კაცობრიობის გადასარჩენად
კირსანოვმა დაცინვა არ შეიმჩნია და ორი ახალგაზრდა ქალისკენ მიმითითა, რომლებიც მაგიდასთან ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდლნენ.
– ის ქერათმიანი გოგო ჩემია! – ჩავჩურჩულე მეგობარს უფრო ახალგაზრდასა და ლამაზზე.
– რა თქმა უნდა, შენ ხომ „მხოლოდ“ 35 წლის ხარ, – მაინც გამკრა კბილი.
– ეი, შენ! – ჩავლილ მიმტანს თითით ვანიშნე მოგვახლოებოდა, – იმ ორ ლამაზმანს ჩვენგან ერთი ბოთლი ფრანგული შამპანური მიართვი!
10 წუთის მერე მაგიდას ოთხნი ვუსხედით და კოპაკაბანას ნახევრად ნუდისტურ პლაჟებსა და სასიყვარულო თავგადასავლებზე ვსაუბრობდით. ეს სრულიად უაზრო ლაპარაკი, რომელიც უფრო მომავალი, რომატიკული ღამის პრელუდიას ჰგავდა, დარბაზის შუაგულში ატეხილმა ჩხუბმა შეგვაწყვეტინა. ორი ახალგაზრდა გოგოს გამო წაეკიდა ერთმანეთს. ხელჩართულმა ბრძოლამ მაგიდებისკენ გადმოიწია. ერთ-ერთმა მაგიდაზე დადგმულ ბოთლს სტაცა ხელი და მეორეს თავზე გადაამტვრია. მალე ის ორი „ექსტრემალი“, რომლებიც უწმაწური სიტყვებით კვლავ ერთმანეთისკენ იწევდნენ, ორმა კუნთმაგარმა და მაღალმა ტიპმა იქიდან გაიყვანა და ცეკვა კვლავ განახლდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
– ახლა ხომ ხვდები, რა განსხვავებაა ორ რუსეთს შორის? – ჩამეკითხა მიხაილი.
– გინდაც მომკალი, მიხაილ, მაგრამ ასე მგონია, შენი „მიშლენისტი“ სერგეი შერემეტიევიც სიამოვნებით გადამამტვრევდა ბოთლს თავზე, რომ არა იქ შეკრებილი საზოგადოება... რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალებას მივცემდი.
– კარგი, კარგი... – თავი გაიქნია მიხაილმა, – ცოტა სიფიცხის მოთოკვა არც შენ გაწყენდა.
მივხვდი, რასაც გულისხმობდა და საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე.
– ჩვენ წავედით! – გადმომიჩურჩულა ცოტა ხანში მიხაილმა.
– სად? – ვკითხე თუ არა, მაშინვე ვინანე, რადგან ირონიულად ჩაეცინა.
– რა თქმა უნდა – სასტუმროში, „ყმაწვილო“!
– თუ ასეა, კეთილი მგზავრობა, მოხუცო ლაველასო! – ხმადაბლა გამოვემშვიდობე კეთილშობილ რუსს და გადავწყვიტე, მეც მისთვის მიმებაძა.
სასტუმროს მოსაძებნად შორს არ წავსულვართ... ფეხით რამდენიმე მეტრი გავიარეთ და ჩემმა გოგონამ, რომელიც 19-ისაც ძლივს იქნებოდა, კერძო, მდიდრულად მორთულ სასტუმროში შემიყვანა. ადმინისტრატორს საუკეთესო ნომერი და ტკბილეული შევუკვეთე, რომელიც ნომერში უნდა ამოეტანათ ჩაცივებულ შამპანურთან ერთად და მექანიკურად ხელი ჯიბისკენ წავიღე. დავმშვიდდი, რადგან ფული ადგილზე დამხვდა.
დილით მობილურის ზარმა გამაწყვეტინა „ახალდაწყებული“ სიზმარი.
– აბა, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, როგორ ხარ? – ვიცანი კირსანოვის ხმა.
– თავი უძილობისგან მიბრუის და „ქისაც“ შემითხელდა, – ვუპასუხე მოწყენილად.
– ეგ არაფერი, მთავარია, შენი მისია არ დაივიწყო.
