კაცობრიობის გადასარჩენად
ისე მრისხანედ ვუყურებდი, წამის მეათედში ჩასწვდა სიტუაციის მთელ სერიოზულობას და ჩემი გაცოფების მიზეზიც გამოიცნო.
– შენც ქართველი ხარ? – ცოტა დაიბნა და რატომღაც რუსულად მკითხა.
– იცი, არის ორი ქართული სიტყვა – მაძებარი და მეძებარი. დიახ, მეც ქართველი ვარ... ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მე მაძებარი ვარ!
– შენ რა, ძაღლს მადარებ?! – სახე წამოუწითლდა სიბრაზისგან და ორი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ.
– საკუთარ დედას ვინც შეაგინებს, ის ძაღლზე უარესია!
– შენი... – დაიძახა და მუშტებმოკუმული მეცა, მაგრამ რომ სცოდნოდა, მის ამ ანგარიშმიუცემელ მოქმედებას რა მოჰყვებოდა, ამას, ალბათ, არასოდეს გააკეთებდა. მოულოდნელად გვერდზე მოვექეცი, ხელი ზურგსუკან ამოვუტრიალე და მერე ისე, რომ გონზე მოსვლაც არ დავაცადე, ორჯერ იმ ნიჟარაში ძლიერად ჩავაკვრევინე თავი, რომელსაც რუსები „პისუარს“ უწოდებენ. გული რომ ვიჯერე, „პისუარის“ მაღლა მიკრულ სარკეზე მივაჭყლიტე ცალი ლოყით და ყურში დამარცვლით ჩავჩურჩულე:
– თუ ის ვერ მოახერხე, ქართველი ქალებისთვის თავი მოგეწონებინა, ვერც რუსებს შეაბამ, შე პედ...სტო! – მერე ხელი გავუშვი და კარისკენ გავემართე. სანამ გამოვიდოდი, შევბრუნდი, იდგა და მიყურებდა. ალბათ „დაჭკვიანდა“, მიხვდა, კიდევ ერთხელ რომ გამოეწია, ახლა უნიტაზში ჩავაყოფინებდი თავს.
– იცოდე, აღარსად გადამეყარო, თორემ გიჩვენებ, შენნაირ ქლესებს როგორ ვექცევი!
– შე დამპალო! – ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის, როცა კარი მოვხურე. თუმცა, სიტყვები გავარჩიე, მაგრამ უკან შებრუნება აღარ მიფიქრია, რადგან, როგორც მაშინ ვფიქრობდი, მან თავისი უკვე მიიღო.
ვარვარა ჩემი დაგვიანების გამო ცოტა შეშფოთებული დამხვდა, მაგრამ ჩემი მშვიდი სახის დანახვაზე, თვითონაც დამშვიდდა. კარგი იქნებოდა, ჩემთან ავსულიყავით, მაგრამ ასეთი აჩქარება მიზანშეუწონლად მივიჩნიე და ინგლისელი ჯენტლმენივით შევთავაზე, რომ სადმე მანქანით გაგვესეირნა.
– ჯობია, შინამდე მიმიყვანო, – მთხოვა და მივხვდი, რომ ეგორის იმაზე მეტად ეშინოდა, ვიდრე მეგონა.
– კარგი... მაგრამ მინდა, იცოდე, მე ის კაცი ვარ, ვისაც შეუძლია, ეგორ კაზაკოვი ჩამოგაცილოს. და თუ შენ დამეხმარები, რომ „სახალხო ტაძრის“ რჩეულთა შორის მოვხვდე, გპირდები, რომ შენც დაუბრუნდები „წითელ კარავს“!
– ამას როგორ მოახერხებ, ალექსანდრ? – ვარვარას იჭვნეული მზერა გაუხდა, – თუმცა ძალიან მამაკაცური ხარ და ძლიერიც ჩანხარ, მაგრამ... ეგორი მძვინვარე ხარივით არის, როცა ბრაზდება.
ვარვარას გაუბედაობაზე გამეღიმა და, ცოტა არ იყოს, გაბღენძილმა მივუგე:
– მე იმ კაცის შთამომავალი ვარ, ვინც ხარს ერთი დარტყმით უღებდა ბოლოს!
