როგორ გათხოვდა პირველი „მის საქართველო“ ნუკა კაციტაძე მომავალი მეუღლის გაცნობიდან სამ დღეში და რატომ დაინგრა მისი ოჯახი 13 წლის შემდეგ
პირველი „მის საქართველო” ნუკა კაციტაძე დღეს უკვე სიდედრია. მისმა ქალიშვილმა, ქეთევანმა, ერთი წლის წინ დაუკავშირა თავისი ცხოვრება მსახიობ შოთა ქრისტესაშვილის ვაჟს – გიორგის. შეიძლება ითქვას, მათი ურთიერთობა სამსახურებრივი რომანით დაიწყო. ინტერვიუში ნუკამ სიამოვნებით გაიხსენა, როგორ თხოვდებოდნენ მისი თაობის გოგოები, როგორ გათხოვდა თვითონ, წლების შემდეგ კი – მისი ქალიშვილი.
ნუკა კაციტაძე: ჩვენს პერიოდში კარგად გათხოვება იყო სიყვარულით გათხოვება და კარგ, თბილისურ ოჯახში შესვლა. ადრე ითვლებოდა, რომ კარგი ოჯახი იყო ინტელიგენტების, ექიმების ოჯახები; თუ ოჯახში ერთი პროფესორი მაინც იყო, ეს უკვე იყო კარგი ვარიანტი; თუ ამას ისიც დაემატებოდა, რომ ბებია ან ბაბუა აკადემიკოსი ეყოლებოდა, ეს უკვე საუკეთესო ვარიანტი იყო. სკოლის ასაკში გოგოებს ძველი ბიჭები მოგვწონდა (იცინის). რაც უფრო მოღრეცილად იდგა ბიჭი და რაც უფრო მონგრეულად დადიოდა, მით უფრო „კარგი ტიპი” იყო ჩვენს თვალში. მერე შეიცვალა დამოკიდებულება, რადგან, ვინც ასეთს გაჰყვა იმ პერიოდში, უმრავლესობამ სისულელე ჩაიდინა – ცოტანი შერჩნენ ბოლომდე ერთმანეთს, უმეტესობას მალევე დაენგრა ოჯახი. მეც მქონდა ასეთი მომენტი – შემიყვარდა ჩემი მომავალი მეუღლე.
– გაიხსენებთ თქვენი გათხოვების ამბავს?
– მაშინ 21 წლის ვიყავი. თეატრალურ ინსტიტუტს ვამთავრებდი და ახალციხეში მქონდა გადაღება. რეზო ჩხეიძის „დონ-კიხოტს” იღებდნენ; რასკვირველია, ჩვენ, სტუდენტები, მასობრივ სცენებში ვმონაწილეობდით. ზაფხული იყო. ახალციხის გადაღებიდან მორიგი ჩამოსვლის შემდეგ, მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ ერთ-ერთ კლუბში. მაშინ, ძირითადად, ოჯახებში ვიკრიბებოდით, არ იყო ამდენი რესტორნები და კაფეები. სწორედ ამ კლუბში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც იმ დღეს შეყვარებულთან ერთად იყო მოსული. ბევრნი ვიყავით, ალბათ, 25 გოგო-ბიჭი. იქ გავიცანი და, მოხდა ისე, რომ სამ დღეში გავყევი ცოლად. ძალიან მომხიბლა: არაჩვეულებრივი მოსაუბრე იყო, უაღრესად სიმპათიური, ჩემზე 15 წლით უფროსი, საოცარი იუმორის გრძნობით. მაშინ რაღაც წრე იყო ხოლმე მოდაში, მაგალითად, გოგა ფიფიას წრე, ზურა ყიფშიძის, კოტე ყუბანეიშვილის და, ყველას იქ უნდოდა მოხვედრა, იმიტომ, რომ კარგ დროს ატარებდნენ, არაფერს იკლებდნენ. ამ წრეში იყო ჩემი მეუღლეც.
– არადა, მსმენია, რომ თითქოს თქვენი მეუღლე კანონერი ქურდი იყო.
– არა, ჩემი მეუღლე არასდროს ყოფილა კანონიერი ქურდი, უბრალოდ, მეგობრები ამ წრიდანაც ჰყავდა, ისევე, როგორც მეგობრობდა მინისტრებთან, მსახიობებთან, რეჟისორებთან, მხატვრებთან და ასე შემდეგ. იყო ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი, ბავშვთან – ბავშვი და მოხუცთან – მოხუცი.
– მალევე დაშორდით?
– არა, ჩვენ 13 წელი ვიყავით ერთად. ჯერ თბილისში, შემდეგ კი მოსკოვში ვცხოვრობდით. გაიარა დრომ და, ალბათ, ჩვენი სიყვარულიც გაქრა.
