საშიში ცოლი
სტენლიმ კარი გააღო, თუ არა მისკენ მიშვერილი რევოლვერის ლულა და ცოლის ავად მოელვარე თვალები დაინახა.
– ისევ იმ კახპასთან ეგდე... მითხარი, ვინ არის?
– არ გინდა, როზა, სისხლი კარს მიესხმევა და ვეღარ გაწმენდ, – სცადა ხუმრობა სტენლიმ და გულში ინანა, ცოლს თავის დროზე რევოლვერის მოხმარება რომ ასწავლა...
– მითხარი, ვინ არის... მითხარი, რომ ისიც მოვკლა... მე ვიცნობ? ისევ ჩემს რომელიმე მეგობართან გააბი რომანი?
– როზა, აბა, რას ამბობ? ვმუშაობდი. ხომ იცი, პოლიციელს როგორი სამუშაო რეჟიმი აქვს. განსაკუთრებული დავალება მქონდა...
როზამ ბოროტად გაიცინა და რევოლვერის ჩამრთველი გაატკაცუნა. სტენლი უკვე მოემზადა სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებლად და თვალებიც კი დახუჭა... მაგრამ ტკივილი არ უგრძნია... გაისმა მძიმე ნივთის იატაკზე დავარდნის ხმა, რასაც ქალის სლუკუნი მოჰყვა. სტენლიმ თვალები გაახილა. როზას სახეზე აეფარებინა ხელები და ქვითინებდა.
– შენ ვერ მოგკლავ, სტენლი, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ გავიგებ, ვინ არის ის კახპა და სიცოცხლეს გამოვასალმებ.
სტენლი ცოლთან მივიდა და მოეხვია.
– როზა, საყვარელო, მინდოდა, უფრო ადრე მოვსულიყავი, მაგრამ მართლა ძალიან მძიმე ღამე მქონდა. თუ გინდა, დარეკე ჩემს მეწყვილესთან და ჰკითხე. შენ ისეთ დღეში გაქვს ნერვები, უნდა იარო ფსიქოთერაპევტთან. რატომ ამბობ უარს, ესტუმრო უიტნის?! ჩვენი მეზობელია, კარგი სპეციალისტი... მახსოვს, მოგწონდა და თითქმის მეგობრობდი კიდეც.
– ვმეგობრობდი, სანამ შენ მშიერი თვალებით არ დაუწყე ყურება! – იყვირა როზამ, – იქნებ ეგ არის კიდეც შენი საყვარელი, უიტნისთან მღალატობ, ხომ?!
– ნუ ყვირი, როზა... ლამის თენდება, მეზობლებს სძინავთ... გაიღვიძებენ, უხერხულია... ისმის ყველაფერი.
– ისმოდეს! მაინც არ მჯერა შენი და შენი „საგანგებო დავალების“. ადრე თუ გვიან აუცილებლად გავიგებ, ვინ არის შენი საყვარელი და გავუსწორდები. თუ ეს უიტნია, ეშინოდეს... არ მაინტერესებს, ერთ დროს ვმეგობრობდით თუ არა... სხვის ქმარს კისერზე არ უნდა ჩამოჰკიდებოდა....
– უიტნი არაფერ შუაშია, დამიჯერე... დავიძინოთ, როზა, ძალიან დავიღალე. დილითაც ადრე ვარ ასადგომი...
სინამდვილეში, სტენლის მართლა ჰყავდა საყვარელი და ღამის ნახევარი მასთან გაატარა. კეროლი ორი სართულით ზემოთ ცხოვრობდა და სტენლი უკვე ნახევარი წელი ხვდებოდა მას. ჩამოვიდა კეროლისგან, ცოლს რომ ეჭვი არ აეღო, გარეთ გავიდა, ცოტა ხანს წვიმაში იბოდიალა, დასველდა და სახლში ისე დაბრუნდა... მეორე დღეს კეროლთან ერთად უნდა ესადილა პატარა რესტორანში, მაგრამ ქალი არ მივიდა. სტენლიმ დაურეკა და მიზეზი ჰკითხა.
– მე აღარ მოვალ პაემანზე. დავიღალე დამალობანას თამაშით. თანაც, გავიგონე, წუხელ როგორ ყვიროდა... მეშინია, რომ ერთ დღეს მოგკლავს. ძალიან მეშინია... გაეყარე და ორივე ბედნიერი ვიქნებით.
სტენლიმ ამოიოხრა.
– რატომ არ გესმის, რომ როზა არასდროს დათანხმდება განქორწინებაზე. ისეთ სკანდალს მომიწყობს, პოლიციიდან ამორალური საქციელის გამო გამომაგდებენ და მშვიდობით, პენსიავ...
