რატომ დასჭირდა ირაკლი სესიაშვილს „მასკიროვკა” ფრანკფურტში და რას ვერ უვიწყებს ის ბიძინა ივანიშვილს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის შრომის წიგნაკი ადრეულ ასაკში გაიხსნა, შემდეგ იყო არასამთავრობო სექტორში გატარებული წლები, რამაც გერმანისტი, ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი პოლიტიკურ პროცესებში ჩართო. ამბობს, რომ პოლიტიკურ კარიერაზე არასდროს უფიქრია, თუმცა, დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე მყოფს, რომელსაც წელიწადში ერთხელ მაინც, სეზონურად, თავდაცვის მინისტრობასაც კი უწინასწარმეტყველებენ, თავისი ხასიათის წყალობით, ქართული პოლიტიკის რთულ ლაბირინთებში გზის გაკვლევა ნამდვილად არ უჭირს და არც ხმაურიან სკანდალებში ხვდება.
ირაკლი სესიაშვილი: პროფესიით გერმანისტი ვარ. პროფესიული არჩევანი დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე, ორი მამიდის დიდი ბიბლიოთეკის გავლენით გავაკეთე. ზოგადად, დიპლომატობა მინდოდა, მაგრამ, მაშინ ეს ფაკულტეტი ჩვენთან არ იყო, თუმცა უცხო ენის ცოდნა, რის საშუალებასაც იძლეოდა დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი, სასტარტო პირობებისთვის ურიგო არ იყო. მამიდები ექვსი წლიდან მაკითხებდნენ და მასწავლიდნენ რაღაც-რაღაცეებს, მეც მქონდა ენების შესწავლის ნიჭი და, შესაბამისად, ძალიან მარტივად ჩავაბარე; უფრო მეტიც, სტუდენტი რომ გავხდი, უკვე იმდენი ვიცოდი, პირველი ორი კურსი ზარმაცობისკენ გადავიხარე – რასაც სხვები სწავლობდნენ, მე უკვე ნასწავლი მქონდა. იმ პერიოდში ევროპისკენ „ღია” ფანჯარა იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, იენისა და დრეზდენის უნივერსიტეტები, სადაც საქართველოდან წელიწადში ორ სტუდენტს გზავნიდნენ. მე ორჯერ მომიწია გერმანიაში სასწავლებლად წასვლა, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ვსწავლობდი რვა თვის განმავლობაში და იქ, ჩემი პედაგოგის წყალობით, რომელმაც გვასწავლა პოლიტიკის ენა, უკვე გამიჩნდა ინტერესი პოლიტიკის მიმართ.
– და გაჩნდა პოლიტიკური კარიერის გეგმაც?
– არა, პოლიტიკური კარიერის გეგმა არასდროს მქონია. მოგვიანებით მე დავინტერესდი ჟურნალისტიკით და სასწავლებლად წავედი ბამბერგის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, სადაც პრაქტიკას გავდიოდი ცნობილ გერმანულ გამოცემაში და გავიარე კურსები ფრანკფურტში, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ერთ ისტორიას გავიხსენებ: სადიპლომო თემაზე ვმუშაობდით. რეპორტაჟი უნდა გაგვეკეთებინა კაიზერშტრასეზე, რომელიც ევროპაში ყველაზე ცნობილი კრიმინალური ქუჩაა – იქ კრიმინალების, მაფიოზებისა და მეძავების ბუდეა და საოცრებები ხდება – იქ გავლა არც ისე იოლია, მით უფრო – კამერით. გადაწყდა, რომ ყველაზე გაბედულებს უნდა გადაგვეღო