კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გულის სიღრმეში, თამარს ეწყინა მერაბის ასეთი პასუხი. მაგრამ არ შეიმჩნია, გაუღიმა და უთხრა:

– თუ ასეა, წავედით. დრო არ ითმენს.

მერაბს არ გამოპარვია თამარის განწყობა. მანქანა ადგილიდან დაძრა და უთხრა:

– ნუ მიწყენ, თამარ. ხვალ, როგორც კი გავთავისუფლდები, სახლში მოგაკითხავ. ქალბატონ მართასაც მოვინახულებ და საერთოდ, საქმე მაქვს.

– რა საქმე?

– ამას ხვალ გეტყვი. ახლა კი ყველა საქმე გადავდოთ და სოჩაში გავემგზავროთ.

ლამაზმა წყვილმა ერთი საათი ისეირნა სოჭში და ღია კაფეში ნაყინიც მიირთვეს. თორმეტის ნახევარზე მერაბმა თამარი სახლში მიიყვანა და ასთამურთან დაბრუნდა.

მასპინძელმა სტუმარს გაშლილი სუფრა დაახვედრა. ივახშმეს. სამ-სამი ჭიქა ღვინოც დალიეს და მერაბმა ასთამურს უთხრა:

– ძია ასთამურ, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.

– გისმენ, შვილო.

– ხვალ ქალბატონ მართას თამარის ხელი უნდა ვთხოვო და წამომყვებით?

– რა თქმა უნდა, წამოგყვები, – სიხარულით მიუგო მაიორს გოლიათმა მეტყევემ, ღვინით სავსე ჭიქა ასწია და თქვა:

– შენი და თამარის სიყვარულს გაუმარჯოს! ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ.

დილით, მერაბმა გულბათს მიაკითხა სახლში და მილიციელები სოხუმში გაემგზავრნენ.

 – აღარ მეტყვი, მერაბ, რას მიპირებ? – გაუღიმა მარგიანმა მაიორს.

– გაგრასა და გაგრის რაიონში შენ და შენს ბიჭებს მილიციის უფროსზე მეტი უფლებამოსილება და გავლენა გექნებათ, – აუხსნა მერაბმა გულბათს და გააგრძელა, – თქვენი კურატორი სოხუმში იჯდება. ის კი მხოლოდ ჩემ წინაშეა ანგარიშვალდებული.

– ესე იგი, მხოლოდ თბილისს დავემორჩილებით?

– ფორმალურად, არა მხოლოდ თბილისს, ფაქტობრივად კი – მხოლოდ თბილისს.

– რა უნდა გავაკეთოთ?

– განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა ჯგუფებთან ბრძოლა, ბანდიტებთან და ყაჩაღებთან, ნარკოტიკებით მოვაჭრეებთან, ავტორიტეტული ქურდების ჯგუფებთან... ერთი სიტყვით, სამი ან მეტი ადამიანის ჯგუფი თუ შენდამი რწმუნებულ ტერიტორიაზე მსგავს დანაშაულს ჩაიდენს, უნდა ამხილო და დააპატიმრო. უკეთესი იქნება, თუკი დანაშაულის პრევენციას მოახდენ.

– პრევენცია რას ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ აზრს ვხვდები. თუ დანაშაულს არ ჩავადენინებ, ხომ?

– კი, მასეა, – დაუდასტურა მერაბმა, – მოკლე მონახაზს მოგცემ და შენ თვითონ განავრცე. უნდა გყავდეს საზრიანი გამომძიებლები და ყოჩაღი, დაუზარელი ოპერები. გაითვალისწინე, რომ შენმა ოპერებმა თვალდახუჭულებმა უნდა იცოდნენ თქვენდამი რწმუნებული ტერიტორიის ყველა წერტილი და შავ სამყაროს ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ. ანუ, შენნაირი ოპერები უნდა შეკრიბო. ამ საქმეში ერთ-ერთ მთავარ როლს აგენტურული ქსელი თამაშობს და განსაკუთრებით გაითვალისწინე ეს. მაგრამ, გაფრთხილებ, რომ ამ ქსელში მოზარდებისა და პატიოსანი ხალხის ჩაბმაზე არც კი იფიქრო. ასეთი კატეგორიის ადამიანებისგან ინფორმაციის მიღებას არ გიკრძალავ, მაგრამ, მათ, როგორც აგენტებს, ისე ნუ მიუდგები.

– გასაგებია, მერაბ.

– განსაკუთრებით ძვირფასი აგენტებისთვის სპეციალური ფონდი გექნება და საჭიროების შემთხვევაში, ფულს გადაუხდი მათ.

– გასაგებია.

