ჭეშმარიტი სარწმუნოება
როგორ შეიქმნა ხელგაშლილობის მოყვარედ ვერცხლისმოყვარე მონაზონი
ქალწული მონონია, რომელიც სიყმაწვილეშივე შედგა მონაზვნად, შესახედავად მშვენიერი და კეთილმსახური, მაგრამ საქმით კი კერპთაყვანისმცემელი იყო, ვინაიდან, ის აგროვებდა სიმდიდრეს და არასოდეს აძლევდა სამოწყალოს. მას ჰყავდა ძმისწული ქალი, გულით საყვარელი მინანია. ფიქრობდა მხოლოდ იმაზე, რომ ის რაც შეიძლება რიგიანი კაცისთვის მიეთხოვებინა და დაივიწყა თავისი ზეციური სასიძო. გლახაკთა მოწყალე წმიდა მაკარიმ, რომელიც გულითადი მწუხარებით უცქერდა ამ გზადაბნეულ მონაზონს, განიზრახა ღვთისადმი მისი მოქცევა, რაც მან შემდეგი სახით შეასრულა: ის სიყმაწვილეში ძვირფასი თვლების გამთლელი იყო და მონონიას მიერ ცნობილი, რადგან, მონონია საუცხოო ნივთების მოყვარული იყო. ერთ დღეს წმიდა მაკარი მივიდა მასთან და უთხრა: „ერთი ვინმე ყიდის ორ ძვირფას თვალს – ზურმუხტსა და იაგუნდს; მე არ ვიცი, მისი საკუთრებაა ისინი თუ ნაპარავი აქვს, მაგრამ, გარწმუნებ, რომ საუცხოო სამკაულნი იქნებიან შენი ძმისწულისთვის; ვაჭარი მათ იაფად იძლევა – ასე, ხუთას ოქროდ“. მონონიას ძალზე გაუხარდა და სთხოვა წმიდა მაკარის, რომ ხელიდან არ გაეშვა საუცხოო შემოთავაზება და, რადგანაც თვითონ არ უნდოდა, მონასტრიდან გასულიყო, მაშინვე ჩააბარა მას ფული. კეთილმსახურმა მღვდელმა მიიღო ოქრო, წავიდა და რამდენიმე დღე არ ეჩვენა მას, მონაზონს კი მასთან კაცის გაგზავნა რცხვენოდა, ვინაიდან, წმიდა მაკარი იყო კაცი ყველასგან პატივცემული და საზოგადო რწმუნება დამსახურებული. ბოლო მონონია შეხვდა მას ეკლესიაში და ჰკითხა: „იყიდე თუ არა თვლები?“ – „ისინი მე სახლში მაქვს, – მიუგო მართალმა, – ხომ არ გსურს, ჩემთან მოხვიდე და გასინჯო? თუ მოგეწონება, წაიღე და, თუ არა, ისევ ოქრო დაიბრუნე“. მონონია სიხარულით წაჰყვა მას.
მაკარიმ შეიყვანა ის ერთ ოთახში, მაგრამ რა დაინახა მონონიამ იქ? მამაკაცნი, გლახაკნი, კოჭლნი, ბრმანი, განრღვეულნი, რომელნიც ისხდნენ სადილად და ლოცავდნენ მონონიას სახელს. დაანახვა ისინი და უთხრა მას მაკარიმ: „აი, შენი იაგუნდი“. შემდეგ მეორე ოთახში შეუძღვა. განცვიფრებული მონაზონი მდუმარედ შეჰყვა მას და დაინახა დედაკაცნი გაჭირვებულნი, ზოგი მოხუცებულობით, ზოგი ავადმყოფობით, რომლებიც ასევე სცდილობდნენ და ღმერთს სთხოვდნენ მონონიას დღეგრძელობას. მაკარიმ აჩვენა ისინი და უთხრა: „აი, შენი ზურმუხტი. როგორ ფიქრობ, არის რამე უძვირფასესი ამ თვლებზე? თუ გსურს, წაიღე ისინი, თუ არ გსურს, დამიტოვე მე და შენი ფულები შენვე წაიღე“. მონონიამ არ იცოდა, რა პასუხი გაეცა და, სირცხვილით ანთებულმა, ხმაამოუღებლად დატოვა იქაურობა. როცა მარტო დარჩა, მონონია დაფიქრდა, წარმოიდგინა მთელი თავისი ცხოვრება და ერთი კეთილი საქმე ვერ გაიხსენა, ისე შეწუხდა, რომ მწუხარების გამო ძლიერ ავად გახდა, გონებაში ეხატებოდა მას ხან სიბნელე გარესკნელისა, ხან ცეცხლი დაუშრეტელი; ხოლო უცხო ვინმე მამაკაცი დიდებით გაბრწყინებული უჩვენებდა ყოველივე ამას და ეუბნებოდა მას: „აი, საშინელებანი, რომელთაგან შეუძლია შენი ხსნა იმ იაგუნდსა და ზურმუხტს, რომელიც იყიდა შენთვის წმიდა მაკარიმ“. ამით შეშინებული მონონია თითქოს ძილისგან წამოვარდა და იგრძნო უკეთ ყოფნა. ამ დროიდან მონონია პატივს სცემდა მაკარს, როგორც თავის მფარველ ანგელოზს; გამოიცვალა ცხოვრების სახე და შეიქმნა უხვი მზრდელი ღარიბთა.
ჭეშმარიტად, ის ყიდულობს ძვირფას იაგუნდს, ვინაიდან ამ თვლებით შეიძლება ზეციური სასუფევლის მოპოვება.
„იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი (ღმერთი) მოწყალე არს“ (ლუკა 6,36).