ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ აქვს თუ არა დამსაქმებელს უფლება სამუშაოზე აყვანილ პირს დაუმალოს, რომ შეკვეთილი სამუშაო მძიმე გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებების პროვოცირებას უწყობს ხელს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. მას არათუ უფლება აქვს დაუმალოს დასაქმებულს ამგვარი ინფორმაცია, არამედ დამსაქმებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, აქვს თუ არა უფლება დამსაქმებელს, დასაქმებულთან შეუთანხმებლად დაქვითოს ხელფასის თანხა და თუ ამგვარი რამ შესაძლებელია, რა ოდენობის თანხის დაქვითვა შეუძლია დამსაქმებელს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს მხოლოდ ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი. შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.
კითხვა: დასაქმებული ვარ ისეთ სამუშაოზე, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს შეიცავს. ამაზე ინფორმაცია თავიდანვე მქონდა, მაგრამ ხშირად შემკვეთი ისეთი სამუშაოს შესრულებას გვავალებს, რომელიც ძალზედ სარისკოა, მითუმეტეს არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. გთხოვთ განმიმარტოთ, მაქვს თუ არა უფლება ჩემი სიცოცხლისათვის საშიში დავალების შესრულებაზე უარი განვუცხადო დამსაქმებელს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. ამასთან დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.