რატომ სთხოვდა როიალების ამწყობი ერთ-ერთ ბალერინას გახდას და რა სახალისო ისტორიები ხდება კონსერვატორიის კულუარებში
ხელოვანთა სამყარო ძალიან ინდივიდუალური და საინტერესოა. ამ სფეროში მოღვაწე ხალხი სცენაზე თავის შემოქმედებით გვნუსხავენ და სხვა განზომილებაში გადაჰყავთ ჩვენი ცნობიერება, მაგრამ, არანაკლებ საინტერესო ამბები ხდება კულუარებში.
ეს კიდევ ერთი, დამოუკიდებელი და ძალზე მიმზიდველი გარემოა, რომელში შეღწევასაც ყველა ცდილობს, რადგან იციან, რომ იქ უამრავი ისეთი ამბავი ტრიალებს, რომელიც ჩვენს გულსა და ყურს გაამხიარულებს და გაახალისებს.
ჰოდა, მიზნით, რომ „თბილისელების“ მკითხველისთვის ამგვარი ისტორიები მოგვეთხრო, კონსერვატორიის კულუარებში შევაღწიეთ და როიალების ამწყობს საინტერესო და სახალისო ისტორიების მოყოლა ვთხოვეთ.
– თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, პირველ ყოვლისა, მინდა გკითხოთ, კონსერვატორიაში ანტიკვარული ან რაიმე განსაკუთრებული ისტორიის მქონე როიალი ხომ არ ინახება?
– დიახ, აქ ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე როიალი გვაქვს – მიზანდარების და რახმანინოვის.
პირველი – მიზანდარების საგვარეულო როიალია. ძმებ მიზანდარებს დიდი ამაგი აქვთ გაწეული კონსერვატორიის დაარსების საქმეში. ისინი თავდაპირველად ქუთაისში ცხოვრობდნენ და ეს როიალიც პირველად ქუთაისმა იხილა. მასზე სწავლობდნენ ზაქარია და ივანე ფალიაშვილები, ასწავლიდა ელიოზ მიზანდარი... შემდეგ მიზანდარები თბილისში ჩამოვიდნენ და ორსართულიანი შენობა იყიდეს, რომელიც ნელ-ნელა მუსიკალურ სასწავლებლად აქციეს, მოგვიანებით კი – კონსერვატორიად.
მეორე როიალს რაც შეეხება, ერთ-ერთმა ამწყობმა – გერერმა, კონსერვატორიაში მოიტანა ამბავი, რომ თბილისში, სადღაც, იყო ასეთი როიალი, რომელიც არავის სჭირდებოდა. შეისყიდეს და აქ მოიტანეს. თავიდან დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, მერე კი ჩვენი მუზეუმის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა ჩიხლაძემ, მუზეუმში აიტანა და ძალიან კარგად უვლიან. როიალი დღესაც ფორმაშია და აქტიურად იყენებენ.
ანტიკვარულ როიალებს რაც შეეხება, მათ მხოლოდ სახელიღა დარჩათ – დროსთან ერთად გაცვდნენ და ფუნქციებს ვეღარ ასრულებენ. თანამედროვე როიალი კი ძალიან კარგია და დიდი შესაძლებლობები აქვს. თუმცა, ხშირია, როცა მოდიან და ამბობენ, რომ ვთქვათ, შანდლებიანი როიალი უნდათ, რაც ანტიკვარია, რადგან, ახლა ასეთი აღარ მზადდება. ასეთ როიალებს ცოტათი „კეკელა“ ხალხი ყიდულობს იმისთვის, რომ მას ანტიკვარი ჰქვია. სინამდვილეში კი, თუ გინდა, ბავშვს ასწავლო, მასზე არ უნდა მოატყუებინო სმენა. მისი ფუნქციები დაქვეითებულია და ბავშვი შეცდომაში შეჰყავს. ამიტომ, ყოველთვის ვურჩევ ყველას, რომ არ შეიძინონ ასეთი ინსტრუმენტი და, თუ მაინც შეიძენენ, ასაწყობად მე აღარ დამიძახონ (იცინის).
