კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

ზემდეგმა რომ კარი გაიხურა, მერაბმა კოტეს უთხრა:

– დაწვრილებით მომიყევი, რა მოხდა.

– რა და, ამ დილით ჩვენი სამძებროს ბიჭებმა შეიტყვეს, რომ გასტონ მურღულია დიღმის მასივში იმალებოდა თავის საყვარელთან და მის ასაყვანად წავიდნენ. გასტონმა ცეცხლი გაუხსნა. ჩვენებმაც უპასუხეს და მუცელში დაჭრეს. შემდეგ აქ მოიყვანეს, ოპერაცია გაუკეთეს და დაცვა დაუყენეს. დღისით სახლში დაგირეკე და დეიდა მერის ველაპარაკე. ორი საათის წინ კი დამირეკეს და მითხრეს, – მურღულია მოკლესო. დანარჩენი კი შენი ყურით მოისმინე.

– რუზგენ ჩოჩიანი არ ჩანს, ხომ?

– ჯერჯერობით არა.

– საინტერესოა, – ჩაილაპარაკა მერაბმა და სოხაძეს უთხრა:

– კვანძი ნელ-ნელა იხსნება. თუმცა, ვიღაც ცდილობს, ხელჩასაჭიდი თოკები ხელიდან გამოგვაცალოს.

– რას გულისხმობ, მერაბ?

– გულბათ მარგიანი იცი, ვინ არის?

– ვინ?

– ვინ და ჩვენი განყოფილების გაგრის ქვედანაყოფის უფროსი. მე თვითონ დავნიშნე ის გუშინწინ.

– ვერაფერს ვხვდები, – მხრები აიჩეჩა სოხაძემ.

– სამი წლის წინ სოხუმში ბანდიტებმა მილიციის უფროსი, ლეიტენანტი სერგი შამბა მოკლეს და მის ტაბელურ იარაღთან ერთად, მისი მეწყვილის საბუთიც გაიტაცეს. ის მეწყვილე კი, გულბათ მარგიანი იყო და მკვლელმა დღეს იმ გატაცებული საბუთით ისარგებლა.

– შამბა, შამბა... რა ნაცნობი გვარია, – თქვა სოხაძემ, – შენ რომ გადაგარჩინა, ის კაციც შამბა არ არის?

– კი. ასთამურ შამბა. ცხონებული სერგი კი მისი ერთადერთი შვილი იყო, – მიუგო მერაბმა სოხაძეს. შემდეგ ჩაფიქრდა და ჩაილაპარაკა, – საბუთის ამბავი ჩემს ერთ ვერსიას ამყარებს.  თუ არ ვცდები და სხვაგვარად არ არის საქმე, მაშინ ფანტომს უფრო მეტად მივუახლოვდი და მალე ჩავავლებთ. ამ ყველაფერს ორგანიზებული, განსაკუთრებით საშიში დანაშაულის სუნი უდის და უშუალოდ, ჩვენი კომპეტენციის სფეროა.

– რას ამბობ, მერაბ. ვინ ფანტომს გულისხმობ? – ჰკითხა სოხაძემ გამრეკელს.

მერაბმა დაწვრილებით, თანმიმდევრულად მოუყვა სოხაძეს ყველაფერი. მხოლოდ სარკის ეპიზოდი გამოტოვა და არც ის უთქვამს, რომ ფანტომად კაპიტანი პესკასელი მიაჩნდა. ბოლოს თხრობა ასე დაამთავრა:

– აშკარაა, რომ ერთი ბანდა მოქმედებს და ისინი მილიციელების მკვლელობასაც არ ერიდებიან. ნათელია, რომ მათ ერთი კაცი მართავს და ეს კაცი ძალიან ვერაგი, სასტიკი და დაუნდობელია. თანაც, ჩვენს საქმეში კარგად ჩახედული და ინფორმირებული. არ გამოვრიცხავ, რომ ის ფანტომი ჩვენი კოლეგაა ან ჩვენთან ახლო მდგომი. ის ცოცხალ მოწმეს არ ტოვებს და ამისი აშკარა დასტურია გასტონ მურღულიას მკვლელობა. ჩემი აზრით, ასე მოიშორა მან გაგრაში რიგითი ტიტე კალანდია და არც იმას გამოვრიცხავ, სერგი შამბაც მოწმის თავიდან მოშორების მიზნით იყოს მოკლული.

– თუ შენს მონათხრობს გავაანალიზებთ, შამბა შემთხვევით მოკლული გამოდის. ის ხომ სრულიად შემთხვევით გაეკიდა ბოროტმოქმედებს და ამის მერე მოკლეს? – უთხრა სოხაძემ გამრეკელს.

– შემთხვევით კი გაეკიდა, მაგრამ არ გამოვრიცხვ, ბოროტმოქმედებს ფანტომი აზღვევდა. სერგიმ ის იქ ნახა, ან რამეს მიხვდა, ან რამე იცოდა მის შესახებ და ამიტომ მოკლეს.

