როცა ქალს უყვარს
თიკომ ჯერ სათვალთვალოში გაიხედა, მერე უკმაყოფილო სახით გააღო კარი და ზღურბლზე მდგარ კაცს არც მისალმებია, ისე შებრუნდა ოთახში. კოტემ კარი დაკეტა და ფეხდაფეხ მიჰყვა საყვარელს, საფირმო პაკეტებით დატვირთული.
– რატომ მოხვედი? – თიკო სავარძელზე დაჯდა და წარბი შეიკრა.
– აუ, დაიწყე ისევ? – ამოიოხრა კოტემ, – ხომ შევრიგდით უკვე.
– ვინ მოგახსენა? ეგ გითხარი, ბოლოს რომ დამირეკე?
– არა, მაგრამ სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს, ფისო? – მოფერება სცადა კაცმა და ენა მოუჩლიქა, მაგრამ თიკო უფრო გაანჩხლდა.
– ახლავე წადი აქედან... ახლავე! აღარ მინდა შენი დანახვა.
– კარგი რა, თიკო... იმდენი რაღაც მოვიტანე... დატრიალდი შენებურად, გემრიელად ვივახშმოთ და მერე მეტყვი, როგორ გამოვისყიდო დანაშაული.
– ანუ, აღიარებ, რომ დამნაშავე ხარ? – თვალები წყრომით მიაშტერა ქალმა.
– იძულებულს მხდი, რომ ასე ვთქვა, თორემ მართლა ვერ ვხვდები, რას მერჩი. რა ჩავიდინე ამისთანა. ჩემს ცოლთან რომ გავატარე ღამე? კარგი რა, ფისო, ცოლქმრული მოვალეობა შევასრულე, მეტი არაფერი.
– როგორი იდიოტი ხარ, ან ცდილობ, თავი ასეთად მომაჩვენო. სახლიდან სხვანაირად გამომაგდე? არასოდეს გაპატიებ ამას.
– ფისო, გეყოფა. შენ ხომ არ გინდა, ჩვენი ურთიერთობის შესახებ ლენუკამ გაიგოს. მითხარი, ხომ არ გინდა?
– ეგ მე კი არა, შენ არ გინდა, – მიახალა თიკომ, – შენ კანკალებ ნაცემი ლეკვივით ცოლის წინაშე, თორემ მე პრობლემა არ მაქვს. გაიგებს და გაგშორდება ან სკანდალს მოგიწყობს და გაპატიებს. ოღონდ ეგ კარგად ძვირი დაგიჯდება. ის კი არა, შეიძლება, მეც მაპატიოს.
– შენ რა, გაგიჟდი, სერიოზულად ამბობ ამას? – გაშრა კოტე.
– ძალიან სერიოზულად ვამბობ, – გაიბუსხა თიკო, – ასე რომ, შეგიძლია, მიბრძანდე აქედან.
კოტემ ამოიოხრა. პარკები და პაკეტები იატაკზე დააწყო და თიკოს გვერდით მიუჯდა.
– ნახე მაინც, რა მოგიტანე...
– არ მაინტერესებს... საერთოდ... ხომ გითხარი, შენი აღარაფერი მინდა-მეთქი.
– ფისო, ვერ გადავიტან ამას. ჩემი გული ვერ გაუძლებს.
– შენი გული ყველაფერს გაუძლებს და თავს ნუ მაცოდებ. ძალიან ვარ გაბრაზებული, ძალიან... და კიდევ უფრო ვცოფდები, როცა ამას არ იმჩნევ.
– ვიმჩნევ... ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ. მაგრამ რაღა გავაკეთო?
– ჰმ, ეგეც მე გიკარნახო? ჩინური კერძებით და ეგზოტიკური ხილით გინდა გახვიდე იოლას?! არ გამოგივა.
კოტემ ისევ ამოიოხრა. მიხვდა, ქალს საუბარი საითკენაც მიყავდა.