არ ვიცი, დამიჯერა თუ არა, მაგრამ, როცა მანქანა ეფრემოვის ქუჩაზე გამაჩერებინა, სანამ გადავიდოდა, გამომშვიდობების მაგივრად, მითხრა:
– საშა, ძალიან მომწონხარ... შენ სულაც არ ჰგავხარ ინგლისელ პიჟონებს.
– ალბათ იმიტომ, რომ ძლიერი ფესვები მაქვს და იქაურმა ნისლმა ფერი არ დამიკარგა.
ვარვარას გაეღიმა, გადმოიწია, ლოყაზე მაკოცა და მანქანიდან გადავიდა.
„ესეც ასე! – გავიფიქრე. – გვრიტი უკვე გავაბი. ახლა დროა, ის სატყუარად გამოვიყენო და ანაკონდაზე ვინადირო!“ თუმცა, როცა გამახსენდა, როგორი ეროტიკული დატვირთვით გამოთქვა სახელი „საშა“, უნებურად უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.
***
ვარვარა გადავიდა თუ არა მანქანიდან, ჩემი მობილური აწკრიალდა – მიხაილ კირსანოვი რეკავდა. მითხრა, რომ აუცილებელი საქმე ჰქონდა და ერთ საათში შინ უნდა დავხვედროდი. ზუსტად დათქმულ დროს მიხაილმა კარზე ზარი დარეკა.
– რას დალევ? – ვკითხე, როცა მისაღებში სავარძელში ჩაეშვა.
– როგორც ყოველთვის! – იყო პასუხი.
– ჰო, რა თქმა უნდა, ფრანგულ კონიაკს... შენ ხომ არისტოკრატი ხარ, – გავეხუმრე და ბარის კარი გამოვაღე.
– ახალი არის რამე? – მკითხა მიხაილმა და ჩემი მიწოდებული ჭიქიდან კონიაკი მოსვა.
– ისეთი არაფერი... წარუმატებელი შეხვედრა მქონდა... ჰო, მართლა, როგორც გავიგე, ჩვენი ეგორ კაზაკოვი, სხვა რუსებისგან განსხვავებით, ღვინის მოყვარული ყოფილა. უცნაური ფაქტია, არა?
– არც ისე... უფრო მეტის გაგების იმედი მქონდა, რადგან ერთ კვირაში ბერლინში მივდივარ... შტაბში – ახალი ინსტრუქციები უნდა მივიღოთ. სწორედ ამის სათქმელად მოვედი.
– გასაგებია. მაგრამ ასე მოულოდნელად რატომ გამოგიძახეს?
– „დევნის“ ჯგუფის რუსეთის ხაზის ხელმძღვანელი შეიცვალა.
– კარლ შეფერი? რატომ? ის ჭკვიანი კაცია.
– პენსიაში გავიდა. უფრო ახალგაზრდა და შესაბამისად, უფრო გამოუცდელი დაუნიშნავთ... პირადად უნდა მოისმინოს ჩემგან, რა ხდება ამ ეტაპზე რუსეთში.
– მაშ, პირიქით – შენგან უფრო დასჭირდება „ინსტრუქციები“, – უკმაყოფილოდ წარმოვთქვი, რადგან არ მესიამოვნა ჩემი თანამებრძოლის ჩემგან დიდი ხნით მოშორება.
– შესაძლოა, – ჩაილაპარაკა მიხაილმა, – ჰო, მართლა, არ მისადილია. კონიაკმა კი უფრო გამიღვიძა მადა. გაქვს რამე მაცივარში?
– სიმართლე გითხრა, ბევრი არაფერი – ძეხვი, ყველი, დაკონსერვებული თევზი და შავი ხიზილალა.
– საუცხოოა... თუმცა, ხიზილალა არაყს უფრო უხდება, მაგრამ...
– მიხაილ, ბევრს სვამ, – ოდნავი დანანებით გავიქნიე თავი და მეგობარს სამზარეულოში შევუძეხი.
– რას იზამ, ალექსანდრ, მარტოხელა კაცის ამბავი ხომ იცი... როცა შინ მიდიხარ და ცარიელი, უტყვი კედლები გხვდება, მერე კი ცივ ლოგინში წვები... ერთი-ორი თუ არ გადაკარი, გაგიჭირდება.
– ამაში მართალი ხარ, – დავეთანხმე და გულის სიღრმეში კირსანოვი ცოტა შემეცოდა კიდეც.
