მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: გთხოვთ გვიპასუხოთ, რამდენად შესაძლებელია სხვადასხვა ადგილებზე დაკრძალული მიცვალებულების ერთ, საგვარეულო სასაფლაოზე გადასვენება?
პასუხი: თუ თქვენ ამის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, მშვიდად გადაასვენოთ თქვენი მიცვალებულები ერთ სასაფლაოზე. ამას ეკლესია არ გიკრძალავთ. მთავარია, ილოცოთ მათი სულებისთვის.
კითხვა: სახლში გვაქვს გარდაცვლილი ნათესავების ძველი სურათები, ზოგი გადიდებული. სად წავიღოთ ისინი?
პასუხი: გარდაცვლილი ნათესავების სურათები, განსაკუთრებით – გადიდებული, ხშირად უხერხულობას იწვევს. მათ გადაგდებას ერიდებიან, შენახვაც აზრს კარგავს. ამიტომ, ასეთ დროს, შეგიძლიათ, ეს სურათები სადმე სუფთა ადგილზე დაწვათ. ეს სურათებზე გამოსახული ადამიანების ხსოვნას ჩრდილს არ მიაყენებს.
კითხვა: შეიძლება თუ არა ორი ჯვარი ერთდროულად ვატაროთ?
პასუხი: ორი ჯვრის ერთდროულად ტარება შეიძლება, თუ საამისოდ სასულიერო პირის კურთხევა გაქვთ, ან, თუ ეს ჯვარი წამოღებულია წმინდა ადგილიდან, მაგალითად, ნაკურთხია უფლის საფლავზე. სხვა შემთხვევაში უნდა ატაროთ ერთი ჯვარი, რადგან ქრისტე ერთ ჯვარზე ევნო.
კითხვა: ჩვენი საქციელიდან რა ახარებს უფალს?
პასუხი: როგორც წმიდა მამები გადმოგვცემენ, უფლის გულის მოგება შეიძლება ადამიანებთან ალერსიანი მოპყრობით, განრისხებულის დაცხრომით, უკეთური საგნებისგან მზერის არიდებით, ბილწი აზრების უკუგდებით, ლოცვისთვის საკუთარი თავის ძალდატანებით.