– არ ვიცი. რამე მოიფიქრე... არ მინდა, შენი გიჟი ცოლის მსხვერპლი გავხდე, – კეროლმა ტელეფონი გათიშა. სტენლის ძალიან არ მოეწონა საყვარლის პრეტენზიული ტონი. ეტყობა, ყველა ქალი ერთნაირიაო, გაიფიქრა და საკუთარ თავს პირობა მისცა, როზას თუ მოიშორებდა, ცოლს აღარასდროს შეირთავდა... საყვარლისგან წასვლა ყოველთვის გაცილებით მარტივია, ვიდრე ცოლისგან... სტენლიმ ყავა დალია. მისი გონება გამალებით მუშაობდა და უცებ როზასგან თავის დახსნის გენიალური გეგმა მოიფიქრა. პოლიციელის ნიჭს დააბრალა ეს და გადაწყვიტა, იმავე დღეს მოეყვანა სისრულეში...
უიტნი სახლში იყო. გამჭვირვალე, მოკლე ხალათი ეცვა და მაკიაჟის გარეშე კიდევ უფრო სექსუალური ჩანდა. სტენლიმ აღფრთოვანებით შეხედა.
– სტენლი, რამე მოხდა? როზას დაემართა რამე? – ჰკითხა ქალმა.
სტენლიმ ამოიოხრა.
– სულ გადაირია. იქნებ დალაპარაკებოდი. შენ შეძლებ ამ აკვიატებული ეჭვებისგან გაათავისუფლო... წამოდი, რა...
– ახლა?
– ჰო... – სტენლიმ ქალს ხელი ჩასჭიდა და დერეფანში გამოიყვანა. მეორე ხელით ჯიბეებში იქექებოდა, – უჰ, გასაღების წამოღება დამვიწყებია... სტენლიმ ზარი დარეკა და აკანკალებულ უიტნის მოეხვია – შეგცივდა? პირდაპირ ხალათით რომ გამოგიყვანე, ჩაცმა არც დაგაცადე... უცებ კარი გაიღო და ზღურბლზე როზა აღიმართა თავისი რევოლვერით. უიტნიმ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. ამჯერად იარაღმა გაისროლა, უიტნის ლამაზ მკერდზე სისხლიანი ლაქა გაჩნდა, რომელიც ნელ-ნელა დიდდებოდა...
***
პოლიციელები თანაგრძნობით უყურებდნენ სტენლის და ოხრავდნენ. უიტნის გვამი პროზექტურაში წაიღეს. როზა წაიყვანეს...
– ცოტას მოვწესრიგდები და მოვალ ჩვენების მისაცემად, – უთხრა სტენლიმ გამომძიებელს. მან გაგებით დაუქნია თავი.
სახლში შევიდა თუ არა, კმაყოფილმა სტენლიმ ვისკი დაისხა და კეროლს დაურეკა.
– საყვარელო, იცი, რა მოხდა... როზამ უიტნის ესროლა და მოკლა. ახლა უნდა დავისვენო და მერე ყველაფერს მოგიყვები.... მერე-მეთქი...
სტენლი დივანზე წამოწვა, მაგრამ დიდხანს არ დასცალდა მშვიდად ნებივრობა. მისმა მობილურმა დარეკა. „თუ ეს კეროლია, ძალიან ადრე დაიწყო ტვინის ბურღვა“, – გაიფიქრა, მაგრამ შეცდა. პოლიციიდან ურეკავდნენ – ფილი იყო, მისი მეწყვილე.
– სტენლი, ცუდი ამბავი გვაქვს... შენი ცოლი გაიქცა და რაც ყველაზე ცუდია, იარაღიც აქვს... ჩემი უჯრიდან ამოიღო.
– რა?! – მთელი ხმით იბღავლა სტენლიმ, – რა უნდოდა ჩემს ცოლს შენს ოთახში ან როგორ გაგექცა?
– მომისმინე, სტენლი... ფანჯრიდან გადაძვრა, როცა მე მისთვის ყავის მოსატანად გავედი. ხომ გესმის, მაინც პოლიციის თანამშრომლის ცოლია და ქურდებთან, ნარკომანებთან ვერ გამოვკეტავდი... პროფესიული სოლიდარობის პონტში. მან კი ჩემი რევოლვერი აიღო და ღია ფანჯარაში გადაძვრა. ფრთხილად იყავი, ჩვენც უკვე გამოვდივართ...
***
პოლიციამ დააგვიანა... მართალია, სტენლი ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ქალები მას უკვე აღარასდროს დასჭირდებოდა. როზამ შეუცდომლად ისროლა. სტენლი კიდევ დიდხანს ინანიებდა იმას, რომ ცოლს იარაღის მოხმარება და მიზანში სროლა ასწავლა...