– რას ამბობ! მახსოვს – შაბათს, ათ საათზე!
– ჰოდა, ძალიან კარგი, მაშ, შაბათ საღამომდე.
– დროებით! – დავემშვიდობე და სასტუმროს ნომერს მოვავლე თვალი. წუხანდელი ფარვანა არსად ჩანდა. ბალიშზე პატარა ბარათი იდო, რომელზეც ტელეფონის ნომერი და სახელი „ტანია“ ეწერა.
– ჰო, მართლა, ტანია სად არის? – წამოვდექი და იმაში დასარწმუნებლად, რომ გოგონა მართლაც წავიდა, სააბაზანოში შევიხედე – სექსის პატარა ჯადოქარი სადღაც გამქრალიყო.
***
შაბათს 9-ის ნახევარზე გამეღვიძა. სასწრაფოდ ჩავიცვი და ზუსტად ერთ საათში ქალაქის გარეუბანში, თეთრად გადახურულ, დიდ საკალათბურთო დარბაზს მივადექი. წინა სკამები მთლიანად შევსებული იყო, უკანა რიგში დავიკავე ადგილი და მოედანზე ამაღლებულ ადგილას მდგომ რამდენიმე ადამიანს დავაკვირდი – ცენტრში თეთრ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი მაღალი მამაკაცი იდგა. გვერდით თავმოხოტრილი, მასზე ახოვანი და დაკუნთული ტიპი ედგა, რომელიც აქეთ-იქით იყურებოდა. ალბათ, ეს არის კაბანი, გავიფიქრე და უფრო დაკვირვებით შევათვალიერე: სპორტული, თხელი ტყავის ქურთუკი ეცვა, გადაღეღილ გულზე მსხვილი ოქროს ჯაჭვი უელავდა. მართალია, ნაკვთები ვერ გავარჩიე, მაგრამ შორიდან ბორნეოს ორანგუტანგივით დიდი მომეჩვენა.
10 წუთში თეთრებში ჩაცმულმა მამაკაცმა მიკროფონი მოიმარჯვა და იქ შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა, რასაც ოვაციები და ტაში მოჰყვა. გამართული რუსულით მეტყველებდა, თავდაჯერებული ჩანდა. ჯგუფში, რომელიც მის უკან იდგა, ორი ქალიც შევნიშნე.
– ეს კაცი ვინ არის? – გადავუჩურჩულე წინ მჯდომ ქალბატონს, რომელმაც დაუფარავი გაკვირვებით შემომხედა და მიპასუხა:
– ეს სახალხო მკურნალი და ხალხის მამა ვლად რიმსკია! თქვენ რა, პირველად ესწრებით მის ქადაგებას?!
– დიახ. გმადლობთ! – სასწრაფოდ წელში გავსწორდი და ორატორის სიტყვას დავუგდე ყური.
„სახალხო მკურნალის“ შესავალმა ფრაზებმა მარქსისტული მოძღვრება გამახსენა. ის ოსტატურად აგებდა თავის სიტყვას ხალხთა თანასწორობაზე, იდეოლოგიურ ცხოვრებაზე, რომელიც აქ, მიწიერ სამოთხეში უნდა განხორციელებული. აღთქმული ქალაქიც ახსენა, რომელსაც ის მოსკოვიდან მოშორებით აშენებდა და რომელშიც ყველაზე ერთგულ და თავდადებულ მრევლს დაასახლებდა. იქ მცხოვრებთ კი კარგ კვებას, ჩაცმა-დახურვასა და თბილ, ადამიანურ გარემოს ჰპირდებოდა. ვისაც აღთქმულ ქალაქში, ანუ რიმგოროდში, ცხოვრება უნდოდა, მთელი ქონება, შემოსავალი თუ პენსია, „წითელი კარვისთვის“ უნდა შეეწირა, თანაც ანგარიშზე კი არა – ხელზე აკრეფით.
