სწორი არჩევანი
ნებისმიერი დიეტა და ვარჯიშები მაშინ ითვლება შედეგიანად, თუ ის ჯანმრთელობას არ ვნებს, უფრო სწორად, თუ აჯანსაღებს ორგანიზმს.
რას ვაკეთებთ ჩვენ იდეალური ფორმების მისაღწევად? პირველ ყოვლისა, ვიწყებთ დიეტის დაცვას, ზოგჯერ ფიტნეს-კლუბის აბონემენტსაც ვყიდულობთ და გულდასმით ვეცნობით კოსმეტიკური საშუალებების პროცედურებს; ასევე, საჭიროზე მეტად ვითვალისწინებთ ნაცნობ-მეგობრების გამოცდილებას, მაგრამ, ძალიან ხშირად, მათი „კომპეტენტური“ რჩევები არათუ უშედეგო, არამედ ჯანმრთელობისთვის მავნებელიც აღმოჩნდება ხოლმე, რადგან, ნებისმიერი დიეტა, შესაძლოა, ეფექტური იყოს ერთისთვის, მაგრამ, არასასურველი შედეგი გამოიღოს მეორისთვის. ამიტომ, დაიმახსოვრეთ, რომ ყველაზე სასარგებლო დიეტა შეიძლება შეგირჩიოთ მხოლოდ ექიმ-დიეტოლოგმა; ზოგადად კი, დაბალკალორიული დიეტების დაცვა ეკრძალებათ ორსულებს, მეძუძურ დედებს; ასევე, მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს და 45 წელს გადაცილებულ ქალბატონებს.
ექიმთან კონსულტაცია საჭიროა ფიტნეს-ცენტრში ვარჯიშის დაწყებამდეც. შეგახსენებთ, რომ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მრავალი დაავადებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების დროს, მძიმე ვარჯიშები აკრძალულია, ამიტომ, აქაც ინდივიდუალური შერჩევაა საჭირო.
რაც შეეხება კოსმეტიკურ საშუალებებსა და პროცედურებს, ამ შემთხვევაშიც ინდივიდუალური მიდგომაა აუცილებელი – ორგანიზმის თავისებურებების, კანის ტიპის, ცხოვრების წესის გათვალისწინებით. გახსოვდეთ, რომ, თუ გართულება გაქვთ სუნებზე, კატეგორიულად გეკრძალებათ არომათერაპიის პროცედურები.
მათ კი, ვისაც არ აქვს დრო ან საშუალება, მიმართოს შესაბამისი დარგის ექიმს, ვურჩევთ, დაიწყოს დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და მინიმუმ ერთსაათიანი საღამოს მოციონი (დაძინებამდე 2 საათით ადრე); ასევე, უვნებელია ფეხით სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა და სწრაფი ცეკვები დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ყოველივე ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ წონაში დაკლებას, არამედ, იწვევს დადებით ემოციებს, რაც განსაკუთრებით აუცილებელია ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის.
ზაფხულის ცხელ დღეებში არ არის მიზანშეწონილი ვარჯიშებით გადაღლა ან ძალიან მკაცრი დიეტა. ყველაფერი საჭიროა ნორმის ფარგლებში, რათა ორგანიზმი არ გადაიღალოს ან არ დასუსტდეს.
ზაფხულში გაცილებით ადვილია დიეტის დაცვა, რადგან, სიცხის გამო ისედაც არ გვაქვს ხორციანი, ცხიმიანი და სხვა მძიმე საკვების მოთხოვნილება, ხილისა და ბოსტნეულის არჩევანი კი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველაზე პრეტენზიულ ადამიანსაც კი არ გაუჭირდება სასურველი პროდუქტის შერჩევა; უბრალოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვირის განმავლობაში უნდა მივიღოთ ყველა აუცილებელი ვიტამინი და მიკროელემენტი, რათა ორგანიზმი არ გამოიფიტოს.
გთავაზობთ ერთკვირიანი დიეტის ნიმუშს (შეგიძლიათ, ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული სხვა სახეობით ჩაანაცვლოთ):
პირველი დღე
საუზმე – 1 ჭიქა მწვანე ჩაი ან ფინჯანი ყავა (ორივე უშაქროდ), 1 ნაჭერი ყველი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი.
სადილი – ცოცხალი ბოსტნეულის (კომბოსტო, სტაფილო, ბულგარული წიწაკა) სალათა ყველანაირი მწვანილით (ძალიან ცოტა მარილით), 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი ან მაწონი, 2 ფირფიტა „ხლებცი“ ან 2 პატარა ნაჭერი ცეხვილი შავი პური.
ვახშამი – თქვენთვის სასურველი ხილის ასორტი.
შუალედებში – ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები (უშაქროდ), გაზავებული წყალში (პროპორციით: 2 წილი წვენი, 1 წილი წყალი).
ჩვეულებრივი სასმელი წყალი – დღეში 2-3 ლიტრი.
მეორე დღე
საუზმე – 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი + 1 ცალი საშუალო ზომის ბანანი.
სადილი – 2 ცალი საშუალო ზომის კიტრისა და 2 ცალი საშუალო ზომის პომიდვრის სალათა მწვანილებით; 3 სადილის კოვზი მოხარშული ლობიო (ნაკლები მარილით); 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი. 2 ფირფიტა „ხლებცი“ ან 2 პატარა ნაჭერი ცეხვილი შავი პური.
ვახშამი – აირღუმელში გამომცხვარი 2 ცალი მოზრდილი ვაშლი თითო კოვზი თაფლით.
წვენები და წყალი – იმავე რაოდენობით.
მესამე დღე
საუზმე – 1 ფინჯანი ყავა ან 1 ჭიქა მწვანე ჩაი (ორივე უშაქროდ), 100 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 ნაჭერი ცეხვილი შავი პური თაფლით.
სადილი – 2 მომცრო ნაჭერი მოხარშული თევზი, ხილის ასორტი, 1 ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი (წყალში გაზავებული), 2 ფირფიტა „ჰერკულესი“ ან 2 პატარა ნაჭერი ცეხვილი შავი პური.
ვახშამი – ბოსტნეულის სალათა, 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
წვენები და წყალი – იმავე რაოდენობით.
მეოთხე დღე
საუზმე – 1 ფინჯანი რძიანი ყავა (უშაქრო), 1 ნაჭერი უცხიმო და უმარილო ყველი, 1 ფირფიტა „ჰერკულესი“.
სადილი – ბოსტნეულის სუპი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი (წყალში გაზავებული) 2 ნაჭერი ცეხვილი შავი პური.
ვახშამი – მოხარშული მაკარონი (ზემოდან მოასხით 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი); 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
წვენები და წყალი – იმავე რაოდენობით.
მეხუთე დღე
საუზმე – მოხარშული „ჰერკულესი“ ნებისმიერი ხილით (უშაქროდ), 1 ჭიქა მწვანე ჩაი.
სადილი – კიტრისა და პომიდვრის სალათა მწვანილებით, 2 ნაჭერი უცხიმო და უმარილო ყველი, 2 ნაჭერი ცეხვილი შავი პური.
ვახშამი – უცხიმოდ მოხარშული წიწიბურა (ძალიან ცოტა მარილით).
წვენები და წყალი – იმავე რაოდენობით
მეექვსე დღე
მეორდება პირველი დღე.
მეშვიდე დღე
მეორდება მეორე დღე.