კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რა რაოდენობის კოსმეტიკური რძის, დამატენიანებელი ან მკვებავი კრემის წასმა შეიძლება სხეულზე? რა ჯობია, ძალიან ცოტა წავისვა თუ, პირიქით, ბევრი, რომ კანმა მეტი შეიწოვოს?
პასუხი: საერთოდ, ყოველთვის უნდა დაიცვათ ზომიერება. ძალიან ცოტა კრემის წასმის შემთხვევაში, კანი საჭირო რაოდენობით ვერ შეიწოვს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს; ხოლო, თუ ძალიან ბევრს წაისვამთ, ამით დაირღვევა კანის ბუნებრივი დამცავი პოტენციალი, რომ აღარაფერი ვთქვათ კრემებით გაფუჭებულ ტანსაცმელზე. მთელ სხეულზე წასასმელი კრემის საკმარისი დოზა პინგ-პონგის ბურთის ტოლი უნდა იყოს. ეს რაოდენობა უნდა იმყოფინოთ კიდურებისთვის, დეკოლტესთვის, მუცლისთვის, ზურგისთვის, დუნდულებისთვის და თეძოებისთვის.
კოსმეტიკური რძის რაოდენობა უნდა განსაზღვროთ სადილის კოვზებით – 2-3 სადილის კოვზი კოსმეტიკური რძე (თქვენი სიმაღლისა და სიგანის გათვალისწინებით) საკმარისი იქნება.
კითხვა: ზოგჯერ, თვალის გელის წასმის შემდეგ, მიშუპდება ქუთუთოები, მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე გელს ვხმარობ. რატომ უნდა ხდებოდეს ასე?
პასუხი: თუ, რომელიღაც კონკრეტული გელი უხდება თქვენს კანს, მაგრამ ხანდახან მაინც იწვევს ქუთუთოების შეშუპებას, ამის მიზეზი უნდა იყოს გელის არასწორად მოხმარება, ანუ, ზედმეტი რაოდენობით წასმა. თითოეული თვალის გარშემო საკმარისია ბრინჯის მარცვლის ზომის გელის წასმა; გარდა ამისა, მისი „შეტანა“ კანში უნდა მოხდეს თითების მსუბუქი დარტყმებით, შემდეგი მიმართულებით: ზედა ქუთუთოს უძრავ ნაწილზე – თვალის გარეთა კუთხიდან შიდა კუთხისკენ, ხოლო ქვედა ქუთუთოზე, პირიქით – შიდა კუთხიდან საფეთქლისკენ.
კითხვა: რა სიხშირით შეიძლება სახეზე ნიღბების გაკეთება ცხელ დღეებში?
პასუხი: თუ გულისხმობთ ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ნიღბებს (დანამატების გარეშე), შეგიძლიათ, გაიკეთოთ ყოველ საღამოს, დაძინებამდე 2-3 საათით ადრე; რძის პროდუქტების ნიღბები კი – კვირაში ორჯერ.