მკითხავის შეცდომა
დენის თვალები გაუფართოვდა და ნახევრად ჩაბნელებულ ოთხში მჯდარი მოხუცი ქალის ფიგურას ჩააშტერდა.
– შაბათ საღამოს? ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ მე შაბათ საღამოს მოვკვდები?
მკითხავმა თავი გადააქნია.
– მე კი არა, კარტი ამბობს ამას. თქვენ, შეიძლება, ახლა მთვრალი ხართ და ჩემთან გასართობად მოხვედით, მაგრამ, იშვიათად დამინახავს ასე გარკვევით ადამიანის მომავალი. სიკვდილს ვხედავ და ეს რეალობაა, გარდაუვალი რეალობა.
დენი მართლაც ისეთი მთვრალი იყო, რომ აზრების კონცენტრაცია გაუჭირდა. მთვრალი რომ არ ყოფილიყო, მკითხავთან არც ჩამოვიდოდა. საუტალვარადოში ადრე არც არასდროს ყოფილა. მანქანა გზას ასცდა და ღამის განათების ბოძს შეეჯახა. „მგონი, სამშაბათს ვკვდები“, – გაიფიქრა დენი ჯეკსონმა, სერიალების ერთ-ერთმა ამომავალმა ვარსკვლავმა და ამოიოხრა. ცხოვრებაში რთული პერიოდი ჰქონდა. მისი ყველაზე პოპულარული სერიალის გადაღებები გაჩერდა და ახლის დაწყებას ჯერ პირი არ უჩანდა. ცოლთან სერიოზულად იჩხუბა და უკვე ორი თვე იყო, რაც კაბინეტში ეძინა. ვილმა დაემუქრა კიდეც, რომ საერთოდ წავიდოდა სახლიდან. კაზინოშიც ბლომად თანხა წააგო. დამწყები მსახიობი, ლამაზმანი, რომელზეც ცოლმა იეჭვიანა, მთვრალ პროდიუსერს ჩაუწვა ლოგინში... მოკლედ, დენი ჯეკსონის ცხოვრებაში „შავი ზოლი“ გაჩნდა. დათვრა და გაახსენდა, როგორ ყვებოდნენ სტუდიის მსახიობები საუტალვარადოელ ნათელმხილველზე. იფიქრა, რაღაც ისეთს მაინც ხომ მეტყვის, რომ ცოტათი დავმშვიდდეო... ჰოდა, აჰა! მიიღო დამამშვიდებელი ინფორმაცია – შაბათს მოკვდებიო! გონებაში მექანიკურად გადათვალა დღეები – სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი... ხვალ ახალი სერიალისთვის სინჯებში უნდა გადაეღოთ... გვიან გაახსენდა – აგენტმა ჯერ კიდევ გუშინ რომ დაურეკა და უთხრა, შეეცადე, ფორმაში იყო, ბევრი ვიწვალე, რომ შენთვის ამ სინჯებზე გასვლა „ჩამეწყო.” ნაბახუსევზე კი ყოველთვის უჭირდა კონცენტრაცია... ვილმა სახლში იყო – სასტუმრო ოთახში ელოდებოდა ვისკით სავსე ჭიქით ხელში... ისეთი სახე ჰქონდა, დენი მაშინვე მიხვდა, რომ ამჯერად ცოლი მარტო მუქარით არ შემოიფარგლებოდა.
– არ იშლი, ხომ, შენსას? ისევ იმ კახპასთან ეგდე? მე კი ბოლო შანსი მოგეცი, დაგავიწყდა? ჰოდა, მორჩა! მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ. ამ დღეებში ჩემი ადვოკატი დაგიკავშირდება.