– აი, ახლა, როცა რიმსკის ფრთებს შევკვეცთ, იქნებ ოჯახსაც მოვეკიდო, – მიხაილმა ხიზილალიანი პურის ნაჭერი პირისკენ გაიქანა და, როცა ლუკმა ჩაყლაპა, მკითხა: – რას იტყვი, ცოტა მოხუცი ხომ არ ვარ ამ საქმისთვის?
– რას ამბობ, მიხაილ, 37-საც არავინ მოგცემს... ყველაფერი წინ გაქვს, ძმაო!
– ასე ფიქრობ? – ვიგრძენი, ჩემი სიტყვები ესიამოვნა და თვალებში სხივი აენთო, – იცი, ალექს, მომბეზრდა ერთი ღამის პეპლებთან დროის მოკვლა. სერიოზული ურთიერთობა მინდა.
– ხედავ, კიდევ ერთი მიზეზი გამიჩნდა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მალე მივიყვანო.
– ჰო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა, – მიხაილმა ჯიბიდან რუსული ფულის მსხვილი დასტა ამოიღო და მაგიდაზე დაუდევრად გადმოაგდო, – ეს შენთვის არის, დღეს გამოვიტანე ბანკიდან... შტაბიდან გადმორიცხეს ჩემს ანგარიშზე. ოღონდ რესტორნებსა და სასტუმროებში ფულის ხარჯვას აღარ გირჩევ, დროა, ვარვარა შინ მოიყვანო... ეს მისი ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.
– ამაზე უკვე ვიფიქრე, – ვუპასუხე და მაინც უსიამოვნოდ შემეჭმუხნა შუბლი, – ერთ ბოთლ ღვინოს ჩემთვის გამოვიტან, თორემ რვაფეხას სუშიმ მადა დამიკარგა.
როცა შავ სამარკო „ხვანჭკარას“ თავი მოვხსენი და ჭიქაში ჩავარაკრაკე, შუბლი გამეხსნა და ჩავილაპარაკე.
– იმ კაბანს სასმელში მაინც ჰქონია გემოვნება. აი, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მამაკაცს არ მოსწონდეს?!
– ალექსანდრ, სიტყვამ მოიტანა და... სულ მინდა, გკითხო:. როგორც ვიცი, ნარკოტიკები, სანარკოზო ნივთიერებები ვერ გერევა, – დაიწყო ოდნავ გაუბედავად მიხაილმა, მაგრამ ალკოჰოლზე რას იტყვი, გათრობს?
– ამ მხრივ, ნამდვილი პროფესიონალი დეგუსტატორი ვარ, სუფთა ღვინოს მაშინვე ვცნობ. თუ გაკეთებულია, წყალივით მიდის, თუ ნამდვილია, შესანიშნავ გუნებაზე მაყენებს და გონება უფრო ნათლად მიმუშავებს. რაც შეეხება არაყს, ორი ბოთლიც რომ დავლიო, მხოლოდ მსუბუქ თავბრუხვევას ვგრძნობ და უფრო ადვილად ვღიზიანდება.
– მდაა... – მიხაილს სინანული დაეტყო, – ესე იგი, თრობის შეგრძნება შენთვის უცხოა. რა სამწუხაროა! ხანდახან ამის გარეშე წარმოუდგენელია.
– ჰო, არასდროს დავმთვრალვარ და ამას ჩემს ძლიერ ორგანიზმსა და გენეტიკას ვაბრალებ. ბაბუაჩემი, გუგული ერისთავი, არაყს ყანწებით სვამდა და ყოველთვის ფეხზე იდგა. მისი „მოცელვა“ შეუძლებელი იყო.
– არ დავმალავ, მიკვირს... თუმცა ვიცი, რომ ამქვეყნად არსებობს ანომალიები; მაგალითად, ერთი ჩინელი ქალი 50 წლის ასაკში ისე მოკვდა, რომ ბავშვის გარეგნობა დარჩა... ანუ 2 წლის ბავშვს ჰგავდა, წარმოგიდგენია?! არსებობს პირიქითაც, რომ ადამიანი მალე ბერდება და 20 წლისა 80 წლისას ჰგავს...