– ჩვენს საქმიანობაში უფრო მნიშვნელოვანი დანაშაულის პრევენციაა, ვიდრე უკვე მომხდარი დანაშაულის გახსნა და ამ კუთხით განსაკუთრებით ინტენსიურად იმუშავე. ეცადე, რომ ყველა შემოსული ინფორმაციიდან სწორი დასკვნები გააკეთა და მოსალოდნელი დანაშაული ჩანასახშივე აღკვეთო.

– გასაგებია.

– ახლა, თვით დანაშაულზე ვილაპარაკოთ. ვთქვათ, მოხდა მძიმე დანაშაული, მაგრამ თავიდან არ იკვეთება, ის ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი თუ არა. ამიტომ, ყველა მსგავსი ფაქტი მოინიშნე, კონტროლზე აიყვანე და თუკი ორგანიზებულობის ნიშნები გამოიკვეთება, მაშინვე ჩაერთე. ზოგადად კი, რაც მეტი დანაშაული გექნება კონტროლზე აყვანილი, მით უფრო გაგიადვილდება მუშაობა.

– გასაგებია, მერაბ.

– ახლა კადრების შესახებ გეტყვი. პროფესიონალიზმის გარდა, ისეთი ხალხი უნდა შეარჩიო, რომ ლაყბობა არ უყვარდეს და ენაზე კბილის დაჭერა შეეძლოს. თვით ჩვენს კოლეგებთანაც კი არ არის საჭირო საკუთარ საქმიანობაზე ლაპარაკი. ჩვენი სპეციფიკა ისეთია, რომ ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ინფორმაციის გაჟონვამაც კი, შეიძლება ჩაგვიფუშოს საქმე. ამიტომ, ესეც გაითვალისწინე.

– გავითვალისწინებ.

– რაც შეეხება უზრუნველყოფას, ტრანსპორტსა და ტექნიკურ საშუალებებს, სულ ახალთახალს მიიღებთ და ეს ორ კვირას არ გადასცდება. შეიარაღება გაქვთ და თუ დაგჭირდათ, დაგიმატებთ. აგენტურულ ქსელთან სამუშაო ფულის რაოდენობას დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე გამოგიგზავნი. ახლა ხელფასები: ხელფასები, დადგენილი ტარიფებით, იგივე გექნებათ, რადგან ასე გადაწყვიტა საკავშირო მინისტრმა. იმიტომ, რომ სხვა განყოფილებები არ განაწყენდნენ. სამაგიეროდ, პრემიები დაგირიგდებათ ყოველთვიურად და ფაქტობრივად, ორმაგ ხელფასს აიღებთ. მაგრამ, ჩემო გულბათ, თავდაუზოგავად უნდა იმუშაოთ.

– თავს არ დავზოგავ, ჩემო მერაბ და ისეთ ბიჭებს შევკრებ, თავს რომ არ შეირცხვენენ.

– მე მჯერა შენი, – უთხრა გულბათს მერაბმა და თან, ჰკითხა, – ჰო, მართლა. ტიტე კალანდიას საქმეში ახალი ხომ არაფერია

– ჯერჯერობით არაფერი. ნესტორი და მისი ბიჭები დღე-ღამეს ასწორებენ, მაგრამ ვერავისზე გავიდნენ.

– არც სერგის საქმეშია წინსვლა. ვალიკო ჟღენტიც ინტენსიურად მუშაობს, მაგრამ უშედეგოდ.

– რუზგენ ჩოჩიანი და დაურ ბუთბა რომ ციხიდან გაიქცნენ, გეცოდინება, ალბათ, – უთხრა გულბათმა მერაბს.

– კი. ვიცი.

– გამორიცხული არ არის, რომ დაური აფხაზეთში გამოჩნდეს და ყურადღებით ვართ. ნურც ჩოჩიანის გამოჩენას გამორიცხავ აქ და საერთოდ, შეიძლება, ერთიც და მეორეც ჩვენი კომპეტენციის სფეროში შემოვიდნენ.

– შენი აზრით, ბუთბა და ჩოჩიანი ორგანიზებულ დანაშაულში არიან ჩართულები? – იკითხა მარგიანმა და თავადვე უპასუხა, – ჩოჩიანი არ მგონია, მაგრამ დაური, შეიძლება. მას რამდენიმე ჯგუფური ყაჩაღობა აქვს ჩადენილი.

– ჩოჩიანსაც მდიდარი ბიოგრაფია აქვს. ერთი სიტყვით, ყურადღებით იყავი.

– კარგი. გასაგებია.

– ცხრას თხუთმეტი წუთი აკლდა, მერაბმა რომ „ვოლგა“ სამინისტროსთან გააჩერა და გულბათთან ერთად შენობაში შევიდა. მარგიანი კართან შეყოვნდა და ხუთიოდე მეტრით ჩამორჩა გამრეკელს. მინისტრი ფოიეში ელოდებოდა მერაბს. შეეგება და ხელი ჩამოართვა. გულბათი რომ დაინახა, კოპები შეკრა და ჰკითხა:

– რისთვის გარჯილხართ, კაპიტანო, რამე საქმე გაქვთ აქ?

