის პრიორიტეტული გახდა კარიერული წინსვლა; ისინი არიან ფემინისტური მოძრაობის მოყვარულები და 26-28 წლიდან ქმნიან ოჯახს. თანამდეროვე მამაკაცი უფრო გვიან, 30 წლიდან იღებს ოჯახის ტვირთს საკუთარ თავზე. იაპონელებს აქვთ გამოთქმა: „მამაკაცი დაქორწინებულია თავის სამსახურზე“, ანუ, ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს კაცი ატარებს სამსახურში და კარიერულ წინსვლაზე ფიქრობს. ამიტომ, როცა უკვე მატერიალურად უზრუნველყოფილია, მაშინ მოჰყავს ცოლი.

– ქორწილის დანიშვნასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული ტრადიცია ხომ არ აქვთ?

– ქორწილს ნიშნავენ ზაფხულში და შემოდგომაზე, მთვარის კალენდრის მიხედვით. ცერემონიალი აუცილებლად ნახევარი წლით ადრე იგეგმება. სტუმრებს მოსაწვევებს ორი-სამი თვით ადრე უგზავნიან. მოსაწვევში მითითებულია ადგილი და მაგიდა; ასევე, ჩადებულია მენიუც. მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან იაპონიაში ევროპული ქორწილები შემოვიდა მოდაში, რადგან, ტრადიციულ ქორწილთან შედარებით იაფი ჯდება.

– ნიშნობის ცერემონიალი როგორია?

– როგორც ყველა ქვეყანაში, ასევე იაპონიაშიც უძველესი დროიდან არსებობს ნიშნობა. ძველად, ოჯახის უფროსი იბარებდა მაჭანკალს და წაუყენებდა მოთხოვნებს, რის შემდეგაც იწყებდნენ სასურველი სარძლოს ან სასიძოს პოვნას. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ მაჭანკლის ინსტიტუტი საერთოდ აღარ არსებობს – ახლაგაზრდები თავად ეძებენ ერთმანეთს. იაპონელებს ძალიან უყვართ სხვისი ტრადიციების გადმოღება. მათ ევროპიდან შეიტანეს წმინდა ვალენტინის დღე, რომელიც, როგორც მთელ მსოფლიოში, იაპონიაშიც 14 თებერვალს აღინიშნება. ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს საჩუქრად აძლევენ წმინდა ვალენტინის შოკოლადის პატარა ფიგურას. მხოლოდ 14 თებერვალს შეუძლია იაპონელ ქალს, მამაკაცს სიყვარულში გამოუტყდეს და ამით მისი რეპუტაცია არ ილახება. საცოლე საქმროს უგზავნის თავის სურათს, სადაც ის საქორწილო კაბაშია გამოწყობილი. ამ ჟესტით სასიძოებს მიანიშნებენ, რომ ქორწილზე ფიქრის დრო მოვიდა. ეს ტრადიცია მიიღეს და გაითავისეს, მაგრამ კიდევ უფრო განავრცეს. 14 მარტს მამაკაცები უგზავნიან გოგონებს წმინდა ვალენტინის პატარა ფიგურებს, ოღონდ, თეთრი შოკოლადისას. ამიტომ ამ დღეს „თეთრი დღე” დაარქვეს.

– იაპონიაში არსებობს შინტოისტური და კათოლიკური ქორწილები, სარწმუნოების გარდა რა განსხვავებაა მათ შორის?