– სიმართლე გითხრა, საჩუქრის ყიდვასაც ვაპირებდი, მაგრამ ვერ გავრისკე. არ ვიცოდი, რა უფრო გაგიხარდებოდა – საყურე თუ ბეჭედი...
– რა, საქორწინო ბეჭდის ყიდვას ხომ არ აპირებდი? – დასცინა თიკომ.
– დამცინი?
– მე კი არა, შენ დამცინი. როდესმე ჩემს ხელზე ბეჭედი გინახავს?
– ჰოდა, ხომ არც გიყიდე... ჩემი ფისუნია, ასე ძალიან როგორ გაგაბრაზე? – კოტემ ქალს მხარზე მოხვია ხელი და მკერდზე მიიხუტა. თიკო ამჯერად აღარ გაუძალიანდა. პირიქით, გაინაბა და მართლა ფისოსავით აკრუტუნდა.
– ანუ, მზად ხარ ის მიყიდო, რაც მინდა?
– ჰო. ოღონდ აგარაკი არ მომთხოვო აუზით. მაგდენს ვერ გავქაჩავ.
– შეხედე, უკვე წუწუნებს... სიტყვაზე ვერ გენდობა ადამიანი. მოკლედ, არაფერი გამოვა ჩვენი შერიგებიდან, ასე ვატყობ.
– არა, არა, შევრიგდეთ. მითხარი, რა გინდა.
– იცი, ადრეც ვაპირებდი მეთქვა... სესხს კი ავიღებდი, მაგრამ მაგხელა შემოსავალი არ მაქვს...
– ვაიმე, აშკარად აგარაკს უმზინებ... – ახარხარდა კოტე ნაძალადევად.
– არა, მაგდენიც არ დაგიშავებია, – აჰყვა სიცილში თიკო, – ახლა მანქანაც საკმარისი იქნება.
კოტეს სიცილი „შეეყინა“.
– გაგიჟდი, გოგო? შარშან არ გიყიდე ეს მანქანა?
– მერე, რამდენი წლის არის? გამოგეყვანა მაღაზიიდან და ხმას არ ამოვიღებდი. თან, არც მომწონს. ისეთი მინდა, ლენუკას რომ ჰყავს. ეს გავყიდოთ, ცოტა დამიმატე და ეგ იქნება.
– „ცოტა დაუმატე“, – გამოაჯავრა კოტემ, – იცი, ეგ ცოტა რამდენია? არა, დაივიწყე. მართლა მაგდენიც არ დამიშავებია... ევროპაში გაგიშვებ სამი დღით „შოპინგზე“ და გეყოფა.
– მაგას ისედაც გააკეთებ, იმიტომ რომ, ადრე დამპირდი. რაც შეეხება მანქანას, ძალიან მინდა და თუ ჩემთან ურთიერთობა რამედ გიღირს, ამ თხოვნაზე უარს არ მეტყვი.
– გოგო, უარს კი არ გეუბნები, ფული არ მაქვს... ფული...
– ფულის მეტი რა გაქვს. არ გრცხვენია, რომ მეწუწუნები?
– ვაიმე, ეგ ლენუკამ გითხრა? მაგასაც ჰგონია, რომ დოლარები ხეს ასხია ფოთლებივით და ეს ხე მე მიდგას სახლში.
– ანუ, არ მიყიდი? ასეც ვიცოდი. კიდევ ერთხელ ამტკიცებ, რომ არაფრად გიღირვარ.
– როგორ არ მიღირხარ, თიკუნა, საყვარელო, მაგრამ შენც გამიგე. ახლა რთული პერიოდი მაქვს. ვერ ხედავ, ქვეყანაში რა სიტუაციაა? უჭირს ხალხს და ცოტა მეც გამიჭირდა. თანაც, სანდროა ისე ატეხილი, ეგ იქ აღარ გაჩერდება. ლონდონში სწავლა კი გაცილებით ძვირი ღირს.
