ვინ დაპატიჟა ვიქტორია პლეშაკოვა ბილ კლინტონის ქალიშვილის ქორწილში და როგორ გახდა ქართველი გოგონა ცნობილი ბრენდების სახე
ვიქტორია პლეშაკოვას სამოდელო კარიერა წლების წინ თბილისში დაიწყო. 15 წლის ასაკში კი, ერთ-ერთ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, კონტრაქტით ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც დღემდე მისი კარიერა წარმატებულად გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ვიქტორია არაერთი ცნობილი ბრენდის სახე გახდა და მისი ფოტოები იბეჭდებოდა ისეთი ჟურნალებში, როგორიცაა GQ, Harper’s bazaar, Cosmopolitan და არაერთხელ გამოსულა ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე.” მშვენიერი გარეგნობის ვიქტორია ცოტა ხნის წინ დასასვენებლად თბილისში ჩამოვიდა და შემოდგომაზე კვლავ ნიუ-იორკში დაბრუნებას და კარიერის გაგრძელებას აპირებს.
ვიქტორია პლეშაკოვა: მოდელობა წლების წინ, თბილისში დავიწყე. იმ პერიოდში სხვადასხვა ჩვენებებში ვმონაწილეობდი – მაკა ასათიანთან, ავთო ცქვიტინიძესთან, მახსოვს, „თოლიას“ რეკლამაშიც გადამიღეს. ჯერ ვიყავი „ქართული მოდის სახლის“ მოდელი, შემდეგ კი კონტრაქტი სოფო ჭყონიას სააგენტოსთან „ამსასთან“ დავდე. ერთ დღეს თბილისში ჩატარდა კონკურსი „მის მეტროპოლიტენი“, რომელსაც ატარებდა ტომას ზოიმერი. ის ნიუ-იორკში ერთ-ერთი წარმატებული სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელია. კონკურსს ესწრებოდა სუპერმოდელი, რომელიც „შანელთან“ მუშაობდა და მათ ჩემზე გააკეთეს არჩევანი, გავიმარჯვე. ავიღე პრიზი – 175 ათასი დოლარი და დამიდეს კონტრაქტი ნიუ-იორკში ერთ-ერთ წარმატებულ სააგენტოსთან. იქ ჩასულს ტომას ზოიმერის ქართველი პარტნიორი გიორგი რცხილაძე დამხვდა. ასე რომ, თავიდან მარტო არ ვიყავი. 15 წელია, ნიუ-იორკში ვცხოვრობ და ვმუშაობ საკმაოდ წარმატებულად. თავიდან გარკვეული სირთულეები იყო, მაგრამ ნიუ-იორკში უკვე მომზადებული ჩავედი, რადგან ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. ნელ-ნელა დაიწყო ჩემი კარიერა. დავდიოდი ქასთინგებზე, სამუშაოზე. ჩემთვის სიახლე ყოველთვის საინტერესოა და ამიტომაც, ძალიან მომწონდა ჩემი საქმე – ის არ წარმოადგენდა სერიოზულ სირთულეს. ნიუ-იორკში ჩასვლიდან დაახლოებით, ერთ კვირაში, დავიწყე ფოტოების გადაღება, მუშაობა. 2005 წელს კი სამოდელო სააგენტომ „ელიტი“ შემომთავაზა მათთან მუშაობა, მეც მოვაწერე კონტრაქტს ხელი და მას მერე ვთანამშრომლობთ.
– ამ ხნის განმავლობაში რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სამუშაო?