– თუ ფანტომი მილიციელია, სავარაუდოდ, ის ადგილობრივი უნდა იყოს. უცხო კაცი ამდენს ვერ შეძლებდა და ფანტომი აფხაზეთში უნდა ვეძებოთ.

– სავარაუდოდ, კი, – დაეთანხმა მერაბი სოხაძეს, – ერთი სიტყვით, სერგი შამბას მკვლელობის საქმე და გაგრაში მომხდარი მკვლელობები, ასევე მილიციელებისთვის ტაბელური იარაღის წართმევის საქმეები, რომელიც ერთ-ერთის მკვლელობით დასრულდა, უნდა გავაერთიანოთ და ჩვენ გამოვიძიოთ. ხვალ მე იარაღის წართმევის საქმეებს ამოვიღებ არქივიდან და ვალიკო ჟღენტისგან სერგი შამბას მკვლელობის საქმესაც წამოვიღებ. შენ კი დილიდანვე სოხუმში გაემგზავრები და ტიტე კალანდიას, რუბენ ჩოჩიანისა და ვიტალი ტარკილის მკვლელობის საქმეებს წამოიღებ. მათ კაპიტანი ნესტორ პესკასელი იძიებს და უნდა გამოართვა. თან, გაიცნობ, დაელაპარაკები და იქნებ რამე ახალიც კი გითხრას. შენ იმიტომ გიშვებ, რომ ფოსტით გამოგზავნას ოთხი-ხუთი დღე დასჭირდება. დრო კი არ ითმენს და ჩვენთვის ყოველი წამი ძვირფასია. ხელი რომ არ შეგეშალოს, დილით ჩვენს მინისტრს დავარეკინებ თავის აფხაზ კოლეგასთან და საქმეებს უპრობლემოდ გამოგატანენ. იცოდე, ზეგ საღამოს უკვე აქ უნდა იყო.

– არის, ამხანაგო მაიორო! – ხუმრობით გამოეჯგიმა სოხაძე მერაბს.

– შეგიძლია, ჩემი „ვოლგა“ წაიყვანო, მაგრამ, ფრთხილად იარე და შენებურად არ გარეკო.

– მერე შენ არ გჭირდება მანქანა?

– ორი დღე მოვითმენ, – მერაბმა მანქანის გასაღები მისცა სოხაძეს და თან, უთხრა, – ახლავე წაიყვანე, მაგრამ, ჯერ სახლში უნდა მიმიყვანო.

– წავედით? – ჰკითხა სოხაძემ მერაბს.

– წავედით, – მიუგო მერაბმა და წამოდგა, – ჰო, კიდევ ერთი რამ, თოთხმეტ სექტემბერს ქორწილში ხარ დაპატიჟებული, ცოლი მომყავს.

– ვაა, ძლივს არ გავიგე კარგი ამბავი?! გილოცავ, მერაბ! ძალიან გამიხარდა, – სოხაძე მერაბს გადაეხვია. შემდეგ ორივე მაიორმა არამიანცის საავადმყოფო დატოვა და „ვოლგით“ გაემგზავრნენ.

– აბა, შენ იცი, კოტე. ზეგ საღამოს გელოდები. ნახვამდის, – მერაბმა ხელი ჩამოართვა თავის მოადგილეს. მანქანიდან გადავიდა და ისევ მობრუნდა – ფანტომზე, გამყიდველ მილიციელზე და საერთოდ, ჩვენს ვარაუდებზე ნურავის ნურაფერს ეტყვი. ხომ იცი, ეშმაკს არ სძინავს და ინფორმაციამ არ გაჟონოს.

– არის, ამხანაგო მაიორო! – ხუმრობით გაიჯგიმა სოხაძე.

– კარგი, კარგი, წადი. აბა, ბედნიერად!

– ნახვამდის, მერაბ, – თქვა სოხაძემ და „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა.

მაიორი კოტე სოხაძე დათქმულ დროს დაბრუნდა თბილისში. პირდაპირ მერაბს ეახლა და გამოეჯგიმა:

– ამხანაგო მაიორო, თქვენი დავალება შესრ...

– გეყოფა მაიმუნობა. რა ქენი? – მერაბმა ხელი ჩამოართვა კოტეს და სკამზე მიუთითა.

– საქმეები ჩამოვიტანე, – სოხაძემ ხელი დაადო მაგიდაზე დაწყობილ საქაღალდეებს და აღფრთოვანებულმა განაგრძო, – მაგარი კაცია მაიორი პესკასელი. დეტალურად ამიხსნა ყველაფერი შენთან კი, დიდი მოკითხვა დამაბარა.

– კაპიტანი პესკასელი... –  შეუსწორა მერაბმა სოხაძეს და ნესტორის ქება სულაც არ გაჰკვირვებია.

– მაიორი, – გაეღიმა სოხაძეს, გუშინწინ ნესტორს მაიორობა მიანიჭეს და გუშინ გაგრაში ისე მაქეიფა, რომ დღეს პახმელიაზე ძლივს გამოვედი.

– ყალიჩავას დუქანში ხომ არა?

