როდის ხდება მზეზე დიდხანს წოლა ჰიპერტონიული კრიზის, ინფარქტის ან ინსულტის მიზეზი
როდის ხდება მზეზე დიდხანს წოლა ჰიპერტონიული კრიზის, ინფარქტის ან ინსულტის მიზეზი
მზე, პრაქტიკულად, ყველა სახის გამოსხივების წყაროა. ხილული სინათლე ელექტრომაგნიტური გამოსხივების მხოლოდ ერთ-ერთი სახეა. ელექტრომაგნიტურია, ასევე, რადიოტალღები, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და რენტგენული გამოსხივება. ასეთი ტალღების გარდა, მზისგან მოდის ისეთი ნაწილაკების ნაკადები, როგორებიცაა ნეიტრონები, ასევე, მზის ქარი – დამუხტულ ნაწილაკთა, ანუ წყალბადის ატომის ბირთვებისა და ელექტრონების ნაკადი.
მზის აქტიურობით გამოწვეული მაგნიტური ქარიშხლების პერიოდში ადამიანის ორგანიზმში სისხლში ადრენალინის გამოტყორცნის პროცესი იმატებს. ის შედარებით ნელა და წყვეტილად მოედინება, გული კი საგრძნობლად იტვირთება, რაც, შესაძლოა, გახდეს ჰიპერტონიული კრიზის, ინფარქტის ან ინსულტის მიზეზი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამინდის გათვალისწინება და საჭირო ზომების მიღება.
მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანისთვის საზიანო არ არის, თუ ატმოსფეროს ოზონურ შრეს შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სიმკვრივე და აკავებს ულტრაიისფერი ნაკადის 99 პროცენტს. მაგრამ, ოზონური შრის დარღვევა დამატებით ყურადღებასა და კანის დაცვას მოითხოვს.
ქერათმიანებს ნაზი და თეთრი კანი აქვთ, ასევე ჟღალთმიანებსა და ჭორფლიანებს. ისინი, ვისაც ტანზე ბევრი მუქი ფერის ხალი აქვს, უმჯობესია, თუ საერთოდ არ გაირუჯებიან.
ამ სეზონზე დეპრესიას ადვილად დაამარცხებთ
ძალიან აქტიური ადამიანებიც კი ზაფხულის პერიოდში ითენთებიან, მუდმივად ძილის შეგრძნება და აპათია აწუხებთ, სწრაფად იღლებიან. ეს ყოველივე ორგანიზმში ჰორმონ სეროტონინის ნაკლებობის გამო ხდება, რომლის გამოსამუშავებლად აუცილებელია, სწორი დღის რეჟიმი, მზის სინათლე და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ორგანიზმი ამ მდგომარეობის კომპენსაციას ცდილობს და დიდი რაოდენობით წვავს კალორიებს. ამის გამო კი, ხშირად გინდებათ ტკბილეული – შოკოლადი, ნამცხვარი, კანფეტი, ათასგვარი სასუსნავი. ეს კი თავის მხრივ, გასუქებას იწვევს.
ზაფხულის დეპრესიის დასაძლევად, პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა ძილის სწორი რეჟიმი. დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწექით და ძილის ხანგრძლივობა წელიწადის სხვა დროსთან შედარებით, ერთი საათით შეამცირეთ. თუ გარკვეული მიზეზების გამო, უძილობა გაწუხებთ, ძილის წინ ეთერზეთებიანი თბილი აბაზანა მიიღეთ, საწოლ ოთახში კი ვარდის სურნელოვანი სანთელი აანთეთ.
მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე სეირნობაც. ფიზიკური ვარჯიში კი გამოფხიზლებასა და სხეულის წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ მეთოდით მოთენთილობას ადვილად დაამარცხებთ.
ეცადეთ, რაც შეიძლება, დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეული ჭამოთ და ერიდოთ მძიმე და კალორიული კერძების მიღებას. ერთადერთი გამონაკლისი, ამ დროს შოკოლადია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და გუნება-განწყობასაც საგრძნობლად აუმჯობესებს. უმჯობესია, ჭამოთ შავი შოკოლადი, რადგან თეთრი შოკოლადი ამ თვისებას მოკლებულია. აგრეთვე, ეცადეთ, ხშირად გამონახოთ დრო დასვენებისა და ისეთ ხალხთან ურთიერთობისთვის, ვისთანაც თავს კარგად გრძნობთ. ეს დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ.
კრაზანა ებრძვის სანაღვლე გზების ფუნქციის დარღვევას და აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას
კრაზანა შეიცავს სხვადასხვა, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას და აქვს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური თვისება. ყველაზე აქტიური ნაერთებია ფლავონოიდები, რომლებიც ხსნის სპაზმებს სანაღვლე გზებიდან, ნაწლავებიდან, სისხლძარღვებიდან და შარდ-სასქესო, კერძოდ, შარდსადინარების გლუვი კუნთებიდან. ფლავონოიდები აუმჯობესებს ნაღვლის გამოდინებას, ეწინააღმდეგება შეგუბებით პროცესებს ნაღვლის ბუშტში და ამგვარად იცავს ორგანიზმს კენჭების წარმოქმნისგან.
