კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ პერიოდშია უმჯობესი ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინებით, ყურძნის მოკრეფა და დაწურვა და ბოსტნეულის მიწიდან ამოღება

საქართველო ვაზის ქვეყნადაა აღიარებული და გასაკვირი სულაც არ არის, რთველს ჩვენში განსაკუთრებულ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ. შესაბამისად, ქართველი მევენახე გამოარჩევს დღეებს, როცა მოსავლის აღება იკრძალება, ან, პირიქით – კარგია. ღვინოში დაახლოებით 250 ფერმენტია, სწორად დაკრეფილ და მოწეულ-დაწურულ ყურძენს კი უდიდესი სამკურნალო ძალა და ენერგეტიკა აქვს. ამას რომ თავი დავანებოთ, გლეხები  მთელი წლის განმავლობაში თავგამოდებით შრომობენ, შეჰყურებენ ხილის მოსავალს, რომ გაწეული შრომისგან სარგებელი ნახონ. სამწუხაროდ, წლევანდელმა ამინდმა საქართველოს მთელი რიგი რეგიონების მოსახლეობას დიდი თავსატეხი გაუჩინა – ფაქტობრივად, გაუჩანაგა მოსავლის დიდი ნაწილი. მაგრამ, რაც გადარჩა, იმის დაბინავება მაინც უნდა მოვახერხოთ სწორად. სულ მალე რთველი დაიწყება და დარჩენილი მოსავლის დაკრეფა-დაბინავებაზე ფიქრიც სულ უფრო აქტიური ხდება. ხოლო, იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენას ახდენს მთვარის ფაზები მოსავლის აღებასა თუ დაბინავებაზე, ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ და ითვალისწინებდნენ კიდეც. როგორც ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი ამბობს, მთვარე მოსავლის აღებაზე, ღვინის დაწურვაზე, დალევასა და ნაბახუსევზეც კი „აგებს პასუხს“. ამიტომ, გვირჩევს, მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ მოსავლის აღება-დაბინავებას, რათა შემდგომში ბარაქაც ვნახოთ და საკუთარი ხელით მოყვანილი ყურძნითა და დაწურული ღვინითაც ვისიამოვნოთ. 

 

– მოსავლის აღება-დაბინავებით დრო დადგა. რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს მთვარის ფაზების მიხედვით?

– მთვარის ფაზები უდიდეს ზეგავლენას ახდენს მცენარეებსა და, ზოგადად, ნათესებზე. ჩვენი წინაპრები სწორედ მთვარის ფაზების მიხედვით არკვევდნენ, როდის ჯობდა თესვა, მკა, მოსავლის აღება, ყურძნის კრეფა, დაწურვა, ღვინის გადაღება და ასე შემდეგ. ბევრი ამთხვევს ყურძნის დაკრეფა-დაწურვას  მთვარის ფაზებს. ეს ცოდნა ასტროლოგიურ პრინციპს ეყრდნობა, რომელიც ბიოლოგიურ ორგანიზმებზე ციური სხეულების ზეგავლენას სწავლობს. ბიოლოგიურ ორგანიზმს კი ვეკუთვნით არა მარტო ჩვენ, ადამიანები, არამედ მცენარეებიც და, კონკრეტულ შემთხვევაში – ვაზიც.

– იქნებ, კონკრეტულად ვისაუბროთ, რა ზეგავლენას ახდენს მთვარის ფაზები ყურძნის მოსავლის აღება-დაბინავებაზე და როდის არის რთველის დაწყება სასურველი? 

