კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეძიე კაცი

– კარგი, მაპატიე, – ტომასმა ისევ შეავსო სასმისები და ჭიქა აიღო, – შენ გაგიმარჯოს, უფრო სწორად, შენ და შენს ცოლს ერთად გადღეგრძელებთ, დიდ სიყვარულსა და ურთიერთგაგებას გისურვებთ...

რეზომ გაოცებით შეხედა ამერიკელს:

– კარგად გისწავლია სადღეგრძელოების თქმა.

– ჰო, რაც მომწონს, იმას ძალიან სწრაფად ვითვისებ, – გაეცინა ტომასს, – საერთოდაც, მომწონხართ ქართველები, მაგრამ, რაღაც-რაღაცეებს ვერ ვიგებ.

– მაგალითად?

– მაგალითად... – დაიწყო ტომასმა და რეზოს თვალებში შეხედა, – არ გეწყინება, რომ გითხრა?

ტომასის ხმაში რეზომ ისეთი გულწრფელი ნოტი დაიჭირა, უცებ იგრძნო, რომ ეს ახალგაცნობილი უცხოელი, აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების წესით, განსხვავებული მენტალიტეტით, განსხვავებული შეხედულებით სიყვარულზე და, საერთოდ, ცხოვრებაზე, ამ წუთებში მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი გახდა და მასთან გულის გადაშლა მოუნდა.

– არ მეწყინება, მიდი, მითხარი, რას ვერ იგებ, – უპასუხა ღიმილით, – სასმელმა გულწრფელობის განწყობაზე დამაყენა... სასმელმა და იმ მამაკაცურმა თანადგომამ, რასაც ახლა შენგან ვგრძნობ.

ტომასმა კეთილად გაუღიმა და პირდაპირ უთხრა, რასაც ფიქრობდა:

– მაგალითად, ვერ ვიგებ ქართველი კაცების დამოკიდებულებას ცოლების, ან, თუნდაც, შეყვარებულების მიმართ. უკვე მესამედ თუ მეოთხედ ვარ საქართველოში და, ქუჩაშიც და წვეულებებზეც თვალში მხვდება თქვენი უცნაური  ურთიერთობა ქალებთან.

– რას გულისხმობ? – ვერ მიხვდა რეზო.

– რას და, თქვენ, ქართველ კაცებს, გრცხვენიათ თქვენი სიყვარულის გამოხატვის თუ გამომჟღავნების. ამერიკით დაწყებული, ყველა ქვეყანაში, სადაც კი ვყოფილვარ, შეყვარებულები ქუჩებში ან ჩახუტებულები დადიან, ან ხელჩაკიდებულები და ერთმანეთს ისე შესციცინებენ თვალებში, შორიდანვე იგრძნობს ვიღაც უცნობი გამვლელი, რომელიც თუნდაც ცალი თვალით შეხედავს, რომ მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი; იგივე შემიძლია ვთქვა ცოლ-ქმარზე, რომლებსაც ერთმანეთის გვერდით ყოფნით გამოწვეული ისეთი ბედნიერება აწერიათ სახეზე, თითქოს უნდათ, რომ მთელ ქვეყანას დაანახვონ, როგორ უყვართ ერთმანეთი. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეტყობათ – ისინი დაუფარავად ცდილობენ, გვერდით მყოფ ცოლსა თუ შეყვარებულს აგრძნობინონ სიყვარული, ზრუნვა და მფარველობა... აქ კი რა ხდება?

– აქაც იგივე ხდება, – რეზომ ქართველი კაცების დაცვა სცადა, მაგრამ, აღარ განაგრძო, სიტყვა ისევ სტუმარს დაუთმო.

– არა, იგივე კი არა, ყველაფერი პირიქით ხდება, – განაგრძო ლაპარაკის აზარტში შესულმა ტომასმა, – ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ჩავდივარ ხოლმე, მიყვარს ქუჩაში სეირნობა და ხალხის დაკვირვება – ამით რაღაც დასკვნებს ვაკეთებ ხოლმე, ისე, ჩემთვის; თან, იმ ქვეყანაზე გარკვეული აზრი მექმნება.

