როგორ აპირებდა ტროცკი ქვეყნის დაშლას და რა მოიმოქმედა სტალინმა მის წინააღმდეგ
სტალინის მძაგებლებს, თავიანთი პოზიციის მთავარ არგუმენტად მასობრივი რეპრესიების ფაქტები მოჰყავთ. თუმცა, იმას უკვე აღარ ამბობენ, რამ გამოიწვია ეს მოვლენები და ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული. ტროცკის, ტროცკიზმისა და ეგრეთ წოდებული, მარჯვენა ოპოზიციის მავნებლური სახალხო მოღვაწეობა თითქოს წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ანტისტალინელთა უმეტესობა სწორედ ამ ნეხვითაა განოყიერებული და დღემდე (1974 წელი), იმ მავნე იდეებით ხელმძღვანელობს. ტროცკის პირადად არასოდეს აუღია ხელში იარაღი და არც ტყვია უსვრია ვინმესთვის, მაგრამ მისი უშუალო წაქეზებით დატრიალდა ის, რაც მოხდა... ხოლო სტალინმა, როგორც ეს ნორმალური სახელმწიფოს ნორმალურ ხელმძღვანელს ევალებოდა, ყოველგვარი ქაოსისა და ანარქიის თავიდან ასაცილებლად, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა. დღევანდელი გადასახედიდან ტროცკი და ტროცკიზმი, შესაძლოა, ვინმეს ბავშვურ გართობად, ანუ სულაც ხუმრობადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ, რომ არა დიდი სტალინის ურყევი ნება და გამჭრიახი გონება, დღესდღეობით საბჭოთა სახელმწიფო პატარ-პატარა, ერთმანეთთან დაპირისპირებულ სახელმწიფოებად დაიშლებოდა. სწორედ ეს იყო ტროცკის მთავარი მიზანი და ამ საშინელი გეგმის განხორციელებას შეუშალა ხელი სტალინმა. „ტროცკის იდეური მოძღვრები ჩვენი ქვეყნის გარეთ არიან“, – აცხადებდა სტალინი 1929 წლის იანვარში და პოლიტბიუროს წევრებს ერთსულოვან მხარდაჭერას სთხოვდა: დროა, ის ჩვენგან შორს გავისტუმროთ და მე თქვენი აზრი მაინტერესებსო. ეს სხდომა 16 იანვარს გაიმართა და მასზე, გარდა პოლიტბიუროს სრული შემადგენლობისა, ჩვენი ინტელიგენციის უთვალსაჩინოესი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. იმ დროისთვის ტერცისა და გელდმანის საქმე უკვე გამოძიებული იყო და იაგოდასთან ერთად, ამ სხდომას „ოგეპეუს“ გამომძიებელი, სამსონოვიც დაესწრო. მან ტროცკის დანაშაულის მამხილებელი უტყუარი დოკუმენტები წარუდგინა საბჭოთა ხელმძღვანელობას. სხდომის ყველა მონაწილემ, თვით „ოგეპეუს“ ხელმძღვანელის ჩათვლით, სტალინის სიტყვები: „ტროცკი შორს უნდა გავისტუმროთო“, რატომღაც მისი დახვრეტის მოთხოვნად ჩათვალა, მისი დაპატიმრება კი უკვე გადაწყვეტილი საქმე ეგონათ. მოგვიანებით, კიროვი თავის უახლოეს თანამშრომლებს უყვებოდა: „სამსონოვის მიერ გამოძიებულ საქმეში იმდენად დეტალურად და თანმიმდევრულად იყო ყველაფერი აღწერილი, რომ მის სისწორეში ეჭვი არავის შეუტანია. ყველას გვეგონა, „კობა“ ტროცკის დახვრეტას მოგვთხოვდა, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი დავეთანხმებოდით. იაგოდას შევხედე, რომელიც ნერვულად უკაკუნებდა გამხდარ თითებს მაგიდას და მოტვლეპილ თავზე მომდგარ ოფლს ცხვირსახოცით იწმენდდა. ერთი-ორჯერ გადმომხედა და შემდეგ წერილი გადმომაწოდა, სადაც ეწერა: „ეტყობა, ტროცკის დღეები დათვლილია და, ალბათ, სხდომის დამთავრებისთანავე, მივიღებ მისი დაპატიმრების ბრძანებას. სტალინი კი, მის დახვრეტას მოგვთხოვს და მე ყაბულს ვარ. შენ?” წერილი რომ ბოლომდე ჩავიკითხე, თავი ავწიე და იაგოდას თვალები შემრჩა, მოუთმენლობისგან აქეთ-იქით რომ ხტოდნენ. გამიღიმა და მას დასტურის ნიშნად თავი დავუკარი, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ტროცკის