– ჰო, ყალიჩავასთან. ნესტორმა მითხრა, – მერაბიც მყავდაო აქ. მაგარი ვინმეა ისიდორე ყალიჩავა, გაუჩინარს გაგიჩენს.

– კი. მაგარია. კვაჭია, კვაჭი... – დაეთანხმა მერაბი კოტეს და ჰკითხა, – რაო, ნესტორმა. ახალი ხომ არაფერიაო?

– ჯერჯერობით არაფერიო, – თავი გააქნია სოხაძემ, – ჰო, მართლა, გულბათ მარგიანიც გავიცანი და მანაც დიდი მოკითხვა შემოგითვალა. გულბათიც ჩვენთან ერთად იყო ყალიჩავასთან.

– საბუთზე ხომ არაფერი გითქვამს?

– არა. შენ ხომ გამაფრთხილე და კრინტიც არაფერზე დამიძრავს.

– ესე იგი, მოგეწონა ჩვენი აფხაზი კოლეგები.

– კი. კარგი ხალხია. შენ რა ქენი აქ?

– ტვინშერყეული დევაძე დავკითხე. მას და ძოწენიძეს მკვლელის სიტყვიერი პორტრეტი შევადგენინე და ფოტორობოტი გავაკეთეთ, – მერაბმა კოტეს გასტონ მურღულიას მკვლელის სავარაუდო პორტრეტი დაუდო წინ, რომელიც ფორმატის ფურცელზე იყო დახატული შავი ფანქრით, – გადავამრავლეთ და სამძებროს ბიჭებს დავურიგეთ. იქნებ გაგვიმართლოს და ვიპოვოთ.

– ჩვენს კარტოთეკაში ვერავის მივამსგავსეთ და მოსკოვში, ცენტრალურში გავაგზავნეთ მოთხოვნა. სამ-ოთხ დღეში პასუხსაც მივიღებთ და ვნახოთ.

კოტემ ფოტორობოტი ყურადღებით დაათვალიერა და თქვა:

– ოცდახუთი-ოცდაათი წლის კაცს ჰგავს. არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი სახეა, ყოველგვარი განსაკუთრებული ნიშნების გარეშე. თუ, რა თქმა უნდა, დევაძემ და ძოწენიძემ სწორად აღწერეს.

– ერთი ნიშანი მაინც აქვს.

– რა ნიშანი?

– რა და „რ“-ს ვერ წარმოთქვამს და „რ“-ს მაგივრად „ლ“-ს ამბობს. ჩვეულებრივი მეტყველების დეფექტია და ეს ძოწენიძემაც დაადასტურა და დევაძემაც. ძოწენიძისთვის უთქვამს, – მალგიანი ვარო. დევაძისთვის კი უკითხავს, – მულღულია აქ წევსო?

– მნიშვნელოვანი დეტალია და ძებნას გაგვიადვილებს, – თქვა სოხაძემ და კითხვით მიმართა უფროსს, – ვალიკოსგან წამოიღე სერგის მკვლელობის საქმე?

– კი. წამოვიღე და დეტალურადაც გავეცანი. მოკლედ, ასეთი სურათი იხატება: არსებობს ვინმე ფანტომი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას მეთაურობს და არასასურველ მოწმეებს თავიდან იშორებს. სავარაუდოდ, ის მილიციელია და აფხაზეთში ბუდობს. თუმცა, გამორიცხული არაა,  სხვაგანაც ჰყავდეს თანამზრახველები და საჭიროებისამებრ, სხვა ტერიტორიაზეც გადაადგილდება. ამ საქმეში ორი მთავარი ხელჩასაჭიდი გვაქვს: ეს „ფოტორობოტი“ და რუზგენ ჩოჩიანი. თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ფანტომი ორივეს მოკვლას შეეცდება. ამიტომ, ერთ-ერთ მათგანს მაინც უნდა მივაგნოთ მასზე ადრე და ავალაპარაკოთ, ეს ძაფებიც რომ არ წაგვივიდეს ხელიდან. აქედან გამომდინარე, მათი ძებნა უნდა გაძლიერდეს. განსაკუთრებით ჩოჩიანის და რაც უფრო ადრე მივაგნებთ, მით უკეთესი ჩვენთვისაც და მისთვისაც.

– მაინც, სად ეშმაკთან იმალება ეგ წყეული, რომ ვერ ვპოულობთ. ბიჭებს გადაღეჭილი აქვთ მისი ყველა კავშირი და ბევრ ადგილზე ჩასაფრება გვაქვს მოწყობილი, მაგრამ არსად გამოჩენილა, – თქვა სოხაძემ და  მცირე პაუზის შემდეგ თქვა, – ხომ არ მოკლა იმ ფანტომმა უკვე?

