კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ დაიხურა ავთო ხურციძემ ასპარეზობისას ცნობილი ბრენდების ქუდები და რაზე თქვა უარი მიზანთან ახლოს მისულმა

ავთანდილ ხურციძე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია კრივში. მან 21 წლის ასაკში დაწყებული კარიერა მიზნამდე მიიყვანა, თუმცა, მისი გზა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. უამრავი დაბრკოლება ხვდებოდა სპორტსმენს, რომელის გადაჭრაშიც არავინ ეხმარებოდა. დღეს ავთო ხურციძე ლოს-ანჯელესში იმყოფება და საქართველოს სახელით ასპარეზობს. 

ავთანდილ ხურციძე: დავიბადე ქუთაისში, ვცხოვრობდი გორაზე. დღემდე მაქვს იქ სახლი, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ. მყავს და-ძმა, ორივე დაოჯახებულია. ვსწავლობდი მე-6 საშუალო სკოლაში. სპორტზე როდესაც მივედი პატარა ვიყავი, 5 წლის. ჩემი ძმა ვარჯიშობდა კრივში და მერე მეც წამიყვანა. 12 წლისამ საერთოდ დავანებე ვარჯიშს თავი. ძალიან თავისებური ვიყავი, არ მომწონდა მწვრთნელების მითითებები, ის ვალდებულებები, რომლებიც მაშინ მქონდა. მწვრთნელი ჩემს ჭკუაზე ხომ არ ივლიდა, ამიტომაც, საერთოდ უარი ვთქვი და წამოვედი. 21 წლისამ მიზნად დავისახე, ჩემპიონი გავმხდარიყავი. დიდი შესვენება გამომივიდა, ამიტომ, შედეგისთვის რომ მიმეღწია, ბევრი ვიშრომე. 21 წლის ასაკში ყველაფერი თავიდან დავიწყე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს, მურთაზ ბებიას.

კრივში დაბრუნება რომ გადავწყვიტე, თავიდან პრობლემები მქონდა, ვგულისხმობ მწვრთნელებს – ასაკიდან გამომდინარე, არ მიმიღეს, მამაშვილურად რომ გეტყვიან, ისე მითხრეს, რომ არაფერი გამომივიდოდა და აქედან დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი: გამიჩნდა მიზანი – მჯეროდა, რომ შევძლებდი და კარგი სპორტსმენი ვიქნებოდი, ამის პოტენციალს ჩემს თავში ვხედავდი. მქონდა ცხრაწლიანი პაუზა, 12 წლის შემდეგ სახლში ვვარჯიშობდი ხოლმე. როდესაც კრივში უარი მითხრეს, დავიწყე კინგ-ბოქსში ვარჯიში. კინგ-ბოქსში გავხდი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

– როგორ მოხვდი კინგ-ბოქსიდან კრივში?

– საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა კრივში და მეც მივიღე მონაწილეობა. კინგ-ბოქსის წარმატების შემდეგ, ქუთაისელმა მწვრთნელებმა თვითონ გამოთქვეს სურვილი, რომ გავსულიყავი და მეასპარეზა და პირდაპირ კრივის ტატამზე აღმოვჩნდი. ამ ჩემპიონატზე 3 ბრძოლა მოვიგე. ამის შემდეგ კიდევ დავანებე ვარჯიშს თავი (იცინის) – კვლავ არ მომწონდა რაღაცეები

– კონკრეტულად რას გულისხმობ? უკვე რამდენი წლის იყავი კიდევ რომ შეწყვიტე ვარჯიში?

– კრივში ასპარეზობისას პრიორიტეტულია პირველი ადგილი, თუ ამ პოზიციაზე არ ხარ, არ გაქვს დაფინანსება, შეკრებებზეც არ მიჰყავხარ არავის. მე კი, როგორც სპორტსმენს, ეს მჭირდებოდა, თუმცა, მწვრთნელები ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. ამიტომ, ტყუილუბრალოდ ვარჯიშს, კვლავ წამოსვლა ვარჩიე.

– ამის შემდეგ რა მოხდა? ამერიკაში როგორ აღმოჩნდი?

– ამერიკაში გავგზავნე ჩემი ბრძოლები, რომ ენახათ. მაინტერესებდა, თუ მოვეწონებოდი, თუ დაინტერესდებოდნენ ჩემით და მიმიწვევდნენ. ეს იყო ჩემი ინიციატივა. მივიღე მოწვევა და მეც გავემგზავრე;  დებიუტიც ამერიკაში მქონდა და პირველივე ბრძოლა მოვიგე. სულ 9 ბრძოლა მქონდა და აქედან 6 წარმატებით დავასრულე. ამის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი დროებით, დასასვენებლად. უკან ვეღარ დავბრუნდი – ვიზა აღარ მომცეს და ასე დავრჩი საქართველოში.

