კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეშინია ღამით დაძინების თემო რცხილაძეს და როგორ აიყოლია მან ტემპერამენტიანი ესპანელები „მულატკას“ შესრულების დროს

მომღერალ თემო რცხილაძის ახალი სიდის პრეზენტაცია და სოლო კონცერტი ესპანეთში შედგა. როგორც თავად ამბობს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მისი ალბომების უმეტესობა იქვე გაიყიდა. ასე რომ, ამ ზაფხულს თემომ გვარიანადაც დაისვენა ესპანეთის ცხელ სანაპიროზე, თავისი შემოქმედებაც აჩვენა იქ ჩასულ დამსვენებლებსა და ადგილობრივებს და ახლა კმაყოფილი ბრუნდება საქართველოში.


თემო რცხილაძე: ესპანეთში, კერძოდ, ქალაქ მარდეაში, ჩემი ახალი სიდის პრეზენტაცია მოვაწყვე. ეს ქალაქი საკურორტო ზონაა და უამრავი დამსვენებელი ჩადის, მათ შორის, ჰოლივუდის ვარსკვლავები და ბობოლები. რაც მთავარია, ხალხი კმაყოფილი დარჩა და პრეზენტაციამაც კარგად ჩაიარა. მოხარული ვარ, რომ იქ ჩემი ახალი ალბომის უმეტესობა გაიყიდა.

– რა ჰქვია ალბომს და რატომ გადაწყვიტე მისი პრეზენტაციის მოწყობა ესპანეთში?

– ალბომის სახელწოდებაა „მე დავბრუნდები” და პირობა შევასრულე (იცინის) – დავბრუნდი. დაბრუნება ყოველთვის კარგია, თან, ამ სათაურით ძალიან ლამაზი სიმღერა შედის სიდიში. ესპანეთში იმიტომ ჩავატარე პრეზენტაცია, რომ შარშანწინ გახლდით იქ ახალგაზრდა შემსრულებლების კონკურსზე ჟიურიში და მაშინ გადავწყვიტე. თან, საქართველოში დაახლოებით ათი-თხუთმეტი კაცი თუ იყიდის დისკს და მოუსმენს – ეს კულტურა ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა ჩვენთან. ეს ბიზნესი არ არის და, მარტო პიარისთვის დისკის პრეზენტაცია, ვფიქრობ, დროის ხარჯვაა, მეტი არაფერი. ადრე დღეში სამი-ოთხი  კონცერტი ტარდებოდა და სულ დაკავებულები ვიყავით მომღერლები. ამისთვის თანხებია საჭირო, დღეს კი ხალხს საამისოდ არც ფული გააჩნია და არც განწყობა. ესპანეთში კი ისეთი დადებითი აურაა და ისეთი ხალისიანი განწყობა, სიმღერა გიხარია. სხვათა შორის, სწორედ ესპანეთში დაიწერა ჩემი რამდენიმე სიმღერა. ალბომის პრეზენტაციის შემდეგ ჩემი კონცერტი გაიმართა ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში და უამრავი ადამიანი მოვიდა ჩემს მოსასმენად: უკრაინელები, ინგლისელები, რუსები, ქართველები, ესპანელები. თან, კლიმატურადაც ფანტასტიკური ადგილია. საათ-ნახევარი ვიდექი სცენაზე და, ისეთი ემოცია და აურა მოდიოდა მსმენელისგან, რომ ეს განწყობა დღემდე მომყვება.

– ამბობენ, რომ ესპანელები და ქართველები ტემპერამენტით ვგავართ ერთმანეთს. შენ რას იტყვი?

– მართლაც ვგავართ ქართველები  და ესპანელები ერთმანეთს და ეს ტემპერამენტი კლუბშიც იგრძნობოდა. ისინიც ჩვენსავით გახსნილი ბუნების ხალხია, სტუმრისა და დროსტარების მოყვარული, კარგი მოცეკვავე და მომღერალი, ასე რომ, ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. „მულატკა” რომ ვიმღერე, ესპანელებმა მითხრეს, ტექსტი კი რუსულია, მაგრამ, მაინც ქართული ტემპერამენტი ჩანს ამ სიმღერაშიო (იცინის). ალბათ, მართლაც ასეა. სიმღერის ტექსტი რუსული იქნება თუ ინგლისური, თუ მას ქართველი წერს, ეს ყოველთვის იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ესპანელები. 

– ესე იგი, ესპანეთის პლაჟზე ინებივრე ამ ზაფხულს?

– მართლაც საოცრებაა ესპანეთის სანაპიროზე დასვენება, მაგრამ, ზღვაში არ მიბანავია, ძალიან ცივი წყალი იყო, მე კი თბილი წყლის მოყვარული ვარ და, ფეხი რომ ჩავყავი და შემცივდა, სასტუმროს აუზში ვამჯობინე გაგრილება (იცინის). ზოგადად, მაგნიტივით ვარ და დადებითი აურით ადვილად ვიმუხტები. სწორედ ასეთი აურაა ესპანეთში და ძალიან მიყვარს ამ ქვეყნის ენერგეტიკა. ჩვენთან შედარებით, ესპანელები უფრო ლაღები არიან – ნაკლები პრობლემები აქვთ და ეს ურთიერთობებზეც აისახება. ჩემი ქალიშვილი უკვე წლებია, ამ ქვეყანაში ცხოვრობს და, როცა ჩავდივარ, მის მოსიყვარულებას ვერ ვახერხებ – „ივ სენ ლორანის“ ფირმაში მუშაობს, უამრავი გადაღება აქვს, ადმინისტრატორია და ძალიან ცოტა თავისუფალი დრო რჩება. მანამდე „არმანიში” მუშაობდა და, „ივ სენ ლორანში” რომ გადაიბირეს გული სწყდებოდა – იქ ბევრი მეგობარი დავტოვეო. თუმცა, ფინანსურმა მხარემ ითამაშა დიდი როლი. ამაყი ვარ, რომ ასეთი მშრომელი შვილი მყავს და ამდენი მეგობარი ჰყავს. 

