რომის კედლები დაღვრილ სისხლზე წამოიმართა
უკვე თვით ქალაქ რომის დაარსება, მსხვერპლშეწირვით თუ არა, პირდაპირი გაგებით, რიტუალური მკვლელობით მაინც აღინიშნა, როდესაც ცეცხლის ალში გახვეული ტროადან გამოქცეულმა ენეას შთამომავლებმა, ტყუპებმა – რომულმა და რემმა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნის შუა ხანებში გადაწყვიტეს ქალაქის აშენება, რომელშიც უნდა ჩასახლებულიყვნენ თვითონ და მათ ირგვლივ მყოფი მაწანწალების ბრბო. ძმებს შორის მაშინვე თავი იჩინა უთანხმოებამ მომავალი ქალაქის ადგილის, მისი სახელისა და მმართველის კანდიდატურის შერჩევისას. ამიტომ, დაადგინეს, კამათი ფრენის მკითხაობით გადაეწყვიტათ: ძმები ცალ-ცალკე დასხდნენ და ცას მიაპყრეს მზერა. რემმა ექვსი ძერა დაინახა, რომულმა – თორმეტი, მაგრამ, გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი მოგვიანებით გამოჩნდნენ, ვიდრე რემის ძერები, თუმცა, რომული საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. შედეგად, მმართველობის საკითხი ღიად დარჩა, მაგრამ, რომულმა თავისი ნებით მიიღო გადაწყვეტილება და დაიწყო თხრილის გავლება, რომელიც მომავალში საკუთარი ქალაქისთვის უნდა შემოევლო. რემმა დაცინვა დაუწყო ძმას, გადაახტა თხრილს და, ის მოკლეს, ერთი ცნობის მიხედვით, თვით რომულმა, სხვა ცნობით კი – ვიღაცამ მისი გარემოცვიდან. რომაელი ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი, თავის თხზულებაში – „რომის ისტორია – ქალაქის დაარსებიდან,“ რომულს მიაწერს ფრაზას: „ასე მოკვდება ყოველი, ვინც ჩემს კედლებს გადმოახტება!“
რომის კედლები დაღვრილ სისხლზე წამოიმართა, რაც, მნიშვნელოვანწილად, „სამშენებლო მსხვერპლს“ აღნიშნავდა და სხვა ხალხშიც იყო მიღებული. მაგრამ, თვით რომული, რომელმაც ძმა დაკრძალა, შემდგომში, ქალაქის მშენებლობისას, მხოლოდ უსისხლო მსხვერპლშეწირვით კმაყოფილდებოდა. მომავალი ქალაქის ცენტრში ამოთხარეს ორმო, რომელშიც მოათავსეს „ყველაფრის პირველგაჩენილი, რაც ადამიანებმა თავიანთ სასარგებლოდ მიიჩნიეს კანონთან შესაბამისობაში და, ყველაფერი, რაც ბუნებამ მათთვის აუცილებლად ჩათვალა“. შემდეგ ყველა მოქალაქემ იმ ორმოში თან მოტანილი ერთი პეშვი მშობლიური მიწა ჩაყარა.
ქალაქის დაარსების დღედ რომაელები მაისის კალენდების წინ, მეთერთმეტე დღეს (22 მარტი) მიიჩნევდნენ. პლუტარქე წერს, რომ რომაელები ამ დღეს „მამულის დაბადების დღეს” უწოდებდნენ და თავიდან ამ დღეს არც ერთ ცოცხალ არსებას არ სწირავდნენ მსხვერპლად: მოქალაქეებს მიაჩნდათ, რომ დღესასწაული, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან სახელს ატარებდა, წმინდად, უსისხლოდ შენახულიყო.
რომის ტახტზე რომულის მემკვიდრე, ხალხის მიერ არჩეული ნუმა პომპილიუსი ავიდა. ახალ მეფეს თავისი ღვთისმოსაობითა და სამართლიანობით ჰქონდა სახელი განთქმული, რაშიც მას, რომაელი ავტორების თანახმად, რჩევებით დიდად ეხმარებოდა მისი ცოლი – ნიმფა ეგერია. ის აგებდა ტაძრებს, ნიშნავდა ქურუმებს, აყალიბებდა ქურუმთა კოლეგიას და მრავალრიცხოვანი კულტები დააწესა.
გადმოცემამ შემოინახა ისტორია იმაზე, თუ როგორ მოხერხებულად აჯობა კამათსა და ეშმაკობაში ნუმამ იუპიტერს, რომელიც მისგან განმწმენდი, ადამიანების მსხვერპლშეწირვის შემოღებას მოითხოვდა და მიაღწია იმას, რომ ადამიანის მსხვერპლშეწირვის ნაცვლად, მსხვერპლად გაეღოთ ხახვი, თმა და წვრილი თევზეული. პლუტარქე ასე აღწერს ნუმას საუბარს იუპიტერთან: „ღმერთმა... ამცნო, რომ განწმენდა უნდა ჩატარებულიყო თავებით. „ხახვის?“ – შეაპარა ნუმამ. „არა ადამიანების“, – დაიწყო იუპიტერმა. ამ საშინელი განკარგულების გვერდის ასაქცევად, ნუმამ სწრაფად შეუბრუნა კითხვა: „თმით?“ „ არა, ცოცხლებით...“ – „წვრილი თევზებით,“ – შეაწყვეტინა ნუმამ, ისე, როგორც ეგერიამ ასწავლა. მაშინ იუპიტერმა შეიწყალა ნუმა და გაუჩინარდა“.