– იმედი ვიქონიოთ, რომ არა. თუმცა, ვინ იცის. გამორიცხული არაფერია, – მხრები აიჩეჩა მერაბმა და სოხაძე რომ გაისტუმრა, გაიფიქრა: „თუ პესკასელია ფანტომი, მაშინ ასეთი ჯაჭვი ეწყობა. მან მურღულიას დახმარებით რუზგენ ჩოჩიანი ციხიდან გააქცია, რომ მოეკლა და საკუთარი დანაშაულის კვალი მოესპო. მერე კი დაჭრილი მურღულია ამ ფოტორობოტს საავადმყოფოში გააგუდინა. ვინ არის ეს ფოტორობოტი, ცოცხალია თუ არა რუზგენ ჩოჩიანი და მართლა პესკასელია ფანტომი? ჰმ, ნუთუ, ნესტორია ეს გარეწარი? მაგრამ, რომ ვცდებოდე?“

ფანტომზე ფიქრი მერაბ გამრეკელს იდეაფიქსად გადაექცა და სხვა სამუშაოს შესრულებაში უშლიდა ხელს. ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი მაიორი ინტუიციით გრძნობდა, რომ თუკი ამ უხილავ, ბოროტ ძალას დროზე არ გაანეიტრალებდა, მომავალში ის უფრო დიდ პრობლემად გადაიქცეოდა. ამიტომ, მან საგულდაგულოდ შეისწავლა და გაანალიზა ამ საქმეების ყველა დეტალი და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსიც არ გამორჩენია მხედველობიდან. მერაბმა ფანტომის სავარაუდო ბანდის საქმიანობის ცხრილი შეადგინა. ცხრილი უჯრედებად დაყო, უჯრედებში კი ბანდის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ფაბულა, დამნაშავეების სახელები და დაზარალებულების ვინაობები ჩაწერა. ცხრილში ერთადერთი უჯრედი იყო შესავსები და ეწერა – „ფანტომი“. მერაბი დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან, ამ უჯრედში ნესტორ პესკასელის სახელს ჩაწერდა და ბანდის საქმიანობას წერტილს დაუსვამდა. ეს ცხრილი მაიორმა შინაგან საქმეთა მინისტრს შეუტანა და უთხრა:

– გაეცანით, ამხანაგო გენერალო. ფანტომის ბანდა აქ მყავს.

– უკეთესი იქნებოდა, ეს ბანდა ფანტომიანად იქ გვყოლოდა, – მინისტრმა იატაკისკენ გაიშვირა ხელი. მან შინაგანი ციხის ჯურღმული იგულისხმა, სადაც განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები ჰყავდათ გამომწყვდეულები.

გენერალი გულდასმით გაეცნო ცხრილს და მაიორს უთხრა:

– ძალიან საშიშნი არიან. რაც შეიძლება მალე უნდა ავლაგმოთ. თორემ ვინ იცის, კიდევ რამდენ უბედურებას დაატრიალებენ. ჩოჩიანი და მისნაირები კიდევ არაფერი. მართალია, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები არიან, მაგრამ მასეთებს მალე ვანეიტრალებთ და ეს შენც კარგად იცი. როცა ასეთ პირწავარდნილ ბოროტმოქმედებს ფანტომისნაირი ბოროტი გონება უდგას ზურგსუკან, სულ სხვა სურათს ვიღებთ. ამ შემთხვევაში, ისინი ასჯერ უფრო საშიში და მოუხელთებლები ხდებიან. ამიტომ, ჩემო მერაბ, ურჩხულს თავი უნდა მოვაჭრათ და ფანტომის გაშიფვრაზე უფრო ინტენსიურად იმუშავე. დიდი შანსია, რუზგენ ჩოჩიანი და ის ფოტორობოტი ფანტომმა უკვე მოიშორა და მხოლოდ მათი მეშვეობით მასზე გასვლის იმედი, ნუ გექნება.

– გეთანხმებით. დიდი ალბათობაა, რომ ფანტომმა ისინი უკვე დახოცა ან უახლოეს მომავალში შეეცდება ამის გაკეთებას.

– მერაბ, ეჭვიც არავისზე გაქვს? – ჰკითხა მინისტრმა გამრეკელს და მაიორი მიხვდა, საით უმიზნებდა გენერალი და არც შემცდარა.

– არა, ამხანაგო გენერალო, – იცრუა მერაბმა და სმენად იქცა, რადგან იცოდა, თუ რას ეტყოდა მინისტრი.

– სამწუხაროა. მცირე ეჭვიც რომ ვინმეზე გქონდეს, ამ საქმის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, მას „პრესავშიკებს“ გადავცემდი და სიმართლეს გავიგებდით.

„პრესავშიკებში“ შინაგან საქმეთა მინისტრი შინაგანი ციხის ჯალათებს გულისხმობდა. ისინი წამების მეშვეობით ართმევდნენ ჩვენებას ეჭვიმტანილს და გენერალი ზოგჯერ არც მათ „მომსახურებაზე“ ამბობდა უარს. მერაბი კი ასეთი სისასტიკისგან შორს იდგა. მას არც არასდროს არავინ უწამებია და დაკითხვისას ხმასაც კი არ უწევდა ხოლმე.