– შინტოისტური, ანუ, ტრადიციული ქორწინება კიმონოს გარეშე შეუძლებელია. ეს  ძალიან ძვირი სიამოვნებაა, რადგან, პატარძალს ერთის ნაცვლად სამი სამოსი აცვია, ქორწილს წინ უსწრებს ნიშნობა, სადაც დაპატიჟებულნი არიან ოჯახის წევრები. ამ დღეს მხოლოდ პატარძალი იღებს საჩუქარს, მხოლოდ ბეჭედს, რომელიც მორთულია იმ თვის ქვით, რომელ თვეშიცაა დაბადებული. კიდევ, მიართმევენ ხუთ, შვიდ ან ცხრა კონვერტს – ეს არის ძველი რიტუალი. ძველად ამ კონვერტში ფულის გარდა დებდნენ ზღვის გამხმარ პროდუქტებს და ამასაც თავისი დატვირთვა ჰქონდა. ახლა კონვერტები ძირითადად ცარიელია, მხოლოდ ერთში დევს  ფული, რომელსაც  ახალგაზრდები ქორწილისთვის იყენებენ. ადრე ქორწილს იხდიდა მამაკაცი, მასზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, დღეს კი ესეც შეიცვალა – ქორწილის სამზადისში გოგოს მშობლებიც მონაწილეობენ. ამ დღისთვის სპეციალური დარბაზებია, სადაც, ტრადიციული ქორწილის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს შინტოისტური პატარა ტაძარი. თუ კათოლიკური წესით იმართება ცერემონიალი, არ არის აუცილებელი, იყოს კათოლიკე მღვდელი. წყვილი ხელს საქორწინო მოგზაურობის შემდეგ აწერს მერიაში. ეს არსად არ ხდება, იაპონიის გარდა. შინტოისტური წესით, ქორწილამდე, სიძე-პატარძალი  ერთად არჩევს საქორწილო კიმონოებს. მათ არ მიაჩნიათ, რომ პატარძალი თვალისმომჭრელად უნდა გამოიყურებოდეს. სიძე იმიტომ არჩევს საცოლესთან ერთად კიმონოს, რომ მას თვითონ მოეწონოს პატარძალი ამ ჩაცმულობაში. დედოფალს ჩაცმაში სპეციალურად დაქირავებული ქალები ეხმარებიან, რადგან, ძნელი ჩასაცმელია – საპატარძლო კიმონო 12 ნაწილისგან შედგება. რაც შეეხება ბეჭდებს, ესეც ევროპული ტრადიციაა, მაგრამ, შეცვლილი სახით. თუ ევროპელებს ოქროს ბეჭდები მოსწონთ, იაპონელები პლატინის ბეჭდებს ანიჭებენ უპირატესობას. აუცილებელია ბეჭდის ინდივიდუალური შეკვეთა, დიზაინი წყვილის გემოვნების მიხედვით უნდა შეირჩეს. პლატინა ძალიან ძვირი ღირს და, თუ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, მაშინ ბეჭდებს ვერცხლისგან აკეთებენ. პატარძალს აუცილებლად თეთრი ფერის კიმონო აცვია, რომელზეც წეროებია გამოსახული ოქროს ძაფით. მათთვის წეროები დღეგრძელობის სიმბოლოა. ასევე, ატმის ყვავილს ქარგავენ – ეს არის ქალწულობისა და სიყვარულის ნიშანი. კიმონოს კალთა აუცილებლად წითელი სარჩულის უნდა იყოს. პატარძლებს სპეციალურ  ვარცხნილობას უკეთებენ, რომელშიც სავარცხლები და ულამაზესი ყვავილების გირლანდებია ჩასმული. რაც მთავარია, თმაში ჩამაგრებულია ორი პატარა თეთრი რქა. რქას თავისი დატვირთვა აქვს: იაპონელებს მიაჩნიათ, რომ ქალს დაბადებიდან აძლევს ეშმაკი ეჭვიანობის ორ რქას, რომლებიც გათხოვებამდე თან დაჰყვება. ტაძარში შესვლისას პატარძალს თეთრი თავსაბურავი ახურავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას რქები უნდა მოსძვრეს. ქალს თან აქვს პატარა ხელჩანთა, დანა და მარაო, რომელიც ისეა ჩამაგრებული ქამარში, რომ ცერემონიალის მიმდინარეობისას ნელ-ნელა იხსნება და ბოლოს სულ გახსნილი რჩება, რაც ბედნიერების ნიშანია.

– ხელისმომკიდეებისა და მშობლების სამოსიც განსხვავებულია? სიძეს როგორ აცვია?

– ხელისმომკიდეებსაც სპეციალური კიმონოები აცვიათ, რომლის სახელოს სიგრძე ერთი მეტრია. ამით იმოსებიან გაუთხოვარი გოგონები. ეს კიმონო აუცილებლად მოქარგულია ულამაზესი ყვავილებითა და ფრინველებით. კომონოები აცვიათ პატარძლის დედასა და დედამთილსაც. მათი ფერი რუხი ან შავია, ხოლო კალთა სულ მოქარგულია. პატარძალი ნიშნობის შემდეგ იხდის  კიმონოს და თავისი გემოვნებით იცვამს, ფერს არ აქვს მნიშვნელობა. მხოლოდ იასამნისფერია აკრძალული, ვინაიდან, ამ ფერის სამოსი საიმპერატორო კარის ქალიშვილებს აცვიათ, ჩვეულებრივი გოგონები კი უპირატესობას წითელ ფერს ანიჭებენ. სიძეც აუცილებლად კიმონოშია გამოწყობილი, მისი შარვალი შავი ფერისაა, ხოლო ზედა ან შავია, ან – ლურჯი, ბოლო დროს თეთრიც შემოვიდა მოდაში. მამაკაცის კიმონო 5 ნაწილისაგან შედგება. აუცილებელია, სიძეს ზურგზე, ბეჭებსა და მკერდზე გამოსახული ჰქონდეს ხუთი გერბი, რაც ოჯახის სიმბოლოს წარმოადგენს. ასევე აცვიათ სიძისა და პატარძლის მამებსაც. 