– როცა ცოლად გაყევით, უკვე იყავით „მის საქართველო”?
– დიახ, უკვე ვიყავი „მის საქართველო”.
– გაშორდით და კვლავ თბილისში დაბრუნდით?
– დავბრუნდი და ბავშვებიც გადმოვიყვანე ქართულ სკოლაში. რასაკვირველია, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. იმ პერიოდში ჩამოვედით, როცა საერთოდ არ იყო არც სინათლე და არც გაზი. უკვე ყველას ჰქონდა რაღაცეები ნაყიდი „კომფორტისთვის” და ჩემმა მეზობლებმა ეს „კომფორტი” გამინაწილეს. ქეთიმ, ჩემმა ქალიშვილმა, სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. ლადო რომ გაიზარდა, მოსკოვში გავუშვი მამამისთან. იქ დაამთავრა სკოლა, მერე კი – სურიკოვის სასწავლებელი, მხატვარია.
– ამჟამად რა სფეროში მოღვაწეობს ლადო?
– ახლა დიზაინისა და ბიზნესის სფეროშია; პარალელურად რაღაც გადაღებები აქვს, როგორც კინოს მხატვარს. ძალიან ამაყი ვარ, რადგან, მითხრა, რომ დღეს მე ვარჩენ მამაჩემსო.
– ახლა რამდენი წლის არიან თქვენი შვილები?
– ლადო 24 წლისაა, ქეთი 27 ხდება. ერთი წელია, რაც გათხოვდა და მშვენივრად მოვირგე სიდედრის როლი. ძალიან საყვარელი ყოფილა სიძე.
– ალბათ, ძალიან მაგარი შეგრძნებაა, სიდედრი „მის საქართველო” რომ გეყოლება...
– სიდედრებზე ბევრ რამეს ყვებიან, იცინიან...
ჩემი შვილი ძალიან უცნაური გოგო იყო. ყველა მშობელი სახლში რომ ეძახდა გოგოებს – ჩქარა მოდითო, ქეთის იმას ვეხვეწებოდი, სახლიდან გასულიყო. რომ წავიდოდა კლუბში მეგობრებთან ერთად 12 საათზე, პირველის ნახევარზე უკვე სახლში ბრუნდებოდა. ვეუბნებოდი, შენს ასაკში, ჩემს დროს, დისკოთეკა რომ ყოფილიყო, ვერ გამომათრევდნენ იქიდან და შენ რა გჭირს-მეთქი.
– ასეთი ხასიათის ფონზე როგორი შეყვარებული იყო?
– ერთხელ ვიღაცამ მითხრა, სიძე ძალიან არ გეყვარებაო და, ვფიქრობდი, ქეთი რომ გათხოვდეს და სიძე რომ არ შემიყვარდეს, რა მეშველება-მეთქი – წინასაწარ ვნერვიულობდი. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი ცოლად აუცილებლად ცისფერთვალებას გაჰყვებოდა, იმიტომ, რომ მამამისს აქვს ცისფერი თვალები და ქეთი მამამისზე აფრენს. ქეთი ონკოლოგიურში მუშაობს და სწორედ იქ გაიცნო გიორგი.
– მათ ქორწილზეც მიამბეთ.
– არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს გიორგის. ჯერ მოვაწყვეთ ნიშნობა. მე არ მქონდა ნიშნობა და ქორწილი და, მინდოდა, ჩემს შვილს ჰქონოდა; მერე იყო ქორწილისთვის მზადება – კაბა, ყვავილები, მუსიკა, სუფრის მენიუ და სხვა. ქორწილი გადავიხადეთ თბილისის ზღვის კლუბში. ყველაფერმა ძალიან ლამაზად ჩაიარა. ქეთი და გიორგი აფრიანი ნავით მოვიდნენ, ქორწილზე ქეთის მამაც ჩამოვიდა. ყველა ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა. შემდეგ საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ.
– ერთწლიანი გამოცდილების შემდეგ რა დასკვნას გააკეთებთ, როგორი ყოფილა სიდედრობა?
– ძალიან კარგი ყოფილა სიდედრობა, არაჩვეულებრივი სიძე მყავს. საერთოდ, ნათქვამია, სიძე და რძალი ძალიან არ უნდა აქოო, მაგრამ, არ შემიძლია (იცინის)... ღმერთმა მაჩუქა ეს ადამიანი – წყნარი, მშვიდი, არაჩვეულებრივი პროფესიონალი, ცისფერთვალება, მოსიყვარულე.... მგონი, მეც არ უნდა ვიყო ცუდი სიდედრი. ერთი სიტყვით, ბედნიერი დედა და ბედნიერი სიდედრი ვარ.