– არ ვიცი, ამას რატომ ამბობ, – წყენით გავაწყვეტინე მიხაილს, მე ყოველთვის ჩვეულებრივ ადამიანად ვგრძნობდი თავს და ახლაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ჰიპნოზი არ მოქმედებს და არც შენსავით ვთვრები.
მიხაილ კირსანოვი შეცბა.
– მაპატიე, მართალი ხარ – სასმელი მეტი მომივიდა და სისულელეებს ვროშავ...
– კარგი, დაივიწყე, – მისმა უხერხულმა ღიმილმა გული მომილბო და მხარზე ხელი მეგობრულად დავარტყი, – დარჩი აქ... ნასვამი ხარ და არ გაგაჩერონ.
მიხაილმა ჩემი წინადადება სიამოვნებით მიიღო... ალბათ, მარტო ყოფნა არ უნდოდა. კიდევ ბევრი ილაპარაკა, საკმაოდ შეზარხოშდა და გვიან დაგვეძინა. თუმცა, როცა გამეღვიძა, უკვე წასულიყო. „რა მოკლავს ამ დღეს!“ – გავიფიქრე და სამზარეულოსკენ გავემართე. ყავადანისკენ არც გამიხედავს, არასდროს მიყვარდა ეს ყავისფერი, მომწარო და უგემური სასმელი. მაცივარი გამოვაღე, მინერალური წყლის ბოთლი მოვიყუდე და, სანამ დავცლიდი, ჩემი მობილური აწკრიალდა. ნომერი ვარვარასი იყო.
– გისმენ, ვარა! – შევეცადე, მეტი სირბილე მიმეცა ხმისთვის.
– ყველაფერი მოვაგვარე, საშა (რატომღაც ჩემი კონსპირაციული სახელის მოფერებით ფორმაზე გადავიდა, რაც, არც ძალიან მსიამოვნებდა) – პარასკევს, საღამოს 6 საათზე, მამა ვლადის ოფისში მიხვალ, კარისკაცს, რომელსაც ალექსეი ჰქვია, ეტყვი, რომ ჩემგან ხარ და შეგიშვებს.
– არაჩვეულებრივი ქალი ხარ! ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ... და სასურველია – დღესვე! – ვუთხარი და გავიფიქრე: – „მგონი, დღეს მოწყენილობისგან სიკვდილი არ მიწერია!“
თუმცა, ვარვარა ანტონოვნა პასუხს არ ჩქარობდა. ამიტომ, ისევ შეტევაზე გადავედი:
– დღეს რომ არ გნახო, იცოდე, მთელი დღე ცუდ გუნებაზე ვიქნები. იმედია, ამისთვის არ გამიმეტებ.
– კარგი, – როგორც იქნა, ამოთქვა, – ჯობია, ისევ ვერა ობრაზცოვას კლუბში შევხვდეთ საღამოს 7 საათზე.
ცივმა წყალმა გამომაცოცხლა. წვერის გაპარსვა დავამთავრე და საათს დავხედე: ისრები 11-ს უჩვენებდა. 7 საათამდე დიდი დრო იყო და, ბაიყუშივით მარტო რომ არ ვმჯდარიყავი, თბილი სპორტიული სვიტერი, ჯინსის შარვალი, თეთრი ბოტასები მოვირგე და კიბეს ფეხით ჩამოვუყევი. როცა მანქანის გასაღები გადავატრიალე, მხოლოდ მაშინ გადავწყვიტე, მოსკოვის ქუჩები შემესწავლა. უახლოეს ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ავზი პირთამდე გავავსებინე და კრასნაია პრესნაიას ქუჩით სადოვოე კოლცოზე გავედი. გზადაგზა შემხვედრი ქუჩების წარწერებს ვათვალიერებდი: ნოვინსკაია, სმოლენსკის ქუჩა.. პიროგოვსკაია გადავკვეთე და ზუბროვსკიზე გავედი... კრიმსკი, ვალოვის ქუჩები გავიარე; მერე – სპასკაია, სუხარევსკაია... ბოლოს ლუბლიანკაზე ჩავუხვიე და წითელ მოედანს მცირე თეატრის მხრიდან მივუახლოვდი. მოულოდნელად, თვალი უზარმაზარი ბანერისკენ გამექცა, კაზინო „ქუინსის“ რეკლამა მომხვდა თვალში და არც დავფიქრებულვარ, გეზი ტაგანკისკენ ავიღე. სადღეღამისო სამორინე, რა თქმა უნდა, ღია დამხვდა – დრო და რამდენიმე ათასი რუბლი იქ „მოვკალი“. როცა „ქუინსი“ დავტოვე, უკვე 6 საათი იყო და მეც ნელ-ნელა ჩეხოვის ქუჩისკენ გავემართე, სადაც ვერა ობრაზცოვას კლუბი „2X2“ მდებარეობდა. როცა მივუახლოვდი და მანქანიდან გადავედი, ახალი წარწერა დამხვდა შესასვლელში. „ფართი ნაით“ – ამოვიკითხე მოციმციმე ფირნიშზე და უსიამოვნოდ შემეჭმუხნა შუბლი – ამათი ფართების თავი ნაღდად არ მქონდა. ვარვარა ზუსტად 7 საათზე მოვიდა დღეს „ჰელ-ფართია“ – მითხრა ღიმილით და ორაზროვნად აათვალიერა ჩემი სპორტული „ტალავარი“. თვითონ მოტმასმნილი შავი კაბა ეცვა, თმა დაეხვია და თივის ზვინივით ედგა თავზე.