– თითქმის ყველაფერი საინტერესო იყო. ამ ხნის განმავლობაში, დაახლოებით 30 ბრენდთან ვიმუშავე, რამდენიმეს სახეც ვიყავი. ესენია: „პანტინი“, „ევონი“. შარშან SATYA JEWELRY-ის სახე ვიყავი და ასევე, საქორწილო კაბების ბრენდ Demetrios სახეც. ხშირად გამოვდივარ ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე”. გოტექსი – ეს არის საცურაო კოსტიუმების საკმაოდ ცნობილი და ძალიან კარგი დიზაინერი, მის ჩვენებებზე ხშირად გამოვდივარ. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ზოგადად, საკმაოდ საინტერესო ცხოვრება მაქვს, სამუშაოს გამო ხშირად მიწევს ადგილის შეცვლა: ლონდონშიც ვიყავი, პარიზშიც, გერმანიაშიც. ასევე, ხშირად ვარ მაიამიზე, სადაც ჩვენებებზე გამოვდივარ, გადაღებები მაქვს. მიყვარს მაიამიზე ყოფნა: თან ვმუშაობ, თან ვისვენებ. ვმუშაობდი ირინა შაბაევასთან, ნეიმან მარკუსთან, მქონდა „ვალენტინოს“ ჩვენება, „შანელის“ პომადას ვუკეთებდი რეკლამას. ასევე, ვითანამშრომლე ჟურნალებთან: GQ, Harper’s bazaar, Cosmopolitan-ში „პანტინს“ ვუკეთებდი რეკლამას. ლამაზი თმა მაქვს და გადაღებებისთვის რას არ მიკეთებენ. GQ-სთვის გადაღებისას „ქელვინ ქლაინის” სამოსი მეცვა; დაიბეჭდა ჩემი ფოტოები „ნიუ-იორკ თაიმსში“. ასე რომ, ცოტ-ცოტა ყველაფერი მაქვს გაკეთებული.
– ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ ამერიკულ სატელევიზიო შოუშიც მონაწილეობდი, ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან ერთად.
– კი და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული სამუშაო. ეს იყო შარშან, სატელევიზიო პროექტი – project runway, რომლის წამყვანიც ჰაიდი კლუმია. ვიმუშავე ისეთ ადამიანებთან ერთად, როგორებიც არიან: ნინა გარსია ჟურნალ „მერი ქლერის“ დირექტორი, ასევე ძალიან ცნობილი სტილისტი – თიმ განი. მათთან მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. შოუში ცნობილი დიზაინერებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის ერთ-ერთი იყო ზექ ფოუზენი. ეს პროექტი ერთგვარი კონკურსია დიზაინერებისთვის. რეალითი შოუა, ყველანი ერთ სახლში ცხოვრობენ და მათ აძლევენ დავალებას, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულონ. ამისთვის კი ძალიან ცოტა დრო აქვთ, თან სახლში არიან ჩაკეტილები, არც ტელეფონი აქვთ, რაც კომპიუტერი, არაფერი. მე ამ შოუშო ვმონაწილოებდი როგორც მოდელი და ჩემი დიზაინერი იყო ზექ ფოუზენი. საკმაოდ რთული აღმოჩნდა. კამერებთან მუშაობა არ მიჭირს, მაგრამ ფოტოგადაღება სულ სხვაა და ეს – სულ სხვა რამ. თუმცა, პროფესიონალები მონაწილეობდნენ, ამიტომ ყველაფერს ძალიან მალე იღებდნენ. უბრალოდ, დიზაინერებისთვის იყო საგიჟეთი. ჩვენ, მოდელები მოსასინჯად მათთან სახლში მივდიოდით ცოტა ხნით და შემდეგ ისინი აგრძელებდნენ მუშაობას. ჩვენ მეხუთე ტურშიც გადავედით. ჩემმა დიზაინერმა კინაღამ გაიმარჯვა, უბრალოდ, შოუ მოულოდნელად დატოვა, გაქრა. შესაბამისად, მეც მომიწია შოუს დატოვება. მოდელი, რომელიც შოუდან ვარდება, აქვს შანსი, სხვა დიზაინერმა აირჩიოს და დააბრუნოს შოუში. ერთ-ერთმა დიზაინერმა მითხრა: როგორ მინდოდა, შოუში შენი დაბრუნება, მაგრამ ვეღარ მოხერხდაო.
– როგორია შენი გრაფიკი?
