კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს

დევიდმა გვიან გაიღვიძა. ძველებური ფანჯრებიდან მზის შუქი შემოდიოდა და თვალებში ანათებდა. მიმოიხედა... ანა არ ჩანდა არც საწოლში და არც ოთახში...  მოაგონდა, წუხელ, ნავით სეირნობისას როგორი მოწყენილი სახე ჰქონდა ქალს და ინანა, რომ არ დაელაპარაკა.

სწრაფად ჩაიცვა, ქვემოთ ჩავიდა და ფართო ვერანდაზე გავიდა. აქედან ხელისგულზე ჩანდა მთელი მამულიც და ციხე-კოშკიც გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ანას პარკში მიაგნო. ლამაზად გაკრეჭილ ბუჩქებსა და გაზონებს შორის სეირნობდა... მოწყენილი და ჩაფიქრებული... ქმარი მანამდე არ შეუნიშნავს, სანამ დევიდი არ წამოეწია და ზურგიდან არ მოეხვია.

– ასე ადრე რატომ ადექი? ციხე-კოშკის მოჩვენებებმა არ დაგაძინეს? 

ანამ სევდიანი ღიმილით გადააქნია თავი.

– მე ჩემი მოჩვენებებიც მყოფნის, საყვარელო... თანაც, მყოფნის რომელია, საკმარისზე მეტადაც კი მაკითხავენ და სულს მიფორიაქებენ.

დევიდი მოიღუშა.

– რამდენჯერ გთხოვე, ასეთ ფიქრებს შენზე ბატონობის უფლებას ნუ აძლევ-მეთქი. როგორმე უნდა მოერიო მათ. ძალიან დიდი დრო გავიდა. ყველაფერი უნდა დაივიწყო.

– ჰმ, ასეთი ადვილია? ვერ წარმოიდგენ, როგორ მინდა, აღარაფერი მახსოვდეს, საერთოდ, არაფერი...

დევიდი ცოლს მოეხვია და თვალებში ჩახედა.

– ანა, ნუთუ ჩემი სიყვარული საკმარისი არ არის.

– ოხ, დევიდ... სიყვარული არაფერ შუაშია... მოგონებები ძალიან ღრმად არის დაფლული... იმაზე ღრმად, ვიდრე სიყვარულს, ან სხვა რომელიმე გრძნობას შეუძლია, იქამდე ჩაღწევა და მასთან გამკლავება.

კაცმა თავი გადააქნია.

– ბოლო დროს ძალიან უცნაურად ლაპარაკობ... ხანდახან, ვერ გცნობ.

– ჰო?! ამაში შენც მიგიძღვის წვლილი. გახსოვს, საიდან დაიწყო ჩემი ხელახალი აფორიაქება. ვცდილობდი, ძალიან ვცდილობდი, რომ წარსულისთვის გააქტიურების საშუალება არ მიმეცა, მაგრამ შენ არ დამეხმარე, პირიქით, აჩრდილებს შეუწყვე ხელი, რომ გააქტიურებულიყვნენ.

– ანა, ძალიან გთხოვ. აღარ გინდა... ტყუილუბრალოდ მადანაშაულებ, ღმერთმანი...

– ჰო, კარგი... აღარაფერს გეტყვი... რა აზრი აქვს. დღეს ხომ დიანას ვნახავ და... ავფორიაქდი...

– სულ ტყუილად... გთხოვ, არაფერი უთხრა და შეეცადე, ჩვეულებრივად შეხვდე. შეიძლება, ბავშვს საერთოდ არც ახსოვს და რად გინდა, თავიდან ააღელვო.

– ცუდად იცნობ დიანას. ის, რაც უთხარი, აღარასოდეს დაავიწყდება. გეუბნები, სხვანაირია... კიდევ არ მესმის, რა საჭირო იყო...

– საჭირო იყო... მოდი, შევთანხმდეთ ამაზე – დევიდმა ცოლს ორივე ხელი დაუჭირა და მსუბუქად შეანჯღრია, – საყვარელო, გადაივლის... გადაივლის ესეც და დიანა კი სირთულეებთან გამკლავებას ისწავლის. სხვანაირად უფრო გაუჭირდება, დამიჯერე. ცხოვრება კიდევ ბევრ გამოცდას მოუწყობს და რა გინდა, ჩვენმა შვილმა მათთან ბრძოლა ვერ ისწავლოს?

– და, ამისთვის შოკური თერაპიის გამოყენება იყო აუცილებელი?

კაცს გაეღიმა.

– მე ხომ ექიმი ვარ. ზოგჯერ პატარა ტკივილის მიყენება პაციენტის სიცოცხლეს გადაარჩენს ხოლმე.

