როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება სიცხისგან დაუძლურებულ და გონებადაკარგულ ადამიანს და რომელი დაავადებები მწვავდება ამ პერიოდში
ევროპის მეტწილ ქვეყნებში, საგრძნობლად შეიმჩნევა ტემპერატურის მატება და, მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი. ამ მომატებული ტემპერატურის ფონზე, გაიზარდა მთელი რიგი სეზონური დაავადებების რისკიც. თუ რომელი დაავადებებია მეტად საშიში და სიცოცხლისთვის სახიფათო პაპანაქება სიცხეში და როგორ დავიცვათ თავი მათგან, ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების სამმართველოს უფროსს, ბატონ შოთა ცანავას.
შოთა ცანავა: სიცხეში, იმატა მთელი რიგი დაავადებების გავრცელების რისკმა. გარემო ტემპერატურის მატებას, მოსახლეობის ხშირად გასვლას ბუნებაში, ბანაობას და სხვა, თან სდევს ნაწლავთა ინფექციები, ასევე სხვადასხვა ცხოველისა და მწერის მიერ ადამიანის დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის საფრთხე, გულ-სისხლძარღვთა და ასე შემდეგ დაავადებების გამწვავება, ამიტომ, აუცილებელია, გაითვალისწინოთ ის რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც ამ სეზონზე უნდა დაიცვათ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა სასწორზე არ დადოთ.
სიცხეში მკვეთრად იზრდება რისკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რადგან მათი გულ-სისხლძარღვთა სისტემა იძულებულია, უფრო დიდი დატვირთვით იმუშაოს, რომ სხეული გრილად შეინარჩუნოს. საერთოდ, გარემოს მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებულ დაავადებათა რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ჩვილები და 4 წლამდე ბავშვები, 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ჭარბი წონის მქონე პირები. განსაკუთრებული ყურადღება კი, სიცხეში იმ პირებმა უნდა გამოიჩინონ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ნებისმიერ ცვლილებას, რომ საკუთარ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ შეუქმნან. ასევე, სიცხეში იზრდება ორგანიზმის გამოფიტვის და რესპირატორული პრობლემები. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ზრდის ოზონის კონცენტრაციას ატმოსფეროს ქვედა ფენებში. ოზონის არსებობა ზედა ფენებში კი აძნელებს დედამიწის ზედაპირამდე ულტრაიისფერი რადიაციის შემოღწევას, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო და საზიანოა. კონკრეტულად, ის აზიანებს ფილტვის ქსოვილს და პრობლემას უქმნის მათ, ვისაც აქვს ფილტვის პრობლემები და აწუხებს ასთმა. ორგანიზმის შესაძლებლობებს, განახორციელოს ტემპერატურის თვითრეგულაცია ექსტრემალურად ცხელი ამინდის პირობებში, ზღუდავს რამდენიმე ფაქტორი.
– რომელი ფაქტორებია ესენი და რას გვირჩევთ, რა გავითვალისწინოთ ამ დროს?
– ჰაერის მაღალი ტემპერატურა ზღუდავს და ხელს უშლის ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფასა და თერმორეგულაციას. სხვა გარემოებებს კი, რომელიც ზღუდავს თერმორეგულაციას მიეკუთვნება: ხანდაზმულობა, სიმსუქნე, ცხელება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნარკოტიკებისა და ძლიერ ალკოჰოლიანი სასმელების მიღება. გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში ნუ დაელოდებით, სანამ მოგწყურდებათ, აუცილებლად მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. თუ იცავთ სამკურნალო დიეტას, რომლის დროსაც გეკრძალებათ დიდი რაოდენობით სითხის მიღება, მიმართეთ მკურნალ ექიმს და ზუსტად დაადგინეთ, რა რაოდენობით შეგიძლიათ, დალიოთ წყალი. უარი თქვით კოფეინის შემცველ სასმელებზეც. გაზარდეთ მარილებისა და მინერალების მოხმარება, რადგან ზაფხულში ორგანიზმიდან ოფლის ჭარბ გამოყოფას, თან ახლავს მარილებისა და მინერალების ნაკლებობა. აუცილებელია დანაკარგის შევსება და საკვებ რაციონში მათი შემცველობის გაზრდა. აგრეთვე, ატარეთ ცხელი დღეების შესაფერისი, ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი, დაიხურეთ ქუდი, რომელიც დაგიცავთ გადახურებისგან. გამოიჩინეთ სიფრთხილე სიცხეში მუშაობის დროს.
– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, ზოგადად, რომელი დაავადებების დროს იკრძალება მარილის მოხმარება, რომ გავითვალისწინოთ და, ასეთ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?