– შემდეგ რა მოხდა? 

– ამის შემდეგ წავედი უკრაინაში, ისევ ჩემი ინიციატივით. როდესაც უკრაინაში მივდიოდი, ვფიქრობდი, რომ რაღაც განსაკუთრებული დარბაზი დამხვდებოდა, თუმცა, მსგავსი არაფერი ყოფილა, ერთ უბრალო, ჩვეულებრივ დარბაზში ვვარჯიშობდით. შეჯიბრებების შემდეგ მოვეწონე მწვრთნელს და წამიყვანა პრომოუტერთან. ერთი სიტყვით, უკრაინის „კამანდაში“ მოვხვდი.

– უკრაინის სახელით ასპარეზობდი?

– არასდროს არც ერთი ქვეყნის სახელით არ გამოვსულვარ, გარდა საქართველოსი. ნათქვამია, სადაც ჩახვალ იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიხუროო, მაგრამ, მხოლოდ ჩემი ქვეყნის ქუდი მეხურა. რადგან ქუდი ვახესენე, დავამატებ, რომ  „ნაიკის,“ „პუმასა“ და სხვა ბრენდების წარმომადგენლები მთავაზობდნენ, მათი ქუდი დამეხურა ასპარეზობისას, ფულსაც მპირდებოდნენ, მაგრამ, ყოველი ბრძოლის დროს ჩემი ქვეყნის ქუდით გამოვდიოდი, რომელზეც საქართველოს დროშა იყო გამოსახული და დღესაც ასეა.

– უკრაინაშიც და ამერიკაშიც საკუთარი სახსრებით წახვედი, ეს არ იქნებოდა მცირე თანხებთან დაკავშირებული...

– არ მინდა ამ დეტალებზე საუბარი, რომ წაიკითხავენ, იტყვიან, წუწუნებსო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მცირე თანხებთან დაკავშირებული და ძალიან რთული პერიოდიც გადავლახე. ვიდრე უკრაინული საზოგადოება გამიცნობდა და დამაფასებდა ჩემი სახსრებით მიწევდა ცხოვრება. უცხოურმა მედიამ დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერაზე – პირდაპირი ეთერით აჩვენებდნენ ბრძოლებს, რაც დამეხმარა იმაში, რომ კარგად გამიცნო საზოგადოებამ. რამდენიმე ბრძოლის შემდეგ დაინტერესდნენ კიდეც ჩემით ჟურნალისტები, მაგრამ, მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოს მხრიდან. ჩემს წარმატებებს საქართველო ყველაზე ბოლოს იგებს. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ საერთოდ არ მიცნობენ საქართველოში. როდესაც ამერიკაში გავემგზავრე, სტამბულში გადაჯდომა მქონდა, იქ მიცნეს ჟურნალისტებმა, მათ მისურვეს წარმატება და  ამაზე ლამის ვიტირე – ჩემს ქვეყანას არ გავახსენდი.

– ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოდან მხარდაჭერა არ გქონია?

– ამ მხრივ თუ გავაგრძელებთ საუბარს, მომიწევს იმის თქმა, რომ საქართველოზე გული მწყდება. სადაც არ უნდა ვიყო, ხალხისგან მხარდაჭერა სულ მაქვს, ემიგრანტები არიან თუ უბრალოდ, მოქალაქეები. მეუბნებიან, რომ ამაყობენ ჩემით და უხარიათ ჩემი წარმატებები. არ მახსოვს, საქართველოში რამე ჩაეტარებინოთ და ჩემთვისაც ეთქვათ, ან ერთ „ზბორზე” მაინც გავეშვი. არანაირი ინიციატივა არ ყოფილა არასდროს. უბრალოდ, მინდა, რომ ახალგაზრდა მოკრივეებმა გამიცნონ, რჩევები მივცე. ამერიკაში ან უკრაინაში რომ ჩავდივარ, აეროპორტიდანვე ყურადღების ცენტრში ვექცევი, ჩემს ქვეყანაში და ჩემს ქალაქში კი ისე ჩამოვდივარ, ვითომ არაფერი.

– უკრაინაში რატომ დაგბლოკეს?