მართალია, ზოგჯერ ძალის გამოყენებაც უწევდა მერაბ გამრეკელს, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ დამნაშავესთან შეტაკების დროს ხდებოდა. მაშინაც კი, მერაბი ყოველთვის ცდილობდა, ძალისთვის არ გადაეჭარბებინა და ხშირადაც რისკავდა. ასე მოხდა გაგრაშიც. მას რუზგენ ჩოჩიანი მიზანში ჰყავდა ამოღებული და არ მოკლა. თუმცა, გაქცეული ბოროტმოქმედის ლიკვიდაცია დაშვებული იყო და მერაბს ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვდა.

– სამწუხაროა. ძალიან სამწუხარო, რომ ეჭვმიტანილი არ გყავს, – გაიმეორა მინისტრმა და მცირე პაუზის შემდეგ მაიორს ჰკითხა:

– როდის ვქეიფობთ, ქორწილის დღე დანიშნე?

– დიახ, ამხანაგო გენერალო. თოთხმეტ სექტემბერს, საღამოს რვა საათზე რესტორან „არაგვში“ გელოდებით მეუღლესთან ერთად, – მიუგო მერაბმა მინისტრს.

– ძალიან კარგი. ესე იგი, ათ დღეში, – გაეღიმა მინისტრს, – თორმეტიდან თვის ბოლომდე თავისუფალი ხარ. შეგიძლია, მანქანაც წაიყვანო და თაფლობის თვით დატკბე. დროებით კოტე სოხაძე შეგცვლის.

– მანქანის გარეშეც გავძლებ. კოტეს უფრო დასჭირდება.

– აი, კოტეს ახალი მანქანა, – გენერალმა მერაბს „ვოლგის“ გასაღები მისცა და ისევ განაგრძო, – წუხელ ჩამოვიდა მოსკოვიდან და ეზოში დგას. მიეცი და შეუძლია, ახლავე წაიყვანოს. ხვალ კი „ვოლგებს“ საქართველოს ყველა რაიონში ჩაიყვანენ.

„გაზ 21-ის“ გასაღები მერაბმა ჯიბეში ჩაიდო და მინისტრს უთხრა:

– თქვენთან თხოვნა მაქვს, ამხანაგო გენერალო.

– გისმენ, მერაბ.

– თუ შეიძლება, რომ ექვსი სექტემბრიდან გამათავისუფლოთ სამსახურიდან ორი კვირით და ოცდაერთში გამოვალ.

– ესე იგი, ზეგიდან.

– დიახ.

– კი ბატონო. ზეგიდან თავისუფალი ხარ. მაინც თვის ბოლომდე გიშვებ. დაისვენე, დატკბი და ახალი ძალებით დაგვიბრუნდი.

– გმადლობთ, – უთხრა მერაბმა გენერალს და მინისტრის კაბინეტი საზეიმო განწყობით დატოვა.

კოტე სოხაძე ბავშვივით ახტუნავდა, როდესაც მერაბმა მას ახალთახალი „ვოლგის“ გასაღები გადასცა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და გამრეკელმა ხელით ანიშნა, გაჩერდიო. შემდეგ ყურმილს დასწვდა და უპასუხა:

– გისმენთ.

– გამარჯობა, მერაბ. გივი სახვაძე ვარ, – უთხრა გამრეკელს ბალისტიკური ლაბორატორიის უფროსმა.

– გაგიმარჯოს, გივი. გისმენ.

– შენთვის საგულისხმო რამ მაქვს.

მერაბ გამრეკელს გულმა ბაგა-ბუგი აუტეხა, რადგან მიხვდა, რომ მნიშვნელოვანი სიახლე უნდა გაეგო. ერთი კვირის წინ, როცა გამრეკელი ფანტომის ბანდის დანაშაულებების დეტალურ შესწავლას შეუდგა, გივი სახვაძეს საქმეებში არსებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნების ასლები გადასცა და სთხოვა, თუკი ეს იარაღები სადმე სხვა საქმეში გამოჩნდებოდა, დაუყოვნებლივ ეცნობებინა მისთვის.

საქართველოს მთავარი ბალისტიკოსი უმაღლესი კატეგორიის ექსპერტი იყო, მაგრამ ბევრი ლაპარაკი უყვარდა. ამის გამო მას კოლეგები ხშირად აწყვეტინებდნენ სიტყვას, გაურბოდნენ, არ უსმენდნენ და სახვაძეს ეს სწყინდა, იბუტებოდა. მერაბს ერთი სული ჰქონდა, სიახლე შეეტყო, მაგრამ გივისთვის რომ არ ეწყენინებინა, მორჩილად უსმინა ათი წუთი და ბოლოს სახვაძემ უთხრა:

– „მაკაროვი“ ამოვარდა, მერაბ და ეს ის იარაღია, სერგი შამბას რომ სამი ტყვია ესროლეს სოხუმში.

მერაბს ფერი ეცვალა და პაუზა გააკეთა. სახვაძემ კი ჰკითხა:

– გაგიმეორო?

– არა. გავიგე. რომელ საქმეში ამოვარდა ეს წყეული იარაღი.