– მე არ ვარ ექიმი და მაგ ლოგიკისაც არაფერი მესმის. მარტო ის ვიცი, რომ ჩემი შვილი განიცდის იმას, რასაც შენ გარდაუვალი აუცილებლობა უწოდე. ვნერვიულობ. ლამის ვინანო, რომ ჩამოვედი.

– ეს შენი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ცუდად მოვიქეცით. ვილი და მარია ძალიან გახარებულები არიან ჩვენი აქ ყოფნით. ციხე-კოშკიც შესანიშნავია... მითხარი, ხომ ყოველთვის ოცნებობდი ასეთ კოშკში გეცხოვრა.

– მე აქ არ ვცხოვრობ. მხოლოდ სტუმრად ვარ, – ანა, შეეცადა, არ გაღიმებოდა.

– რა პრობლემაა. შენ მხოლოდ მითხარი და ხვალვე გიყიდი ასეთ ციხე-კოშკს.

– გეყოფა, ნუ ბავშვობ... ისე, მართლა ლამაზია აქაურობა. მარიაც ძალიან სასიამოვნო და საყვარელი ქალი ჩანს. ვილის ხომ ადრეც ვიცნობდი, მაგრამ აქ სულ სხვანაირია... თითქოს წარსულის რომელიღაც ეპიზოდიდან „გადმოხტა“. დღეს მართლა სანადიროდ მივდივართ?! 

– სანადიროდ? ვინ გითხრა?

– გუშინ არ ლაპარაკობდით? თუ ქალების წამოსვლა არ შეიძლება?

– პრინციპში, რატომ არ შეიძლება, მაგრამ ცხენზე ჯდომა რომ არ იცი? სანადიროდ ცხენებით დადიან.

ანამ მხრები აიჩეჩა.

– ჯერ ერთი, ტბაზე იხვებზე ნადირობას, ცხენები საერთოდ არ სჭირდება და თუკი მაინცდამაინც გინდა, ცხენზე ამხედრებული მიხილო, არც მაგ სიამოვნებას მოგაკლებ. ბავშვობაში მამაჩემი მსვამდა ხოლმე ცხენზე...

– დევიდ... ანა... სად ხართ... უკვე რამდენი ხანია, გეძებთ... – ბილიკზე ვილი გამოჩნდა ხელების ქნევით... – საუზმე მზად არის და ვერანდაზე გელოდებით...

– წავიდეთ... – მხარზე ხელი მოხვია დევიდმა ცოლს.

– საერთოდ არ მშია... – თავი გააქნია ანამ, – ცოტას კიდევ გავისეირნებ.

– უხერხულია... გუშინ ხომ გაიგონე, მარიამ რა თქვა. ვილიამი ტრადიციული კაცია... ტრადიციული ირლანდიელი... ანგარიში უნდა გავუწიოთ ამას.

ანამ ნაძალადევად გაუღიმა მოახლოებულ მასპინძელს.

– დიანასთან ხომ არ დაგირეკავთ? როდის წამოვლენ?

– გზაში არიან უკვე... ალბათ, სადილობისას აქ იქნებიან... – ვილი ცოლ-ქმარს შუაში ჩაუდგა და ორივეს მხარზე მოხვია ხელი, – ჩემი გოგო ვერ იტანს დილით ადრე ადგომას და დარწმუნებული ვარ, საშინელ გუნებაზე იქნება. ამიტომ გადავწყვიტე, გავამხიარულო. დიდი წვეულების მოწყობას ვგეგმავ.

ანა შეკრთა და უკმაყოფილება ვერ დამალა.

– წვეულების? ანუ, ხმაურიანი თავშეყრა იქნება და ბევრი ხალხი...

ვილიამმა გადაიხარხარა.

– ვიცი, ვიცი, რასაც ფიქრობ, მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირად არის ხოლმე. მოგეწონება. ხოლო, თუ წვეულებისთვის შესაფერისი სამოსი არ წამოგიღია, სხვათა შორის, დრეს-კოდს აქ მკაცრად ვიცავთ, მარიას გარდერობში დიდი არჩევანია და მგონი, რამე აუცილებლად მოგეწონება... დევიდს კი ვისკის დაყენების ტექნოლოგია უნდა ვასწავლო.

– რას ამბობ, მთელი თვით კი არ ჩამოვსულვართ. ორ დღეში ლონდონში უნდა ვიყოთ.

– არა, არა, თქვენი გამგზავრების საკითხი ჯერ ღიაა და როდის გაემგზავრებით, თავად გადავწყვეტ. გირჩევთ, არც გააპროტესტოთ. ძალიან ჯიუტი ვარ და ვერ დამითანხმებთ...

***

დიანა ლოყით ხელისგულზე დაყრდნობილი იჯდა და მატარებლის ფანჯრიდან თვალს არ აშორებდა შთამბეჭდავ პეიზაჟებს.

