ინტიმური საუბრები
ჩემს შვილიშვილს ოჯახი ენგრევა
ჭკუიდან ვარ გადასული ნერვიულობისგან. ალბათ, ასეთ თემაზე ჟურნალში წერილის გაგზავნის გამო ბევრი დამძრახავს, მაგრამ პირდაპირ ვერ ვეუბნები სათქმელს ჩემს შვილიშვილს და, თუ ეს წერილი წაიკითხა („თბილისელების“ ყოველა ნომერს თავიდან ბოლომდე კითხულობს), იქნებ გაითვალისწინოს.
ჩემი შვილიშვილი, ეთო, 26 წლისაა. მეექვსე წელია, გათხოვილია, ჰყავს 4 წლის ბიჭი და კარგი ქმარი, მაგრამ ოჯახი ენგრევა – ქმარს ეყრება იმის გამო, რომ გაიგო, საყვარელი გაუჩენია. ვეხვეწები, ვემუდარები, რომ ასე ხელაღებით ოჯახი არ დაანგრიოს, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდა. ერთხელაც დავსვი და დაველაპარაკე. მაინტერესებდა, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონიათ მოგვარებული. ეთომ მითხრა, მამაკაცის მოთხოვნილება არ მაქვს და სულ იმას ვცდილობ, თავიდან ავირიდო მასთან სიახლოვეო. კი არის ჩემი გაზრდილი, მაგრამ, მაინც ვერ ვუთხარი, რომ ასეთ ცოლს არც ერთი კაცი არ გაუჩერდება, აუცილებლად მოძებნის იმას, ვისაც მასთან ურთიერთობა სიხარულსა და სიამოვნებას მოჰგვრის. თვითონვე მითხრა, რა ჩემი ბრალია, რომ ფრიგიდული ქალი ვარო. რა თქმა უნდა, ეს მისი ბრალი არ არის, მაგრამ, თან იმას რომ მიმტკიცებს, ქმარი ძალიან მიყვარსო, ხომ უნდა იღონოს რამე?
ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ ჩუმად წავედი სექსოპათოლოგთან (ჩემი ნაცნობის შვილია) და ყველაფერი მოვუყევი, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ჩემს შვილიშვილს ეხებოდა ყველაფერი. იმან ძალიან ბევრი რჩევა მომცა და, ყველაფერთან ერთად, ისიც მითხრა, რომ ასეთ შემთხვევაში, თურმე, ძალიან ბევრი რამ ყოფილა დამოკიდებული მამაკაცზე – ქმარი გაგებით უნდა მოეკიდოს ამას და თვითონაც უნდა ეცადოს, რომ ცოლს „გასაღები“ მოუძებნოს და მასში ვნება გააღვიძოს, მით უმეტეს, თუ ერთმანეთი უყვართო. კიდევ რაღაც-რაღაცეები მირჩია, მაგრამ, როგორ გინდა, ეს ყველაფერი ან ერთს ვუთხრა და ან მეორეს, არ მეტყვიან, დაბერდი და მთლად გამოჩურჩუტდიო?! არადა, გული მიკვდება, ჩემს შვილიშვილს რომ ვუყურებ. ბავშვიც გიჟდება მამაზე და უმამოდ რატომ უნდა გაიზარდოს.
დღეს ქალიც ადვილად გაიჩენს საყვარელს, თუ ქმართან მოწესრიგებული არ აქვს ინტიმი და კაცს რა დააკავებს.
სექსოპათოლოგთან რომ ვიყავი, იმან მითხრა, თურმე დანგრეული ოჯახების დაახლოებით 40 პროცენტი სქესობრივი შეუთავსებლობისა და ქალის ფრიგიდულობაზე მოდის. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს საშინელებაა. არადა, ძალიან მარტივად შეიძლება გადაწყდეს საქმე – წყვილი ერთად უნდა მივიდეს შესაბამის სპეციალისტთან და მისი რჩევები გაითვალისწინოს. შეიძლება, ყველას არ ეშველოს, მაგრამ იმ 40 პროცენტის ნახევარიც რომ გადარჩეს ოჯახის დანგრევას, ცუდია?!
ეთერი, 78 წლის.