დახვრეტას მეც ვეთანხმებოდი. ერთი სიტყვით, იქ შეკრებილთაგან ყველა ანალოგიურ აზრზე იყო. სტალინი რომ საუბარს მორჩა, შესვენება გამოაცხადა. ბელადი მარცხენა კარში გაუჩინარდა ისე, რომ, ტროცკის დახვრეტის, ან თუნდაც დაპატიმრების შესახებ, სიტყვაც არ დაუძრავს. „ალბათ, ბოლო სიტყვაში იტყვის ამას“, – იხტიბარს არ იტეხდა იაგოდა, რომელიც შესვენებაზე ჩემთან მოვიდა და სასადილოში ერთად ჩავედით. „ჯერ, ალბათ, ჩვენი აზრის გაგება სურს“, – არ ცხრებოდა „ოგეპეუს“ შეფი და ნელ-ნელა წრუპავდა ლიმონიან ჩაის, რომელსაც კრემლის ოვალურ სასადილოში განსაკუთრებით გემრიელად ამზადებდნენ. „სხვათა შორის, – განაგრძო იაგოდამ, – სამსონოვი აბსოლუტურად დამოუკიდებლად იძიებდა ამ საქმეს და შენ წარმოიდგინე, მისი მრავალი დეტალი მეც პირველად გავიგე დღეს. ტერცი და გელდმანი რომ ავიყვანეთ და საქმე აღვძარით, პატრონმა (იგულისხმება სტალინი) დამიბარა და კატეგორიულად ამიკრძალა ამ საქმეში რამენაირად ჩარევა. მაშინ მან მითხრა: არანაირი ზეწოლა არც დაპატიმრებულებზე, არც გამომძიებელზე არ იყოს. საჭიროა, ეს გამოძიება ყოველგვარი დაძაბულობისა და ჩარევების გარეშე წარიმართოს. წარმოიდგინე, რომ მე კი არა, ნებისმიერ უბრალო ადამიანს უპირებდნენ მოკვლას. ასე რომ, გიკრძალავ სამსონოვის კომპეტენციაში ჩარევას, ჩემი სპეციალური ნებართვის გარეშეო. თავიდან ვერ მივხვდი სტალინის მიზანს, მაგრამ, მგონი, მას აბსოლუტურად ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღება სურს და ამ საქმის ირგვლივ იმიტომ შექმნა ასეთი ატმოსფერო. გამომძიებელიც კი ძალიან რიგითი, გამოუცდელი კადრებიდან პირადად მან შეარჩია და ჩემთვის აზრიც კი არ უკითხავს. თუმცა, ვერც ვერაფერს ვეტყოდი, რადგან სამსონოვზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. ამგვარად, იაგოდა დარწმუნებული იყო, რომ სამსონოვის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მასალის საფუძველზე ტროცკის სიკვდილი არ ასცდებოდა. სხდომის მეორე ნახევარზე რომ შევდიოდით, უკვე ყველანი მზად ვიყავით სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოსაწერად. სხდომის მეორე ნახევარიც სტალინმა გახსნა და აზრის გამოსათქმელად დამსწრეები მიიწვია. პირველი სიტყვა ცნობილმა მწერალმა, პოლნიაკმა წარმოთქვა, რომელმაც, სამსონოვის გამოძიებული საქმის მასალებზე დაყრდნობით, მიწასთან გაასწორა ტროცკი და საბოლოოდ, მისი დახვრეტა მოითხოვა. ანალოგიური მოთხოვნით გამოვიდნენ დანარჩენი ორატორებიც და როდესაც ყველამ ამოწურა თავისი სიტყვა, ტრიბუნაზე სტალინი ავიდა. მან დარბაზს თვალი მოავლო და ეშმაკური ღიმილით დაიწყო: „ტროცკი რომ დასახვრეტია, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, მაგრამ ის დაპატიმრებულიც კი არ გვყავს, მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალურ აზიაში გასახლებით შემოვიფარგლეთ, სადაც თავს მშვენივრად გრძნობს. საქმე ისაა, რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ აქტს. თქვენი შემხედვარე, მაგონდება პოლიტბიუროს ის ცნობილი სხდომა, სადაც მეფესა და მის ოჯახს სასიკვდილო ვერდიქტი გამოუტანეს, მიუხედავად ჩემი დაჟინებული, არაერთგზის გაფრთხილებისა, ყურად არ იღეს ის“. სტალინმა დარბაზს მზერა მოავლო და ჯერ ორჯონიკიძეს შეხედა, შემდეგ კი მე – (კიროვს) და განაგრძო: „სულ სამად სამმა ადამიანმა არ მივეცით ამას ხმა. მაგრამ, ჩვენ უძლურნი აღმოვჩნდით