– დარწმუნებული ვარ, თქვენს საქმიანობას სახალისო ისტორიებიც ახლავს.
– ნამდვილად ასეა. თავიდან, როცა მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა (მაშინ ოპერაში ვმუშაობდი), კარგად არ ვიცოდი, რომელ როიალს რა „სტკიოდა“. ორშაბათი დღეა და სამუშაო მაქვს. როიალის გამოგორება მჭირდება. დავეჯაჯგურე, მაგრამ, იმხელაა, მარტო რას მოერევი. გადავწყვიტე, რუსთაველზე გამოვსულიყავი – ვინმე ნაცნობს ვნახავ და დახმარებას ვთხოვ-მეთქი, ვიფიქრე. გავიხედე და გამიმართლა – ნაცნობი სახე შევნიშნე. კახელი თენგიზა, რომელიც ახალი გათავისუფლებული იყო „სროკიდან“ მოდის და მოაქვს „გლუჩიტელის“ მხრებით მთელი რუსთაველი.
– ვა, თენგიზ! რა კარგია, რომ დაგინახე, წამო, ოპერაში შემომყევი-მეთქი.
– რას ამბობ, ჯო, ოპერაში რა მინდა, – მიპასუხა მან („გრეხია“... ოპერაში რა უნდა „ძველ ბიჭს)“.
– ბიჭო ბალერინები ახლოდან გინახავს? გაგიჟდები-მეთქი, – უკან არ დავიხიე მეც. არადა, ორშაბათი დღეა და არავინ არაა (იცინის).
მოკლედ, შედეგს მივაღწიე და, ლამაზი ბალერინების ხათრით, თენგიზა შიგნით შემომყვა.
– თენგიზ, აი, ეს როიალი უნდა გამომაწევინო-მეთქი, – ვუთხარი და მანაც უარი არ მითხრა.
– გითხარით, ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და არ ვიცოდი, რომელ როიალს რა სჭირდა-მეთქი და... აღმოჩნდა, რომ ამ როიალს უკანა ფეხი დამაგრებული არ ჰქონია და, ისე, უბრალოდ იყო ზედ დაყრდნობილი. არადა, როცა ახმახი თენგიზა დაეჯაჯგურა, როიალს ფეხი შეეკეცა და წაიქცა, ლამის ჩაიმტვრა მთელი იატაკი, საზარელი ხმა ჰქონდა. ბიჭი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. შეშინებული მივვარდი გალურჯებულ თენგიზს.
– ვაიმე, თენგიზ, კარგად ხარ-მეთქი?
– ბიჭოო, – მითხრა, – იმის კი არ შემეშინდა, რომ, შეიძლებოდა, რამე მომეტეხა, ტიბაანში რომ გაიგებდნენ ამ ამბავს და მამაჩემი მეტყოდა: შე..., ოპერაში რა გინდოდა და როიალის ქვეშ რას მიძვრებოდიო, მაშინ რა უნდა მექნა, ჯო?!
კიდევ ერთი ამბავი მახსენდება:
აქ დილაობით რეპეტიციები იმართება. ყველა შინაურები ვართ და, ამიტომ, საშინაო ფორმაში არიან ხოლმე გამოწყობილები. ერთხელ შევედი და რას ვხედავ: ერთ-ერთი ბალერინა უჩვეულოდ ლამაზად არის გამოწყობილი. ფოტოების გადაღება მიყვარდა ძალიან და, ეს რომ დავინახე, მაშინვე აპარატის მოსატანად წავედი. ის ბალერინა, მაიკო, მაშინვე მიხვდა ჩემს მიზანს. როცა აპარატით დავბრუნდი, უკვე ისიც ჩვეულებრივად ჩაცმული დამხვდა. ქალბატონ ვერა წიგნაძეს (დეზდემონას როლის შემსრულებელი, ჭაბუკიანის პარტნიორი) ვეუბნები: – რა არის, ქალბატონო ვერიკო, ფოტოს გადასაღებად მოვედი და ეს როგორი აჯაჯული დამხვდა-მეთქი. ვერამ ბალერინას გასძახა:
– მაია, გაიხადე, პაატას უნდა... კარგა ხნის პაუზის შემდეგ კი დააყოლა – ფოტოსურათი...