შემცბარმა გულბათმა მერაბს შეხედა. გამრეკელმა კი მინისტრს უთხრა:

– ამხანაგო გენერალო, კაპიტანი გულბათ მარგიანი თათბირზე დასასწრებად მოვიდა.

– კაპიტანი – თათბირზე? კი, მაგრამ რატომ?

– ამხანაგო გენერალო, მოგახსენებთ, რომ კაპიტანი გულბათ მარგიანი, ჩვენი ახალი განყოფილების გაგრის ქვედანაყოფს უხელმძღვანელებს, – მშვიდი, ოფიციალური ხმით აუწყა მერაბმა მინისტრს.

გენერალს გულბათისთვის არც კი შეუხედავს. გამრეკელი გვერდით გაიხმო და უთხრა:

– მერაბ, ჩემო კარგო, მარგიანის ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა არ შეიძლება.

– რატომ, ამხანაგო გენერალო?

– გაუწონასწორებელია. თანაც, არც გონება უჭრის მაინცდამაინც, – გაეცინა მინისტრს, –  მე მესმის შენი. ღირსეულმა კაცმა გთხოვა, ალბათ, მისი დაწინაურება, მაგრამ გარწმუნებ, ამის გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება.

მერაბ გამრეკელი მშვენივრად მიხვდა მინისტრის მინიშნებას. გენერალი ასთამურ შამბას გულისხმობდა პროტექტორში, მაგრამ დააზუსტა:

– ვის გულისხმობთ, ამხანაგო გენერალო. ვის უნდა ეთხოვა ჩემთვის ეს?

– ჩემთან დასამალი რა გაქვს, მერაბ, – მინისტრმა მხარზე მეგობრულად მოუთათუნა ხელი, – ერთ დიდ საქმეს ვემსახურებით ორივე. სწორედ ამ საქმის სასიკეთოდ გირჩევ, რომ გადაიფიქრო და სხვა არჩევანი გააკეთო.

– ბოდიშს გიხდით, ამხანაგო გენერალო, მაგრამ მაინც ვინ მიგაჩნიათ კაპიტან გულბათ მარგიანის პროტექტორად? – ჰკითხა მერაბმა მინისტრს.

– ასთამურ შამბა. მოკლული სერგი შამბას მამა. მარგიანი მისი ნათლულია, შენ კი მისი სტუმარი, – დააკონკრეტა გენერალმა და დაამატა, – სხვათა შორის, მარგიანის ბრალია, საცოდავი სერგი რომ მოკლეს. მიატოვა ქუჩაში და თვითონ სახლში შევარდა. შემდეგ ისტერიკა მოაწყო. მიწას თავი ურტყა, მაგრამ მოკლული მილიციელი ვეღარ გაცოცხლდებოდა.

მინისტრი გენერლის სიტყვები მერაბ გამრეკელმა უკიდურეს უსამართლობად მიიჩნია და სურვილი გაუჩნდა, სილა გაეწნა მისთვის. მაგრამ, არ შეიმჩნია და გენერალი კულტურულად გალანძღა: – ცდებით, ამხანაგო მინისტრო. ძია ასთამური ღირსეული კაცია და ასეთ რამეს არასოდეს იკადრებს. მას ჩემთვის მსგავსი არაფერი უთქვამს. მილიციის კაპიტანი გულბათ მარგიანი კი გამორჩეული ოპერმუშაკია და არაერთი რთული დავალება აქვს შესრულებული. ვერც მის დაბალ გონიერებაში დაგეთანხმებით. მე საგულდაგულოდ გავეცანი მის პირად საქმეს და გადაწყვეტილება საფუძვლიანი განსჯის შედეგად მივიღე.

აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არ იყო ჩვეული ასეთ ალიყურებს თავისზე დაბალჩინოსანი კოლეგებისგან. მერაბის ადგილზე რომ სხვა ყოფილიყო, გენერალი მეხივით დაატყდებოდა გაკადინერებულ კოლეგას. გამრეკელთან კონფლიქტისგან კი თავი შეიკავა. თუმცა, ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მერაბს გაუღიმა და უთხრა:

– კეთილი, მაიორო. თქვენი საქმე თქვენ იცით. მობრძანდით. ხალხი უკვე შეიკრიბა ჩემს კაბინეტში და გელოდებიან.

მერაბმა გულბათს დაუძახა და ისინი ერთად გაემართნენ მინისტრის კაბინეტისკენ. გენერალი კი მაჩანჩალა ადიუტანტივით უკან აედევნა მათ და გულში მერაბზე ბრაზობდა, აგინებდა.

