ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს აღნაგობა და აქვს თუ არა უფლება აღნაგობის უფლების მქონეს, გაასხვისოს აღნაგობა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ აღნაგობის უფლების არსებობისას, მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება; ასევე, ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება. აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადით შეიძლება გაიცეს აღნაგობის უფლება და შესაძლებელია თუ არა აღნაგობის უფლების სამუდამოდ გაცემა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და არ უნდა აღემატებოდეს 99 წელს. შესაბამისად, აღნაგობის უფლების სამუდამოდ გაცემა დაუშვებელია.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, 2010 წლის გადასახადებით დაბეგვრისას, შესაძლებელია თუ არა დღეს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციის გამოყენება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღეისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
კითხვა: ვართ დღგ-ის გადამხდელები. საგადასახადო შემოწმების დროს ჩვენ მიერ დაზუსტებული იქნა, რომ 2007 წელს ზედმეტად გადახდილი გვაქვს დღგ-ის გადასახადი. გთხოვთ, გვიპასუხოთ: იმის გამო, რომ დიდი დროა გასული, საგადასახადო ორგანოს რომ მოვთხოვოთ ზედმეტად გადახდილი თანხა, ჩაგვეთვლება თუ არა დამატებითი ღირებულების გადასახადში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ 2007 წელს ზედმეტობით გადახდილი დღგ-ის გადასახადი ჩაგეთვლებათ მხოლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადში.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის საგადასახადო სანქციები შეიძლება დაუწესდეს გადასახადის გადამხდელ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრავი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 15 პროცენტის ოდენობით.