– მერე, რა აზრი შეგექმნა ქართველებზე?

– ზოგადად, კეთილი ხალხი ხართ, სტუმარზე თანგადაყოლა იცით, დედების და, ზოგადად, ქალების სადღეგრძელოებს ფეხზე წამოდგომით სვამთ, ლექსებითა და სიმღერებით ასხამთ ხოტბას, მაგრამ, რა ხდება სუფრის მიღმა?

– მაინც, რა ხდება ისეთი, რაც შენთვის მიუღებელი აღმოჩნდა? – გაეცინა რეზოს.

– სწორედაც რომ მიუღებელი – ხომ ხედავ, შენ თვითონვე მომაწოდე ის სიტყვა, რომელსაც მე ვერ მივაგენი. ჩემთვის მიუღებელია ის, რომ ქუჩაში, თუნდაც ძალიან ახალგაზრდა წყვილები ისეთი სახეებით დადიან, თითქოს გაბუტულები არიან; ხელგადახვეული და ხელჩაკიდებული შეყვარებულები ძალიან იშვიათად დამინახავს; უფრო მეტიც, ორი-სამი ნაბიჯით წინ ბიჭი მიდის, თითქოს არ უნდა, ვინმე მიხვდეს, რომ გვერდით შეყვარებული მიჰყვება; გოგო კი უკან მიჩანჩალებს რაღაცნაირი დაჩაგრული სახით... აი, რაც შეეხება ცოლ-ქმარს, აქ უფრო მძიმე სურათია: ქუჩაში მოსეირნე დაოჯახებული წყვილი თითქმის არასდროს დამინახავს.

– შენ რა იცი, რომელი წყვილია დაოჯახებული და რომელი – არა, რა, შუბლზე აწერიათ? – ისევ გაეცინა რეზოს.

– შენ წარმოიდგინე, აწერიათ. მართალია, ქუჩაში მოსეირნე ცოლ-ქმარი თითქმის არასდროს შემინიშნავს, მაგრამ, სამაგიეროდ, დამინახავს, როგორი სახეებით გამოდიან სახლიდან ან როგორი სახეებით სხედან მანქანაში...

– მაინც, როგორი? – დაინტერესდა რეზო, რადგან, ბევრი რამ მართლაც ენიშნა.

– როგორი და, გაქვავებული, უფრო ხშირად კი – გაღიზიანებული თუ გაბოროტებული, თითქოს რამდენიმე წუთის წინ სამკვდრო-სასიცოცხლოდ იჩხუბეს და ახლა იძულებულები არიან, ერთად წავიდნენ სადღაც... ქალს უფრო განაწყენებული ან გულნატკენი სახე აქვს, კაცს კი – გაავებული, რომ, იძულებულია, ასეთი ქალი ეჯდეს გვერდით, არადა, დიდი ალბათობით, შეიძლება, წინა საღამოს, სადღაც, სუფრაზე, მუხლზე დაჩოქილმა ან სკამზე ასულმა შესვა ქალების სადღეგრძელო სწორედ იმ ცოლის თამადობით, რომელიც ახლა მას გვერდით უზის გაბოროტებული სახით; ან, სულაც, შეიძლება, წინა ღამეს, სექსის დროს, ათას სასიყვარულო სიტყვას ჩასჩურჩულებდა, ახლა კი ისე აღიზიანებს ამ ქალის არსებობაც კი, რომ მისკენ გახედვაც არ უნდა...

– დიდძალი დაკვირვებები ჩაგიტარებია, – ცოტა ირონია გაურია ხმაში რეზომ, – სამწუხაროა, რომ ქართველ კაცებზე ასეთი აზრი შეგექმნა, სინამდვილეში, არც ისე ცუდები ვართ, როგორც შენ გგონია...