თათბირი ოთხ საათს გაგრძელდა. მერაბმა რომ ყველა საკითხი ამოწურა და თავისი განყოფილების აფხაზეთის სტრუქტურებიც დააკომპლექტა, თავის ახალ თანამშრომლებს წარმატება უსურვა, გამოემშვიდობა მათ და გულბათთან ერთად, გაგრისკენ გაემგზავრა.

– გამლანძღა, ხომ, მინისტრმა? – ჰკითხა მერაბს გულბათმა, როდესაც მაიორმა „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა.

– მასე რატომ ფიქრობ? – კითხვითვე უპასუხა მერაბმა.

– მაგას რა დიდი მიხვედრა უნდა, მერაბ. ზედაც არ შემომხედა. შენ გვერდზე გაგიყვანა და გელაპარაკა. რაო, რა გითხრა, მაინც? მითხარი, ძმობას გაფიცებ. არ დანიშნოო, ხომ?

– სხვა კანდიდატურა ჰყოლია შერჩეული გენერალს გაგრაში.

– მაინც ვინ?

– არ მიკითხავს და არც მას უთქვამს. რომ ვუთხარი, გაგრაში მარგიანი იქნება-მეთქი, გაჩუმდა.

– იმდენი შენ რა გითხარი, მერაბ, – გაეცინა გულბათს, – მაინც ვერ ვხვდები, რას მერჩის ეს კაცი.

– გეყოფა. სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, – უთხრა მერაბმა მარგიანს.

– რაზე ვილაპარაკოთ მეტი?

– თუნდაც, ის მომიყევი, თუ როგორ გადაარჩინე სერგის ცემისგან ნესტორ პესკასელი.

– ძლივს, ძლივს გადავარჩინე ნესტორი. სერგიმ რომ საყელოში ჩაავლო მარცხენა ხელი, თითქმის ნახევარი მეტრით მოწყვიტა იატაკს. ბურთივით გატყორცნიდა, მე რომ წელზე არ ჩამოვკიდებოდი საცოდავ ნესტორს. შემეცოდა პესკასელი, თორემ ღირსი ნამდვილად იყო. სერგის თავზე არ უნდა გადახტომოდა და მის გარეშე არ უნდა მისულიყო თამარის ხელის სათხოვნელად.

– არ გაუმართლა ნესტორს, – გაეცინა მერაბ გამრეკელს, – დღეს მე უნდა ვცადო ბედი.

– რა ბედი უნდა სცადო? – ვერ მიხვდა გულბათი.

– თამარის ხელი უნდა ვთხოვო ქალბატონ მართას.

– მართლა? – გაუხარდა გულბათს, – გილოცავ, ძმაო. ქორწილი არ გამომაპარო.

– თუ ქორწილამდე მივიდა საქმე, მაშინ შენ და ლონდა დაპატიჟებულები ხართ.

გულბათ მარგიანი გაგრის მილიციასთან ჩავიდა და სანამ მერაბს დაემშვიდობებოდა, უთხრა:

– ჩვენი იმედი გქონდეს, მერაბ. მე და ჩემი ბიჭები თავს არ დავზოგავთ და არ შეგარცხვენთ.

– აბა, თქვენ იცით. წარმატებებს გისურვებთ.

– ქორწილში მოვილხენთ, – თქვა გულბათმა და მერაბს გადაეხვია, – ახლა კი წავედი. ნახვამდის.

– ნახვამდის, – დაემშვიდობა მერაბიც და გულბათი დინჯი ნაბიჯით, უკანმოუხედავად შევიდა გაგრის მილიციის შენობაში, რომ ახალი მოვალეობის შესრულებას შედგომოდა. მერაბი კი „ვოლგაში“ ჩაჯდა და ასთამურის სახლისკენ გაემართა.

გოლიათი მეტყევე საზეიმოდ გამოწყობილი დახვდა შვილობილს, ღია ფერის პერანგსა და პიჯაკში. წვერი მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი. შვილის დაღუპვის შემდეგ, ასთამურმა პირველად გაიხადა შავები, რადგან მიაჩნდა, რომ ნიშნობაზე შავი სამოსით მისვლა შეუფერებელი საქციელი იყო.

– ხომ არ ღელავ, შვილო? – ჰკითხა მასპინძელმა მერაბს.

– რა დაგიმალოთ და ცოტას – კი.

– ყველფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თამარს დანიშნავ და მალე ქორწილიც გექნებათ.

– შენს პირს შაქარი, ძია ასთამურ, – მიუგო მერაბმა მამობილს.

მაიორი ლამაზად გამოეწყო და ასთამურთან ერთად, „ვოლგით“ გაემართა თამარის ხელის სათხოვნელად.

მართა დედაშვილურად შეეგება მერაბს. თბილად მოიკითხა და სტუმრები გაშლილ სუფრასთან მიიპატიჟა, რომელსაც ჩიტის რძეც არ აკლდა. სულ მალე ლია და მერაბ მხეიძეც მოვიდნენ. მაიორი მიხვდა, რომ ყველამ იცოდა, რა საქმისთვის იყო მისული ის ანჩაბაძეებთან.

