როგორი წყვილები აფორმებენ თბილისში საქორწინო ხელშეკრულებას და რა პუნქტების დაცვას ითხოვენ ქართველი დედამთილები
საქორწინო ხელშეკრულებები საქართველოშიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ქართულ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2010 წელს 7 საქორწინო ხელშეკრულება გაფორმდა, 2011 წელს – 13, 2012 წელს – 21, 2013 წელს – 32. წელს შვიდი თვის მონაცემებით, საქორწინო ხელშეკრულებების რაოდენობამ 22 შეადგინა. რას მოიცავს საქორწინო ხელშეკრულებები და რა თავისებურებით გამოირჩევა ქართული საზოგადოება ამ მხრივ, ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის წევრს, იურისტ ლელა ქავთარაძეს გავესაუბრეთ.
ლელა ქავთარაძე: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 1997 წელს მიღებულმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა გაითვალისწინა საქორწინო ხელშეკრულების ინსტიტუტი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს პირველი კონტრაქტი გაფორმდა კოდექსის მიღებიდან 10 წლის თავზე, 2007 წელს. საბჭოური ხედვით, დაუშვებელი იყო, ამ პრინციპით დარეგულირებულიყო მეუღლეთა უფლება-მოვალეობები, ქონება და ასე შემდეგ. უფრო სწორად, ფაქტობრივად, არ არსებობდა კერძო საუთრების ინსტიტუტი და, აქედან გამომდინარე, არავის უჩნდებოდა ასეთი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმების სურვილი. დღესდღეობით, საზოგადოება ყურადღებას ამახვილებს სოციალურ მხარეზე. სამწუხაროა, მაგრამ, რეალობაა, რომ ქორწინებისას აშკარად ჩანს მამაკაცების მხრიდან დაინტერესება მისი პარტნიორის ქონებრივი მდგომარეობით. საკმაოდ გაიზარდა საქორწინო ხელშეკრულებების სიხშირეც და მასშტაბებიც; წყვილებსაც მოემატათ გამბედაობა და სითამამე, რადგან, ნოტარიუსთა პალატის მონაცემებით, საქორწინო ხელშეკრულებების დადების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც სოციუმის აზროვნების განვითარებაზე მიანიშნებს. საქორწინო ხელშეკრულების დადება არ წარმოადგენს რაიმე სავალდებულო ხასიათის აქტს, მისი დადება მხარეთა თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.
– რა კატეგორიის წყვილები დებენ ხელშეკრულებებს?
– საქართველოში გაჩდნენ მდიდარი ადამიანები, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის სტაბილურობა მათთვის მეტად მნიშვნელოვანია. მათ სურთ, შეინარჩუნონ ქონებრივი უფლებები მემკვიდრეობით ან სხვა კანონიერი გზით მიღებულ ქონებაზე; მეწარმეები, რომლებსაც აქვთ მსხვილი ბიზნესი, ან პირები, რომელთაც წინა ქორწინებიდან განიცადეს ქონებრივი დანაკარგები, ცდილობენ, დაიცვან თავი ქონებრივი კრახისაგან ხელახალი დაქორწინებისას. ასეთი ხელშეკრულების დადება ბევრად მნიშვნელოვანია ისეთი კატეგორიის წყვილებისთვის, ვისაც კონკრეტული ქონება და საკუთარი შემოსავალი გააჩნია და ამ საკითხს უდგებიან უფრო გონებით, ვიდრე სულიერად; ასეთ შემთხვევაში კი საქორწინო კონტრაქტი წარმოადგენს ქონებრივი სტაბილურობის გარანტს მეუღლეთათვის. საქორწინო კონტრაქტებს ძირითადად აფორმებენ ის წყვილები, რომლებიც არიან ეგრეთ წოდებულ „ბალზაკის ასაკში”, როცა მათ საკუთარი ქონება უკვე გააჩნიათ.
– რას წარმოადგენს საქორწინო ხელშეკრულება და რას მოიცავს ის?
– საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. კანონი ქორწინებას უცილობლად უკავშირებს მისი რეგისტრაციის ფაქტს. არარეგისტრირებული კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, თუნდაც ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდეს, არ ითვლება კანონიერ ქორწინებად. საქორწინო ხელშეკრულება არის სამოქალაქო გარიგება და წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას იმისთვის, რომ მეუღლეებმა გამოავლინონ თავიანთი ნება და განსაზღვრონ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობა; კარგად აწონ-დაწონონ ყველა მოთხოვნა და სურვილი; ლოგიკურად ჩამოაყალიბონ თავიანთი მატერიალური და მორალური ვალდებულებები; სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ურთიერთობების გარდა, დამატებით ან სხვაგვარად განსაზღვრონ მათთვის ხელსაყრელი პირობები, რომლებიც, შეიძლება, ასახავდეს ქორწინების განმავლობაში არსებულ ურთიერთობებსაც და განქორწინების შემთხვევაში დავებისა და სხვა ცალკეული საკითხების მოგვარების წესსაც.