– მაპატიე, მაგრამ, მე ჯერ არ დამიმთავრებია, – შეაწყვატინა ტომასმა, – ძალიან გთხოვ, მომისმინე.

– რა მოვისმინო, ჩვენი ლანძღვა-გინება?

– ეს ლანძღვა-გინება არ არის, ეს სულ სხვა რამეა.

– რა სხვა რამე?

– თუნდაც სოციალური დაკვირვება დაარქვი, ან, უბრალოდ, უცხოელი მეგობრის დაკვირვების შედეგი...

– კარგი, უცხოელო მეგობარო, განაგრძე ქართველი კაცების გატისკვა.

– „გატისკვა“ რა არის? – ვერ გაიგო ტომასმა.

– ეს სლენგია და, მსუბუქად რომ ვთქვა, გალანძღვამდე მისულ მკაცრ კრიტიკას, უფრო ზუსტად, ალბათ, სიტყვით ცემას ნიშნავს. ინგლისურად არ ვიცი ამ სიტყვის შესაფერისი ჟარგონი და ამიტომ ვთქვი ქართულად, – აუხსნა რეზომ.

 – სხვათა შორის, სულ მინდა, გკითხო: სად ისწავლე ინგლისური ასე კარგად? აბსოლუტურად უშეცდომოდ ლაპარაკობ...

– სამი წელი ლონდონში ვსწავლობდი, მერე კი ორი წელი ამერიკაში ვიყავი სტაჟირებაზე, ასე რომ, გასაკვირი არაფერია.

– ნათიამ?

– რა – ნათიამ? – უცებ დაიძაბა რეზო.

– ნათიამ სად ისწავლა ინგლისური? – გაეღიმა ტომასს რეზოს რეაქციაზე.

– ჰო... ნათია მხოლოდ ამერიკაში სწავლობდა ორი წელი.

– გასაგებია... – ტომასმა ჯიბიდან სიგარის კოლოფი ამოიღო და რეზოს შესთავაზა: – არ გინდა? ნამდვილი ჰავანურია, მეგობარმა ჩამომიტანა და ხანდახან ვერთობი ხოლმე.

– არ მიყვარს სიგარა, ისედაც იშვიათად ვეწევი, მით უმეტეს – ნასვამზე, – რეზომ ჭიქები შეავსო და ტომასს მიუჭახუნა, – განაგრძე, რასაც ამბობდი ქართველ კაცებზე.

– რაზე გავჩერდი? – დაფიქრდა ტომასი, – ჰო, მანქანაში ჩამჯდარ ცოლ-ქმარზე, გაცოფებული თუ ნაჩხუბარი სახეებით რომ სხედან გვერდიგვერდ და თითქოს ერთი სული აქვთ, როდის მოიშორებენ ერთმანეთს თავიდან.

– ეს ყოველთვის ასე არ არის, – ისევ დაიცვა ქართველი კაცები რეზომ.

– მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში ასეა, – არ დაეთანხმა ტომასი, – ყოველ შემთხვევაში, შემიძლია, ვთქვა, რომ ერთმანეთის სიახლოვით ბედნიერი და სახეგაცისკროვნებული წყვილი საქართველოში ჯერ არ დამინახავს.

– სხვაგან?

– სხვაგან – თითქმის ყველგან. თქვენ ძალიან უცნაური ხალხი ხართ. არ გეწყინოს, მაგრამ, ქართველი კაცები მხოლოდ სუფრაზე ან სხვების დასანახავად არიან რაინდები.

 – თუ ხვდები, რომ ნელ-ნელა აძლიერებ ქართველი კაცების თავზე ქაქის დასხმას? – აშკარად გაბრაზდა რეზო, – ზედმეტი ხომ არ მოგდის? ან, აქ, ამ დარბაზში, ვის ხედავ არარაინდს?!

– ხომ დავთქვით, რომ მე იმას გეტყოდი, რასაც ვფიქრობ, შენ კი არ გეწყინებოდა, – შეახსენა ტომასმა.