სუფრას ასთამური თამადობდა. პირველ ალავერდს რომ მაიორთან გადავიდა, მერაბი ფეხზე წამოდგა და დიასახლისს მიმართა:

– ქალბატონო მართა, არ მინდა, ნასვამმა ვთქვა ჩემი სათქმელი. ამიტომ ჯერ ვიტყვი, შემდეგ დავლევ.

– თქვი, შვილო. ყურადღებით გისმენ, – გაუღიმა მართამ მაიორს. თამარი კი თავჩაღუნული იჯდა და ნერვიულად აწვალებდა ბრილიანტისთვლიან ბეჭედს, რომელიც მერაბმა აჩუქა გაგრის რკინიგზის სადგურზე.

– ქალბატონო მართა, თამარის ხელს გთხოვთ და მინდა, ცოლად გამატანოთ, თუ, რა თქმა უნდა, თამარიც თანახმაა, – თქვა მერაბმა და მართას გაუღიმა. შემდეგ თავჩაღუნულ თამარს გახედა და კვლავ მართას მიაპყრო მზერა.

– ღირსეული ვაჟკაცი ხარ და დასაწუნი არაფერი გაქვს. მე თანახმა ვარ და სიტყვა თამარზეა, – მიუგო მართამ მერაბ გამრეკელს და თავის ქალიშვილს მიუბრუნდა:

– რას იტყვი, თამარ. შენს პასუხს ველოდებით.

თამარმა თავი ასწია. ფეხზე წამოდგა და თვალებგაბრწყინებულმა მტკიცედ თქვა:

– მეც თანახმა ვარ!

ლიამ და მერაბ მხეიძემ სიხარულით ტაში შემოჰკრეს. მერაბ გამრეკელმა კი ჯიბიდან ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული ნიშნობის ბეჭედი ამოიღო და თამარს თითზე გაუკეთა, შუბლზე აკოცა საცოლეს და თქვა:

– ახლა კი ალავერდსაც დავლევ.

მაიორის გასაოცრად, ასთამურ შამბა საკმაოდ მხიარული და ენამოსწრებული ადამიანი აღმოჩნდა. მან ისე წარმართა სუფრა, რომ წამითაც არავის მოუწყენია. ანჩაბაძეების სახლში დიდი ხნის წინ მივიწყებული მხიარულება სუფევდა.

– შენ შემოგევლე, ჩემო ასთამურ, – მიეფერა მართა ბიძაშვილს, – ასეთს რომ გიყურებ, გულს უხარია. ჩემს სახლში ბედნიერება დაბრუნდა.

შუა ქეიფის დროს გაირკვა, რომ ლია და მერაბ მხეიძეც დაქორწინებას აპირებდნენ და სუფრა კიდევ უფრო მეტად გამხიარულდა.

– ერთად ხომ არ გადავიხადოთ ქორწილი? – თქვა ლიამ და დეიდაშვილს შეხედა.

– კარგი აზრია, – მიუგო თამარმა და დაამატა, – ჩვენი კავალრები რას იტყვიან?

– მე თანახმა ვარ, – თავაუწევლად თქვა მერაბ მხეიძემ, რომელიც გიტარის აწყობით იყო გართული.

გოგონები მაიორს მიაჩერდნენ. მერაბმა კი ღიმილით თქვა:

– წინააღმდეგი არც მე ვარ, კარგი აზრია. მაგრამ უფროსებსაც დავეკითხოთ. ძია ასთამურს, ქალბატონ მართას და ლიას მშობლებს.

– ხომ კარგი აზრია, ასთამურ, რას იტყვი შენ? – ჰკითხა მართამ ბიძაშვილს.

– მე მომწონს, – მიუგო ასთამურმა.

– მეც, – თქვა მართამ და განაგრძო, – მგონი, არც ჩემი და და სიძე იქნებიან წინააღმდეგნი, მაგრამ, მაინც დაველაპარაკები.

– მაინც, როდის აპირებთ ქორწილს, შვილებო? – იკითხა ასთამურმა.

– პრემიერიდან ერთ კვირაში, – დაუფიქრებლად წამოიძახა ლიამ, – შვიდ სექტემბერს „რომეო და ჯულიეტას“ ვითამაშებთ.

– ესე იგი, თოთხმეტში. მშვენიერი თარიღია. რას იტყვით? – ასთამურმა მაიორს და მართას გადახედა და ორივემ მოიწონა ლიას აზრი. მერაბ გამრეკელმა კი თქვა:

– შვიდში პრემიერაზე ჩამოვალ და ერთი კვირა აქ გავჩერდები. თოთხმეტში კი მანქანებით თბილისში გავემგზავრებით ყველანი და ვიქეიფებთ. ხვალ რომ თბილისში დავბრუნდები, საქორწილო მზადებას დავიწყებ. დარბაზსაც შევარჩევ და სტუმრების სიასაც ჩამოვწერ. თქვენ თქვენი სტუმრების სიაც მომაწოდეთ და შევჯერდებით.