„ეს ხომ სოციალისტურ მოძღვრებას ჰგავს?“ – გავიფიქრე თუ არა, ვლად რიმსკი ღმერთზე ალაპარაკდა; იმ მისიაზე, რომელიც თურმე უზენაესმა მას დააკისრა, რათა თავისი რჩეულები ცალკე გამოეყო და მათთვის აქვე, ამ სოფელში მიენიჭებინა სიხარული – ერთად შრომით, თანასწორობით, უზრუნველი ყოფითა და თბილი გარემოთი, რომელიც მათ ერთმანეთისთვის უნდა შეექმნათ. „სახალხო ტაძრის“ დამფუძნებელმა საკუთარი თავი ღვთის რჩეულად, მის მიერ წარმოგზავნილად გამოაცხადა. ბოლოს, ორივე ხელი მაღლა შემართა და ხალხს მოუწოდა, წამომდგარიყვნენ და ხმამაღლა გაემეორებინათ მისი წარმოთქმული სიტყვები. ხალხი წამოიშალა, მეც, რა თქმა უნდა, ფეხზე წამოვდექი.
– ერთობა! შრომა, თავისუფლება! ღმერთი! – სათითაოდ წამოიძახა და ბრბომაც მას მიბაძა. „ეს რაღაც მოძღვრება ძალიან ჰგავს ერთ ცნობილ ლოზუნგს, – ვფიქრობდი გაოგნებული, – „ძმობა, ერთობა, თავისუფლება!“ ოღონდ ცრუმეტყველმა „ღმერთი“ დაამატა!“ ლამის პირდაღებული შევცქეროდი იქ მყოფი ადამიანების შთაგონებულ სახეებს, რომლებიც ანგარიშმიუცემლად ღრიალებდნენ მათი სულიერი წინამძღოლის მიერ წარმოთქმულ ფრაზებსა და სიტყვებს. ალბათ, ასევე ღრიალებდნენ სოდომ-გომორელები, როცა მათ ღმერთმა ციდან ცეცხლის წვიმა მოუვლინა. „ასეთი არაფერი მინახავს და არც გამიგონია. როგორ შეიძლება ამ აბსურდით, ანუ რაღაც რელიგიურ-მარქსისტული მოძღვრებით თუ სამოციქულო სოციალიზმით, გააბრუო ამდენი ადამიანი?” – სასოწარკვეთილი ვიმეორებდი გონებაში, – „ეს რაღაც სისულელეა, თეთრისა და შავის ნაზავი, რომელიც ჯამში, რაღაც რუხ, გაურკვეველ ფერს იღებს... როგორ ახერხებს ეს კაცი ამ უტოპიური მოძღვრებით ამდენი ზრდასრული ადამიანის მოხიბვლას და გადაბირებას!“
როგორც იქნა, მასა ღრიალს მორჩა და მე კვლავ ჩემ წინ მდგომ ქალბატონს შევეხე.
– ქალბატონო! – ის ისეთი ბრაზით მომიტრიალდა, რომ გავბედე და ყურადღება კვლავ გავუფანტე და რაც შემეძლო თბილად გავუღიმე, – ძალიან მომეწონა ქადაგება და თქვენი წინამძღოლი.
– მამა! მკაცრად შემისწორა.
– დიახ, მაპატიეთ – „მამა“, – სწრაფად გამოვასწორე „შეცდომა“. ძალიან მინდა, უფრო ახლოს გავეცნო მის იდეებს...
– თუ ასეა, ყოველ შაბათს ამ დროს აქ უნდა მობრძანდეთ! – მშრალად მიპასუხა და თავი მიიბრუნა, მაგრძნობინა, რომ ჩემთან საუბარი დაასრულა.