– ჰო, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონტროლი აღარ გაუწიო შენს სიტყვებს, – მკაცრად უპასუხა რეზომ და გამაფრთხილებლად დაუქნია თითი, – თანაც, თუ კრიტიკაზე მიდგა საქმე, მეც მიცხოვრია ამერიკაში და მეც შემიძლია, თქვენს უარყოფით თვისებებზე ვილაპარაკო. ქართველი კაცების რაინდობაში ეჭვის შეტანა კი, რბილად რომ ვთქვა, დამამცირებელია, მით უმეტეს – ამერიკელისგან. ჩვენ უძველესი ერი ვართ, თქვენი ქვეყნის ასაკის კი სკამები და კომოდი მიდგას სახლში, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, – აშკარად გაცხარდა რეზო.

– რატომ ბრაზობ? მე, უბრალოდ, იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. ვიცი, რომ ერთ-ერთი უძველესი ერი ხართ მსოფლიოში; რომ რაინდობა თქვენი სულის თვისებაა, მაგრამ, რატომღაც, რაინდობას თქვენს სულიერ მოთხოვნილებად კი არა, ერთი დიდი სპექტაკლის პატარ-პატარა ეპიზოდებად აღვიქვამ, რომლებსაც მხოლოდ საჩვენებელი დანიშნულება აქვს.

– რას გულისხმობ? – ისევ აიმრიზა რეზო.

– წეღან მკითხე, ამ დარბაზში მყოფთაგან რომელი ქართველი კაცი არ არის რაინდიო.

– ჰო, მერე?

– გინდა, გითხრა სიმართლე? არ გაბრაზდები?

– მითხარი.

– აქ მყოფთაგან არც ერთი არ ხართ რაინდი, მათ შორის, არც შენ.

– რატომ? – მართლა დაინტერესდა რეზო.

– ახლავე აგიხსნი: თქვენი თანამშრომლებიდან, როგორც ვიცი, ორი-სამი კაცი თუ იქნება აქ ცოლის გარეშე მოსული; ასევე, ალბათ, რამდენიმე გაუთხოვარი ქალიც გყავთ სამსახურში და, შესაბამისად, მეორე ნახევრების გარეშე მოვიდნენ. ყველა დანარჩენს ან ცოლი ახლავს, ან – ქმარი, ანუ, დაოჯახებული წყვილები არიან.

– მერე? – ინტერესი გაუძლიერდა რეზოს.

– მერე ის, რომ, ალბათ, არ შეგიხედავს მათთვის ცეკვის დროს. აი, თუნდაც ახლა, სახეზე დავაკვირდეთ საცეკვაოდ გამოსულ ყველა ქართველ მამაკაცს და, ხომ არ ვიცი, ვინ ვისი ცოლი ან ვისი ქმარია, მაინც შეუმცდარად გეტყვი, რომელი კაცი ცეკვავს თავის ცოლთან და რომელი – სხვა ქალთან, გინდა?

– მიდი.

– რაზე დავნაძლევდეთ?

– ერთ დოლარზე, – გაეცინა რეზოს, – ამერიკელები დიდ სანაძლეოს ერთ დოლარზე დებენ ხოლმე.

– კარგი. ერთ დოლარზე და, კიდევ, გულწრფელ პასუხებზე.

– რა პასუხებზე? – ჰკითხა რეზომ და უცბად მიხვდა, რომ ტომასს მისგან რაღაცის გაგება აინტერესებდა, თუმცა, არ აგრძნობინა, რომ მიხვდა.

– ერთმანეთს ნებისმიერ ხუთ-ხუთ კითხვას დავუსვამთ და ორივემ გულწრფელად უნდა გავცეთ პასუხი.