ძალიან ვნანობ, რომ ჩემს მეგობარს სიყვარულში არ გამოვუტყდი
ვარ 38 წლის, გაუთხოვარი. რაც წამოვიზარდე, მას მერე ვოცნებობ ლამაზ, მყუდრო ოჯახზე ბევრი შვილით, ბებია-ბაბუებით, მაგრამ, ისე მოხდა, რომ ეს ოცნება ოცნებად დარჩა. თუ სასწაული მოხდა და ბედი გამეხსნა, ანუ – გავთხოვდი, ყველაზე კარგ ვარიანტში, ერთი შვილის გაჩენას თუ მოვასწრებ, მაგრამ, ჯერჯერობით არანაირი ნიშანი ამისა არ არსებობს. ალბათ, ასე იმიტომ წარიმართა ჩემი ცხოვრება, რომ არასდროს არ ვიყავი აქტიური გოგო, უფრო სწორად რომ ვთქვა, ზედმეტად მორიდებული ვიყავი, ისეთი, ბიჭებს მხოლოდ სამეგობროდ რომ უნდათ და მასში ქალს ვერ ხედავენ. არადა, გარეგნობითაც არა მიშავდა და სხვა მონაცემებითაც, მაგრამ, ეტყობა, ძალიან მკაცრად გამზარდეს ჩემმა მშობლებმა და ყველაფერი ამის შედეგია. ლამის ოთხ ათეულ წელს ვასრულებ და, პრაქტიკულად, ფლირტი არ მქონია, ერთადერთ შემთხვევას თუ არ ჩავთვლი – იყო ერთი ბიჭი, რომელსაც სერიოზულად მოვწონდი და კარგა ხანს ვხვდებოდი კიდეც (ოღონდ, ძალიან დიდი შუალედებით); სხვათა შორის, ისიც მითხრა, რომ ვუყვარვარ, მაგრამ, ჩვენს შეხვედრებს არანაირი რომანტიკა და ფოიერვერკები არ ახლდა და ვერ შევიყვარე, თუმცა, ცუდი ბიჭი არ იყო. ბოლოს კი ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ, მითხრა, მე რაიონში ვბრუნდები, ჩემს მშობლებთან და შენც იქ უნდა იცხოვრო ჩემთან ერთადო, თან, ეს ულტიმატუმივით წამომიყენა, ისიც კი არ უკითხავს, საერთოდ თუ ვიყავი თანახმა მის ცოლობაზე.
ჩემი ცხოვრების ნახევარი უკვე გავიარე და განსაკუთრებით იმაზე მწყდება გული, რომ, უკან როცა ვიხედები, ვერაფერ ლამაზსა და განსაკუთრებულს ვერ ვიხსენებ. საბოლოო ჯამში, ვისაც მოვწონებივარ, ყველას ცოლად ვუნდოდი, ყოველგვარი რომანტიკების გარეშე. მე კი მინდოდა, ვინმეს ძალიან ვყვარებოდი, დაენახა და დაეფასებინა ჩემი ღირსებები, ერთად გვევლო წვიმაში, ერთად გვეცინა თუნდაც უმიზეზოდ...
პირადად მე ერთადერთხელ მიყვარდა ნამდვილი სიყვარულით. ჩემი თანაკლასელი იყო, რომელთანაც ვმეგობრობდი, მაშინდელი ტერმინით, ვდაქალ-ძმაკაცობდით. ძალიან მიყვარდა, უზომოდ, მაგრამ, ერთხელაც არ მიგრძნობინებია. ჩემი სამეგობროდან ერთადერთმა გოგომ იცოდა ეს ამბავი და სულ ჩამჩიჩინებდა, პირდაპირ თუ არ ეტყვი, აგრძნობინე მაინცო, მაგრამ, არ ვიკადრე ამის გაკეთება და, იცით, რატომ? რომ ეთქვა, კარგი გოგო ხარ, მაგრამ, შენისთანა გოგოები არ მომწონსო, ან, უცერემონიოდ ეპასუხა, არ მიყვარხარ, თავი დამანებეო, ხომ მოვკვდებოდი დამცირებისა და შეურაცხყოფისგან?! ამიტომ, მერჩივნა, მხოლოდ მეგობრები ვყოფილიყავით. სხვათა შორის, ვერც იმან აიწყო პირადი ცხოვრება – ორჯერ შეირთო ცოლი და ორჯერვე გაშორდა. ერთხელ შემხვდა ქუჩაში და მაშინ მითხრა, ისე ვბერდები, ერთ ქალსაც კი არ ვყვარებივარ ნამდვილი სიყვარულითო. მაშინაც ვერაფერი ვერ ვუთხარი. მერე ჩვენი „კუტოკიც“ თავისთავად დაიშალა – ყველა წავიდ-წამოვიდა და აღარავის ეცალა ერთმანეთისთვის. წელს ვაპირებდით სკოლის დამთავრების 20 წლისთავის აღნიშვნას და გულში გადაწყვეტილი მქონდა, ახლა ვეტყვი, მთელი ცხოვრება შენ მიყვარდი-მეთქი, მაგრამ, ესეც არ გამომივიდა – მოულოდნელად გარდაიცვალა და თანაკლასელებმა მხოლოდ ორი თვის შემდეგ გავიგეთ ეს ამბავი, ისიც, შემთხვევით.
ძალიან განვიცადე. დღესაც ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის და ძალიან მწყდება გული – ისე წავიდა ამქვეყნიდან, ვერ ვუთხარი, რომ ის ერთი ქალი მე ვიყავი – იქნებ ახლა ცოცხალი ყოფილიყო.
თეა, 38 წლის.