– პირველ სექტემბერს ქუთაისიდან ჩამოიტანა ერთი გასროლილი გილზა გამომძიებელმა ნოე ბუცხრიკიძემ. მიმართვაში წერია, რომ საქმე ყაჩაღობის მუხლითაა აღძრული.

– შენი ამბავი რომ ვიცი, ყველაფერს დაწვრილებით გამოჰკითხავდი იმ გამომძიებელს. რაო, რა თქვა ნოე ბუცხრიკიძემ.

– ვერ მოვასწარი, მერაბ. ტელეფონზე დამირეკეს და სანამ ვლაპარაკობდი, წავიდა.

– შენ რა გითხარი, გივი. ნეტავ, გამოგეკითხა, რა მოხდა.

– ცუდი ბიჭი არ ჩანდა, მაგრამ ცოტა უცნაური მეჩვენა. თავისი ტელეფონი დამიტოვა და მთხოვა, – დასკვნა რომ მზად გექნებათ, ნუ გამოგზავნით. დამირეკეთ, ჩამოვალ და მე წავიღებო.

– დასკვნა უკვე მზად გაქვს?

– ათ წუთში მზად მექნება.

– გივი, ახლა შენთან კოტე სოხაძე მოვა და მაგ დასკვნის ასლი და ნოე ბუცხრიკიძის ტელეფონის ნომერი გამოატანე. ბუცხრიკიძეს არ დაურეკო. მე თვითონ დავუკავშირდები. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები იკვეთება და დიდი მადლობა, რომ დროზე შემატყობინე.

– რის მადლობა, მერაბ. კიდევ რამე თუ ამოვარდა, მაშინვე გაგაგებინებ. კოტეს კი ველოდები. ნახვამდის.

– ნახვამდის, გივი, – მიუგო მერაბმა. ყურმილი აპარატზე დადო და სოხაძეს მიუბრუნდა:

– შენი ახალი „ვოლგით“ ბალისტიკაში გავარდი და რასაც გივი გამოგატანს, სასწრაფოდ მომიტანე.

– რა მოხდა?

– სერგი შამბას მკვლელობის ერთ-ერთი იარაღი გამოჩნდა.

– სად?

– ზუსტად არ ვიცი. სავარაუდოდ, ქუთაისში. ჩქარა ქენი, კოტე, დრო არ ითმენს!

სოხაძე რომ წავიდა, მერაბმა გაიფიქრა: „უცნაურია, თუ ყაჩაღობა მოხდა ქუთაისში, მაშინ ინფორმაცია ჩვენთანაც მოვიდოდა. გიგაური გაფრთხილებული მყავს და მაშინვე გადმომცემდა“.

მერაბი შიდა ტელეფონს დასწვდა და საინფორმაციო ცენტრში პავლე გიგაურს დაურეკა.

– პავლე, მერაბი ვარ.

– როგორ ხარ, მერაბ?

– კარგად. შენ?

– მეც კარგად. რამ შეგაწუხა?

– პავლე, ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისში ყაჩაღობა ხომ არ დაფიქსირებულა?

– არა, რას ამბობ. შენ ხომ გაფრთხილებული გყავარ და მაშინვე გაცნობებდი. ქუთაისიდან კარგა ხანია, მძიმე არაფერი მოსულა. იმერეთი სიწყნარით პირველ ადგილზეა. კარგად მუშაობს რამდონია.

– კარგი, პავლე, ნახვამდის, – თქვა მერაბმა, ყურმილი დაკიდა და ჩაილაპარაკა: „კარგად მუშაობს რამდონია. მუშაობს კი კარგად?“

„რამდონია“ – მეტსახელი იყო და მას იმერეთის მილიციის რეგიონალური სამმართველოს უფროსს, დომენტი კუტუბიძეს ეძახდნენ. თავისი მილიციური კარიერის დასაწყისში, დომენტი „გაის“ ინსპექტორად მუშაობდა. კოპიტნართან იდგა და ავტომოყვარულებს რომ ფულს სძალავდა, ეკითხებოდა: „რამდონია აქ, რამდონიაო...“ ანუ, ფული რამდენიაო. დომენტი კუტუბიძე პროვინციულად, დამახინჯებული ქართულით მეტყველებდა და ეს ხარვეზი ვერც მოგვიანებით გამოასწორა. მთავარი კი ის იყო, რომ „რამდონია“ ვერც ქრთამის აღებას გადაეჩვია და სამინისტროშიც აღწევდა ხმები მისი კორუმპირებულობის შესახებ. ეს მინისტრმაც იცოდა, მაგრამ მისი გათავისუფლებისგან თავს იკავებდა. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ კუტუბიძის მექრთამეობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნდა. მთავარი კი ის იყო, რომ „რამდონიას“ თბილისელი სიმამრი „ცეკას“ ფუნქციონერი იყო და ძლიერ მფარველობას უწევდა სიძეს.

კოტე სოხაძე მალე დაბრუნდა უკან და მერაბს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის ასლი და გამომძიებლის, მილიციის ლეიტენანტ ნოე ბუცხრიკიძის სახლისა და სამსახურის ტელეფონის ნომრები დაუდო მაგიდაზე.