– აი, – ჩანთა გახსნა და იქიდან ბრჭყვიალა ნიღაბი ამოიღო, რომელიც შავი ბუმბულებით იყო მორთული, – შენ კი, ასე „გამოწყობილი“, ჩემს კავალერად დღეს არ გამოდგები.
– თუ გგონია, რომ დრაკულას ეშვებს მივიმაგრებ ან მაქციის სახეს მივიხატავ – ძალიან ცდები!
– კლუბში დრეს-კოდი მოქმედებს. წამოსასხამი მაინც ვიყიდოთ სადმე, შავი, აი, ისეთი, დომინოს რომ ეძახიან.
– გამორიცხულია! – გადამწყვეტად განვუცხადე და წყენით დავაყოლე: – შენ თუ გინდა, შედი, გაერთე, მე კი მანქანაში დაგელოდები.
ვარვარას გაეღიმა.
– ამ ეპატაჟში ფიფქიას ბოროტ დედინაცვალს კი ვგავარ, მაგრამ ისეთი უგულოც არ ვარ, მანქანაში მარტო გაყურყუტო. კარგი, შევიდეთ. ბოლოს და ბოლოს, ვერა მეგობრებს კარს არ მიუხურავს.
ჩემმა ფანდმა გაამართლა. მივხვდი, ვარვარას თვალში უფრო ავმაღლდი, რადგან ქალების ფსიქიკას საკმაოდ კარგად ვიცნობდი: ქალი თუ მოგერია, თავს შენს დედოფლად წარმოიდგენს და ურთიერთობებში სადავეებს თვითონ აიღებს ხელში; ხოლო თუ მამაკაცის სიჯიუტეს და ხასიათის სიმტკიცეს წააწყდება, პატარა გოგონად იგრძნობს თავს, რომელსაც უნდა მოუარო და უპატრონო. ქალებსაც სწორედ მეორე კატეგორიის მამაკაცები მოსწონთ, რადგან დედოფლად ყოფნას პატარა გოგონების როლის თამაში ურჩევნიათ.
ასე აღმოვჩნდი სპორტული სვიტერითა და თეთრი ბოტასებით როკაპისა და მაქციის ქორწილში; ბარის მაგიდასთან მოვკალათდი და დიჯეი ვამპირის ელექტრონულ კაკაფონიაზე აბორგებულ, მსუბუქი ნარკოტიკებით ექსტაზში შესულ მასას ცალი თვალით შევცქეროდი. ვარვარა ანტონოვნა ვერას ესაუბრებოდა, რომელსაც ყელზე წითელი სისხლის ზოლი მოუჩანდა და სახე თეთრად შეეპუდრა, მიცვალებულს ან ზომბს რომ უფრო მეტად დამსგავსებოდა. თავს უჩვეულოდ ვგრძნობდი, მაგრამ რას ვიზამდი, ჩემი მისია ბოლომდე უნდა მიმეყვანა და ვარვარას ჰადესშიც რომ ჩავეყვანე, იქაც მოთმინებით უნდა გამეძლო. ყველაზე ძალიან იმან გამაკვირვა, რომ მთელი ამ ეშმაკების მეჯლისზე ჩემი ასაკის ადამიანებიც მრავლად იყვნენ. თბილისში ასეთი „რამეებით“ უფრო მეტად ახალგაზრდობა ერთობა. ისე, რუსები, ასე რომ ვთქვათ, ცოტა „ლაითი“ ხალხია და გულის ახალგაზრდობას სიბერემდე ინარჩუნებენ.