მას შემდეგ იუპიტერს განწმენდის მსხვერპლს რომაელები იმ სახით სწირავდნენ, როგორც ნუმამ „გამოისყიდა“ მისგან. ოვიდიუსი წერს, რომ იუპიტერი იმდენად კმაყოფილი დარჩა ნუმას სიბრძნით, რომ ზეციური სასწაულის მოვლინებას დაჰპირდა, რაც რომზე მისი ხელისუფლების დადასტურება იქნებოდა.
საერთოდ, რომაულმა ტრადიციამ ადამიანის მსხვერპლშეწირვის უსისხლო მსხვერპლით შეცვლის მრავალი შემთხვევა იცის. ეს ირიბად იმაზე მიუთითებს, რომ შორეულ წარსულში იტალიის სამსხვერპლოზე ადამიანის სისხლი საკმაოდ ხშირად იღვრებოდა. რომაელებში არსებობდა გადმოცემა, რომ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ტიბრის სათავესთან ტროელთა ხომალდები მიცურდებოდნენ ენეას მეთაურობით, ამ ადგილებში ბერძენი ახალმოსახლე პელაზგები გამოჩნდნენ არკადიიდან. მშვიდობიანად დაფუძნების შემთხვევაში, ორაკულმა მათ დაუდგინა, რომ მისთვის მსხვერპლად გაეღოთ თავიანთი ქონების მეათედი, იუპიტერისთვის – ადამიანთა თავები, ხოლო სატურნისთვის – ადამიანთა სხეული. ალბათ, ბერძნებს მხედველობაში ჰქონდათ არა სატურნი და იუპიტერი, არამედ მათი შესაბამისი კრონოსი და ზევსი, თუმცა, ეს სიტუაციას არ ცვლიდა. მაგრამ, ამავე ადგილებში მისულმა ჰერაკლემ (ანუ, რომაელთა ყაიდაზე – ჰერკულესმა), რომელიც რომაულ გადმოცემაში, რატომღაც, არა უხეში ძალის, არამედ, განათლებისა და კულტურის სიმბოლო აღმოჩნდა, შეარბილა ორაკულის ბრძანება. მან შეასწავლა იტალიელებს დამწერლობა; ბრძანა, რომ ადამიანთა მსხვერპლშეწირვა სიმბოლურით შეეცვალათ. მაკრობიუსი, „სატურნალიის“ ტრაქტატის ავტორი, წერდა, რომ, ცნობილმა გმირმა ბრძანა, სატურნალიის დღესასწაულის ზეიმის დროს სატურნისთვის მსხვერპლად ადამიანების ნაცვლად მიერთმიათ ცვილის სანთლები, ხოლო იუპიტერისთვის – თიხის ან ცვილისგან ჩამოსხმული ადამიანის ფიგურები; გარდა ამისა, რომში არსებობდა ჩვეულება – წითელი ოხრით შეეღებათ იუპიტერის სტატუეტი, რასაც უნდა შეეცვალა სისხლი, რომლითაც მას შორეულ წარსულში რწყავდნენ.
მაგრამ, იგივე მაკრობიუსი აღნიშნავს, რომ ადამიანთა მსხვერპლშეწირვა სწორედ სატურნის პატივსაცემად, ტიბრის ნაპირებზე მოგვიანებითაც ხდებოდა, უკვე ჰერკულესისა და პელაზგების შთამომავლების მიერ. სატურნისთვის ადამიანების მსხვერპლშეწირვის ტრადიცია რომაელებშიც არსებობდა და დიდხანსაც გასტანა. ეს, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იყო სატურნალიის დღეებთან, როდესაც მონები დროებით თავისუფლდებოდნენ; ტრადიციის მიხედვით, მონებს ბორკილებს ხსნიდნენ და ისინი თავიანთ ბატონებთან ერთად ზეიმობდნენ. მაგრამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ სატურნალიის დღეებში შეიძლებოდა, თავისუფალი ადამიანები ქცეულიყვნენ მონებად. საქმე ისაა, რომ ნოემბერში რომაელებს დადგენილი ჰქონდათ ვალების გასტუმრების წესი. ამ დროსვე გროვდებოდა მიწის ათპროცენტიანი გადასახადი, რომელიც სატურნის ტაძარში შეჰქონდათ. ხოლო დეკემბერში, სატურნალიის დღესასწაულზე, მათ, ვინც თავის დროზე ვერ შეძლებდა გადასახადებისა და ვალების გადახდას, სიკვდილით სჯიდნენ – მსხვერპლად სწირავდნენ სატურნს. მოგვიანებით, დაახლოებით მეხუთე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სიკვდილით დასჯა შეცვლილ იქნა მონად გაყიდვის წესით. 326 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე კი, პეტელის კანონით, მონად გაყიდვის წესიც გაუქმდა.