არცთუ ისე შორეულ წარსულში, როცა ქვეყანაში ძალიან დიდი გაჭირვება იყო, აქაც ყველას ძალიან უჭირდა. რამდენჯერ გამიგონია, როგორ ეუბნებოდა ერთი პატარა ბალერინა მეორეს, დღეს უშაქრო ჩაი დავლიეო... გული მეწვებოდა ხოლმე.
მე ხელოსანი კაცი ვარ და პურის ფულის შოვნა არასდროს მიჭირდა. ამიტომ, ჩემს ცოლს ვეუბნებოდი და რაღაც სასუნავებს მატანდა ხოლმე მათთვის, განსაკუთრებით ხშირად კი მურაბებს.
დედაჩემი ოპერაზე გიჟდებოდა და ამ სფეროში ძალიან კარგად იყო ჩახედული. ერთხელ, უკვე მოხუცებული, „კარმენზე“ წამოვიყვანეთ. მე და დედაჩემი ერთად ვისხედით, ჩემი ცოლი კი – ჩვენგან ოთხი „რიადის“ დაშორებით. წარმოდგენა დაიწყო... დედაჩემმა ერთ-ერთ ბალერინას შეხედა და ძალიან წყნარად გადმომილაპარაკა:
– ის გოგონა ცოტათი მსუქანი ხომ არ არის?
წიწაკაანთ მაგდანა გახსოვთ? ზუსტად ისე დაემართა ჩემს ცოლს. არ ვიცი, როგორ გაიგონა დედაჩემის საუბარი იმ სიშორეზე, მაგრამ, ფაქტია, რომ გაიგონა და იქიდანვე მოგვაძახა: სულ ამის დასუქებულები არიან ეს ბალერინები და სულ ჩემი მურაბებითო.
აქაურობა არასდროს უჩიოდა ნიჭის ნაკლებობას და ყოველთვის განთქმული იყო, მაგრამ, ძალიან მიხარია, რომ ახლა განსაკუთრებით კარგი თაობა წამოვიდა. ირმა გიგანი, ალბათ, ყველას გაუგია, ახლა ის 17 წლის გოგონაა და ძალიან წარმატებულია. მაგრამ, მე რასაც მოგიყვებით, ეს მაშინ მოხდა, როცა ის 5-6 წლის იყო: კონცერტი მიდიოდა და მან კონსერვატორიის ურთულესი პროგრამა დაუკრა. დარბაზი მსმენელებით იყო სავსე. თუმცა, ხომ იცით, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ბავშვი, მაინც ბავშვია და თავისი ბავშვობა ყველაფერში უნდა გამოავლინოს.
უკრავს ირმა, თუ სწორად მახსოვს, შოპენს და, როცა დაამთავრა, ყვავილები მიართვეს. ერთ-ერთ პატარა ბიჭს დააგვიანდა სცენაზე ასვლა და, როცა ირმამდე მიაღწია, მას უკვე მეორე ნაწარმოების დაკვრა ჰქონდა დაწყებული. მივიდა პატარა ბიჭუნა ირმასთან და იების შეკვრა გადასცა.
ირმამ კი, იცით, რა გააკეთა? უცებ შეწყვიტა დაკვრა, ჩამოხტა სკამიდან, გამოართვა იები და საარტისტოში გააქცუნა. მერე უცებვე მობრუნდა, დაჯდა და დაკვრა განაგრძო. მთელი დარბაზი სიცილით დაიხოცა.