მალე თვალები ამიჭრელდა. ლაზერული განათების ეფექტებით კედელზე თავის ქალები და ჯოჯოხეთური „პერსონაჟები“ იხატებოდა. ბარის შუაგულში ვამპირები, ზომბები, წითელრქიანი ეშმები, რომელთაც მეტი დამაჯერებლობისთვის წითელი კუდებიც მიემაგრებინათ, იგრიხებოდნენ, როკავდნენ და ღმუილის, ყმუილის, კრუტუნის, ბღავილისა და ათასგვარ, ყურისთვის უსიამოვნო ხმას გამოსცემდნენ... ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენებოდა. აქა-იქ მაგიდებზე დაღლილი ჭინკები ისხდნენ და არაყს ხახაში ისხამდნენ. ერთ-ერთ ასეთ მაგიდასთან შავწამოსასხამიანი არსება იჯდა; განიერი მხრებით მასში მამაკაცი ამოვიცანი... საშინელებათა ფილმის „კივილის“ პერსონაჟის ნიღაბი ეკეთა, რომელიც თეთრი ცვილისგან გამოძერწილ და სიცხისგან სიგრძეზე ჩამომდნარ-ჩამოღვენთილ სიფათს ჰგავდა. ყურადღებით ვაკვირდებოდი იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც მთელი ამ ველური ფუტკრების ბუდესავით აბზუილებული საზოგადოების თუ ქვესკნელიდან ამოცვენილი მაჯლაჯუნებისგან განდგომით, მარტოდმარტო იჯდა და მოწყენას მისცემოდა.
– შენ რა, წითელი კოჭი ხარ, ფორმა რატომ არ გაცვია?! – განცვიფრებით ავხედე თავზე მოულოდნელად წამომდგარ ვამპირს, რომელსაც ნიკაპსა და ტუჩებზე წითელი საღებავი ესვა და სახელდახელოდ მიმაგრებული თეთრი ეშვები ნახევრად სიბნელეში ავად ულაპლაპებდა.
– რა შენი საქმეა, მიდი, გაიარე! – მთელი ტანით მისკენ შევბრუნდი.
შავად შეღებილი თვალები ბოროტად უელავდა. მივხვდი, რომ ჩხუბი სწყუროდა, რათა „ჰელფართი“ სრული „კომპლექტით“ წარმართულიყო და, რაც უფრო მორიდებულ პასუხს გავცემდი, მით მეტად უდიერად მომექცეოდა. ამიტომ, ჩხუბის პრელუდია შევამოკლე და გამომწვევად მივაჩერდი.
– რასაც გეკითხები, ესე იგი, ჩემი საქმეა, – შემომიღრინა ისევ და მუქარით ოდნავ გადმოიხარა.
– წადი, გაიარე, თორემ გაგიყვან მზის შუქზე! – წამოვიწიე და თვალი თვალში გავუყარე ახმახ ახალგაზრდას, რომელიც ჩემზე ასე 7-8 წლით უმცროსი იქნებოდა.
– ჩვენ ორს შორის თუ ვინმე „ჩაიწვება“ – ეს შენ იქნები! წამოდი, გარეთ გავიდეთ! – თვალით გასასვლელისკენ მიმანიშნა.
– ძალიან კარგი, გავიდეთ! – თავს შევატყვე, რომ ამ თავხედი ვამპირის ცემა ძალიან მინდოდა და ის-ის იყო ფეხი გადავდგი, რომ ჩამოღვენთილსახიანი, მარტოსული „სერიული მკვლელი“ ჩვენ შორის აღმოჩნდა. ნიღაბი ხელის ერთი მოძრაობით მოიხსნა თავიდან, შარიან ვამპირს მხარზე ხელი დაადო და ჩემზე ანიშნა: – ჩემი მეგობარია, ბარის, ესეც „სერიული მკვლელია“. ის ბარისი თუ ბორისი მაშინვე დაშოშმინდა და ისე გაგვეცალა, სიტყვა აღარ დაუძრავს. მე კი არამკითხე გამშველებელს დავაკვირდი და მასში ბარის ადმინისტრატორი, სერგეი მირონოვი ამოვიცანი; სწორედ ის, ამ ბარის „წინამორბედ“ სალონში ვიოლიონზე რომ უკრავდა.