– რა ლამაზი ყოფილა ირლანდია. დუბლინში ეს არ იგრძნობოდა.

– ჰო, დუბლინზე მეც არ ვგიჟდები, მაგრამ ლენსტერის პროვინცია, სადაც ჩვენი საგვარეულო ციხე-კოშკია, მართლაც ძალიან ლამზია. მამაჩემი საერთოდ ჭკუას კარგავს აქაურობაზე. რომ ჰკითხო, დუბლინში რამდენჯერ არის ნამყოფი, ვერ გიპასუხებს. როგორც თავად ამბობს, ამ დროს ცხოვრების „ჩავარდნილ დღეებად“ მიიჩნევს. იცი, ბრაიანს რამდენი ხანი არ ელაპარაკებოდა?

– ბრაიანი შენი ძმაა?

– ჰო... არ ელაპარაკებოდა, – ამერიკაში რატომ გინდა ცხოვრება. მანდ რა დაგრჩენია, კიდევ გაგიგებდი, რიგაში რომ მოგესურვებინა დარჩენაო.

– რიგაში რატომ?

– რა ვიცი, ასეთი ლოგიკა აქვს. დედაჩემი ხომ რიგიდან არის და ვითომ ეს სისხლის და ჯიშის ყივილი იქნებოდაო. ძალიან სასაცილო ვინმეა. ახლოს რომ გაიცნობ, მიხვდები.

– მამაშენი ძალიან მომწონს, – გაიღიმა დიანამ, – ძალიან საყვარელი ვინმეა.

– ჯერ სულ ორჯერ ნახე. ღამეს რომ გაათევ იმ პირქუშ კოშკში, მერე ასე არ ილაპარაკებ. ჰო, მართლა, არ დაგავიწყდეს, რომ იხვებზეც მოგიწევს წასვლა, სანადიროდ.

– რა, რას ამბობ. იარაღი ხელში არასდროს მჭერია.

– დაგაჭერინებს, ნუ დარდობ, – აკისკისდა ლინა, – ბრაიანი კი მართლა ძალიან საყვარელია. სამწუხაროა, რომ არ იცნობ. აი, ის კი შესაფერისი იქნებოდა, ნამდვილად.

– ვისი შესაფერისი, ლინა?

– ვისი და შენი. ძალიან მაგარი ტიპია... იმდენი ხანია, არ მინახავს... ძალიან მომენატრა... ვაჟკაცურია და მამაჩემივით ნამდვილად არ აზროვნებს.

– მოეშვი ამ მამაშენს...

– ჰმ, კარგი, ჩავალთ და ნახავ... – ნიშნისმოგებით გაუცინა ლინამ, – წამოდი, ვაგონ-რესტორანში ყავა დავლიოთ და რამე შევჭამოთ... მომშივდა.

– მაინც არ მომიყევი, სად იყავით შენ და ტომასი და საერთოდ, რა ხდება თქვენ შორის.

– არაფერი განსაკუთრებული – მოვწონვარ და მომწონს, სულ ეს არის. საცეკვაოდ ვიყავით. გავერთეთ ცოტა. ისეთი მხიარულია... მთხოვა, თქვენთან ერთად მეც წამოვალო. სულელია... წარმოვიდგინე, მამაჩემის სახე, ეგეც რომ წამომეყვანა...

– გაბრაზდებოდა?

– ჰა, ჰა... გააჩნია, რა სტატუსით ჩავიყვანდი. მამებისთვის სტატუსს დიდი მნიშვნელობა აქვს.

– დედაჩემისთვისაც, – ამოიოხრა დეამ.

***

კოტემ კომპიუტერი გამორთო და უკვე კაბინეტიდან აპირებდა გამოსვლას, რომ შიდა ტელეფონმა დარეკა.

– რა მოხდა, თამრიკო? – უხალისოდ ჰკითხა მდივანს.

– ბატონო კოტე, ვიღაც კაცი გკითხულობთ, აუცილებელი საქმე მაქვსო.

– მე რომ უკვე გავდიოდი?

– ვუთხარი, ბატონო კოტე, რომ ინვესტორებთან გაქვთ შეხვედრა, მაგრამ ჯიუტად იმეორებს, უნდა ვნახოო. რა ვქნა?

– ახლა რაღა უნდა ქნა? გითქვამს უკვე აქ არისო და... ვერ გასწავლე მუშაობა... შემოვიდეს.

კოტეს ჯერ არ ჰქონდა მონელებული იმ ფულზე ფიქრი, თიკოს მანქანაზე რომ მოუწევდა დამატება და საზიზღარ გუნებაზე იყო. იმაშიც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ლენუკა და სანდროც გაიტანდნენ თავისას.