– დაახლოებით ასეთ თამაშს თამაშობენ ჩვენთან სკოლის ასაკის გოგონები, ოღონდ, რვეულში წერენ კითხვებს და თავიანთ ნაცნობებს აძლევენ გულწრფელი პასუხების ჩასაწერად, – გაეცინა რეზოს.

– კარგად მოუფიქრებიათ. რა ჰქვია ამ თამაშს?

– „მეგობრობის დღიური“.

– ჰოდა, ჩვენც ვითამაშოთ „მეგობრობის დღიური“, ოღონდ, ზეპირად, მით უფრო, რომ ამ საღამოს განმავლობაში თითქმის დავმეგობრდით. თანახმა ხარ? – გულითადად გაუღიმა ტომასმა.

– თანახმა ვარ, – უპასუხა რეზომ და უკვე მეორედ იგრძნო, რომ ეს უცხო ადამიანი მართლა ძალიან ახლობელი გახდა მისთვის.

ექსპერიმენტი ტომასის გამარჯვებით დასრულდა – თორმეტი მოცეკვავე კაციდან ყველა სწორად გამოიცნო, ვინ ცეკვავდა ცოლთან და ვინ – სხვა ქალთან.

– მაგარი ხარ, – ხმამაღლა გაეცინა რეზოს, – ხელები ამიწევია. მიდი, დამისვი კითხვები.

ის იყო, ტომასმა პირველი შეკითხვის დასმა დააპირა, რომ ცეკვები შეწყდა და კარაოკე დაიწყო. როგორც კი პირველი სიმღერა გაჟღერდა, პატარა სცენაზე ნათია ავიდა, მიკროფონი აიღო და გამოაცხადა:

– შევეცდები, ჩემი შესრულებით გული არ გაგიხეთქოთ, მაგრამ, ამ სიმღერას ვუძღვნი აქ მყოფ ყველა შეყვარებულ მამაკაცს, განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა, და, რა თქმა უნდა, თანამდებობისა!

დარბაზში  ტაში და მოწონების შეძახილები გაისმა, რის შემდეგაც ნათიამ სამი სიმღერა ზედიზედ შეასრულა, თან იქ მყოფი ქალებიც აიყოლია და, ისეთი ფოიერვერკი მოაწყო, ყველა მის სახელს გაიძახოდა.

გაოგნებული რეზო პირდაღებული უყურებდა ცოლს, თითქოს ეჭვი ეპარებოდა, ის ლამაზი ქალი, რომელიც მთელი დარბაზის ყურადღების ცენტრში მოექცა, მართლა ნათია იყო თუ არა. ტომასი მოჭუტული თვალებით, ღიმილით აკვირდებოდა მას და ხანდახან ნათიასაც გახედავდა ხოლმე, რომელიც, ერთი შეხედვით, მთელი არსებით მისცემოდა მხიარულებას, მაგრამ, მხოლოდ ტომასმა შენიშნა (როგორც ქალების „ექსპერტმა“), რომ მისი ახალი მეგობრის ცოლს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და გაფაციცებით ეძებდა დარბაზში ვიღაცას.

კარაოკე სადღეგრძელოებმა ჩაანაცვლა, მერე ვიღაცამ ქართული ცეკვები მოითხოვა – სტუმრებს ვასიამოვნოთო და, რეზოს აღარ ახსოვდა, საღამოს დაწყებიდან უკვე მერამდენედ ჩამოუვარდა ყბა გაოცებისგან, როცა ნათიამ ქართული ცეკვების შესრულებაშიც პირველი ადგილი აიღო.

– მართლა მაგარი ქალია! – აღფრთოვანება ვერ დამალა ტომასმა, – ნამდვილი დედოფალია. ბედნიერი კაცი ხარ, ასეთი ცოლი რომ გყავს – იცოდე, ამას ნამდვილი შურით გეუბნები. თუმცა, სიმართლე გითხრა, მაინცდამაინც ბედნიერად არ გამოიყურები.

– რა, დილიდან საღამომდე პირი უნდა მქონდეს მოხეული და ვიცინოდე?