ღამის ორი საათი სრულდებოდა, ასთამურმა ბოლო სადღეგრძელო რომ დალია და ქეიფი დაასრულა. ყველა სტუმარი ანჩაბაძეებთან დარჩა და გოგოებმა საწოლები გაუშალეს შექეიფიანებულ კაცებს. შემდეგ თამარის საძინებელში შეიკეტნენ, კარგა ხანს ილაპარაკეს და გამთენიისას ჩაეძინათ.

მაიორს რომ გაეღვიძა, ასთამური უკვე ფეხზე იყო, მერაბ მხეიძეს კი, ჯერ კიდევ ეძინა. შუადღეზე ყველამ ერთად ისადილა. დღის ორ საათზე კი, მერაბ გამრეკელი თბილისში გაემგზავრა.

– აბა, შენ იცი, შვილო. ფრთხილად იარე. თავს გაუფრთხილდი და დედა მომიკითხე, – უთხრა მართამ სასიძოს და გადაკოცნა.

– პრემიერაზე გელოდებით, მერაბ, – ერთდროულად თქვეს მსახიობებმა და მაიორს სათითაოდ გადაეხვივნენ.

– ყოჩაღად, მერაბ. აბა, შენ იცი! ისეთი საქმე გაქვს ჩაბარებული, რომ მტერი და ავისმოსურნე გაგიასმაგდება. ამიტომ, ასი თვალი და ასი ყური გამოიბი. ნახვამდის, შვილო, –  უთხრა ასთამურმა შვილობილს და გადაეხვია. შემდეგ თამარს დაუთმო გზა, რომელიც საქმროს მიუახლოვდა და უჩურჩულა:

– მიყვარხარ, მერაბ. თავს გაუფრთხილდი და მალე ჩამოდი.

მაიორმა საცოლეს შუბლზე ეამბორა. „ვოლგაში“ ჩაჯდა, დაქოქა და სანამ წავიდოდა, გამცილებლებს უთხრა:

– ნახვამდის, ჩემო ძვირფასებო. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. მალე შევხვდებით.

მერაბი შებინდებისას ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ მაინც ძალიან ცხელოდა. აგვისტოს მზისგან ადუღებულ ქალაქში ჩახუთული ჰაერი იდგა და ნიავიც არ იძროდა. მერაბი ოფლად იღვრებოდა. ერთი სული ჰქონდა, აბაზანაში შესულიყო და ცივი შხაპი გადაევლო ტანზე.

– შენ შემოგევლოს დედა. როგორ ხარ, შვილო, – შეეგება მაიორს დედა და ჩაეხუტა.

– შენ როგორ ხარ, დედი?

– რა მიჭირს, შვილო. ვახშამს გაგიწყობ, მოშიებული იქნები.

– მგელივით მშია. სანამ სუფრას გაშლი, შხაპს მივიღებ, თორემ მთელი ტანსაცმელი ოფლმა დამისველა, – თქვა მერაბმა. ტანსაცმელი გაიძრო და სააბაზანოში ტრუსისამარა შევიდა.

– კოტე სოხაძემ დაგირეკა და ასე მითხრა, რომ ჩამოვა, დამირეკოსო, – შესძახა აბაზანაში მყოფ მერაბს დედამ.

მერაბი რომ სააბაზანოდან გამოვიდა, ტელეფონი სამზარეულოში გაიტანა. ჩანგალზე შემწვარი ხორცი წამოაგო, ჩაკბიჩა და თავის მოადგილეს ბინაში დაურეკა.

– მერაბ, შვილო, კოტეს ნახევარი საათის წინ დაურეკეს საავადმყოფოდან და გადარეულივით გავარდა. ჭამდა და ვაშხამიც კი არ დაასრულა, – უთხრა მერაბს კოტე სოხაძის დედამ.

– სად საავადმყოფოში, დეიდა ეთერ, ვინმე გიწევთ? – ჰკითხა მერაბმა სოხაძის დედას.

– არა, შვილო, ჩვენ არავინ გვყავს ავად. ვიღაც ბანდიტი დაჭრეს დღეს დილით და მე მგონი, მასთან გაიქცა.

– ხომ არ იცით, რომელ საავადმყოფოში წავიდა კოტე?

– მგონი, არამიანცში, – თქვა კოტე სოხაძის დედამ და დაამატა, – მე მგონი კი არა, ნამდვილად არამიანცში. ვინც კოტეს დაურეკა იმას უთხრა, ახლავე მოვდივარ არამიანცშიო და გაიქცა.