– სერიული მკვლელი, არა? – შეფარული ირონიით შევხედე, როცა ჩემ გვერდით ჩამოჯდა.
– ორი „სტალიჩნაია“ დაასხი! – გადასძახა ნაცრისფრად სახეშეღებილ ზომბ ბარმენს.
– გოგოებს ძალიან მოსწონთ ქაჯების ამპლუა, – მივანიშნე ვერასა და ვარვარაზე, რომლებიც ეშმაკთა მეჯლისის დიასახლისებს ჰგავდნენ და ეტყობოდათ, რომ საკმაოდ კარგად გრძნობდნენ თავს მსგავსთა შორის.
– ჰო, ვერა ნამდვილად მკვდარ კუდიანს ჰგავს, ვარა – აზუ ჩენას, ხომ იცი, ის როკაპი დიდ ქვაბში საწამლავს რომ ხარშავს.
– ეს, მგონი, ვერდის ოპერაშია, არა? – გამახსენდა მეც.
– ჰო. აქ ადრე როიალიც გვედგა, ბეთჰოვენის, მუსორგსკის, მოცარტის მუსიკა ჟღერდა, – მოწყენილი სახე გაუხდა სერგეის და ისე ამოიოხრა, რომ გულიც ამოაყოლა, – ახლა კი ჰელოვინს მართავენ.
– რას იზამ, დრო იცვლება, სხვა ღირებულებები შემოდის... განვითარებული უცხოეთიდან. მე თუ მკითხავ, ჰელოვინს ამერიკაში უფრო გრანდიოზულად უნდა აღნიშნავდნენ – ეს სიმბოლური იქნებოდა, – ჩავილაპარაკე და კვლავ ირონიულად გამეღიმა.
– არ ვიცოდი, ინგლისელებსაც თუ არ უყვარდათ ამერიკა.
– ინგლისელებს, საკუთარი თავისა და ერის გარდა, არავინ აინტერესებთ და იქ მყოფ უცხოელს სადმე, ქუჩის ღობესთან ამოხდება სული... თუმცა, რუსები უფრო „ღიად“ გამოხატავენ ნაცმენებისადმი თავიანთ დამოკიდებულებას, რომელიც ლიბერალური და ლოიალური სულაც არ არის.
– მართალი ხარ, – სერგეი ჩაფიქრადა, – ვერამ მითხრა, რომ წარმოშობით რუსი ხარ...
მხოლოდ თავი დავუქნიე და კიდევ ერთი ჭიქა ჩავიცალე პირში.
– რატომ გაყიდეთ სალონი? – ვკითხე სერგეის, რადგან მართლა მაინტერესებდა, ეს ინტელიგენტური გარეგნობის ახალგაზრდა, როგორ აღმოჩნდა ვერა ობრაზცოვას კლანჭებში.
– სამნი ვიყავით, მეგობრები... – წამოიწყო სერგეიმ, – კონსერვატორიაში ერთად ვსწავლობდით. გადავწყვიტეთ, საერთო საქმე წამოგვეწყო, ბანკიდან სესხი ავიღეთ და ეს ფართი შევიძინეთ. აქ სარდაფი იყო, სადაც ადრე ფეხსაცმელს კერავდნენ. გავარემონტეთ, კლუბის სახე მივეცით... სალონურ საღამოებს ვმართავდით, მუსიკაზე, ლიტერატურაზე, მხატვრობაზე ვსაუბრობდით. თავიდან საქმე კარგად აეწყო, სტუმარი ბევრი გვყავდა. მერე, ალბათ, მობეზრდათ სალონური საღამოები – ჩაის, ყავის სმა... ეჰ, დღეს მაღალი ხელოვნება ვიღას აინტერესებს! ვალი ვალზე დაგვემატა და იძულებულები გავხდით, კლუბი გაგვეყიდა. რას იზამ... ოჯახი მყავს შესანახი და, როცა ვერამ ადმინისტრატორის ადგილი შემომთავაზა, უარი არ მითქვამს. მოკლედ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი თეატრის პარტერიდან პირდაპირ კუდიანების შაბათობაზე მოვხვდი.
