მეტალურგიული ყველი
ანუ ვაშლიანი საფრთხე
რაკი გაჭირვება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო, გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანიის გენდირექტორი, ვინმე ანდრეი კოზიცინი „ოტეჩესტვოს“ დაჰპირებია, რომ მზადაა ყველის საწარმოებლად!
თუმცა სვერდლოვსკის გუბერნატორთან შეხვედრისას თავმდაბლად გამომტყდარა: „რა თქმა უნდა, პარმეზანს ვერ გამოვუშვებთ, მაგრამ ყველების მიმართულებით ვიმუშავებთ.“ მით უფრო, რომ ქარხანა უკვე უშვებს ჩვეულებრივ ყველსო. მეტიც, სასათბურე მეურნეობის გახსნასაც აპირებენ და წელიწადში 5-6 ტონა ბოსტნეულის გამოშვებასაც (რომ დაეწიონ და გაუსწრონ აშშ-ს!).
ხოლო, ვიდრე ურალელ მეტალურგებს ყველი ამოჰყავდათ, რფ-ის ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა თანამემამულეებს აუწყა, რომ მოსკოვი გააუქმებს პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვებს, თუ ჩათვლის, რომ რუსეთის ნაციონალურ უშიშროებას სარფთხე აღარ ემუქრება.
რამეთუ ემბარგო რფ-ის პრ.-ს სწორედ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების მიზნით დაუწესებია (ვითომ პოლონური ვაშლები უქმნიდა უდიდეს საფრთხეს ამხელა ფილარმონია რუსეთის ფედერაციას?!).
თუმცა იქვე დასძენს, რომ ჯერჯერობით მთლად პიონერივით მზად არ არის, დაასახელოს პირობები, რომელთა არსებობაც გამოიწვევს იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას – ყველაფერი ჩვენს პარტნიორებზეა დამოკიდებულიო.
მართალია, ბ-ნი დვორკოვიჩი მზად არ არის პირობების ჩამოსათვლელად, მაგრამ მე მაქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ მეტალურგიულ ყველს, საბოლოოდ, მაინც პარმეზანი ურჩევნიათ! –