– არა, მაგრამ, არც ცხვირ-პირი არ უნდა ჩამოგტიროდეს მთელი საღამო. თუმცა, ამას შევეშვათ, ჯობია, ჩვენს სანაძლეოს დავუბრუნდეთ. შენ დაიწყებ თუ მე დავიწყო?

– სულერთია, – ამოიხვნეშა რეზომ.

– მაშინ, შენ დაიწყე. ოღონდ, პირობა არ დაივიწყო, ორივემ აბსოლუტურად გულწრფელად უნდა ვუპასუხოთ თითოეულ კითხვას.

– კარგი, – თქვა რეზომ და უცებ იგრძნო, რომ უცნაური აზარტი დაეუფლა – სხვისი საიდუმლოს გაგების და საკუთარი დარდის ხმამაღლა თქმის, – პირველი კითხვა: ასე რატომ ინტერესდები ჩემი პირადი ცხოვრებით?

– იმიტომ, რომ შენ ყველაზე მეტად დაგიახლოვდი ამდენი ხალხიდან. მომეწონე – საინტერესო ტიპი ხარ, არასტანდარტული. თან, შენი ცოლიც მომეწონა, უფრო სწორად...

რეზო ისევ დაიძაბა:

– მე შენ გაგაფრთხილე, ტომას...

– დენთივით ნუ ფეთქდები ყოველ სიტყვაზე და მაცადე სათქმელის დასრულება, – ღიმილით უთხრა ტომასმა, – უფრო სწორად, თქვენი წყვილი მომეწონა – ძალიან უხდებით ერთმანეთს, მაგრამ, აშკარად რაღაც ისე ვერ გაქვთ: ნათიას თვალებში დიდი ტკივილი ჩანს, შენს თვალებში – დაბნეულობა. ამიტომაც დავინტერესდი. საერთოდაც, ხომ გითხარი, მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება და მერე დასკვნების გამოტანა – ეს ჩემი ჰობია.

– კიდევ რა არის შენი ჰობი?

– ეს მეორე კითხვაა?

– როგორც გინდა, ისე ჩათვალე.

– მეორე კითხვად ჩაგითვლი. კიდევ მაქვს ერთი ჰობი – ჩემთვის ახლობელი ადამიანების დახმარება, როცა ვხედავ, რომ რაღაც უჭირთ და გადამწყვეტი ნაბიჯი ვერ გადაუდგამთ.

– ნათია სერიოზულად მოგეწონა? – ჰკითხა რეზომ და თავი ჩაღუნა, რადგან, თვითონვე შერცხვა, ეს კითხვა რომ დაუსვა.

– ნათია მომეწონა როგორც ლამაზი ქალი და, ამავე დროს, როგორც ნიჭიერი და ხალისიანი ადამიანი.

– სულაც არ არის ხალისიანი, ჩემს ჯინაზე იქცევა ასე. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ზედმეტად წყნარი და მშვიდი ადამიანია, – თითქოს საკუთარ თავს აუხსნა რაღაც მნიშვნელოვანი, ისე დაფიქრებით თქვა რეზომ, – იმდენად ერთფეროვნად წყნარი და მშვიდი, რომ გაქცევა მოგინდება. არანაირი სიახლე, არანაირი ინიციატივა... სულ ერთნაირად მზრუნველი და მოწესრიგებულია და, სიმართლე გითხრა, სწორედ ამან დამღალა. მომბეზრდა ასეთ ერთფეროვან ქალთან ცხოვრება... არ დაიჯერებ და, წარმოდგენაც კი არ მქონდა, ცეკვა და სიმღერა თუ შეეძლო... 

– თუ შენ ფიქრობ, რომ შენს ცოლს „შებმას“ დავუწყებ, ცდები, – შეწყვეტილი სიტყვა განაგრძო ტომასმა, – მართალია, ვგიჟდები ქალებზე, მაგრამ, არც ისეთი გარყვნილი ვარ, რომ ახალდამეგობრებული კაცის ცოლს დავუწყო არშიყობა. თანაც, არის უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ ეს არ გავაკეთო, თორემ, შენისთანა მუდო ქმარზე ნამდვილად ახი იქნებოდა.