– ყოველ დილით გაღვიძებისთანავე „იმეილს” ვამოწმებ, შემდეგ მივდივარ ან ქასთინგზე, ან სამუშაოზე. 5 საათზე მუშაობას ვამთავრებ, 6 საათისთვის მივდივარ იოგაზე, ვვარჯიშობ. საღამოს მივდივარ ივენთზე, შემდეგ ვახშამზე. შაბათ-კვირას, როცა არ ვმუშაობ ქართველ მეგობრებთან ერთად ვარ. ზოგჯერ სახლში ვიკრიბებით, ვმღერით, ლექსებს ვკითხულობთ. ზოგჯერ ტყეში პიკნიკზე მივდივართ, გიტარაზე ვუკრავთ. ათასში ერთხელ შეიძლება, კლუბშიც წავიდეთ, გადაღებების მერე, ცოტათი, რომ გავერთოთ და დავისვენოთ.
– ფოტოებში ბევრ ცნობილ ადამიანთან ერთად გაქვს გადაღებული, მათ შორის არის ბილ კლინტონი, ჯესიკა პარკერი...
– ცნობილ ადამიანებს ნიუ-იორკში ბევრგან შეხვდები, ქუჩაში მოსეირნობენ ხოლმე. ვინ დიზელს ვიცნობ, მისაუბრია კიდეც მასთან, დიკაპრიოსაც ვიცნობ და მასთანაც ბევრი მისაუბრია. ვიცნობ ჯენიფერ ენისტონს, კიმ კარდაშიანს. ჯენიფერ ენისტონი ძალიან უბრალო და საყვარელია. ქუჩაში შეიძლება, ჩაგეხუტოს და გითხრას: რა კარგი, ლამაზი გოგო ხარო. როდესაც მეგობრები ივენთზე გვპატიჟებენ, იქ მოდიან ცნობილი ადამიანები. კიმ კარდაშიანსაც ივენთზე შევხვდი. რაც შეეხება სარა ჯესიკა პარკერს, მას ტანსაცმლის ბრენდი აქვს, რომელზეც ერთხელ ვიმუშავე. თვითონაც მოვიდა თავის სტუდიოში, ვიფიქრე: ვნახავ, ჩავეხუტები-მეთქი. მაგრამ, იმდენი ვიპრანჭე, ისე დავაგვიანე, რომ გამოვედი, უკვე წასული დამხვდა. შემდეგ კლინტონის ქორწილში ვნახე, ვუთხარი, მის ბრენდზე რომ ვმუშაობდი და ვერ მოვახერხე მასთან შეხვედრა. ძალიან საყვარელი და კარგი ადამიანია, სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.
– როგორ აღმოჩნდი კლინტონების ქორწილში?
– ჩემი სააგენტოს პრეზიდენტი მეგობრობს ბილ კლინტონის ოჯახთან და მასთან სახლში ხშირად გვეპატიჟებიან დაბადების დღეზე, კონცერტზე და ასე შემდეგ. თითქმის ყოველ წელს დავდივართ ერთად US open Tennis-ზე თამაშების საყურებლად. ბილ ქლინტონის შვილის ქორწილშიც ვიყავით, 30 კაცამდე იყო სტუმარი. ძალიან ლამაზ პარკში ჩატარდა, უმშვენიერეს გარემოში. ბილ კლინტონსაც ვიცნობ და ჰილარისაც, ხშირად გვისაუბრია. იციან, ქართველი რომ ვარ. ჰილარიმ, რომ გაიგო ქართველი ვიყავი, ძალიან გაუხარდა, მითხრა: ქართული ღვინო მიყვარსო. აგვისტოს ომის დროს, ჰილარი საქართველოში რომ იყო ჩამოსული, ჩვენ ქართველები ამერიკაში ძალიან ვნერვიულობდით, ყველაფერს განვიცდიდით. ჰილარი რომ ჩამოვიდა ამერიკაში, ვნახე და დიდი მადლობა გადავუხადე. ასე მითხრა: რუსეთთან ურთიერთობა ძალიან რთულია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მას რამე გავაგებინოთ, მაგრამ ეს არ არის ადვილიო. ბილ ქლინტონიც საინტერესო რაღაცეებს მიყვებოდა ხოლმე.