– საუკუნეების განმავლობაშია შემჩნეული მცენარეების დამოკიდებულება მთვარის ფაზებზე. არსებობს მთვარის სატანური და ნეგატიური დღეები. ესენია: ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე და ოცდამეცხრე დღეები. ამ დროს მთვარიდან დედამიწაზე მოდის ნეგატიური ენერგია, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუარესების, კონფლიქტების, ავარიების, ტრავმების გახშირების ალბათობას; მკვეთრად უარესდება ადამიანის გუნება-განწყობაც. ეს, ასევე, ნეგატიურად აისახება მცენარეებზეც, რომლებიც მეტად ფაქიზები არიან მთვარის ენერგიების მიმართ. იმ დღეებში, როცა მთვარიდან მოდის ნეგატიური ენერგია, თავისთავად, ის ამ ენერგიით ავსებს ხილს, მაგალითად, ყურძენს და, ის წვენი, რომელიც გამოიყოფა მტევნიდან, გაჯერებულია მთვარის ნეგატიური ენერგიით. ამიტომ, გირჩევთ, ამ დღეებში არც დაკრიფოთ ყურძენი, არც დაწუროთ და არც შეინახოთ. სხვათა შორის, ნეგატიურ დღეეებში დაკრეფილ-დაწურული ყურძენი ადამიანის ცუდი სიმთვრალის გარანტია. ანუ, ასეთ დროს დაწურულ ღვინოში დიდი აგრესია და ნეგატიური ენერგიაა ჩადებული და, თუ მას ახალ მთვარეზე ან სატანურ დღეებში დალევთ, შესაძლოა, მთვრალმა უკონტროლო ქმედებები ჩაიდინოთ. ღვინო ადამიანში ამ დროს აგრესიას დებს და ის აუცილებლად სხვაზეც გადადის. ზოგადად, ღვინის ხარისხი, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ ამბობენ, ღვინო მცირე დოზით წამალია, დიდი დოზით კი – შხამიო. ალკოჰოლი იწვევს ადამიანის ორგანიზმში სითხის აორთქლებას და მისი მიღების შემდეგ სითხის მოთხოვნილება იზრდება. სავსემთვარეობის დროს, ადამიანის ორგანიზმში მომატებულია სითხის რაოდენობა და, ჯობია, ამ პერიოდში მიიღოთ სასმელი, რადგან, ახალმთვარეობის დღეებში ორგანიზმი ისედაც სითხის ნაკლებობას განიცდის და ალკოჰოლისგან დამატებული სითხის დეფიციტი ორგანიზმს კრიტიკულ სიტუაციაში აგდებს. ღვინო სამკურნალო თვისებებს იძენს სავსემთვარეობის დღეებში. ასევე, ყველაზე ხარისხიანი ღვინო იწურება მხოლოდ სავსემთვარეობის პერიოდში. არასასურველ დღეებში დაწურულ-დაყენებული ღვინო კი ორგანიზმისთვის არ არის კარგი. ჯობია, ყურძენი დაწუროთ, როცა მთვარე მოხვდება ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოებში, ესენია: ლომი, მშვილდოსანი და ვერძი. 

– რთველისთვის საქართველოში განსაკუთრებულად ემზადებიან და, სწორედ ეს მინდოდა მეკითხა: კონკრეტულად რომელი დღეები და პერიოდია ყურძნის კრეფისთვის კარგი და რომელი – ნეგატიური?