– რა მიზეზი?

– ეს უკვე მეოთხე კითხვაა, – შეახსენა ტომასმა და უცბად ძალიან სერიოზულად უთხრა: – ამის მიზეზი ისაა, რომ ძალიან უყვარხარ შენს ცოლს, მიუხედავად იმისა, რომ ქალებისთვის საოცრად არასაინტერესო მამაკაცი ხარ – მუდო, გადაუწყვეტელი და უხასიათო...

– რატომ ვარ მუდო, გადაუწყვეტელი და უხასიათო? – ეწყინა რეზოს, – სიმღერასა და ცეკვა-თამაშში რომ არ ჩავერთე?

– ეს უკვე ბოლო კითხვაა...

– არა, ამას შენი პასუხიდან გამომდინარე გეკითხები, ერთი კითხვა კიდევ დამრჩა.

– კარგი, ასე იყოს, – დაეთანხმა ტომასი, – მაგაზეც გაგცემ პასუხს, მაგრამ, შემპირდი, რომ არ გეწყინება.

– მიდი, არ მეწყინება, – რეზო მართლა დაინტერესდა, რას ეტყოდა ტომასი, რადგან, გულში ბევრ რამეზე ეთანხმებოდა.

– მუდო იმიტომ ხარ, რომ, მთელი საღამოა, სხვებისგან განცალკევებით, ჩემთან ერთად უზიხარ მაგიდას, გაუთავებლად სვამ, ათას რამეზე მელაპარაკები და ერთხელაც არ გაგჩენია სურვილი, ცოლთან ერთად იცეკვო, მით უმეტეს, ასეთ ქალთან.

– სხვათა შორის, შენი თავი მე ჩამაბარეს, – შეახსენა რეზომ.

– გასაგებია, მაგრამ, თოთო ბავშვი ხომ არ ვარ, რომ კალთაში ჩამისვა, არც შენ იმხიარულო და მეც არ მომცე ამის საშუალება?

– მიდი და იმხიარულე, მე დაგიშალე? – გაუკვირდა რეზოს და დარბაზისკენ გაიხედა, რადგან, გაიგონა, როგორ გამოაცხადა წამყვანმა ნათია ზეიმის დედოფლად.

– ხომ ხედავ, თვალი მაინც ცოლისკენ გაგირბის, მაგრამ, ერთი ადგილის სკამიდან დაძვრა გეზარება, რომ მიხვიდე მასთან და თუნდაც ერთი თბილი სიტყვა უთხრა. სხვათა შორის, ისიც სულ შენკენ იყურება, შენს მზერას ეძებს. წეღან თქვი, ჩემს ჯინაზე იქცევა ასეო. შენს ჯინაზე კი არა, შენთვის იქცევა ასე, მაგრამ, შენ მუდო მამაკაცის კლასიკური ნიმუში ხარ და ამიტომაც ვერ ხედავ და არ გესმის.

– დიდი მადლობა. გადაუწყვეტელი რატომ ვარ?

– გადაუწყვეტელი იმიტომ ხარ, რომ, ასეთი ანგელოზის პატრონმა საყვარელი გაიჩინე – ეს, ალბათ, ის ქალია, რომელსაც წეღან ფანჯარასთან ელაპარაკებოდი; სხვათა შორის, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ, არ შემიძლია, არ გითხრა, რომ საერთოდ არ მომეწონა, ვერც კი შევადარებ ნათიას, თუმცა, ეს შენი პირადი საქმეა და, თანაც, გემოვნებაზე არ დავობენ... მოკლედ, ცოლი აღარ გიყვარს, საყვარელი გაიჩინე და, გინდა, მასთან წახვიდე, მაგრამ, მაინც ვერ დგამ ამ ნაბიჯს. რა გაკავებს, შვილი? არა მგონია. მომბეზრდა ერთფეროვანი ქალიო, რომ ამბობ, ერთხელ მაინც გიფიქრია, რომ მისი ერთფეროვნება შენი ერთფეროვნებიდან მომდინარეობს? ან, იქნებ, მასაც მობეზრდი ასეთი უხასიათო? ქალს ძალიან ბევრი რამ სჭირდება, ჩემო კარგო; ძალიან ბევრი უნდა გაიღო მისთვის, რომ მთლიანად შენი გახდეს და ცხოვრება გაგილამაზოს.