– ვილმა, მოიცადე, – შეეცადა, აეხსნა, მაგრამ ქალი წამოხტა. მალე დენიმ შემოსასვლელი კარის გაჯახუნების ხმა გაიგონა, ხოლო, როცა ზემოთ ავიდა, ნახა რომ ვილმას თითქმის ყველაფერი წაეღო. მკერდში რაღაცამ მოუჭირა. გამოკიდებას აზრი არ ჰქონდა – კარგად იცოდა ცოლის ხასიათი. მკითხავის ახლახან ნათქვამზე ფიქრობდა. ყოველთვის ეგონა, რომ არ იყო ცრუმორწმუნე, მაგრამ, სიტყვები თავისით ზემოქმედებდნენ ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე – „შაბათს მოვკვდები... შაბათს, მოვკვდები...“ მეორე დილით სინჯზე მთელი ორმოცი წუთით დააგვიანა. ამას კიდევ არა უშავდა, პროდიუსერებს არ უკვირთ ხოლმე მსახიობებისგან ასეთი საქციელი. უარესი ის იყო, რომ თექვსმეტი დუბლი გააფუჭა და, რაც ჩაწერეს, ისიც არაფრად ვარგოდა. აგენტი გაგიჟებული იყო. „შენ სულ გაგიჟდი? დაგავიწყდა, რამდენი ვალი დაგიგროვდა? მე შეგახსენო, რომ სახლის კრედიტი გაქვს გადასახდელი? მანქანისაც... და საკრედიტო ბარათსაც დღედღეზე დაგიხურავენ“...
– კარგი, კარგი, ნუ დამჩხავი, ისედაც ცუდად ვარ... გული მტკივა, – დენის მართლაც ეტკინა მკერდში რაღაც და ჰაერი აღარ ეყო.
– ცოტა ნაკლები უნდა დალიო ხოლმე... – ჩაესმა აგენტის უკმაყოფილო ხმა, მერე დაბარბაცდა და იატაკზე ჩაიკეცა. თვალი რომ გაახილა, ირგვლივ ყველაფერი ქათქათებდა.
– რა დღეა დღეს? – ეს იყო პირველი შეკითხვა, რომელიც გაჭირვებით ამოილუღლუღა.
– გონს მოვიდა, ძალიან კარგია... – თქვა ექიმმა, – დღეს ხუთშაბათია, ჩემო კარგო. ინფარქტს გადარჩით და საშიშროებამ გადაიარა, თუმცა, არც კარგი მდგომარეობა გაქვთ. რამდენიმე დღე აუცილებლად აქ უნდა დარჩეთ. ვერ გაგიშვებთ, რადგან პრობლემა ისევ რჩება. რაზე ინერვიულეთ ასე ძალიან, რამის ხომ არ შეგეშინდათ?
შიში... რა თქმა უნდა, შიშმა მიიყვანა საავადმყოფომდე, მაგრამ, ექიმისთვის მკითხავის ამბავი რომ მოეყოლა, მკურნალობის პროცესში აუცილებლად ფსიქიატრს ჩართავდა... პრინციპში, ცუდი არ იყო, საავადმყოფოში რომ მოხვდა, აქ გაცილებით უსაფრთხოდ იქნებოდა – მიხედავდნენ და მოუვლიდნენ... ამის გაფიქრებაზე დენი ჯეკსონი ძალიან გახალისდა და მხნედ მიირთვა საგანგებოდ მორთმეული საუზმე, მისი ავადმყოფობით შეწუხებული კოლეგების გზავნილებსაც უპასუხა და ექიმსაც ხალისით მიეგება...
– აბა, ექიმო, როგორ არის საქმე? – ჰკითხა ღიმილით გასხივოსნებულმა.
– უკეთესად, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი რეჟიმით უნდა იცხოვროთ. არავითარ შემთხვევაში! გეკრძალებათ ორ ჭიქა კოქტეილზე მეტის დალევა და შიში... დიახ, მე მაინც ვფიქრობ, რომ თქვენ რაღაცის შიში აგეკვიატათ. მაქსიმალურად შეეცადეთ, არ იფიქროთ ამაზე. ჰო, მართლა, თქვენმა აგენტმა დამირეკა და მკითხა, თუ შეიძლება თქვენი მონახულებაო.