– სავსემთვარეობის პერიოდი ყველაზე კარგია ხილის დასაკრეფად, რადგან, ამ დროს, მთელი წვენი, რაც მცენარეშია, ღეროს გავლით თავს იყრის იმ ნაყოფში, რომელიც მიწის ზემოთაა, მაგალითად, ყურძნის, ატმის, ვაშლის, მსხლის და ასე შემდეგ. ახალმთვარეობის დროს კი, პირიქით, მთელი სითხე, ღეროს გავლით ნაყოფიდან მიდის ფესვისკენ. ამიტომ, ამ პერიოდში კარგია იმ მოსავლის აღება, რომელიც მიწის ქვემოთაა, მაგალითად, კარტოფილის, სტაფილოსი და ასე შემდეგ. ასე რომ, რთველი კარგია სავსემთვარეობის დღეებში, როცა ნაყოფი წვენითაა სავსე – ამ დროს უფრო გემრიელია, უფრო ტკბილი და სასარგებლო. ძველ საბერძნეთში, უძველესი დროიდან, 22-23 სექტემბერს, როცა მთვარე გადადის სასწორის ზოდიაქოში, იმართებოდა დიონისეს მისტერიები. დიონისე არის ღვინის ღვთაება, ამიტომ, ამ დროს რთველობას ამთხვევდნენ. საქართველოშიც, 22 სექტემბრამდეა რთველის ჩატარება, ეს კარგია, რადგან, შემდგომ პერიოდში მზე ეკვატორს გადალახავს და გადავა სამხრეთ ნახევარსფეროში, დედამიწაზე კი დაიწყება მცენარეების მიძინების პერიოდი. ჩემი აზრით, პირველად სწორედ საქართველოში დაწურეს ღვინო. ჩვენში დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება რთველს და, ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ ის ასტროლოგიური რჩევები, რომლებსაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ ჩვენი წინაპრები. ასე რომ, ზოგადად, რთველი კარგია სექტემბერში, და არა ოქტომბერში, სანამ მზე გაივლის ეკვატორს. ახლა კი, უფრო გასაგები რომ იყოს მოსახლეობისთვის, კონკრეტულად მოგახსენებთ იმ პერიოდებს, როცა კარგია, ან, პირიქით, არ ვარგა რთველის გამართვა და ყურძნის დაწურვა-დაბინავება: 24 სექტემბერს არის ახალმთვარეობა, 7 ოქტომბერს – სავსემთვარეობა, 22 ოქტომბერს – ახალმთვარეობა.          

დაწურვისათვის საუკეთესო პერიოდებია:     

მთვარე ლომის ზოდიაქოშია – 19.09.2014- 21.09.2014;  16.10.2014-18.10.2014.

მთვარე ვერძის ზოდიაქოშია – 10.09.2014- 12.09.2014; 7.10.2014-9.10.2014.  

მთვარე მშვილდოსანშია – 1.09.2014-  4.09.2014; 29.09.2014-1.10.2014; 26.10.2014- 28.10.2014.

– როდესაც ყურძენს წურავენ, მისგან დარჩენილი მასალით არაყს ხდიან. ეს რომელ პერიოდში უნდა მოხდეს?

– არავინ იცის, პირველად სად და ვინ დაწურა ღვინო, თუმცა, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს საქართველოში მოხდა, რადგან, ჩვენთან ყურძნის კულტია და ტრადიციებიც ამაზე მეტყველებს. თან, საქართველოს მართავს ლომის ზოდიაქო, ზოგადად, ეს არის ქეიფის, დროსტარებისა და მხიარულების ზოდიაქო; თან, შესაბამისად, ისეთ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, სადაც, პრაქტიკულად, ვაზის ყველა ჯიში ხარობს და, ღვინის ხარისხიც, სხვა ქვეყნებთან შედარებით საუკეთესოა. ასევე, აქვე გეტყვით, რომ, თუ საქართველოში დაიწურა პირველი ღვინო, არაყი პირველად არაბებმა გამოხადეს – სიტყვა „ალკოჰოლ“ – არაბულია. საქართველოში არაყს, ძირითადად, ხილისგან ხდიან და ის ცეცხლისა და მზის ენერგიის მატარებელია. ამიტომ, არყის გამოხდაც ჯობია მაშინ, როცა მთვარე იმყოფება ცეცხლის სტიქიებში – ლომში, მშვილდოსანში ან ვერძში. ზუსტი პერიოდები კი ზემოთ მოგახსენეთ. საერთოდ, ასტროლოგიურად, სწორად ჩაყრილი ვენახი არ საჭიროებს ქიმიკატებისა და სასუქების გამოყენებას და ხშირად მორწყვას, ამასთან, მოსავალიც უკეთესი იქნება და ღვინის ხარისხიც მოიმატებს. ზოგადად კი, ყველა მცენარეს აქვს თავისი ხასიათი და ენერგეტიკა. 

 

скачать dle 11.3