საქორწინო ხელშეკრულების არსის უფრო ნათლად გასაგებად გამოვკვეთოთ მისი ელემენტები, ესენია: 1. საქორწინო კონტრაქტის სუბიექტები: დასაქორწინებელი პირები ან მეუღლეები; 2. საქორწინო კონტრაქტის ობიექტები: ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და მოვალეობები; 3. საქორწინო კონტრაქტის მოქმედება დროში: კონტრაქტი, შესაძლოა, იყოს გარკვეული ვადით დადებული ან უვადო; ამავდროულად, კონტრაქტით ქონებრივი და არაქონებრივი უფლებანი და მოვალეობანი განისაზღვრება როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. კონტრაქტი, შესაძლოა, დაიდოს როგორც ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ, ნებისმიერ დროს. საქორწინო კონტრაქტი, რომელიც დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
ხელშეკრულების დადებისას მეუღლეებს შუძლიათ, გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება) ან/ და მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.
ხელშეკრულებით, აქვე შეიძლება იყოს გათვალისწინებული, თითოეული მეუღლის მიერ შემოსავალში მონაწილეობის პირობები, საოჯახო ხარჯების გაწევის წესები და, ასევე, თუ ვინ რა ქონებას მიიღებს განქორწინების შემდეგ. არის შემთხვევა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქმარი უცხოელია, საქორწინო კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს რელიგიურ მრწამსის პატივისცემას, შვილის გაჩენის აუცილებლობას... მე მქონდა პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც ძალიან მდიდარი არაბი დაქორწინდა ქართველ ქალბატონზე, რომელიც 40 წელს იყო მიტანებული. არაბი ქმრის მოთხოვნით, კონტრაქტის მთავარი პუნქტი იყო, რომ ქალბატონს მისთვის უნდა გაეჩინა ვაჟი, მაგრამ, ვინაიდან ქალბატონმა მკურანლობისა და ბევრი მცდელობის მიუხედავად, შვილის გაჩენა ვერ შეძლო, მათი ქორწინებაც შეწყდა და კონტრაქტიც. ეს იყო შემთხვევა, როდესაც დიდი სიყვარული საქორწინო კონტრაქტის მკაცრ მოთხოვნას შეეწირა.
– ქართული რეალობის მიხედვით, მამაკაცები უფრო არიან ინიციატორები ხელშეკრულების დადების თუ ქალები?
– ამ კითხვაზე ცოტა გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გასაფორმებლად მიდიან, მათ ეს საკითხი უკვე შეთანხმებული აქვთ ერთმანეთთან და ისე მიმართავენ იურისტს ან ნოტარიუსს, თუმცა, ინიციატორი მაინც უფრო ქალბატონები ჩანან, რადგან, შეიძლება, ქართველ მამაკაცებს აქვთ ხელშეკრულების გაფორმების სურვილი, მაგრამ, ამის დაფიქსირება უჭირთ. რაც შეეხება კონტრაქტების დარღვევას, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათი შელახული ღირსებების მიუხედავად, ქალბატონები უფრო დიდხანს ფიქრობენ ხოლმე, დაარღვიონ თუ არა ხელშეკრულება, შეწყვიტონ თუ არა კანონიერი ქორწინება მოღალატე მეუღლეებთან. კონტრაქტების დარღვევა ძირითადად ხდება მამაკაცების მოთხოვნით და მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არის ღალატი, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, თუმცა, წყვილები ამ მიზეზს ერთმანეთთან შეუთავსებლობით ნიღბავენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე სასამართლოს მიმართავს დავის გადასაწყვეტად, მაგრამ, მხარეები შერიგებულან და სასამართლოშივე დასრულებულა ნებისმიერი დავა.
– ქართული საქორწინო ხელშეკრულებები ქართული თავისებურებებით თუ გამოირჩევა?
– ქართულ საქორწინო ხელშეკრულებებში აქტუალურია დედამთილ-მამამთილის თემა; პრაქტიკაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც საქორწინო კონტრაქტის გაფორმებისას ძალიან აქტიურობენ დედამთილები. ვიცი შემთხვევა, როდესაც დედამთილი დაჟინებით ითხოვდა საკუთარი პერსონის დაფიქსირებას კონტრაქტში, რომელიც ძირითადად ქონებრივ თემაზე იყო აგებული. დედამთილის მოთხოვნით, კონტრაქტში უნდა შესულიყო პირობა, რომ მისი დედისერთა შვილი კვირაში სამ დღეს მასთან გაატარებდა; რომ რძალი პატივს სცემდა მის გატაცებებს – საუბარი იყო შინაურ ცხოველებზე, ძაღლებისა და კატების პატივისცემაზე, რომლებიც ქალბატონის სახლის ბინადრები იყვნენ. შვილმაც, დედა დააიმედა, რომ ის საქორწინო კონტრაქტში „მოხვდა”. ის ოჯახი მოგვიანებით დაინგრა და დედამთილი ითხოვდა მისი აზრით კონტრაქტში ჩადებული პუნქტების დარღვევისთვის ფინანსურ „სანქციებს” რძლის მიმართ, მაგრამ, როდესაც შეიტყო, რომ ის ნებიერა შვილმა მოატყუა, გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა. ასე რომ, საქორწინო კონტრაქტი, რა თქმა უნდა, არ არის მთავარი გარანტია იმ წყვილს შორის, რომელსაც პირად ურთიერთობაში აქვს პრობლემები – ასეთ წყვილებს კონტრაქტი ნამდვილად ვერ შველის.