– არა, ჯერ არა, როგორც თქვენ მირჩიეთ, სიმშვიდე მჭირდება. ამიტომ, გთხოვთ, უთხარით, რომ კვირამდე ჩემი ნახვა არ შეიძლება.
– ანუ, კვირამდე კლინიკაში რჩებით? – გაუკვირდა ექიმს ამ ტიპის პაციენტის ასეთი მორჩილება.
– ო, დიახ... დროა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ვიფიქრო. ასე არ არის, ექიმო?
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... – დაეთანხმა ექიმი და მხრები აიჩეჩა.
ორი დღე დენის მყუდროება არავის დაურღვევია. პარასკევ საღამოს კიდევ ერთი პოზიტივი მოხდა – ვილმამ დაურეკა ტირილით და აცნობა, რომ განქორწინება გადაიფიქრა. „ჩემო საყვარელო, რა ვიცოდი, თუ ასე გიყვარდი. ნერვიულობაზე ლამის გული გაგიჩერდა. სახლში დავბრუნდები და პირობასაც მოგცემ, რომ აღარასდროს ვიეჭვიანებ“...
ახლა მთავარი იყო შაბათი გადაეგორებინა როგორმე... დღე თითქოს უსასრულოდ გაიწელა. დენი გრძნობდა, როგორ დაეჭიმა ყველა კუნთი და ძარღვი... გულისცემაც აუჩქარდა. იმ მომენტში ექიმს რომ გაესინჯა, კიდევ ერთი კვირით მოუწევდა კლინიკაში დარჩენა, მაგრამ, მორჩა, სულ ეს იყო... შაბათი დაღამდა. დენიმ ორი ტაბლეტი საძილე საშუალების დახმარებით დაიძინა და დილით ჩვეულებრივად გაახილა თვალები. მორჩა! სიკვდილი, თუ ის მართლაც აპირებდა მოსვლას, დამარცხებული იყო. მან გაიმარჯვა. მკითხავის სულელური წინასწარმეტყველება არ ახდა...
აგენტმა ხმაურით შეაღო მისი პალატის კარი.
– გილოცავ გადარჩენას, მეგობარო! გავიგე, კარგი ამბებია შენკენ და მეც მაქვს ერთი კარგი ამბავი... სინჯები არაფრად ვარგოდა და ეს ჩემზე კარგად იცი... ვილმას უკვე ველაპარაკე და დავითანხმე იმაზე, რომ მხარი აგიბას ამ პატარა ტრიუკში. მოკლედ, თითქოს ერთი დღით გადაინაცვლა მოვლენებმა. ვილმა შენგან ორშაბათს წავიდა... ანუ, ერთი დღით ადრე... შენ სამშაბათს ინერვიულე... გულის შეტევაც სამშაბათს დაგემართა და არა ოთხშაბათს, როგორც ეს იყო... ბუნებრივია სინჯებზეც არ ყოფილხარ... სინჯებს კი მე და რეჟისორი წავშლით, ვითომც არ ყოფილა. ჰოლივუდის ბიურო საერთოდ ვერაფერს გაიგებს... ანუ, დღეს შაბათია ჩვენი ახალი კალენდრით.
დენიმ იგრძნო, როგორ გაეყინა მკერდში ძლივს ამოძრავებული გული და არაადამიანური ხმით იბღავლა:
– რა?! რა შაბათი? არა, არა, კიდევ ერთი შაბათი? ეს უკვე მეტისმეტია!.. – და უღონოდ დაეცა საწოლზე.
დამფრთხალი აგენტი გაოგნებული უყურებდა ექიმს, რომელმაც მწუხარედ გადააქნია თავი:
– ამჯერად ყველაფერი მორჩა... მე უძლური ვარ... როგორ ვთხოვე, რომ შიშზე არ ეფიქრა და, მეგონა, რომ დამიჯერა კიდეც...