კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი იქნება „ამირანის“ სპეციალური ვარჯიშების სისტემა და დაემსგავსებიან თუ არა მისი მიმდევარი ქართველი ქალები და მამაკაცები ძველი ლეგენდების გმირებს

ფილმმეიკერი ნიკა ხომასურიძე უკვე ახალ პროექტებზე მუშაობს – მან მკითხველის წინაშე ქართული, დავიწყებული ლეგენდების გრაფიკულ ნოველებად გაცოცხლება გადაწყვიტა. ნიკამ „ვეფხისტყაოსნის“ მიუზიკლზეც დაიწყო მუშაობა – უკვე გადაიღო პრომომასალა, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. 


ნიკა ხომასურიძე: ძალიან მიყვარს მითოლოგია, პოემები, ლეგენდები – საინტერესოა, ბევრს სწავლობ და, გონებასა და ფანტაზიას კიდევ უფრო მეტად ავითარებ. ის, რაზეც ახლა ვმუშაობ, არის „ლეგენდა ამირანზე“ – კომიქსი, გრაფიკული ნოველა, ქართველი სუპერგმირების გაცნობა საზოგადოებისთვის. ის სამი ნაწილისგან შედგება და სექტემბერში პირველი ნაწილი გამოიცემა. უკვე მოვრჩით ტექსტის, ნახატების შედგენას. ეთნოგრაფიულ, ეროვნულ მუზეუმებში ფოტოები გადავუღეთ იმ უძველეს ნივთებს, რომლებიც წარმოადგენს ქართულ კულტურას: იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ორნამენტები, მისტიკური ნიშნები და მათ გამოვიყენებთ ჩვენს ნოველაში. მე და ჩემმა მეგობარმა, ფრიდონ მჭედლიძემ, შევქმენით კომპანია „დაკარგული ლეგენდები“, რომლის მიმართულებაა ძველი ლეგენდების აღდგენა და გამოცემა გრაფიკულად, წიგნებისა და ფილმების სახით.  ქართულ ზღაპრებში, ნახატებში, რომლებითაც ისინი გაფორმებულა,  ყველაზე მეტად არ მომწონდა ერთი რამ: გმირები თითქოს გაშარჟებულები იყვნენ. ჩვენს პროექტებში კი პირიქით არის: ეს გმირები სიამაყით აღავსებენ ადამიანებს – ისინი რეალური სახით გვყავს წარმოდგენილი და არა ისე, რომ ნაცარქექია უსაქმური ტიპია, რომელიც ნაცარს ქექავს და დევს ატყუებს. მოდი და, დააჯერე, გააკეთებინე შენზე დიდ, ჭკვიან, ბოროტ ძალას ის, რაც შენ გინდა! ჩემთვის ნაცარქექია სუპერგმირია, რომელიც ყოველგვარი იარაღის, ძალის გარეშე აკეთებინებს დევს იმას, რაც თვითონ უნდა. ნაცარქექია მისტიკური არსებაა. ზის კერიასთან, რომელსაც „ადგილის დედა“ ჰქვია, ცარგვალის, ანუ ქართული სახლის შეკიდებული ჭერის ქვეშ, სადაც პირდაპირ ჩამოდის მზის სხივი, ანუ კოსმოსური ენერგია. სწორედ მის მოპირდაპირე მხარეს არის „ადგილის დედა“, სადაც  ცეცხლი ანთია, ანუ, ერთად არის წარმოდგენილი: ცა, ცეცხლი, მიწა. კოსმოსური, გალაქტიკური სხივის გულში ზის ადამიანი, რომელსაც ნაცარქექია ჰქვია, ნაცარი კი დაფერფლილი ისტორიაა, რომელსაც ის ქექავს და, როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი გაშარჟებული იყოს?! ამიტომ, გმირის, ლეგენდის სახე სწორად უნდა მიაწოდო არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ, ზრდასრულ ადამიანებს. ქართულ ზღაპრებსა და ლეგენდებში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მისი გმირები ცოცხლები არიან, არ კვდებიან. ამირანი იმიტომ ავირჩიე, რომ ის დღესაც ცოცხალია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბრძოლა გადაიხადა, ყველა მოიგო, თუმცა, ბოლოს  ღმერთთან ფსიქოლოგიურ ბრძოლაში დამარცხდა და მიაჯაჭვეს.  ჩვენს წიგნში ის ჯაჭვს 500 წლის მერე იხსნის...