რეპორტაჟი კაიზერშტრასეზე. ჩემს ჯგუფელებს რომ გადავხედე, ერთ რუმინელ ბიჭს ვუთხარი: აქ ჩემსა და შენზე მაგარი არავინ ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გადაღება-მეთქი. კიო, – დამეთანხმა და წავედით. ღამის თორმეტის მერე იქ ნებისმიერ ტურისტს პრობლემა ექმნება – ან კამერას წაართმევენ, ან გაძარცვავენ, ან სცემენ, მოკლედ, იქიდან მშვიდობით ვერ გამოხვალ. მთავარია, შენს ტიპაჟს იქ მოძრავი კრიმინალი შეეჩვიოს, განსხავვებული არ უნდა იყო. გავიკეთეთ „მასკიროვკა:” ჩავიცვით საშინლად; გაუპარსავებმა, გარემოს რომ შევგუებოდით, დილიდან იქაურ ფენერებთან ერთად ლუდი ვსვით. ღამის თორმეტ საათზე დავიწყეთ მოძრაობა. ერთ-ერთ ჩიხში გადავეყარეთ პოლიციელს, რომელიც თავზე წაადგა ნარკომანს. ის კოვზზე ნარკოტიკს ხარშავს, პოლიციელი რაღაცას ელაპარაკება, ნარკომანი კი ეუბნება, ცოტა ხანს თავი დამანებეო. როცა მათი კონფლიქტი დამთავრდა, მივედი პოლიციელთან, გავეცანი და ვკითხე: თუ შეიძლება, მითხარით, რაზე ეჩხუბებოდით-მეთქი. პოლიციელმა მითხრა, ვეუბნებოდი, რომ ტროტუარიდან გზაზე გადაწყობილი ფეხები აეღოო, – აი, სულ ეს იყო მათი პრობლემა (იცინის). იმ ღამეს ბოლომდე მშვიდობიანად ვერ გადავრჩით, თუმცა, კარგი რეპორტაჟი კი გამოვიტანეთ, საინტერესო ისტორიებით.
– სად გაიხსნა თქვენი შრომის წიგნაკი და რა იყო თქვენი პირველი სამსახური?
– დაახლოებით 14-15 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთი მეგობრის მამის დახმარებით, მუშაობა დავიწყეთ ხის საამქროში, ჩარჩოებს ვკრავდი. იმდენ ანაზღაურებას ვიღებდი, რაც იმ ასაკის ბიჭს სჭირდებოდა; ამ ფულით მეგობრებთან ერთად „პაეზდკაში” წასვლაც შეიძლებოდა. ჩემს გამოცდილებას სულ ვუზიარებ ჩემს უფროს შვილს – მან უნდა ნახოს, როგორ მოიპოვება ათი ლარი, რომ სხვისი ნაშოვნი ათი ლარის ფასი იცოდეს. ახლა თელავში ქარხანაში მუშად მუშაობს. პირველ დღეს რამდენჯერმე დავურეკე და მოვიკითხე. მამა, ვმუშაობ და არ მცალიაო. საღამოს მივაკითხე თუ არა, მითხრა: ოთხჯერ დედამ დამირეკა, ოთხჯერ – შენ. რას მირეკავთ, სამასი ბოთლი გავრეცხე, შტოფები დავალაგე, სტიკერები მივაკარი, თქვენი ზარებისთვის მცალიაო?! (იცინის) ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეულ ასაკში დაანახვო, რას ნიშნავს მუშაობის დაწყება პირველი საფეხურიდან. თუ ადამიანმა არ იცის მუშის პატივისცემა, თუ არ გაუკეთებია „შავი საქმე”, ვერასდროს ექნება ადეკვატური დამოკიდებულება რიგითი თანამშრომლის მიმართ. ბევრი ფიქრობს, რომ სამსახური პირდაპირ კაბინეტში უნდა დაიწყოს, მაგრამ, ეს არ არის სწორი. მე პირადად, სად არ მიმუშავია. როცა ცოლი შევირთე და ოჯახი გამიჩნდა სარჩენი, დავიწყე მუშაობა გერმანულ ჟურნალში „კაუკაზეშე პოსტ”, რომელიც თბილისში გამოიცემოდა. ჩემი ხელფასი იყო 10 მარკა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების რთული პერიოდი, პირიქით, ადამიანის ჩამოყალიბებაში ყველა პერიოდს თავისი ფასი აქვს. მოგვიანებით სამუშაოდ გადავედი გერმანელ ბიზნესმენთან, რომელსაც ბარნოვის ქუჩაზე ჰქონდა თავისი სასტუმრო და რესტორანი. იქ ვაკეთებდი ყველაფერს – ბაზარში წასვლით დაწყებული, გაყიდვების მენეჯმენტით დამთავრებული. იდეები არასდროს მაკლდა და სასტურმოს მეპატრონეს შევთავაზე პიცერიის გაკეთება; ეს პიცერია დღემდე მუშაობს და ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქში. იმ წლებში ბევრი რამ ვისწავლე, გავიცანი უამრავი სხავდასხვა ჯურის ადამიანი, რაც ყველა საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ რამეს ვიტყვი – როცა სააკაშვილის დროს ვიღაცეებს ნიშნავდნენ მინისტრებად და მოადგილეებად, ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ, მთავარი, რაც ამ პროცესში ჩანდა და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მათ არ იცოდნენ ჯარისკაცის ენა. ვინც ეს ენა არ იცის, მას ჯარისკაცებთან ურთიერთობა ვერ ექნება. იმავეს თქმა შემიძლია ყველა პროფესიაზე – სწორედ ამ ენის ცოდნაა ადამიანური ურთიერთობების მთავარი საფუძველი.
– თქვენს შრომით კარიერაში იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლითაც გაგიცნოთ საზოგადოებამ.
– „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მაშინ მივედი, როდესაც ეძებდნენ რედაქტორს ასოციაციის ჟურნალისთვის. იქ გავიცანი თინა ხიდაშელი, რომელთანაც პირველივე დღიდან მქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა და მეგობრობა. ჟურნალის რედაქტორობას მოჰყვა ჩემი აქტივობა საზოგადოებრივ ასპარეზზე. იმ პერიოდში გამიჩნდა სურვილი, დამოუკიდებლად გამეკეთებინა ორგანიზაცია; შევიკრიბეთ რამდენიმე მეგობარი და გადავწყვიტეთ, დაგვეწყო მუშაობა სამხედრო სფეროში, წვევამდელთა უფლებებზე. ამ მხრივ არანაირი აქტივობა არ არსებობდა, ოფისიც კი არ გვქონდა, მაგრამ, მაინც გავაკეთეთ პირველი პროექტი, მოვიგეთ გრანტი 6 ათასი დოლარის ოდენობით და გამოვეცით ბროშურა წვევამდელთა უფლებებზე. ჩემი ხელით მთელ საქართველოში გავავრცელე 15 ათასი ბროშურა, რომელიც მოხვდა თავდაცვის სამინისტროშიც. ამ ბროშურის გამო მე და ჩემმა მეგობრებმა მაშინდელი თავდაცვის სამინისტროს, მინისტრ ვარდიკო ნადიბაიძისა და მისი მოადგილეების დიდი რისხვა დავიმსახურეთ. პატარა საქმე ხომ არ იყო – იმ ბროშურებით ვასწავლიდით წვევამდელებს, როგორ დაეცვათ თავიანთი უფლებები. მოგვიანებით მინისტრის მოადგილის უფლებებიც ჩვენი დასაცავი გახდა, მაგრამ, მანამდე სამინისტროსთან დიდი ალიაქოთი გადავიტანეთ. მაშინ მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი.
– სამხედრო საქმე აღმოჩნდა ტრამპლინი, რომლითაც ქართული პოლიტიკისკენ გაიკაფეთ გზა?
– მე მიყვარდა და მიყვარს ეს საქმე. როდესაც ჩვენ სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვა დავიწყეთ, სამხედრო ნაწილებშიც კი არ გვიშვებდნენ, თუმცა, მალე გავხდით ამ სამხედროების ნაწილი, „შევედით” მათ ოჯახებში. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით იმ პრობლემებზე, რაზეც თავად ვერ ლაპარაკობდნენ. ჩვენ ვწერდით ჯარში არსებულ კორუფციაზე, რის გამოც ძალიან ბევრი მტერი გავიჩინეთ. ჩვენი დაცვის ერთადერთი მექანიზმი იყო აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა. 2003 წლის რევოლუციიდან ძალიან მალე, გამოვაქვეყნე „მთავარსარდლის ასი დღე”, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის” იყო საკმაოდ მძიმე და მათგან მკაცრი რეაქციაც მოჰყვა. მახსოვს, შევხვდით: მე, გიგა ბოკერია, გიორგი თარგამაძე, ნიკა რურუა, დავით დარჩიაშვილი და დავით სიხარულიძე. ამ შეხვედრას ესწრებოდა „ნატოს” წარმომადგენელიც. ცალკე შემხვდა გიგა ბოკერიაც, რომელიც ფრთხილად მომიდგა, მაგრამ, მისგან ჩანდა შემოთავაზება სახელმწიფო სამსახურში. მე შევთავაზე სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და ეს აზრი მოეწონა. ეს ერთადერთი იყო, რაზეც მე შემეძლო მუშაობა, თან, იმ პერიოდში სახალხო დამცველი იყო სოზარ სუბარი. მე დავიწყე მუშაობა მასთან სამხედრო ომბუდსმენის პოზიციაზე. უნდა მეკეთებინა ის საქმე, რაც ძალიან მიყვარდა, თუმცა, ალბათ, ერთი თვე იქნებოდა გასული, როცა მოხდა ინციდენტი, რამაც საბოლოოდ გაგვყარა მე და სახელმწიფო სამსახური. მას შემდეგ რაც ვნახე ბაჩო ახალაიას დამოკიდებულება მუხროვანის ნაწილის ჯარისკაცებთან, რის გამოც ჩვენ შორის პირველი კონფლიქტიც მოხდა, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო. მე დავხიე სამხედრო ომბუდსმენის მოწმობა და ასე დასრულდა ჩვენი მცირეხნიანი თანამშრომლობა. მოგვიანებით წავედი ჰამბურგის მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუში და ექვსი თვე დავყავი გერმანიაში, სამხედრო აკადემიაში. ეს იყო იძულებითი წასვლა, თუმცა, ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილების წლები.
– ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობთ. როგორ მოიპოვეთ მისგან ასეთი პატივი?
– კარგად მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან – მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა. მე მივდიოდი ექსტრემზე იმ მხრივ, რომ, არ ვიცოდი, ის რას აპირებდა, როგორი იყო მისი სამომავლო გეგმები. მახსოვს, ძალიან თბილად შემხვდა და ვისაუბრეთ. ამის შემდეგ ჩვენ ძალიან ექსტრემალურ ვითარებებში გვიწევდა მუშაობა. კოალიციის ჩამოყალიბებამდე სულ 4-5 ადამიანი ვიყავით და ძალიან ბევრი რამის გაკეთება გვიწევდა თითოეულს. მახსოვს, ერთხელ ვუთხარი კიდეც ბიძინა ივანიშვილს: თქვენგან ამ ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე ყველა უნივერსიტეტიდან, სადაც კი მისწავლია-მეთქი. ის მართლაც საოცარი პიროვნება და ნიჭიერი მენეჯერია.
– არაფორმალურ ვითარებაში როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ჩვენ გარკვეული თვისებებით ვგავართ ერთმანეთს – პრინციპულობა და საქმის მიმართ ალალი დამოკიდებულება მისი თვისებაცაა და ჩემიც. ხშირი კონტაქტი არ გვაქვს – მე ყოველთვის ვერიდებოდი მასთან ფამილარულ დამოკიდებულებას და ახლაც ვნახულობ მაშინ, თუ სადმე მიღებაზე შევხვდებით ერთმანეთს. მისგან ბევრი ადამიანური სიკეთე და თბილი, გულწრფელი დამოკიდებულება მახსოვს. მას ძალიან უყვარს, როცა ადამიანი ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა. იმ პერიოდში ყოველდღე ვცურავდი, მაგრამ ჩემი რეჟიმის გამო, ამას ვეღარ ვახერხებდი. სიგარეტზე მაძლევდა შენიშვნას. ვუთხარი, როგორც კი ამათ ხელისუფლებიდან გავუშვებთ, სიგარეტს თავს დავანებებ-მეთქი. სამწუხაროდ, ეს პირობა ჯერ ვერ შევასრულე (იცინის).
– იმის მიუხედავად, რომ დიდი პოლიტიკური სტაჟი არ გაქვთ, ახერხებთ, არ მოხვდეთ ხმაურიან ისტორიებსა და დაპირისპირებებში და, შესაბამისად, თქვენი იმიჯი და რეპუტაცია არასდროს დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. რა არის თქვენი „კომპასი” ქართულ პოლიტიკაში, სადაც წესები არ არსებობს?
– ძალიან მარტივი მიდგომა მაქვს: რასაც აკეთებ გულით და სამართლიანად, იქ კომპასი აღარ გჭირდება. ჩემი გზამკვლევი არის განცდა, რომ, არც ერთი სკამი და არც ერთი თანამდებობა არ არის მარადიული. როცა კაბინეტში პირველად შევედი, მაშინვე ვთქვი: „ეს სკამი არის დროებითი!” – და ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ დღემდე! ჩემთვის დისკომფორტი და ფიქრის თემა არაა, რა იქნება ხვალ; ჩემთვის მთავარია, ვაკეთო საქმე, რომელიც ვიცი, რაც შემიძლია და ეს საქმე გავაკეთო მთელი პასუხისმგებლობით. მე მაქსიმალისტი ვარ და საქმე უნდა ამოვწურო ბოლომდე – ყველაფერში ასე ვარ, ცხოვრებაშიც.
– ამ პოსტმა თქვენი ცხოვრება როგორ შეცვალა?
– გართულდა გრაფიკი, სულ გზაში ვარ. ძალიან დამღალა თბილისი-ქუთაისის გზამ (იცინის). ოჯახისგან მოწყვეტა არის კიდევ პრობლემა – ადამიანი ოჯახის გარეშე ხომ ვერ გრძნობ თავს კარგად! ზოგს ჰგონია, თუ თანამდებობის პირი ხარ, ყველაფერი აწყობილი გაქვს. ეს არაა ასე, როცა ბევრ საქმეს ხარ შეჭიდებული, ბევრ რამეს თმობ, მაგალითად, თითქმის აღარ მაქვს თავისუფალი დრო; წიგნის წაკითხვისთვის რომ ვერ ვიცლი, ესეც მაწუხებს. ხასიათი მაქვს ისეთი, არ არსებობს, რამეს ხელი მოვკიდო და ბოლომდე არ მივიყვანო. ჩემს შვილს სულ ვეუბნები, რომ მამაკაცისთვის მთავარია მოთმინება და პასუხისმგებლობა. აი, ჩემს სახლში, მაგალითად, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. ამბობენ, რომ ხელმარჯვეც ვარ. ამ ბოლო დროს სიმწვანისა და ხეების მიმართ დამეწყო გატაცება, 40-მდე ხე დავრგე, ეზოში ადგილი რომ აღარ დამრჩა, ეზოს გარეთ დავიწყე ხეების დარგვა და გამწვანება. სახლი ავაშენე, ხე დავრგე, ორი ბიჭის შემდეგ ერთი გოგო მაკლია ოჯახში და – კაცის ყველა ფუნქცია შესრულებული მექნება (იცინის).