ერთი სული მქონდა, როდის დავტოვებდი იქაურობას. თუმცა რიმსკი ჯერ კიდევ თავის ადგილზე იდგა და რამდენიმე კაცს რაღაცაზე ესაუბრებოდა. მის წინ ნამდვილი ზედახორა დადგა, რომელსაც „მამა“ ვლადის გარემოცვამ გადაუჭრა გზა. მივხვდი, „სახალხო მკურნალს“ საყოველთაო განკურნების ცერემონიალი უნდა ჩაეტარებინა და მეც თვალთვალი განვაგრძე: რიმსკიმდე დაახლოებით 10-11-მა ადამიანმა მიაღწია. თითოეული მათგანის არატრადიციული მეთოდით „განკურნებას“ „სახალხო მკურნალი“ 2-2 წუთს მოუნდა. ხელებს თავიდან ფეხებამდე ჩააყოლებდა და ააყოლებდა, მერე უცნაურ რკალებს ხაზავდა ჰაერში, თითქოს მათგან ავადობას დევნიდა. განკურნების დანარჩენი მსურველები რიმსკის გარემოცვამ შეაჩერა და უკან გამოაბრუნა. ისინიც, რა თქმა უნდა, ცხვრებივით დამორჩილდნენ. გაკვირვებული ვიდექი და თვალყურს ვადევნებდი ამ უცნაურ რიტუალს და მიკვირდა ამდენი ადამიანის, რბილად რომ ვთქვა – გულუბრყვილობა.
ამ სანახაობითა და ვლად რიმსკის ქადაგებით გუნებამოწამლული, საღამომდე გაბრუებულივით ვიყავი. მთელი დღე იმ „ბაბილონის გადაღებებზე“ ვფიქრობდი. ასეთ მდგომარეობაში ვიყავი, მიხაილი რომ მოვიდა. მასთან საუბარმა ოდნავ დამამშვიდა. თითქმის ერთი ბოთლი კონიაკი გამოვცალე, მაგრამ გუნება მაინც ვერ გამოვიკეთე. მიხაილი ორი საათის შემდეგ წავიდა, მე კი გადავწყვიტე, ვარვარა ანტონოვნასთან დამერეკა, თუმცა მას მობილური გამორთული მქონდა. კვირას შუადღისთვის თვითონვე დამიკავშირდა.
– ვარვარა ანტონოვნა! – მისი ხმის გაგონებაზე ისე შევძახე, თითქოს ყველაზე სასიხარულო რამ მომესმინოს ამქვეყნად.
– როგორ მინდა გნახო... მაგრამ არ შემიძლია, დღეს ეგორთან უნდა ვიყო. ხვალ შუადღის მერე დაგირეკავ და საღამოსთვის შევხვდეთ, – მითხრა და ტელეფონი სასწრაფოდ გამორთო, ალბათ, ვინმესი შეეშინდა.
„ძალიან ფრთხილობს, ეტყობა, ეგორ კაზაკოვი ძალიან ეჭვიანია... მით უარესი მისთვის!“ – გავიფიქრე და ტანიას მიერ დატოვებულ ბარათს დავუწყე ძებნა, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. მთელი ცხოვრება ასეთი დაუდევარი ვიყავი, თუ საქმე ძალიან სერიოზულ საკითხს არ ეხებოდა. ამიტომ, კვირის სიმშვიდეში გატარება გადავწყვიტე, რათა კარგად გამეანალიზებინა, ვისთან და რასთან მქონდა საქმე და როგორ უნდა მოვქცეულიყავი შემდგომში.
კვირამ უინტერესოდ ჩაიარა. დილით ცივი შხაპი მივიღე და ამან ჩემი ცხოვრების ბოლო ერთი წელი გამახსენა, როცა დღე-ღამეში მხოლოდ 5 საათს მეძინა. ყოველდღე 4 საათი ჩემი მომავალი „სალაპარაკო ენისთვის“ უნდა მიმეძღვნა, რათა ნამდვილი ინგლისელივით მესაუბრა. თუმცა, განვლილი პერიოდი ძალიან წამადგა და, თუ ადრე დაღლილობას ადვილად ვგრძნობდი, ახლა მხნედ და აბსოლუტურად ჯანმრთელად მიმაჩნდა თავი.
ვარვარამ პირობა არ დაარღვია და ორშაბათს 2 საათზე დამირეკა. რატომღაც ჩინურ რესტორანთან დამითქვა შეხვედრა. ერთ საათში კალანჩევსკაიას ქუჩაზე ვიყავი „ოქროს დრაკონის“ წინ. ანტონოვნა 10 წუთის დაგვიანებით მოვიდა ტაქსით.
– რატომ მაინცდამაინც ჩინური რესტორანი? – ვკითხე ვარვარას, როცა ტაქსის მძღოლს ანგარიში გავუსწორე და ვარვარა ხელკავით „ოქროს დრაკონის“ შესასვლელისკენ წავიყვანე.
– ბევრი მიზეზი მქონდა...
– მაინც?
– მაგიდასთან დავსხდეთ და გეტყვი.
– კარგი.
– აბა, რა მიზეზზე საუბრობდი, ვარა? – ვკითხე, როცა განცალკევებით მდგომ მაგიდასთან დავიკავეთ ადგილი.
– დღეს აღმოსავლური სამზარეულო პოპულარულია და ასეთ რესტორნებში სიარული კარგ ტონად ითვლება; მეორეც, ძალიან მიყვარს თევზეული... და ყველაზე მნიშვნელოვანი: ეგორი ვერ იტანს უმ თევზეულს და ჩინურ და იაპონურ რესტორნებში არ დადის... ამიტომ აქ მშვიდად ვიგრძნობ თავს.
– მე კი ვერ ვიტან ბრინჯს, საკეს და ამ ოჩოფეხებს, – ღიმილით და ნახევრად ხუმრობით ვუთხარი და გრძელ ხის ჩხირებს ქაღალდის პაკეტი შემოვხსენი.
– თუმცა, ძალიან ოსტატურად გიჭირავს ხელში.
ვარვარამ შეუკვეთა ზვიგენის ფარფლებით დამზადებული წვნიანი და ბოსტნეული ბამბუკში, მე – კრევეტების გუმბაო და თევზი ლოტოსის ფოთოლში. 10 წუთში მიმტანმა კერძები მოგვიტანა და, ჩემდა გასაოცრად, ვარვარა ისე მადიანად შეუდგა წვნიანის ხვრეპას, თითქოს ამაზე უკეთესი ცხოვრებაში არაფერი გაესინჯოს. მე კი უგემურად დავღეჭე ერთი ლუკმა და ჩვენებური, ქართული სუფრა გამახსენდა. ისე არაფერი მენატრებოდა, როგორც ქართული სიტყვა, სადღეგრძელო, მაყვლისფერი ღვინო, თონეში შებრაწული გოჭი, ყველით აჭიპჭიპებული ხაჭაპური და მაყალზე შემწვარი ცვრიანი მწვადი. თითქოს ჩემი ფიქრების პასუხად მკაფიო ქართული აქცენტით წარმოთქმული სიტყვები შემომესმა და ანაზდეულად გვერდითა მაგიდისკენ გავიხედე, რომელსაც შავგვრემანი ახალგაზრდა კაცი და ქერა, სლავური გარეგნობის ქალი უსხდნენ. კაცი, მართლაც, ნაკვთებით ქართველს ჰგავდა და რუსულად არცთუ გამართულად მეტყველებდა. თავიდან შევცბი, მაგრამ მალევე დავმშვიდდი, რადგან ამ ჩაცმულობით, ვარცხნილობით და მას თუ დავამატებთ ინგლისურაქცენტიან ჩემს გამართულ რუსულ მეტყველებას – დედაჩემსაც რომ ვენახე, იტყოდა: ეს ინგლისელი როგორ ჰგავს ჩემს სანდროსო. როგორც მივხვდი, ქართველი მამაკაცი სლავ ქალბატონს „ინისა და იანის“ თავისებურებებსა და მათი ურთიერთობის შესახებ უყვებოდა რაღაც სისულელეს.
– ალექსანდრ, დარწმუნებული ვარ, მამა ვლადის ქადაგებამ შენზე შთაბეჭდილება მოახდინა, – ფიქრი ვარვარას სიტყვებმა გამიფანტა.
– ასეთი ჭეშმარიტება არასდროს მომისმენია. ეს ნამდვილად ღვთის კაცის სიტყვა იყო! – წარმოვთქვი და გავიფიქრე, რომ ასეთი ჰიპერბოლა, შესაძლოა, საეჭვოც კი ყოფილიყო, ამიტომ დავამატე: – თუმცა, არარეალურად მეჩვენება დედამიწაზე სამოთხის დამკვიდრება, სადაც თანასწორუფლებიანი ადამიანები ერთნაირად ბედნიერად იცხოვრებენ.
– სულ ტყუილად! – დამაჯერებელი ხმით წარმოთქვა ვარვარამ და ბოსტნეულის სალათა პირისკენ გაიქანა. როცა ლუკმა გადაყლაპა, კვლავ განაგრძო: – სამაგიეროდ უკვე შენდება... მამა ვლადმა მიწა შეისყიდა და მოსკოვიდან აღმოსავლეთით, სულ რაღაც, 5 საათის სავალზე ხის კოტეჯები შენდება. მალე რიმგოროდში ყველაზე ერთგულნი ჩასახლდებიან და ბედნიერად იცხოვრებენ.
სახეზე ურწმუნო ღიმილი თავისით, ჩემდა უნებურად გამომესახა.
– არ გჯერა?! ასეთი სახლები მოსკოვშიც ხომ არის?! ექსპერიმენტმა გაამართლა! და ახლა მოძღვარი დიდ ქალაქს აშენებს.
– მეც რომ მოვინდომო იმ „აღთქმულ ქალაქში“ ცხოვრება, როგორ უნდა მოვიქცე?
– ეს ძალიან ადვილია – რჩეულთა შორის უნდა მოხვდე!
– ეს როგორ უნდა მოვახერხო? – ჩავეკითხე და გავიფიქრე, რომ ამას, ალბათ, მინიმუმ 1 წელი მაინც დასჭირდებოდა, მე კი დასაკარგავი დრო არ მქონდა.
– ქადაგებებზე დასწრებით, შემოწირულობებით და გულმხურვალე მხარდაჭერით ჩვენი მოძღვრისადმი, – ჩამოარაკრაკა ვარვარამ.
– ეს ხომ დროის ფაქტორთან არის დაკავშირებული... მე კი მეგონა, რომ შენ დამეხმარებოდი და... თუმცა, ეგორ კაზაკოვი „სახალხო ტაძარს“ აღარ გაკარებს, – როგორც იქნა, მთავარ სათქმელს მივუახლოვდი. მაგრამ ვარვარა ეგორის ხსენებაზე ისე შეიჭმუხნა, თითქოს ტყვიისფერი, საწვიმარი ღრუბელი დაენახოს.
ამ ქალს ვერაფერს ვუხერხებდი, როგორც კი საქმე კაბანზე მიდგებოდა, ყოველთვის მრავალმნიშვნელოვან დუმილს მიმართავდა. ეს კი უკვე გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის და გადავწყვიტე, ამისთვის წერტილი დამესვა. ამიტომ, პირდაპირ შეტევაზე გადავედი:
– ვარვარა, ძალიან მომწონხარ, – წამოვიწყე და პირდაპირ თვალებში შევხედე. შენ გამო ნასტიას დავშორდი.
– ნუთუ მართალს ამბობ?! – ისე შემომხედა, მომეჩვენა, რომ ბოლომდე არ მენდობოდა.
– გეფიცები! – თამამად დავიფიცე, რადგან ჩემს სიტყვებში იდო ჭეშმარიტების კარგა მოზრდილი მარცვალი – მე ხომ ნასტენკასთან ურთიერთობა დროებით შევწყვიტე, რათა ვარვარას უფრო მეტად დავახლოვებოდი.
– კი მაგრამ, ჩვენ ხომ არც ისე დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, – ანტონოვნა გაწითლდა. მივხვდი, ჩემმა სიტყვებმა სიამოვნება მოჰგვარა, ამიტომ თამამად გავაგრძელე:
– შეიძლება, არც დამიჯერო, მაგრამ, დაგინახე თუ არა, მაშინვე გავიფიქრე, რომ შენ ის ქალი იყავი, ვისთანაც ურთიერთობა ძალიან მინდოდა. როცა ახლოს გაგიცანი, ეს სურვილი უფრო გამიძლიერდა... მაგრამ...
– მაგრამ რა?! – უფრო მეტად წითლად „ავარვარდა“ ვარვარა ანტონოვნა.
– მაგრამ ის, რომ, სანამ სერიოზულ ურთიერთობებს ავაწყობდეთ, მინდა ვიცოდე, ვინ არის და შენთვის რას წარმოადგენს ეგორი?
– ეგორ კაზაკოვი? – ვარვარას სიწითლე გაფითრებამ შეცვალა. ცოტა ხანს ჩაფიქრდა და დაიწყო: – დედა 10 წლის წინ გარდაიცვალა... სულ მარტო დავრჩი, მთლად ახალგაზრდა. ცხოვრება დაუნდობლად მომექცა – მამაკაცს შევხვდი, რომელიც მთელ ქვეყნიერებას მპირდებოდა... ორ წელს ვიყავით ერთად. მერე კი აღმოვაჩინე, რომ თურმე ცოლშვილიანი ყოფილა და ოჯახი სხვა ქალაქში ჰყოლია... მიყენებდა, მოსკოვში, ჩემს ბინაში ცხოვრობდა. დათრგუნული ვიყავი და რწმენადაკარგული... როცა ეგორი გამოჩნდა. 5 წელია, ვხვდები. პირველი 2 წელი მიყვარდა, მეორე 2 წელი მისი სიყვარულის გამო ვუძლებდი, ხოლო ერთი წელია, ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა.
– როგორ?! – მართლა გამიკვირდა, რადგან ასეთ მოულოდნელ აღსარებას არ ველოდი, თანაც ხანგრძლივი დუმილის მერე, – ნუთუ დაშორება გინდა და მისი გეშინია?!
– ეგორს არ იცნობ, ის ნამდვილი მტაცებელია. თუ რამე თავისად დაიგულა, მოკვდება და ხელიდან აღარ გაუშვებს. მიუხედავად იმისა, რომ მამა ვლადს ის მე გავაცანი, ბოლოს „სახალხო ტაძრის“ შეკრებებზე სიარულიც ამიკრძალა. მე უკვე „წითელი კარვის“ წევრი ვიყავი, ანუ – მამა ვლადის ნდობით აღჭურვილი პირი.
– მიკვირს, რომ ვლად რიმსკის არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს მასზე, – წარმოვთქვი თუ არა, რუსულად ამეტყველებული ქართველის ცალკეულმა ფრაზებმა მოაღწია ჩემამდე – ცოლთან განქორწინების დეტალებს „აცნობდა“ დიდი ყურადღებით მსმენელ ქალბატონს.
– საქმეც ეს არის, რომ ეგორი არავის ემორჩილება და მას მამა ვლადიც კი ვერაფერს უხერხებს.
– რას გულისხმობ? – ჩავეძიე, რადგან კვანძის ბოლომდე გახსნა მინდოდა.
– თუნდაც იმას, რომ „სახალხო ტაძრის“ წევრებს ალკოჰოლიანი სასმლის მიღება ეკრძალებათ, თუმცა ეგორი ამას არად დაგიდევს...
– ვარა, ცოტა არ იყოს, დავიბენი – როგორც ცნობილია, ეგორი მამა ვლადთან დაახლოებული პირია, მისი პირადი მცველი და ის, იმავდროულად, არაფრად აგდებს ვლად რიმსკის შეგონებას?! თუ ეს ასეა, მაშინ, რის გამო იტანს მას მოძღვარი თავის რჩეულთა რიგებში... ხომ შეუძლია, რომ „სახალხო ტაძრიდან“ გამორიცხოს?!
– საქმე ის არის, რომ ეგორი ძალიან კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას და ძლიერიც არის... მისი შემცვლელის პოვნა ჩვენს სულიერ წინამძღოლს გაუჭირდება, – მივხვდი, რომ ამ უსუსური ფაქტორით ვარვარას სურდა, რაღაც მნიშვნელოვანი დაემალა.
– გამოდის, რომ შენ გარემოების ტყვე ხარ – ეგორ კაზაკოვის იძულებითი საყვარელი და თანაც, მისი ბრძანებების უსიტყვოდ შემსრულებელი! ამას როგორ ეგუები, ვარა... ძლიერი ქალი მეგონე!