– გმადლობთ, დეიდა ეთერ. ნახვამდის, – თქვა მერაბმა, ყურმილი დაკიდა. ჩანგალზე წამოცმული, ჩაკბეჩილი ხორცის ნაჭერი თეფშზე დადო და ჩაცმას შეუდგა.

– სად მიდიხარ, შვილო, – ჰკითხა მერაბს დედამისმა.

– სასწრაფო საქმეზე, დედი, არ ინერვიულო.

– ჭამა მაინც დაგესრულებინა.

– დრო არ მაქვს, დედი, მეჩქარება, – მიუგო მერაბმა. ფეხსაცმლის ზონრები შეიკრა, დედას აკოცა და სახლიდან გავიდა.

ათი წუთის შემდეგ, მერაბი უკვე არამიანცის საავადმყოფოსთან იყო. „ვოლგა“ გარეთ გააჩერა და ეზოში შევიდა. მან შორიდანვე შენიშნა რეანიმაციულ განყოფილებასთან შეჯგუფული ფორმიანი რიგითები და ნაბიჯს მოუჩქარა. გზაში მას თეთრხალათიანი სანიტარი შეხვდა. გააჩერა და ჰკითხა:

– რა ხდება, მეგობარო, ამდენი მილიციელი რატომაა შეკრებილი?

– რეანიმაციაში ვიღაც ავადმყოფი მოკლეს და იმიტომ, – მიუგო სანიტარმა და გზა განაგრძო.

– შეჩერდი, მოქალაქევ! იქით გასვლა არ შეიძლება, – გზა გადაუღობა მერაბს ოციოდე წლის ფორმიანმა რიგითმა მილიციელმა და ხელები გაშალა.

მერაბმა მაიორის საბუთი გადაუშალა ახალგაზრდა კოლეგას და გზის გაგრძელება დააპირა. მან კი ხელით შეაჩერა გამრეკელი და მრისხანედ უთხრა:

– შენ რა, არ გესმის, რომ იქით გასვლა არ შეიძლება?

– კითხვა არ იცი, რიგითო? – უთხრა მერაბმა მილიციელს. წიგნაკი ხელმეორედ გაუშალა და დაამატა, – წაიკითხე რა წერია, – მილიციის მაიორი მერაბ გამრეკელი. ეს მე ვარ. გამატარე.

რიგითი არ შეეპუა გამრეკელს და შეუტია:

– რა ვიცი, მართლა მაიორი ხარ თუ გენერალი. მკვლელსაც შენნაირი წიგნაკი ჰქონდა. შეიპარა პალატაში, მოკლა კაცი და აორთქლდა. ნაბრძანები მაქვს, არავინ გავატარო. განზე გადი და ხელს ნუ გვიშლი მუშაობაში.

„ამ ბრიყვს დამიხედე ერთი“, – გაიფიქრა გუნებაში მერაბმა და ძალით გასვლა დააპირა, რომ თითქოს მიწიდან ამოძვრაო, ოცდაექვსი კომისრის რაიონის მილიციის უფროსი გამოჩნდა და რიგითს უბრძანა:

– ფუღუსური, „სმირნა!“

მილიციის რიგითი მთელი სხეულით გაიჭიმა და ადგილზე გაქვავდა. მილიციის უფროსმა კი მრისხანე სახით თითი დაუქნია მას.

მერაბს უნებლიეთ გაეცინა. მილიციის უფროსმა ხელკავი გამოსდო მაიორს, გვერდით გაიხმო და უთხრა:

– ბოდიში, მერაბ, რიგითი ფუღუსური ჩვენი ახალი მუშაკია და ბრძანებას პირდაპირი გაგებით ასრულებს. ვუბრძანე, იქით არავინ გაატარო-მეთქი და ამიტომ არ გიშვებდა.

– ეგ არაფერი, – გაეცინა მერაბს და მილიციის უფროსს ჰკითხა:

– რა მოხდა, ვინ მოკლეს?

– ამ დილით რომ ჩვენებმა ძებნილი დაჭრეს, ისაა მოკლული.

– როგორ მოკლეს?

– როგორ და, ვიღაც მილიციის საბუთიანი მოსულა. ჩემმა ბიჭებმა კი ის გაატარეს. ერთი კაცი ქვემოთ, კართან მორიგეობდა, მეორე კი – პალატაში. ძოწენიძე ქვემოთ იდგა. მკვლელმა მას უფროსი ლეიტენანტის საბუთი რომ უჩვენა, ზემოთ აუშვა. დევაძე კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მკვლელმა მას არმატურის ნაჭერი ჩაარტყა თავში, ტვინი შეურყია და გათიშა. შემდეგ ის ნაოპერაციები ბანდიტი ბალიშით გაგუდა და მშვიდად და აუღელვებლად დატოვა აქაურობა.