– პრომოუტერთან უსიამოვნება მომივიდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, „ელიტ ბოქსის” ხელმძღვანელს, სტეფან ჩერნავეცკის შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ბოლო ბრძოლა იტალიაში უნდა გამემართა და ნაკლებად ძლიერ მოწინააღმდეგეს უნდა შევხვედროდი; თანხაც დაასახელა, რამდენს გადამიხდიდნენ. ბრძოლის მოახლოებასთან ერთად, თანხაც შეიცვალა და, ამის გამო, მოვითხოვე ბრძოლის კონტრაქტი, რომლის ჩვენებაზეც უარი განმიცხადეს. მაშინ მივხვდი, რომ მატყუებდნენ – ჩემთან უნდოდათ სიტყვიერი შეთანხმება, ბრძოლის კონტრაქტს თვითონ მოაწერდნენ ხელს, იტალიელი პრომოუტერები კი ვერაფერს მიხვდებოდნენ. მთავარი იყო, ბრძოლა ჩატარებულიყო ზედმეტი კითხვების გარეშე. ასე დაიწყო ჩემი კარიერის შეჩერება, თითქოს გამათავისუფლეს კონტრაქტიდან. ამ დროს უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი, ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ, როგორც კი ჩემმა პოპულარობამ იკლო, ყველა ჩამომშორდა და ამ პრობლემას მარტო შევრჩი. ეს საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია – კონტრაქტი ვითომ ძალაშია, მაგრამ, დარღვეულია. საქმის უფრო ჩაძიება არ ღირს, რადგან, დიდი კომპანიაა, ძალიან ძლიერი იურისტები ჰყავთ და ვერაფერს გავხდები. ერთი, რაც ვერ შეძლეს ჩემთან, ის იყო, რომ ვერ გადამაგდებინეს საქართველოს დროშა. როცა საფრანგეთში მივდიოდი, განმიცხადეს, აუცილებლად უკრაინის სახელით უნდა გავსულიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სპონსორები დაფინანსებაზე უარს იტყოდნენ. მაშინ დავაყენე საკითხი: ან გამოვიდოდი  საქართველოს ჰიმნითა და დროშით ან საერთოდ არ ვიასპარეზებდი, იმ დათმობაზე წავედი, რომ გავიტანდი უკრაინის დროშას, მაგრამ, ჰიმნი აუცილებლად ქართული იქნებოდა. ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე, შევინარჩუნე საქართველოს მოქალაქეობა, რაც მეამაყება. ჩემი ყველა ბრძოლა საქართველოს ეძღვნება. უკრაინიდან წამოსვლის შემდეგ, მსოფლიოს თითქმის ყველა ორგანიზაციას აცნობეს, რომ მე არალეგალურად ვასპარეზობდი. თუ ვინმე დაინტერესდებოდა ჩემით, ურეკადნენ და ეუბნებოდნენ, რომ მე მათი მოკრივე ვიყავი და ჩემთან მოლაპარაკება არ გაემართათ. არც ის უნდოდათ, მათთან მეასპარეზა და არც სხვაგან მაძლევდნენ ვარჯიშის საშუალებას. ერთი სიტყვით, სამი წელი მომიწია ასეთ სიტუაციაში ყოფნა. ასე გამიმეტეს, უჩემოდ მიიღეს გადაწყვეტილება. ეს იყო ძალიან დიდი განსაცდელი. ცუდია, როდესაც უსამართლობის წინაშე აღმოჩნდები, მაგრამ, დღეს ისევ ვასპარეზობ და ეს არის ჩემი გამარჯვება ამ სამწლიან ჭიდილზე.

– 35 წლის ხარ. კიდევ რამდენ ხანს აპირებ კრივში დარჩენას?

– ვფიქრობდი, რომ 35 წლამდე ვიასპარეზებდი, მაგრამ, ჯერ ბოლო მიზნამდე არ მიმიღწევია. ალბათ, სამი წელი კიდევ ვიქნები. კიდევ დამრჩა მოსაგები ბრძოლები, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვალ, ჩემი ბოლო მაინც მანდ არის. თან, უკვე ოჯახის შექმნაზეც ვფიქრობ და ქართველი ქალის გარდა ცოლად არავის მოვიყვან. მინდა დავამატო, რომ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს 5 მილიონი დოლარი მომცეს ერთ-ერთი ასპარეზობისას. ეს არის ტყუილი, ამხელა თანხა ჩემთვის არასდროს გადაუხდიათ.

 

скачать dle 11.3