ფლავონოიდები ასევე, ხსნის ნაწლავურ სპაზმებს, აღადგენს ნორმალურ პერისტალტიკას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მონელებით ფუნქციას.
კრაზანა ხსნის სისხლძარღვთა, განსაკუთრებით კაპილარების სპაზმს, აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს სისხლით მომარაგებას, აძლიერებს შარდვას, იწვევს შარდსაწვეთების კედლის მოდუნებას და ამაღლებს თირკმლის ფილტრაციის დონეს.
კრაზანას ახასიათებს ანტიანთებითი და ანტიმიკრობული მოქმედება. ეს მცენარე ზრდის კუჭის სეკრეციას.
კრაზანის პრეპარატები ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, თირკმლის დაავადებების დროს. მის ნაყენს პირში სავლებად იყენებენ ღრძილების ანთებისა და სტომატიტების დროს. კრაზანის კომპრესებით კი, ინფიცირებული, სისხლმდენი ჭრილობები უნდა დაიმუშაოთ.
კრაზანა ზრდის ადამიანის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ. ამიტომ, ის გამოიყენება კანის თეთრი ლაქების სამკურნალოდ.
კრაზანით დამზადებული პრეპარატები გამოიყენება სანაღვლე გზების ფუნქციური დარღვევების, ჰეპატიტების, ნაღვლის შეგუბების, ნაღვლის ბუშტის ანთების, ნაღველკენჭოვანი დაავადებების საწყისი სიმპტომების, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების, თირკმელების ფუნქციის დაქვეითების, თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს.
ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: მომინანქრებულ ჭურჭელში აურიეთ ნახევარი სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მცენარე, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე და ნახევარი საათი გააჩერეთ. შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას, ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ, ჭამამდე ოცი წუთით ადრე.
ზაფხულში ორგანიზმის ვიტამინებით მომარაგება აუცილებელია
ზაფხულში გაქვთ შანსი, ორგანიზმი ვიტამინებით მოამარაგოთ. ამისთვის სეზონური ახალი ხილი ნამდვილად მისწრებაა. წვენმა რომ თავისი უნიკალური და სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, აუცილებელია, მათი მომზადების წესები დაიცვათ.
სასურველია, ხილი და ბოსტნეული გახეხოთ პლასტმასის სახეხზე და არა ლითონისაზე, რადგან რკინასთან შეხება ანადგურებს ვიტამინების ნაწილს, განსაკუთრებით კი C ვიტამინს. თუ წვენსაწური გაქვთ, კურკიან ხილს ნუ ჩაყრით. ფოთლოვანი ბოსტნეული კი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და შემდეგ გაწურეთ.
ფერმენტები, ვიტამინები და არომატული ნივთიერებები სწრაფად ნადგურდება ჰაერზე ჟანგბადის ზემოქმედების გამო. ამიტომ, წვენი უშუალოდ მიღების წინ უნდა მოამზადოთ ან შეინახოთ მინის, ფაიფურის ან მომინანქრებულ, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.
წვენი უნდა სვათ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით. წვენი ცოტა ხნით პირის ღრუში გაიჩერეთ, რათა ნერწყვს შეერიოს. ეს ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ მის მთლიანად შეწოვას.
არ არის საჭირო იმ ხილისა თუ ბოსტნეულის გათლა, რომლისგანაც წვენის გამოწურვას აპირებთ, რადგან ვიტამინების უმეტესობა სწორედ კანქვეშ ილექება. ასევე, არ არის რეკომენდებული წვენს დაუმატოთ შაქარი.
ადამიანის მადა კუჭის ზომაზეა დამოკიდებული
როცა ადამიანს შია, გემოვნების რეცეპტორები მაშინვე აცნობებენ ამას ტვინს და ისიც უბრძანებს კუჭს, დაიწყოს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფა. ადამიანი საკვებს ჭამს, კუჭი კი მას ინელებს. ამ პროცესს ნივთიერებათა ორი ჯგუფი არეგულირებს: პირველია მადის აღმძვრელი და ცხიმების დამგროვებელი ნაერთები, მეორე კი – ფერმენტები, რომლებიც შიმშილის გრძნობას ამცირებს და, ასევე, სხეულის მასას აკონტროლებს. როცა ეს ორი ჯგუფი ჰარმონიულად მოქმედებს, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, საკმარისია, წონასწორობა დაირღვეს და უპირატესობა პირველი ჯგუფისკენ გადაიხაროს, რომ გასუქებას ვერ გაექცევით. ყველაზე მძიმე შედეგს ისინი განიცდიან, ვისაც განსაკუთრებით კარგად აქვთ განვითარებული ცხიმოვან ცვლაში მონაწილე ფერმენტები, რომელთაც ცხიმების დაშლა და ცხიმოვან დეპოებში მათი ჩალაგება ევალებათ. ამ ფერმენტების ხელშეწყობით, ორგანიზმი საკვებიდან საჭიროზე სწრაფად შეიწოვს ცხიმებს და უფრო და უფრო მეტ კალორიას ითხოვს.