– გასაგებია, – თქვა მერაბმა და მილიციის უფროსს ჰკითხა:

– კოტე სოხაძე უნდა იყოს აქ.

– კი. ზევითაა, გამოგყვე?

– გმადლობთ. თვითონ ავალ, – მიუგო მერაბმა მილიციის უფროსს და შენობაში შევიდა. კოტე სოხაძეს მერაბმა მორიგე ექიმის კაბინეტში მიაგნო. კოტე ზემდეგ ბესო ძოწენიძეს ჰკითხავდა და მაიორი რომ დაინახა, ფეხზე წამოდგა. მერაბმა ხელით ანიშნა, განაგრძეო. თვითონ კი სკამზე ჩამოჯდა, რომ დაკითხვისთვის მოესმინა.

– განაგრძეთ, ძოწენიძე, – მკაცრად უთხრა სოხაძემ ზემდეგს და მილიციელს თვალი თვალში გაუყარა.

– იმას გიყვებოდით, ამხანაგო მაიორო, რომ ჩემს საცოლესთან ტელეფონზე ლაპარაკი დავამთავრე და ყურმილი დავკიდე. ამ დროს კარზე დააკაკუნეს. ფანჯარა გამოვაღე და იმ კაცმა მითხრა, – სოხუმელი ოპერი ვარ და მურღულიას სურათები უნდა გადავუღო, რომ საქმეში ჩავაკრაო. შემდეგ მილიციის საბუთი მანახვა. მე კარი გავუღე და ზევით ავუშვი. ხუთ წუთში უკან დაბრუნდა. დამემშვიდობა და წავიდა. ათი წუთის შემდეგ კი მორიგე ექთანმა ჩამოირბინა და მითხრა, მურღულია მკვდარია, დევაძე კი გათიშული გდიაო. აბა, მე რა ვიცოდი, თუ მკვლელი იყო, თორემ ადგილზე ავიყვანდი, – უთხრა ძოწენიძემ კოტე სოხაძეს და დაამატა, – კიდევ კარგი, რომ მიშა დევაძე გადარჩა, თორემ მის სიკვდილს საკუთარ თავს არ ვაპატიებდი.

– არც ეგ დაუდევრობა გეპატიება, ძოწენიძე. ხომ გაგაფრთხილეს, ზევით არავინ აუშვაო. შენ კი მკვლელი გაგეპარა.

– დამნაშავე ვარ, ამხანაგო მაიორო, მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, თუ ის მკვლელი იყო. საბუთი გულდასმით შევუმოწმე და მხოლოდ ამის მერე ავუშვი ზევით, – თქვა ძოწენიძემ.

– იმ საბუთში რა ეწერა? – ჰკითხა სოხაძემ ძოწენიძეს.

– რა ეწერა და, სოხუმის მილიციის საქართველოს ოპერრწმუნებული, უფროსი ლეიტენანტი გულბათ მარგიანი.

გულბათ მარგიანის ხსენებაზე მერაბი შეცბა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და თავის მოადგილეს უთხრა:

– თუ სწორად მივხვდი, პალატაში მოკლული ნაოპერაციები დაჭრილი გასტონ მურღულიაა, ხომ?

– კი. ეგ არის, – დაუდასტურა სოხაძემ მერაბს.

– რუზგენ ჩოჩიანის ფოტოები თან გაქვს?

– კი.

– გაშალე მაგიდაზე და ძოწენიძემ დაათვალიეროს. ეგ ხომ არ იყო აქ.

სოხაძემ ძებნილი რუზგენ ჩოჩიანის ფოტოები მაგიდაზე გაშალა და ძოწენიძეს უთხრა:

– კარგად დააკვირდი ამ ფოტოებს. ეს კაცი ხომ არ ყოფილა?

ძოწენიძემ დახედა თუ არა რუზგენ ჩოჩიანის ფოტოებს, კატეგორიულად განაცხადა:

– არა, ამხანაგო მაიორო, ეგ არ ყოფილა. ეგ რომ მოსულიყო, გენერლის საბუთიც რომ წარმოედგინა, ისეთი სახე აქვს, ადგილზევე დავაპატიმრებდი. არა, ნამდვილად არ ყოფილა. იმას სულ სხვა სახე ჰქონდა, თანაც, ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობდა. ერთი სიტყვით, მოვტყუვდი და დამნაშავე ვარ.

– ძოწენიძე, თავისუფალი ხართ. წადით და დაისვენეთ. დილით კი სამინისტროში მოდით, პატაკი დაწერეთ მაიორ კოტე სოხაძის სახელზე და რაც ახლა მოგვიყევით, ყველაფერი დაწვრილებით აღწერეთ.

– არის! – გამოეჯგიმა ძოწენიძე მერაბს და მორიგე ექიმის კაბინეტიდან გავიდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3