– მართალია, სხვადასხვა დაავადება მარილის მოხმარებას ზღუდავს, ანუ ზოგიერთი დაავადების დროს იკრძალება ზედმეტი მარილის მიღება და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, ასეთებია, ჰიპერტონია და თირკმლის ქრონიკული დაავადებები. ასევე, თუ მიხვდით, რომ სიცხე აუტანელი ხდება და თავს შეუძლოდ გრძნობთ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ყოველგვარი აქტიური მუშაობა, მონახეთ გრილი ადგილი ან ჩრდილი და ეცადეთ, დაისვენოთ. ეს განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როცა გრძნობთ თავის ტკივილს, სისუსტეს, გონების გაფანტვას. სიცხეში, აუცილებლად უნდა ჭამოთ მსუბუქი კერძები, ხშირად იბანაოთ კონტრასტული შხაპით.
– სპეციალისტები ხშირად საუბრობენ სითბურ დაუძლურებაზე. რა სიმპტომები ახასიათებს მას და რამდენად საშიშია ის ადამიანის სიცოცხლისთვის?
– სითბური დაუძლურება ადამიანის ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა დიდი რაოდენობით სითხისა და მარილების დაკარგვაზე. ეს ხშირად ვლინდება ასაკოვნებში, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში და ცხელ გარემოში მუშაობის ან ვარჯიშის დროს. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია: ოფლიანობა, სილურჯე ანუ ციანოზი, კუნთების ფრიგიდობა, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისრევა, წნევის დაცემა. ამ დროს კანი ცივდება, პულსი ხან აჩქარებულია, ხანაც მინელებული, სუნთქვა კი ჩქარი და ზედაპირული. თუ სითბური დაუძლურებისას ადამიანს არ აღმოუჩინეთ დროული დახმარება, შესაძლოა, განვითარდეს სითბური დაკვრა. ასეთ დროს დაზარალებულს უნდა დაალევინოთ ცივი სითხეები, შემოახვიოთ ტანზე ცივ წყალში დასველებული ქსოვილი, დაუნიავოთ. სითბური დაკვრის დროს კი, აღინიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, კანი წითლდება, ხურდება, პულსი ხშირდება, ადამიანს აწუხებს ძლიერი, აუტანელი თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისრევა. ამ დროს, შესაძლოა, ადამიანს გულიც წაუვიდეს და გონება დაკარგოს. გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა და, თუ დაზარალებულს აქვს მზეზე დამწვრობის ნიშნები ან გამონაყარი, დაადეთ ცივი კომპრესი, კანი კი ლოსიონით დაუმუშავეთ. საერთოდ, ჩემი რეკომენდაციაა, თუ გადააბიჯეთ საშუალო ასაკს და ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები გაწუხებთ, ხართ ორსულად ან იტარებთ მედიკამენტურ მკურნალობის კურსს, მოერიდეთ მზეს, რადგან ამ დროს მზის მცხუნვარე სხივებისადმი მგრძნობელობა იზრდება.
– ზოგი ვერ იტანს მწველ სიცხეს და ცხვირიდან უცაბედი სისხლდენა აღენიშნება. რამდენად საშიშია ეს და როგორ გავუწიოთ ამ დროს ადამიანს პირველადი დახმარება?
– მაგალითად, თუ ბავშვმა გაიჭრა ხელი, ნატკენი ადგილი ჩამობანეთ ანტისეპტიკური საპნიანი წყლით, შემდეგ წყალბადის ზეჟანგით დაუმუშავეთ, ბოლოს იოდი ან ბრილიანტის მწვანე წაუსვით და ჭრილობა აუცილებლად დაამდება. თუ ჭრილობა ღრმაა, აჯობებს, დამუშავების შემდეგ ბაქტეროიდული პლასტირი დააკრათ. თუ ბავშვს ცხვირიდან წასკდა სისხლი, საშიში არაფერია, ეს პატარებს ხშირად ემართებათ, რაც უმეტესად ემოციების, მღელვარების, მზეზე დიდხანს ყოფნის ბრალია. ამ დროს ბავშვი დასვით და თავი წინ გადაუწიეთ, რათა სისხლი არ გადაეყლაპოს ან სასუნთქ გზებში არ გადასცდეს. ეცადეთ, არ ილაპარაკოს, არ შეისრუტოს, არ დაახველოს. შემდეგ ცხვირის კეხზე დააფინეთ ცივ წყალში დასველებული ბამბის ან ბინტის ტამპონი, შეიძლება ნაჭერში გახვეული ყინულის დადებაც. სისხლდენის შეჩერებიდან დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში, ეცადეთ, ბავშვმა ბევრი არ იმოძრაოს. იგივე რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ მოზრდილ ადამიანზეც. თუ მან გონება დაკარგა, ეს იმის ბრალია, რომ ბევრ დროს ატარებს მზეზე ან ჟანგბადით ღარიბ გარემოში. გონების დაკარგვისთანავე ის, ისე დააწვინეთ, რომ ფეხები მაღლა ჰქონდეს. ეს თავში სისხლის მოდინებას უწყობს ხელს. თავი გვერდულად დაადებინეთ, შეუხსენით ტანსაცმელი და ცივი წლით დაუზილეთ სახე, კისერი, ხელები და გულმკერდი.