– ნათიასთვის არასდროს არაფერი დამიკლია, – თავი გაიმართლა რეზომ.

– რა არ დაგიკლია, ტანსაცმელი? ფეხსაცმელი? საჭმელ-სასმელი? ეგ ყველაფერი ქალისთვის – ნორმალურ და ქმრის მოყვარულ ქალს ვგულისხმობ, – მეასეხარისხოვანია. მე გეტყვი, რაც დააკელი შენს ცოლს: ელემენტარული ყურადღება, სითბო და ალერსი... ა-ლერ-სი, – დაუმარცვლა ტომასმა, – გახსოვდეს, ქალი კატასავითაა, დღეში რამდენჯერმე თუ არ მოეფერე, გადაგეჩვევა და იმასთან წავა, ვისგანაც მეტ სითბოს იგრძნობს.

– არა ხარ მართალი, – უმწეოდ ჩაილაპარაკა რეზომ.

– ახლავე დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარ, – გაცხარდა ტომასი, – ოღონდ, მართალი მიპასუხე: რამდენი ხანია, შენი ცოლისთვის სიყვარული არ აგიხსნია? რამდენი ხანია, ერთად არ გისეირნიათ? რამდენი ხანია, მისთვის ყვავილები არ მიგირთმევია? – ძვირფას საჩუქარზე აღარაფერს ვამბობ... რამდენი ხანია, არ გითქვამს მისთვის, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელი ქალია შენს ცხოვრებაში? და, რაც მთავარია, მაპატიე, მაგრამ, მაინც უნდა გკითხო: რამდენი ხანია, სექსი არ გქონიათ? ოღონდ, მოვალეობის მოხდა კი არა, ნამდვილი სექსი – ცხელი და ვნებიანი...

– ხუთის მაგივრად, მგონი, ოცდახუთი კითხვა გამოგივიდა.

– პასუხს თავს ნუ არიდებ, რამდენი ხანია, ეს ყველაფერი არ მომხდარა შენი ცოლის ცხოვრებაში? სახეზე გატყობ, რომ ძალიან დიდი ხანია, შენ კი მისგან მაინც ითხოვ მხიარულებას, სახალისო ინიციატივებს და ათას სისულელეს. წეღან გითხარი, იქნებ მასაც მობეზრდა ასეთი ქმარი-მეთქი, წესით, უნდა მოჰბეზრებოდა და ყველაზე დამსახურებული სამაგიერო შენთვის ის იქნებოდა, რომ საყვარელი გაეჩინა, შენ კი რქებდადგმულს გევლო; მაგრამ, ის სხვანაირი ქალია, მას შენ უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ და შენ ამის დანახვა არ გინდა. როგორ შეიძლება, ასეთი ქალის უყურადღებოდ დატოვება თუნდაც ერთი წუთით? აქაც კი მარტო მოვიდა – დაგეზარა, სახლში მიგეკითხა და ერთად მოსულიყავით და, ალბათ, აქედანაც მარტოს გაუშვებ...

– აქედან მე სახლში აღარ დავბრუნდები,–  თითქმის გადაწყვეტით თქვა რეზომ, – უფრო სწორად, მხოლოდ ჩემი ნივთების წამოსაღებად მივალ.

– ნათიამ ეს იცის?

– ჰო, უკვე ვუთხარი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3