ვარვარა ანტონოვნა ყურებამდე გაწითლდა, კითხვა უპასუხოდ დატოვა და, ცოტა ხნით გავალო, – ბოდიში მომიხადა. გასვლა იმიტომ მოიმიზეზა, რომ პასუხისთვის თავი აერიდებინა. მეც გადავწყვიტე, მეტად აღარ ჩავძიებოდი და, ცოტა არ იყოს, ნირწამხდარმა, სათითესავით თიხის ჭიქით ბრინჯის არაყი ხახაში ჩავისხი. გუნება წამიხდა და იმდღევანდელი დღე ჩავარდნილად ჩავთვალე. ამ უსიამოვნო ფიქრში ვიყავი, როცა ჩემი ყურადღება მეზობელ მაგიდასთან მსხდომმა წყვილმა კვლავ მიიქცია.
– ნუთუ ქართველი ქალები ასეთი ეგოისტები არიან? – ჰკითხა ქალმა.
– არა მარტო ეგოისტები... ისინი მომთხოვნი, აგრესიული და ამბიციურები არიან და კარგ გუნებაზე მხოლოდ მაშინ დგებიან, როცა საფულე სქელია, კაცის მოთმინება კი – გრძელი... და არა მარტო მოთმინება!.. – ქალბატონის კისკისს იმ ვიგინდარა ქართველის ხვიხვინიც შეუერთდა, რომელიც, ალბათ, მისი სიცილის მანერა იყო. „ამან სულ გააჭენა, დროა, ჭკუა ვასწავლო!“ – გავიფიქრე თუ არა და წამოდგომა დავაპირე, ბედზე, ვარგვარა გამოჩნდა. მის დანახვაზე ჩემი დავალება გამახსენდა. ამიტომ, ბრაზი ურჩი ცხენივით მოვთოკე და ვარვარას შემხვედრი ღიმილით დავხვდი.
– იცი, ალექს, ახლა გამახსენდა... „სახალხო ტაძრის“ ოფისის კარისკაცს, ალექსეის კარგად ვიცნობ, ყოველთვის თბილად მექცეოდა... იქნებ დაველაპარაკოთ და შენი რჩეულების კრებაზე შეშვება ვთხოვო... საშვის გარეშე!
– შესანიშნავი იქნებოდა! მაგრამ სად არის ეს ოფისი, ვარა?
– არც ისე შორს არის მოსკოვის ცენტრიდან. ძველი სინაგოგის შენობაა, რომელიც ჩვენმა „ტაძარმა“ თავისი ხარჯებით შეიძინა, გაარემონტა და იქ ახლა „სახალხო ტაძრის“ ძირითადი ოფისია და დარბაზიც, რომელშიც დახურული შეკრებები იმართება. მამა ვლადი სწორედ იქ ხვდება თავის აქტივს, რჩეულებს... ყველას არ უშვებენ, მაგრამ ალექსეის დაველაპარაკები და იქნებ რამე გავაწყო.
– ძალიან ძვირფასი ხარ! – ვარვარას ხელზე ხელი მოვუჭირე და მაგიდიდან წამოვდექი, რათა ანგარიში გამესწორებინა. ის-ის იყო, გამოსასვლელისკენ გავემართეთ, რომ შევამჩნიე, ჩემი „ნაცნობი“ ქართველი წამოდგა და საპირფარეშოსკენ გაემართა. ვარვარა მანქანაში ჩავსვი, მოვუბოდიშე, რესტორანში რაღაც დამრჩა-მეთქი და უკან შევბრუნდი.
საპირფარეშოს კარი ხმაურით შევაღე... იქაურობა მოვათვალიერე – რამდენიმე ჩამწკრივებული კაბინიდან მხოლოდ ერთი იყო დახურული. მივხვდი, ის ნაბიჭვარი იქ ბრძანდებოდა. ხელსაბანთან მივედი და წყალი მოვუშვი. ცოტა ხანში ის ვაიქართველი კაბინიდან „გამობრძანდა“ და კარისკენ ისე გაემართა, ჩემთვის არც შემოუხედავს. კარის სახელურს შეავლო თუ არა ხელი, ჩემმა ქართულმა სიტყვამ ერთ ადგილს მიალურსმა.
– მოიცადე!
– შემოტრიალდა და განცვიფრებით მიაჩერდა კაცს, ანუ მე, რომელიც, ალბათ, ინგლისელი ეგონა – მან კი სუფთა ქართულით მიმართა:
– ხელების დაბანა „დაგავიწყდა“!
გაგრძელება შემდეგ ნომერში