ადამიანის მადა ხშირად კუჭის ზომაზეა დამოკიდებული. გურმანებს ეს ორგანო დღითი დღე ეზრდებათ და უფრო მეტი საჭმელი სჭირდებათ დასანაყრებლად. იმისთვის, რომ კუჭი ზედმეტად არ გააღიზიანოთ და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფა შეამციროთ, იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით. სადილი და ვახშამი კი ერთსა და იმავე დროს მიირთვით – ამით კუჭს მიაჩვევთ, საჭმლის მომნელებელი წვენი მხოლოდ მაშინ გამოყოს, როცა ის ნამდვილად საჭიროა.
სადილამდე ერთი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა მინერალური წყალი, ის მდიდარია ტუტე ლითონებითა და მათი მარილებით. ამიტომ, ბლოკავს კუჭის წვენის სეკრეციას, რაც შიმშილს ამცირებს.
რაც უფრო დიდხანს გრძელდება საჭმლის მიღების პროცესი, მით მეტად ძლიერდება დანაყრების გრძნობა. არ დაგავიწყდეთ, უნდა ჭამოთ მშვიდად და აუჩქარებლად. ამ დროს დასანაყრებლად გაცილებით ნაკლები კალორია გყოფნით.
ერიდეთ ტკბილ, გაზიან სასმელებს. ასეთი სასმელები პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და შიმშილის გრძნობას იწვევს.
ცარიელ კუჭზე მიღებული მლაშე საჭმელი, მწნილი და მცენარეული სალათები მადას ზრდის. ამიტომ, ჯობია, ჯერ მთავარი კერძი ჭამოთ და ზემოთ ნახსენები საკვები შემდეგ მიაყოლოთ.
შიმშილის ცენტრს სისხლში არსებული გლუკოზა აღიზიანებს და მადის სიძლიერესაც ეს ფაქტორი განაპირობებს. ეცადეთ, გვიან საღამოს არ ჭამოთ ტკბილეული, ცომეული და მსუყე საკვები, განსაკუთრებით კი – თაფლი, მურაბა, კომპოტი, ნამცხვრები და შოკოლადი.
ბრინჯი და სოია ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტებია
ბრინჯი B ჯგუფის ვიტამინის შეუცვლელი წყაროა, რისი წყალობითაც, მის მოყვარულებს ნერვულ სისტემასთან, თმასთან და კანთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათად აწუხებთ. ხოლო, ვიტამინი B, რომელიც ბრინჯში ასევე დიდი რაოდენობითაა, ორგანიზმს დაბერებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს. შესაძლოა, სწორედ ამაშია სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო. ამას გარდა, ბრინჯი მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, თუთიას, მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს.
ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა ყავისფერი ბრინჯი. ის თეთრი ბრინჯისგან იმით განსხვავდება, რომ გადამუშავების დროს, მხოლოდ ჩენჩოს აცლიან, დარჩენილი მარცვალი კი ბევრ მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს. ყავისფერი ბრინჯი შეიცავს, ასევე, ეთერზეთებს, რის გამოც მალე ფუჭდება. უმჯობესია, ბრინჯი ორთქლზე მოხარშოთ, რათა ვიტამინები არ დაიკარგოს.
რაც შეეხება სოიას, მას ხშირად განიხილავენ, როგორც ხორცეულის შემცვლელ პროდუქტს. ის უნიკალური თვისებების მქონეა. ბევრი სხვა მცენარეული პროდუქტისგან განსხვავებით, სოია ადამიანის ორგანიზმს უზრუნველყოფს არა უჯრედისით, არამედ სრულფასოვანი ცილით. სოიისგან ამზადებენ რძის პროდუქტების შემცვლელებსაც, მაგალითად, სოიის რძეს, იოგურტს, ხაჭოსა და ყველს. მასში შემავალი ცილა, ყველა მცენარეულ ცილასთან შედარებით, უფრო სრულფასოვანია. თანაც ის სოიაში გაცილებით მეტია, ვიდრე ხორცში. ცილის გარდა, სოია საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს. ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ებრძვის სიმსივნის განვითარებას. ასევე, შეიცავს ჰორმონის მაგვარ ნივთიერებას – ფიტოესტროგენებს, რაც არც ხორცშია და არც თევზში. ამიტომ ის აუცილებლად უნდა მიირთვათ, მნიშვნელობა არ აქვს, რა სახით, მაგრამ, აუცილებლად შეიტანეთ თქვენს რაციონში.