– აი, მოგიტანე. აღარ იტყვი, რა მოხდა? – ჰკითხა კოტემ მერაბს.

– ცოტა ხანი მაცალე და გეტყვი, – მიუგო მერაბმა მოადგილეს. შემდეგ დასკვნის კითხვას შეუდგა, რომელშიც ეწერა, რომ ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილი გილზა გასროლილი იყო „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან და იდენტური იყო იმ გილზებისა, რომლებიც აღმოჩენილ იქნა ქალაქ სოხუმში, უფროსი ლეიტენანტის, სერგი შამბას მკვლელობის ადგილზე. იქვე იყო მინიშნებული, რომ „მაკაროვის“ ერთი ცალი გილზა ლეიტენანტმა ნოე ბუცხრიკიძემ ამოიღო 1 სექტემბერს, ღამის 1 საათსა და 31 წუთზე, მოქალაქე ერასტი კაკაჩიას ეზოდან, მას მერე, რაც იქ ყაჩაღობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

– უცნაურია, ძალიან უცნაური, – თქვა მერაბმა და სიგარეტს მოუკიდა.

– აღარ იტყვი, რაშია საქმე? – ვერ მოითმინა კოტემ.

– რაშია და ისევ ამ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ. ეს „მაკაროვი“ სამი წლის წინ ფუნიკულიორზე წაართვეს უფროს ზემდეგ მალხაზ გვინჩიძეს. იმ საცოდავს თავში არმატურა ჩაარტყეს და ადგილზევე დაიღუპა. ამ „მაკაროვიდან“ ესროლეს სერგი შამბას სამი ტყვია. სერგის მკვლელობაში „ტეტეც“ ფიგურირებს, საიდანაც მას ხუთი ტყვია ესროლეს და ისიც მილიციელს წაართვეს მკვლელობამდე ორი თვით ადრე.

– ისიც მოკლეს?

– არა. ჭოლა ქურციკიძე გადარჩა, მაგრამ პარალიზებულია და ვეღარც მეტყველებს. მასაც არმატურის ნაჭერი ჩაარტყეს კიკვიძის ბაღში, შემოვლის დროს, – თქვა გამრეკელმა. პაუზა გააკეთა და დაამატა, – საინტერესოა, რა მოხდა ქუთაისში და რატომ არ შეატყობინეს ეს ინფორმაცია სამინისტროს. თანაც, უცნაურია, რომ გივისთვის ამ გამომძიებელს უთქვამს, დასკვნას ნუ გამომიგზავნით, დამირეკეთ და წავიღებო.

– რა არის უცნაური. გაგზავნილი დასკვნა სამ, უკეთეს შემთხვევაში, ორ დღეში ჩავიდოდა. გამომძიებელი კი იმავე დღეს ჩაიტანდა ქუთაისში. დროის მოგება უნდოდა, ალბათ.

– არა მგონია, – თავი გააქნია მერაბმა, – თანაც, ინფორმაცია რატომ არ გამოგზავნეს? ახლავე გავიგებ.

მერაბ გამრეკელმა ნოე ბუცხრიკიძეს სამსახურში დაურეკა.

– ალო, – მოესმა მერაბს მამაკაცის ბოხი ხმა.

– ნოე ბუცხრიკიძეს სთხოვეთ, თუ შეიძლება, – რბილად უთხრა მერაბმა.

– ვინ კითხულობს.

– ნათესავი ვარ, თბილისიდან ვრეკავ, –

 არაა ნოე.

– ხომ ვერ მეტყვით, სად არის?

– რა ვიცი მე. აღარ მუშაობს აქ.

– რატომ აღარ მუშაობს?

– შენ, ძამია, მოცლილი ხარ, გეტყობა. მილიციაა აქ და არა „სპრავოჩნი“. მეტი აღარ დარეკო, – შეუღრინა მერაბს „ბოხმა ხმამ“ და ტელეფონი გაუთიშა.

– ქუთაისში რაღაც მოხდა, – თქვა მერაბმა და ბუცხრიკიძეს სახლში დაურეკა.

– გისმენთ, – გაისმა ახალგაზრდა კაცის ხმა.

– ნოეს სთხოვეთ.

– მე გახლავართ. გისმენთ.

– ლეიტენანტი ნოე ბუცხრიკიძე ხართ? – დააზუსტა მერაბმა.

– დიახ. გისმენთ.

– მაიორი მერაბ გამრეკელი გირეკავთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

– გისმენთ, ბატონო მერაბ, რაშია საქმე?

– ნოე, თქვენთან სამსახურში დავრეკე და ასე მითხრეს, აქ აღარ მუშაობსო. მართალია?

– დიახ. სამმართველოს უფროსმა კადრების განკარგულებაში გადამიყვანა.

– დომენტი კუტუბიძემ?

– დიახ. სწორედ მან.

– რა მიზეზით?

