როგორ ითანხმებს კულტურის პალატა ვარსკვლავებს საქართველოში ჩამოსაყვანად და რა ურთიერთობა აქვს დათო ოქიტაშვილს ალა პუგაჩოვასა და ვალერი მელაძესთან
წლებია, დათო ოქიტაშვილი კულტურის სფეროში ტრიალებს და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მას წარდგენა ნაკლებად სჭირდება, თუმცა, ცოტას მაინც დავამატებ: დღეს ის საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტია და მის სახელთანაა დაკავშირებული უამრავი ვარსკვლავის ჩამოყვანა საქართველოში. როგორც თავად ამბობს, საქმიანობა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს, არ შეიძლება, ჰობის დონეზე ჩაითვალოს.
– ცოტა ხნის წინ ჩამოხვედით იტალიიდან. საქმიანი ვიზიტით გაემგზავრეთ ევროპაში თუ, უბრალოდ, ისვენებდით?
– ჩემი გამგზავრება საქმიან ვიზიტს ეხებოდა. არ მინდა ამ პროექტზე წინასწარ საუბარი, ის მომავალ წელს განხორციელდება და, შესაბამისად, ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რაღაცას იტყვის და შემდეგ არ ასრულებს. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი გამოვა და ეს იქნება საქართველოს ზეიმი.
ყოველთვის ვმუშაობ ერთი პრინციპით: საქართველოში არასდროს ჩამოვიყვან ისეთ ხელოვანს, რომელსაც არ უყვარს ჩემი ქვეყანა, ქართული კულტურა. ყოველთვის ვცდილობ, ჩამოვიყვანო ის, ვისაც უყვარს საქართველო და ჩემი ხალხი.
– როგორ ითანხმებთ ვარსკვლავებს?
– ეს დიდი ხნის შრომის შედეგი და ნდობის ფაქტორია. მიხარია, როდესაც მირეკავენ და მეკითხებიან, კულტურის პალატის პროექტია თუ არა კონკრეტული პიროვნების ჩამოყვანა, ანუ, ხალხი დაინტერესებულია ჩვენი საქმიანობით. მაგალითად, წელს, დეკემბერში, ვიღაცას ჩამოჰყავს რებსი და მთელი საქართველო ჩვენ გვირეკავს. სინამდვილეში, ეს არაა ჩვენი პროექტი, მარტო ჩვენ არ ჩამოგვყავს მუსიკოსები. გული მწყდება, როდესაც გაურკვევლობის დროს მოგვმართავენ – ვგულისხმობ იმ გარემოებას, როდესაც უნდა ჩამოსულიყო რომელიმე ვარსკვლავი და ბოლო წუთებში ვერ მოხერხდა ამ პროექტის განხორციელება. ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება, ჩვენ არ ვართ ყველაფერში ჩართული და არცაა საჭირო, ყველაფერი დათო ოქიტაშვილმა და კულტურის პალატამ გააკეთოს. ყველას აქვს იმის უფლება, რაც უყვარს იმ საქმეში იყოს ჩართული. არ შეიძლება მოსახლეობის მოტყუება და ნდობის დაკარგვა. წლებია, ჩვენ ამ ბაზარზე ვმუშაობთ და ჯერ მაყურებელი არ მოგვიტყუებია, მათთვის იმედები არ გაგვიცრუებია. ამიტომ, მსგავსი შემთხვევების დროს ჩვენ ნამდვილად არ უნდა მოგვმართონ.
– რა მოთხოვნები აქვთ ვარსკვლავებს, სანამ კონტრაქტს დათანხმდებიან?
– შავი ღვინო, ხინკალი და ხაჭაპური – მეტი აბსოლუტურად არაფერი. ყოველთვის მეკითხებიან ჰონორარს. ქართული ჰონორარი განსხვავდება იმ ანაზღაურებისგან, რასაც სხვა ქვეყნებში იღებენ. ეს არის უფრო მეგობრული ურთიერთობა. ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ქალბატონ ალასთან და ვალერი მელაძესთან – იმ ადამიანებთან, რომლებსაც სიტყვა ეთქმით შოუ-ბიზნესში. შეიძლება, მკითხოთ, რატომ ვარ მარტო რუსულ შოუ-ბიზნესზე ორიენტირებული. ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ კუთხით კარგად მუშაობს ინსთერპრომოუშენი. ისინი ჩემი მეგობრები არიან, ამიტომ, ყოველთვის შეთანხმებულად ვაკეთებთ ყველა ღონისძიებას. შოუ-ბიზნესში არის გაწერილი კანონები, რომლებსაც ვემორჩილებით. ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობთ.
– რა თანხებთანაა დაკავშირებული მომღერლების ვიზიტი საქართველოში?
– გააჩნია, ყველა მომღერალს თავისი მოთხოვნა აქვს. ვარსკვლავების ჩამოყვანა და ზოგადად ჰონორარი არის ძალიან დაბალი: 10 000, 20 000, 30 000 – გააჩნია მომღერალს.
– რომელიმე მათგანს ხომ არ დაგვიკონკრეტებდით?
– არ შეიძლება ამის თქმა, გამიბრაზდებიან. მაგალითისთვის გეტყვით ვალერი მელაძეს – მას არაფერი არ აუღია ჩვენგან.
– ვალერი მელაძე ქართველია და გასაკვირიც არაა, რომ არ აიღო თანხა. უცხოელებზე რას მეტყვით?