– როგორი იქნება პირველი წიგნი?

– ვფიქრობ, ძალიან კარგი და ყველასთვის საინტერესო. დავიწყეთ „ამირანის ლეგენდის“ კეთება, რომელსაც აუცილებლად ექნება გაგრძელება. ამირანის მერე გამოვა „მედეა და არგონავტები“, მერე – „ამირანი 5 000 წლის შემდეგ“, როდესაც ის ოქროს საწმისის დასაბრუნებლად იწყებს ბრძოლას. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც საინტერესო ისტორიას ან იდეას მოგვაწვდის. 

ამირანი ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი მითოლოგიური გმირი, თან, ის ყველამ იცის. თუმცა რამდენიმე ვერსია არსებობს და ბევრ ისეთ გმირს ვაცოცხლებთ, რომელთა შესახებ ბავშვობაში არაფერი ვიცოდი. მაგალითად, ამირანის ლეგენდაში მამაკაც სუპერგმირებთან ერთად იქნებიან მებრძოლი ქალი გმირებიც, ერთ-ერთი მათგანი, ეშხა, უკვე ჩნდება პირველ წიგნში და აქტიურად ეხმარება ამირანსა და მის მეგობრებს დევებთან და ქაჯებთან ბრძოლაში. ასევე, მზადდება „ამირანის ლეგენდის“ აპლიკაციები „აიფონისთვის“ და ანდროიდებისთვის, რომელიც იქნება ქართულ, ინგლისურ, ესპანურ, რუსულ, ჩინურ, გერმანულ ენებზე. ჩვენი დიდი სურვილია, წაიკითხონ და დაათვალიერონ ის მოზარდებმა 11-12 წლის ასაკიდან. რაც მთავარია, „ამირანის ლეგენდის“ გრაფიკული ნოველის პირველი საერთაშორისო წარდგენა მოხდება ნიუ-იორკის კომიქსების ფესტივალზე 9-12 ოქტომბერს. მინდა, კომპიუტერული თამაშიც გავაკეთოთ და  ტელესერიალიც გადავიღოთ. ადგილობრივ ტელევიზიებთან გვექნება მოლაპარკებები. ჩვენ, ასევე, ვქმნით ამირანის სპეციალური ვარჯიშების სისტემას, რომელთა შესრულების შემდეგაც, ადამიანს მცირე დროში, ანუ, რამდენიმე თვეში, შესაძლებელია, ჰქონდეს ლეგენდის გმირების მსგავსი სხეული. ეს ვარჯიშები განკუთვნილი იქნება როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის...

ისეთი რაღაცეები ხდებოდა ჩვენს ისტორიაში, იმდენი რამ არის დაფარული... ერთ მარტივ რამეს გეტყვი, რომელზეც ჩემმა უფროსმა მეგობარმა, მწერალმა მერაბ რატიშვილმა მიმანიშნა: ეროვნულ მუზეუმში არის სიმინდის ტაროებისგან აწყობილი ოქროს ყელსაბამი. უნატიფესი ხელნაკეთია, ოქრომჭედლობის უმაღლესი ნიმუში, რომელიც დაახლოებით 3 ათასი წლის წინანდელია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სიმინდის კულტურა ჩვენში უფრო ადრეც არსებობდა, სხვა შემთხვევაში, რატომ გააკეთებდნენ ასეთ სამკაულს?! თან, ეს ყელსაბამი უბრალო ადამიანს ვერ ექნებოდა, ვინც მას ატარებდა ის შეძლებული პიროვნება იქნებოდა და, ალბათ, ამაყობდა იმით, რომ სიმინდის ყელსაბამი ეკეთა. ევროპაში სიმინდი შემოვიდა ამერიკიდან, კოლუმბის მოგზაურობის შემდეგ, მეთექვსმეტე საუკუნეში, ყელსაბამი კი 3 000 წლის წინანდელია. ამის შესახებ მსოფლიომ არაფერი იცის. 