უმრავლესობის წინაშე. სამწუხაროდ, უმრავლესობა ყოველთვის არაა მართალი. იმ უმრავლესობაში იყო მაშინ ტროცკი, უფრო სწორად, ის იმ უმრავლესობის ერთ-ერთი წამქეზებელი იყო. ამჟამად უკვე ტროცკის დახვრეტა-განადგურებაზეა საუბარი და უმრავლესობა დღესაც უკიდურეს ზომებს ითხოვს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – უმრავლესობა დღესაც არაა მართალი, რადგან ტროცკის ლიკვიდაცია პოლიტიკურად წამგებიანია ჩვენთვის, ისევე, როგორც ეს მეფის ოჯახის დახვრეტისას მოხდა. მოგიწოდებთ, ნუ გავიმეორებთ ტროცკის შეცდომას ტროცკისთან მიმართებაში და მისი არამც თუ დახვრეტის, არამედ დაპატიმრების წინააღმდეგიც კი ვარ. თქვენგან მხოლოდ და მხოლოდ მისი ქვეყნიდან გასახლების დასტურს მოვითხოვ. დაე, ოთხივე მხარეს წავიდეს, გზა ხსნილი აქვს, წეროს და ილაყბოს, რაც უნდა. ჩვენი აღმშენებლობა შეუქცევადია და მას ათასი ტროცკიც კი ვეღარ შეაჩერებს. ნუ ვათქმევინებთ იმპერიალისტებს, რომ საბჭოთა ქვეყანა თავის იდეურ მტრებს ხვრეტსო!“ სტალინი რომ ტრიბუნიდან ჩამოვიდა, დარბაზში სამარისებური სიჩუმე იდგა და ის ისევ სტალინმა დაარღვია ოღონდ უკვე პრეზიდიუმიდან: „წინადადება შემომაქვს, საბჭოთა ქვეყნის მთავარი მტერი, ლევ დავიდის ძე ტროცკი ქვეყნიდან იქნას გაძევებული. მომხრეებს ვთხოვ, ეს ხელის აწევით დაადასტურონ!“ დარბაზი ერთსულოვანი იყო. თუმცა, ხმის უფლება მხოლოდ პოლიტბიუროს წევრებს ჰქონდათ, უკან არავის დაუხევია“.
კიროვის მონაყოლიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ ჩანს სტალინის მთელი გენიალობა. მე არ ვამბობ, რომ მან გულმოწყალების გამო შეიწყალა ტროცკი, მაგრამ ის არც ბრმა შურისძიებას შეუპყრია და ყველაფერი სწორად აწონ-დაწონა. სხვათა შორის, თვით შეუდარებელ ლენინსაც კი ჰქონდა არაობიექტურობის, გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღების მომენტები, რაც, თუნდაც, მეფის ოჯახის დახვრეტაშიც გამოიხატა. მაგრამ, სტალინი ყოველთვის წინ იხედებოდა და ისე იღებდა ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ამ საქმეში ის შეუდარებელი იყო. ათი თავით მღლა იდგა არა მარტო თავის თანამებრძოლებზე, არამედ სხვა სახელმწიფოთა მეთაურებზეც. ტროცკიმ თურქეთში ისურვა გამგზავრება და მეუღლესთან ერთად თებერვლის შუა რიცხვებში სპეცმატარებლით თურქეთის საზღვრამდე მიიყვანეს. ამ აქციას იაგოდას მოადგილე, ბულანოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც მთელი გზა გვერდიდან არ მოსცილებია ტროცკის. მოგვიანებით ყვებოდა: „ტროცკი მთელი გზა ცქმუტავდა, ვერ ისვენებდა, კაპრიზობდა. აშკარა იყო, რომ ქვეყნიდან გაძევება არ ეპიტნავა და იმასაც მიხვდა, რომ სტალინმა ეს შეგნებულად გაუკეთა – ციხეში არ ჩასვა და გააძევა. „ის (სტალინი) კიდევ ბევრჯერ გაიგებს ჩემ შესახებ, – არ ცხრებოდა ტროცკი, – მთელ სიმართლეს მე ქვეყანას ვამცნობ და ვამხელ მას“. ერთი სიტყვით, რევოლუციის ექსბელადი შეპყრობილივით იქცეოდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა და სანამ თურქული მხარე ოფიციალურად ჩაიბარებდა, გვერდით გამიხმო და მითხრა: „მას (სტალინს) გადაეცი, რომ თამაში ჯერ არ დამთავრებულა და თუმცა მან ამ ეტაპზე მომიგო, რევანში ორმაგად სასტიკი იქნება.” სტალინს რომ ეს გავუმეორე, ჩაიცინა და ჩაილაპარაკა: „რევანში არა, მაგრამ ტროცკის დასასრული მართლაც სასტიკი უნდა იყოს“.
სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით