სტალინ-ლენინობანა
ვლადიმერიდან ვლადიმირამდე
სანამ დასავლეთი შეშფოთებულია და ამ მდგომარეობაში ადევნებს თვალს, თუ როგორ იცლება სისხლისგან უკრაინის სახელმწიფო, სისხლისგან დამცლელი კი ოფიციალურ კიევს სეპარატისტებთან შუმავლობას სთავაზობს („მიმიქარავს” შექსპირის ტრაგედიები), ხოლო სრულიად დანარჩენი მსოფლიო ლამის ბირთვული ომის მოლოდინშია (თუმცა ჩვენ კი ვიცით, დასავლეთი იმდენ წითელ კოჭს გაუგორებს კრემლს, რომ ღილაკზე თითს მაინც არ დააჭერინებს), შევიტყვეთ, რომ „სპოკოინოი ნოჩი მალიში“ ტელეგადაცემას ახალი პერსონაჟი ეყოლება.
ამ ახლის ავტორი და შემქმნელი კი, არც მეტი, არც ნაკლები, პრ. ვლ. პუტინია. ეს გულისამაჩუყებელი ისტორია შემდეგნაირად დაიწყო: პროგრამის დირექტორი ალექსანდრა მიტროშენკოვა გვიამბობს, რომ „ახალ სათოჯინე პერსონაჟზე კარგა ხანია, ვმუშაობთ, ბევრი ვარიანტი გადავსინჯეთ, მაგრამ, გულახდილად გეტყვით, რომ ახალი გმირის იდეა პრეზიდენტმა შემოგვთავაზა.“
თუმცა ისტორია მაშინვე Happy End-ით არ დასრულებულა: „თავდაპირველად, ეს მოულოდნელად მოგვეჩვენა, მაგრამ, რომ დავფიქრდით, მივხვდით, რომ ათიანში იყო გარტყმული“.
ერთი სიტყვით, ახალი თოჯინა-გმირი რუსულ ეთერში ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება და აქვე გვაიმედებენ, რომ დანახვისთანავე მივხვდებით, რა კავშირი აქვს ამ ისტორიასთან რფ-ის პრეზიდენტს.
მე ვერ გეტყვით, რატომ მოჰკიდა ხელი მეთოჯინეობას პრ. პუტინმა, თუმცა ის კი აშკარაა, რომ, თუკი აქამომდე სტალინობანასაც თამაშობდა, როგორც ჩანს, აწ უკვე ლენინობანაც შეუთავსებია.