ბუცხრიკიძემ იფიქრა, – ვინმე მოგზავნილი ხომ არ მირეკავსო და მერაბს უთხრა:

– რაშია საქმე, ბატონო ჩემო და რატომ მეძიებით. თუ რამეში ვარ დამნაშავე, მაშინ ოფიციალურად დამკითხეთ. არაა ეს სატელეფონო საუბრის თემა და მეტს აღარაფერს გეტყვით. ნახვამდის.

გამრეკელი მიხვდა, თუ რამ შეაშინა ახალგაზრდა გამომძიებელი და უთხრა:

– მოიცა, ნოე, არ დაკიდო. ნუ გეშინია. მოგზავნილი არ გეგონო. ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე გირეკავ და ტელეფონით იმიტომ გელაპარაკები, რომ დრო არ ითმანს. შენ რომ ექსპერტიზაზე გილზა ჩამოიტანე, ერთი საქმის გახსნაში შეიძლება, დაგვეხმაროს და ამიტომ გირეკავ.

– სწორედ მაგ გილზის გამო მომიშორეს თავიდან.

– როგორ, მაგ გილზის გამო? დამშვიდდი და დალაგებით მომიყევი ყველაფერი.

– როგორ, ჩემო ბატონო, და, რამდონიამ რომ გაიგო... უფრო სწორად, დომენტი კუტუბიძემ რომ გაიგო, საქმე ყაჩაღობის მცდელობის მუხლით აღვძარი, თანაც შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი გილზა ექსპერტს ჩავუტანე, გაგიჟდა. ჯერ საქმე ჩამომართვა და ხოშტარიას გადასცა, შემდეგ კი კადრების განყოფილებაში გადამიყვანა, თანაც აქეთ დამადო ვალი – მადლობა მითხარი, რომ სამსახურიდან არ გაგდებო.

– ნოე, დაწვრილებით მომიყევი, რა მოხდა. ოფიცრის სიტყვას გაძლევ, ხვალ ამ დროს თანამდებობაზე აღდგენილი იქნები, – შეჰპირდა მერაბი ლეიტენანტს და დაამატა, – გისმენ.

– ბატონო მერაბ, 31 აგვისტოს ოპერმუშაკებთან ერთად ქალაქში ვპატრულირებდი. თორმეტის ნახევარზე საფიჩხიაზე ვიმყოფებოდით. უცებ ქალის კივილის ხმა გავიგონეთ და დავინახეთ, როგორ გამოვარდა ერთი ეზოდან ღამის პერანგიანი ქალი. სწორედ ის კიოდა. რომ შეიტყო, მილიციელები ვიყავით, გვითხრა, – ოჯახში ყაჩაღები შემოგვივარდნენო და დახმარება გვთხოვა. ორი ყაჩაღი დავაკავეთ, ერთი გაიქცა. იმ გაქცეულმა ეზოში დაკიდებულ პროჟექტორს ესროლა, იქაურობა ჩააბნელა და უკანა ღობეზე გადახტა. ექსპერტიზაზე იმ ყაჩაღის იარაღიდან გასროლილი ტყვია ჩამოვიტანე თბილისში. დაჭერილი ყაჩაღები ძმები – ჯიმშერ და ჯემალ ბეშქენაძეები იყვნენ. სახლის პატრონი კი კბილის ტექნიკოსი ერასტი კაკაჩიაა. ბიჭებმა რომ დაკავებული ბეშქენაძეები სამმართველოში წაიყვანეს, მე შემთხვევის ადგილზე გასროლილი გილზა ვიპოვე და დავლუქე. კაკაჩიასა და მის ცოლს ჩვენებები ჩამოვართვი და სამმართველოში დავბრუნდი, საქმე აღვძარი. ჭიჭიკო ხოშტარიამ კი, ახლა ვისაც ეს საქმე აქვს, მირჩია, საქმე ჯერ არ აღმეძრა და სამმართველოს უფროსს დავლოდებოდი, რომელიც იმ დღეს ქორწილში იმყოფებოდა თბილისში. მე კი პირიქით, ღამის ავტობუსით თბილისში გამოვემგზავრე და გასროლილი გილზა ბალისტიკოსს ჩამოვუტანე ექსპერტიზაზე. უკან რომ დავბრუნდი, დომენტი კუტუბიძემ საქმე ჩამომართვა და კადრების განკარგულებაში გადამიყვანა. ხოშტარიამ კი ყაჩაღებს მუხლი შეუცვალა და წვრილმან ხულიგნობად გადააკვალიფიცირა. ჯემალ ბეშქენაძე გაუშვა, ჯიმშერი კი „ზალოგში“ დაიტოვა.

– ყაჩაღი გაუშვა?

– დიახ, ბატონო მერაბ.

– რას ნიშნავს „ზალოგში“ დაიტოვა?

– რას და, ჯემალი რომ ფულს მოიტანს, ჯიმშერსაც გაუშვებს.

– ესე იგი, ქრთამს ელოდებიან?

– დიახ. და სწორედ ამიტომ არ დაველოდე სამმართველოს უფროსს, თორემ ის სამხილსაც მოსპობდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3