– ცოტა ხნის წინ „ვეფხისტყაოსნის“ მიუზიკლზე დაიწყე მუშაობა და უკვე გადაიღე პრომოვერსია, თუმცა, ინტერნეტში გავრცელებულმა ტარიელის გმირის ჩაცმულობამ ძალიან დიდი კრიტიკა და უკმაყოფილება გამოიწვია.

– მიმაჩნია, რომ საცდელი გადაღებისთვის კარგი ჩაცმულობაა, სხვისთვის, შეიძლება, არ არის ასე. ნებისმიერს შეუძლია, უკეთესი გააკეთოს, ჩვენ ვაკეთებთ ისე, როგორც სწორად მიგვაჩნია, თან, საკუთარი ძალებით. ერთი რამ ნამდვილად ვიცი: ტარიელს აუცილებლად უნდა ეხუროს ვეფხვის თავი – ეს ვინმეს მოსწონს თუ არა, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ვეფხვისგან კოსტიუმს ვერ გავაკეთებდით, ამიტომ, ვითხოვეთ, რისთვისაც იმ ადამიანს დიდ მადლობას ვეუბნები. მას ვერ დავაზიანდებდით, ვერ გადავჭრიდით და ამიტომ გამოვიდა ასეთი – მთლიანი, გაუჭრელი. ძველად, როდესაც ადამიანი რომელიმე ძლიერ ცხოველს მოკლავდა, მუზარადზე იმაგრებდა  მის თავს სიძლიერის ნიშნად. ვახტანგ გორგასალს მგლის თავი ჰქონდა მუზარადზე დამაგრებული და, ტარიელს რომ ვეფხვის თავი ეხუროს თავზე, ამაში რა არის ცუდი?! პირიქით, უფრო საინტერესოა და, რაც მთავარია, პრომოვერსიისთვის ძალიან კარგი გამოვიდა. ისინი, ვისი კრიტიკაც დილეტანტურია და ცდილობენ, სხვის საქმეში ჩაერიონ, ვთხოვდი, საკუთარ საქმეს მიხედონ, ჩვენ კი ჩვენს საქმეს გავაკეთებთ ისე, როგორც ეს ჩვენ მიგვაჩნია სწორად. მე ვფიქრობ, რაც მეტი ფილმი, სპექტაკლი და მულტფილმი გაკეთდება „ვეფხისტყაოსანზე“, მით უკეთესი იქნება ამ დიდებული პოემისთვის.  რაც შეეხება ამ თემაზე მუშაობას, მიუზიკლის ჟანრი ძალიან მიყვარს და სულ მინდოდა მასზე მემუშავა. თან, არ მიყვარს მარტივი თემები, რადგან, რაც უფრო რთულია თემა, მით უფრო მეტს სწავლობ, წინააღმდეგობების გადალახვაში უფრო მეტად იზრდები და მე ეს გაზრდა მსიამოვნებს. თემო ციხისელი და კახა ბუაძე, რომლებიც ერთ-ერთი ცნობილი თურქული შოუს – „ტროას“ და, ასევე, „ერისიონის“ სოლისტები იყვნენ, ჩემი მეგობრები არიან და მათ შემომთავაზეს: რას ფიქრობ, „ვეფხისტყაოსნის“ ფილმი-მიუზიკლი რომ გავაკეთოთო. სწორედ მათი იდეითა და სცენარით იყო აწყობილი ამ შოუს გარკვეული ნაწილი. „ვეფხისტყაოსანი“ ძალიან მიყვარს, ის ყველა ქართველისთვის უძვირფასესი ქმნილებაა და ჩვენი მიზანია მისი საუკეთესოდ წარმოჩენა.  დარწმუნებული ვარ, საინტერესო პროექტი გამოვა – ქართველი მეომრების საბრძოლო ცეკვით, კინოდიალოგებით. პრომოვერსია უკვე გადავიღეთ და სექტემბრის შუა რიცხვებში იქნება მზად. 

 

скачать dle 11.3