კაბინეტში ჭაღარა, ნაოჭებით სახედაღარული, უწესრიგოდ ჩაცმული მამაკაცი შემოვიდა. უცერემონიოდ მოათვალიერა ვრცელი, გემოვნებით და მდიდრული ავეჯით გაწყობილი ოთახი და დაუპატიჟებლად მოკალათდა ტყავის სავარძელზე. კოტე განცვიფრებული ადევნებდა თვალს.

– ვინ ხართ და რა გნებავთ? – ჰკითხა დაუფარავი ბრაზით.

– აშკარად არ გაგიხარდა ჩემი სტუმრობა. ისე, კარგად მოწყობილხარ, ვერაფერს დაუწუნებ შენს კაბინეტს. მართლა ვერ მიცანი?

– ჩემმა მდივანმა ხომ გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და „გამოცანობის“ თამაშისთვის არ მცალია.

– კოტე, ყოჩაღ! მშვენიერი წინსვლაა, ახლა ნამდვილად საქმიანი იმიჯი გაქვს და გარეგნობაც. ეგ კოსტიუმიც არ იქნება ბაზრობაზე ნაყიდი... ოო, საათიც საუცხოოა...

– ახლავე დავრეკავ და დაცვას ვეტყვი, რომ აქედან მიგაბრძანოთ. თუ ფულის სათხოვნელად ხარ მოსული, ქეშად ათ ლარზე მეტი არ მაქვს. გამომართვი და წადი აქედან.

სტუმარი ახარხარდა და ჩაყვითლებული, მოუვლელი კბილები გამოაჩინა.

– როგორ ადვილად მიშორებ თავიდან?! არა, ჩემო კოტე, ასე მარტივად არ გამოვა საქმე. შეიძლება, ძალიან გინდა, არ გამიხსენო, მაგრამ მე დაგეხმარები მეხსიერების გავარჯიშებაში. დიმიტრი ვარ. სამი დღის წინ გამოვედი ციხიდან...

კოტესთვის ეს სიტყვები ტყვიის გავარდნასავით აღმოჩნდა. შოკირებულმა წონასწორობა დაკარგა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა. 

კაცმა კმაყოფილებით გაატკაცუნა თითები.

– მშვენიერია. ახლა უკვე ვხედავ, რომ მიცანი... მოკლედ გეტყვი – რაც იყო, იყო... ყველაფერს დავივიწყებ, მაგრამ ეს შენზეა დამოკიდებული.

– მითხარი, რა გინდა... – კოტემ პერანგის საკინძე შეიხსნა და ტელეფონის ყურმილისკენ გაიწოდა ხელი. მერე გადაიფიქრა.

– მდივანს ხომ არ დავუძახო, ცუდად ხარ? წყალს დაგისხამ, თუ გინდა...

– ჰო, კარგი იქნება... – ამოიხრიალა კოტემ.

დიმიტრიმ მიმოიხედა.

– აქ წყალი არსად არის... მოიცადე...

ყურმილი აიღო და მდივანს დაურეკა.

– ცივი წყალი და ერთი ჭიქა ყავა შემოგვიტანე, საყვარელო...

თითქმის იმავე წუთს კარი გაიღო და ზღურბლზე შეშფოთებული მდივანი გამოჩნდა.

– ბატონო კოტე, რა ხდება? დაცვას ხომ არ დავუძახო?

– ბატონ კოტეს უნდა წყალი, მე – ყავა, – კოტეს მაგივრად უპასუხა დიმიტრიმ, – ჰო, ყავა ტკბილი მიყვარს და შაქარი ნუ დაგენანება. რას მიყურებ, ჩქარა გააკეთე, რასაც გეუბნები.

მდივანმა კოტეს შეხედა. იმანაც ოდნავ დაუქნია თავი. ქალი სწრაფად შებრუნდა და მალევე უკან დაბრუნდა, ლანგარზე ყავა და ჭიქით წყალი შემოიტანა. მაგიდაზე დადო და უხერხულად იქვე გაჩერდა.

– გმადლობ... ახლა შეგიძლია, წახვიდე... – გაუცინა დიმიტრიმ.

– ბატონო კოტე... –  შეყოყმანდა მდივანი.

კოტემ ხარბად მოსვა წყალი და ქალს ხელი აუქნია.

– წადი, თამრიკო, წადი და კარი გაიხურე. შეგიძლია... სულ წახვიდე, დღეს აღარ დამჭირდები...

როგორც კი მდივანმა კარი გაიხურა, დიმიტრიმ სავარძლიდან მაგიდასთან გადაინაცვლა და ყავით სავსე ფინჯანი თავისკენ მიიჩოჩა...

– ესეც ასე, ახლა ამ ყავას დავლევ და შეგვიძლია, მშვიდად დავილაპარაკოთ. კარგი იქნებოდა, დასაყოლებელიც გვქონოდა რამე, მაგრამ, არა უშავს, კიდევ მოვასწრებთ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3