– რა ხდება ტაძარში შესვლამდე და შემდეგ რომელ ტრადიციებთანაა დაკავშირებული ეს პროცესი?

– სიძე-პატარძალს ტაძრამდე მიუძღვება შინტოისტი მღვდელი – კამუსი, რომელსაც უკან მოჰყვება ტაძრის მსახური ორი ქალბატონი. შემდეგ მოდიან: სიძე-პატარძალი, ხელისმომკიდეები და მშობლები. ამ ცერემონიალზე მხოლოდ ახლო ნათესავები არიან მიწვეულნი. ტაძარში პირველი შედის ქალი, რომელსაც უკან მიჰყვება მამა გახსნილი ქოლგით. ტაძარში სასიძოს შესვლისთანავე, ქალის მამა ამ ქოლგას გადასცემს სიძეს, ანუ, ამ ჟესტით, მას აბარებს ქალიშვილს. ამის შემდეგ იწყება ცერემონიალი. მათ წინ დგას მოძღვარი (კამუსი) და ორი ქურუმი ქალი, რომლებსაც ღვთაებრივი საკით სავსე ულამაზესი ჩაიდნები უჭირავთ ხელში. საკე  არის იაპონური არაყი, რომელიც ბრინჯისგანაა დამზადებული. ამ შემთხვევაში „ღვთაებრივს” ეძახიან იმიტომ, რომ სპეციალური მინარევები აქვს დამატებული. მაგიდაზე დევს სამი პატარა ფინჯანი, რომლებშიც საკეა ჩასხმული. კამუსი ახალგაზრდებს აძლევს ამ ფინჯნებს და ისინი სამ-სამ ყლუპს სვამენ თითოეული ჭიქიდან – თითოეულს 9 ყლუპი უნდა გამოუვიდეს. ეს ყველაფერი საუკუნეების წინანდელი რიტუალია და აუცილებელია. საკეს მიღებით წყვილი განიწმინდება. შემდეგ სიძე-პატარძალი ცვლის ბეჭდებს, რაც უკვე ევროპული ტრადიციიდანაა შემოტანილი. საკეს ურიგებენ სტუმრებს, რომლებიც სამ-სამ ყლუპს სვამენ. ტაძრიდან პირველი გამოდის მამაკაცი და უკან მორჩილების ნიშნად მოჰყვება ქალი. იაპონელებს ძალიან უყვართ სურათების გადაღება. შეიძლება, სამი ან ოთხი საქორწინო ალბომი ჰქონდეთ. ფოტოსესიის შემდეგ, პატარძალი კვლავ იცვილის სამოსს და ახალი კიმონოთი გამოდის. გამრთობ თამადასთან ერთად, სიძე-პატარძალი ყველა მაგიდასთან მიდის და სანთელს ანთებს. უცნაურია, მაგრამ, იაპონურ ქორწილში ცეკვა აკრძალულია, სიმღერა კი დასაშვებია. კარაოკე მაგათი გამოგონილია, ამიტომ, სულ კარაოკეს მღერიან. თამადას უფრო გამრთობის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქორწილის ყველაზე ამაღელვებელი მომენტია  პატარძალის წერილის წაკითხვა, რომელშიც ის მადლობას უხდის მშობლებს. ამ წერილს ყველა აღფრთოანებითა და ტაშით ხვდება. ოჯახი ყველა სტუმარს გადასცემს საჩუქარს, რანგის მიხედვით. ახლად შეუღლებულებს აქვთ სამახსოვრო წიგნი, რომელშიც  სტუმრები კეთილ სურვილებს უწერენ.

– ძვირია იაპონური ქორწილი?

– დიახ, ძალიან ძვირი ჯდება, მარტო კიმონოს დაქირავება ღირს 10 000 დოლარი, შეკერვაზე ლაპარაკი ზედმეტია.  თუ ოჯახი მდიდარია, მაშინ, რა თქმა უნდა, იკერავენ. საშუალო ფენა ვერ წვდება კიმონოს შეკერვას – ის 25 000 დოლარამდე ჯდება. ევროპული ქორწილი შედარებით იაფია და, ამიტომ, ახალგაზრდები მას არჩევენ. მათ არ უყვართ ბაფთებით მორთული მანქანები. სტუმარი შეიძლება მეტროთიც მივიდეს. 

– პატარძალს თაიგული არ უჭირავს?

– ესეც ევროპული ტრადიციაა, ამიტომ, თაიგული მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ევროპული ქორწილია. შინტოისტურ ქორწილში ეს ნაკლებადაა. იაპონიაში ყველა ყვავილს თავისი დატვირთვა აქვს. საქორწინო ყვავილი პიონია, რომელიც კიმონოზე უნდა ჩანდეს.

 

скачать dle 11.3