– შენი მესმის, – მხარზე ხელი დავარტყი სერგეის, – თუმცა ასეთი პოპულარული ბარის ადმინისტრატორობა, არცთუ ისე ცუდია...
– იცი, ჩემთვის ეს ძალიან მძიმე საქმიანობაა, – გადმოიხარა სერგეი და საიდუმლო გამომეტყველებით ჩამჩურჩულა: – როგორ გგონია, ამ ახალგაზრდების ასეთი ზემხიარული განწყობა მხოლოდ კოქტეილებისა და მუსიკის ბრალია?!
მივხვდი, რასაც გულისხმობდა და უნდა მეთქვა კიდეც, რომ ვერა და ვარვარა მოგვიახლოვდნენ. სერგეიმ კვლავ სერიული მკვლელის ნიღაბი მოირგო და გაგვეცალა, რადგან ჩვენ გვერდით მხოლოდ ერთი თავისუფალი სკამი იყო.
– ხომ არ მოიწყინეთ, ალექსანდრ? – ვერა ობრაზცოვამ მაღალი ჭიქიდან მინიატურული ქოლგა ამოიღო და კოქტეილი მოწრუპა.
– მართალი გითხრა, ჯოჯოხეთი არ არის ის ადგილი, სადაც მოხვედრას ვისურვებდი.
– მაშინ, მეორე კვირას ეგვიპტური ფართი გვექნება და აუცილებლად მოდი.
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფარაონის „კოსტიუმს“ ვიშოვი.
ჩემს ხუმრობაზე ორივეს გაეცინა. ვარვარამ აწკრიალებული მობილური ამოიღო ჩანთიდან და, როცა ეკრანს დახედა, მოიბოდიშა და გასასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა. მივხვდი, ეგორი ურეკავდა.
– მეგონა, კვლავ ნასტიასთან ერთად გნახავდი, – დრო იხელთა ვერამ და ცნობისმოყვარე მზერა მომაპყრო.
– განა ნასტია აქ ხშირად დადის? – კითხვა ავიცილე და მისმა ამ ცნობისმოყვარეობამ გამაღიზიანა.
– არც ისე, მაგრამ... – დაიბნა და პაუზის შემდეგ დააყოლა: – ვარვარა ტრავიანსკაია (რატომღაც გვარით მოიხსენია და მხოლოდ მაშინ გავიგე ვარვარას გვარი, რომელსაც მანამდე მხოლოდ ვარვარა ანტონოვნათი ვიცნობდი) კარგი გოგოა, თუმცა, ალბათ, იცი, რომ მარტო არ არის.
– ეგორ კაზაკოვს გულისხმობ, არა?
– ჰო, მას.
– ვერ ვხვდები, რატომ წამოიწყე ეს საუბარი, ვერა?! ვისზე უფრო ზრუნავ – ვარვარაზე, ჩემზე თუ ეგორზე?
– თქვენზე და ვარვარაზე, რა თქმა უნდა. მითხრა, რომ შენ მიმართ გულგრილი არ არის, – შენობით ფორმაზე გადავიდა ვერა ობრაზცოვა.
– დამშვიდდი, ვერა, არც ისეთი სუსტი ვარ, რომ ქალმა „იზრუნოს“ ჩემზე. ჩემს თავს თვითონ მივხედავ! – ამ სიტყვებით ვაგრძნობინე, რომ ეს თემა დახურულად მიმაჩნია, თუმცა მაინც არ მომეშვა.
– ჰო, მაგრამ... მოსკოვში არც ისე ბევრი მეგობარი გეყოლება. თუ რამე დაგჭირდა, შეგიძლია, მე მომმართო. საქმიანი ქალი ვარ, უამრავი ნაცნობი მყავს, მათ შორის გავლენიანი ხალხიც.
სიტყვა „საქმიანი“ განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა – მაშინვე მივხვდი მიზეზს და გავიფიქრე: „აი, თურმე რა ყოფილა! მეგონა, მეგობრის გამო წუხდა, ეს კი მე „მაბამს“. თქმით კი მხოლოდ ეს ვუთხარი:
– კარგი, ამას გავითვალისწინებ!
გაგრძელება შემდეგ ნომერში