– ესე იგი, ეს ზაფხული შემოქმედებითად საკმაოდ დატვირთული გქონდა. ზოგადად, როგორ იტან ცხელ დღეებს?

– ზოგადად, წელიწადის ოთხივე პერიოდი მიყვარს – ზაფხულიც, შემოდგომაც, ზამთარიც და გაზაფხულიც, ოთხივეზე მეკეტება ჭკუა. რომ ამბობენ, აუ, ზაფხულში როგორ ცხელაო, მიკვირს; ზაფხული იმისაა, უნდა ცხელოდეს. ყველა დროს თავისი სილამაზე, ხიბლი და პეწი აქვს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველა სეზონის კურორტზე მიწევს ყოფნა და ძალიან მსიამოვნებს, თუმცა, ზამთრის კურორტზე მხოლოდ დამსვენებელი ვარ, რადგან, ექსტრემი არ მხიბლავს და ცხოვრებაში თხილამურებზე არ ვმდგარვარ – ეს ჩემთვის უცხოა. სადაც ვარ, ფანტასტიკური ადგილია, თუმცა, ძალიან მიყვარს ქართული კურორტებიც – ბიჭვინთა, გაგრა, სოხუმი და, იმედია იქაც მალე ჩავატარებ კონცერტებს. ბათუმში დასვენება კი დისკომფორტს მიქმნის თავისი კლიმატის, უფრო სწორად კი, ნესტის გამო.  

– ხარ თუ არა იღბლიანი და ბედნიერი კაცი და ბედისწერის თუ გჯერა?

– ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან, ბევრჯერ აღმოვჩენილვარ კრიტიკულ სიტუაციაში, როცა გვირაბის ბოლოს შუქი არ ჩანს, მაგრამ, გამოსავალი ყოველთვის მიპოვია და ღმერთი ყოველთვის მწყალობს. სულ ვამბობ, ზემოთ ვიღაც-ვიღაცეებს ვუყვარვარ-მეთქი. ბედისწერის კი, როგორ არ მჯერა! იმდენი რამ გადამხდენია თავს, რომ ბედისწრის არსებობა აუცილებლად უნდა დამეჯერებინა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ფაქტები უარყოფით მოვლენებს უფრო უკავშირდება და არც ერთი არ არის ჩემთვის კარგად გასახსენებელი. მაგალითად, იმ დღეს მამა რომ გადიოდა სახლიდან, თვალებში შევხედე და ზუსტად ვიცოდი, ვიგრძენი, რომ მას ბოლოჯერ ვუყურებდი. ასეც მოხდა. წინათგრძნობები და ისეთი წინასწარმტყველური სიზმრები მაქვს, შანსი არ არის, არ ახდეს. მადლობა ღმერთს, დიდი ხანია, სიზმარი აღარ მინახავს და მშვიდად ვარ (იცინის). სხვათა შორის, ჩემი პირველი წინასწარმეტყველური სიზმარი ახლაც კი მახსოვს. ასე, 6-7 წლის ვიყავი და დამესიზმრა, რომ გურიაში ბებია ვიღაცას მისტიროდა და ეზოში ზღვა ხალხი ტრიალებდა. სიზმარშივე შემეშინდა და გამეღვიძა, ღამის 3 საათი იყო. დილით დედას მოვუყევი ღამით ნანახი და გაეცინა – ალბათ, საბანი ცუდად გეფარაო. იმ დილითვე, თორმეტ საათზე, მოვიდა დეპეშა გურიიდან და გავიგეთ, რომ ბებიას ბიძაშვილი მოუკვდა, თან, ზუსტად ღამის 3 საათზე. ვერ გეტყვით, ასეთ სიტუაციებში მესამე თვალი მეხსნება თუ წინასწარმეტყველური ნიჭი მძაფრდება, მაგრამ, ბევრი ფაქტი წინასწარ შემიგრძნია. 17 წლის რომ ვიყავი, სიზმრაში ვნახე, რომ თმა შევიჭერი. მაშინაც დედას ვუამბე სიზმარი და ისევ გაეღიმა. საღამოს მეგობრები შევიკრიბეთ – მეორე დღეს ჩემი დაბადების დღე თენდებოდა და ამ დღის დაგეგმვა გვინდოდა, სად და როგორ აღგვენიშნა. მოკლედ, ჩხუბი დაიწყო და ერთმა მეგობარმა, მეორე დაჭრა – ესეც ჩემი სიზმარი.

– ალბათ, სიზმრების გადამკიდე, დაძინების გეშინია, ასეა?

–  სიზმრის ახდენის რომ არ შემეშინდეს, გამოსავალი ვიპოვე – ვიძინებ დილის 6 საათზე და ვიღვიძებ შუადღის 2 საათზე – ამ დროს სიზმარს არ ვნახულობ (იცინის). 

 

скачать dle 11.3