– ლეონიდ აგუტინისა და ანჟელიკა ვარუმის ჰონორარი ჩვენთან იყო 25 000 დოლარი, სხვა ქვეყნებში კი მათ 60 000, 50 000-ს უხდიან. ლაიმა ვაიკულეს 15 000 დოლარი გადავუხადეთ. ისეთ თანხებს მეუბნებიან, სხვა ქვეყნებში სამმაგ და ოთხმაგს რომ ითხოვენ. იმდენად უყვართ საქართველო, რომ ისინი ყველაფერზე მოდიან.
– პრივატული საღამოებისთვის თუ ჩამოგყავთ ვინმე?
– არა, მსგავს რაღაცეებს არ ვაკეთებ. მხოლოდ ერთხელ მთხოვა „სოკარმა” და დავეხმარე – დავაკავშირე სასურველ პიროვნებასთან. მსგავს საქმეებში არ ვერევი. საერთოდ, გული გვწყდება, რომ საქართველოს კულტურის პალატა მარტო კონცერტები და რუსული შოუ-ბიზნესი ჰგონიათ. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ. ახლალხან დავამთავრეთ ელისო ბოლქვაძის ფესტივალი და ვიწყებთ ლიანა ისაკაძის ღონისძიებას. სპეციალურად ამ პროექტისთვის მსოფლიოში ცნობილი 50 მუსიკოსი ჩამოდის, რომლებიც სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობა მრავალფეროვანია.
– 50 მუსიკოსს როდის უმასპინძლებს საქართველო?
– 26 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით, ეს იქნება ბათუმში მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი. 3 სექტემბერს კი თბილისში გაიმართება დასკვნითი საღამო. რაც შეეხება მუსიკოსებს, შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან, ისინი ბევრნი არიან და, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. თითოეული მათგანი გამორჩეული და ძალიან დიდი ხელოვანია. ესენი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის და ასე შემდეგ. ქალბატონ ლიანას ბევრი მეგობარი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვიყო ისეთი ფესტივალების ორგანიზატორი, როგორებიცაა ელისო ბოლქვაძის პიანისტთა კონკურსი და ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები.”
– ბათუმში როგორ ჩაიარა „სუხიშვილების” კონცერტმა?
– როგორც ყოველთვის, მაღალ დონეზე ჩატარდა. ძალიან ბევრი ტურისტი ესწრებოდა. ვფიქრობ, რომ „სუხიშვილები” საქართველოში არის სავიზიტო ბარათი. ხალხის ოვაციები და ემოცია არ წყდებოდა. „რამიშვილები,” კულტურის პალატის ინიციატივით, გავიყვანეთ რეგიონში, თუმცა, როგორც პროექტი, „სილქნეტს” ეკუთვნის. ბათუმში ორი დღე „სუხიშვილების” იყო და ორი დღე – „რამიშვილების”.
– კულტურის პალატა რას გვთავაზობს უახლოეს მომავალში?
– ჩვენ ვატარებთ კონკურსს, რომელიც მალე დაიწყება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხელოვნებათმცოდნე ნინო მეტრეველს, მასთან თანამშრომლობით ვატარებთ კონკურსს – „ქართული ჟურნალისტიკა – ქართული კულტურისათვის“. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ვინ მუშაობს ქართულ კულტურაში ჟურნალისტიკის განხრით და ვინ უწევს მას პოპულარიზაციას. ეს სფერო ძალიან არეულია და ბევრი ვერ გარკვეულა, რა ხდება კულტურის შიგნით. დაგეგმილი გვაქვს კულტურის დღეები ქვეყნის ფარგლებს გარეთ – საფრანგეთსა და აზერბაიჯანში; ამერიკაში ვგეგმავთ გამოფენას. კულტურა არამომგებიანი დარგია – ამას კარგი გაგებით ვამბობ; მას სჭირდება ხელის შეწყობდა და დახმარება.
– საქართველოში ჩამოსულ ვარსკვლავებს ჩვენი სამზარეულოს გარდა კიდევ რა იზიდავთ? ეცნობიან თუ არა ქართულ კულტურას?
– ყველაფერი მოსწონთ, გაოცებულები არიან ჩვენი სტუმართმოყვარეობით. მართლაც ზედმეტად ვიცით ქართველებმა სტუმრის პატივისცემა და ყოველთვის აღნიშნავენ ამას. ვცდილობთ, ვანახვოთ მათ ის ყველაფერი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. ყველა ჩამოსულ სტუმარს იღებს პატრიარქი. ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს ადამიანები აქედან დატვირთული ემოციებით მიდიან. ეს არაა მხოლოდ ჩემი წარმატება და ბედნიერება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ დათო ოქიტაშივილია მაგარი, არამედ, საქართველოზე საუბრობენ როგორც ულამაზესსა და საუკეთესო ქვეყანაზე. მინდა დავამატო და გავმიჯნო ერთმანეთისგან კულტურა და პოლიტიკა – კულტურა სხვა თემაა. მერე რა, რომ რუსები ჩამოგვყავს, ისინი ხელოვანები არიან, რომლებსაც გულწრფელად უყვართ ჩვენი ქვეყანა, უყვართ ქართული ხელოვნება. ჩემი სიდედრიც რუსია, ამიტომ, რა ვქნა, მოვკლა?! ბევრ ქართველს მირჩევნია. არასოდეს არ ჩამოვიყვან არც ერთ მომღერალს, რომელსაც არ უყვარს საქართველო და განსხვავებული შეხედულებები აქვს ჩემს სამშობლოზე. არც ისინი ჩამოვლენ – იციან, რომ ქართველი მაყურებელი არ მიიღებს.