– ძალიან გთხოვ, ერთი მანქანის გამო გლობალურ ეკონომიკაზე ნუ წამიკითხავ ლექციას. არც ის მაინტერესებს, სანდროში რამდენ ფულს ხარჯავ... მეც რთული პერიოდი მაქვს და ახალი მანქანა მინდა... ან მიყიდი და გაპატიებ შენს გუშინდელ ვირულ საქციელს, ან არა! – ხმა გაიმკაცრა თიკომ.
კოტემ ხელები გაშალა.
– გიყიდი, ოღონდ ახლა ვერა...
– არა, მე ახლა მინდა.
– ღმერთო, ეს რა უაზრო სიჯიუტეა. ხომ არ გეუბნები, საერთოდ არ გიყიდი-მეთქი. ორი-სამი თვე რომ მოიცადო, რა მოხდება?
– არაფერი. შენც ორი-სამი თვე მოგიწევს მოცდა.
– ეს ულტიმატუმია?
– როგორც გინდა, ისე გაიგე. ახლა ჩემი ბინის გასაღები დატოვე და წადი.
კაცს სახეზე უკმაყოფილება გამოესახა.
– თიკო, მტკივნეულ ადგილზე ფეხს რატომ მაჭერ? შენ რა, ლენუკაზე უარესი ხარ? მე იმიტომ მიხარია შენთან ყოფნა, რომ არ მეჩხუბები და ულტიმატუმებს არ მიყენებ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მიყენებდი. მთლად კაპასი ცოლივით ნუ მოიქცევი ახლა, თორემ მეც გავბრაზდები.
– გაბრაზდი მერე და ცივი წყალი დალიე. შენ ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ. ცხოვრების საუკეთესო წლები შენ უნდა შემოგწირო. მაშინ მოდიხარ, როცა გაგიხარდება... როცა მოგინდება, სახლიდანაც მაგდებ...
– თიკო, მაგაზე ხომ მოგიხადე ბოდიში.
– დამაცადე, ჯერ არ დამიმთავრებია... არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობ ჩემ წინაშე და მეც არაფერს გთხოვ... ისიც კი არ გინდა, ზოგჯერ გამახარო... შენ გგონია, საყვარლის როლში ყოფნა ადვილია? არც გიფიქრია, რად მიღირდა ჩემი მეგობრის ქმართან გამება რომანი... რამდენს მეხვეწებოდი, ესეც ხომ გახსოვს?!
– გეხვეწებოდი იმიტომ, რომ არანორმალურად მომწონხარ. ეს არაფერს ნიშნავს? – სიტყვას მოებღაუჭა კაცი.
– უყურე ახლა ამას?! იცი, რამდენ მამაკაცს მოვწონვარ? წარმოდგენაც კი არ გაქვს.
– ჰო, მართლა, – კოტეს ერთბაშად ცოლის სიტყვები გაახსენდა, რომ ეუბნებოდა, თიკოს, მგონი, ვიღაც ჰყავსო, – ლენუკამ მითხრა, თიკოს სერიოზული თაყვანისმცემელი გაუჩნდაო. ამაზე რას იტყვი? მე რა ვიცი, იქნებ შენც მღალატობ და ჩემს ზურგს უკან ვიღაცას ხვდები.
თიკო გაცხარდა.
– ეს რა, გამოღმა მედავები? საზიზღარო! შენ დამირეკე და რა მეთქვა ლენუკასთვის, შენი ქმარია და შეხვედრას მთხოვს-მეთქი? – ქალმა სახეზე ხელები აიფარა და ასლუკუნდა. კოტე ვერ იტანდა, ქალი რომ ტიროდა. ლენუკაც ყოველთვის ცრემლებით აღწევდა ხოლმე მიზანს – ამჯერადაც ნერვებმა უმტყუნა...
– კარგი, გავყიდოთ შენი მანქანა და ვიყიდოთ ახალი. მაინცდამაინც ლენუკასნაირი გინდა? სხვა რომ შევარჩიოთ?
– არა. ეგეთი მინდა. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
– პრინციპში, არანაირი, – მხრები აიჩეჩა კაცმა და ამოიოხრა, – მაინც შენი გაიტანე. ვინც თქვენ სუსტი სქესი დაგარქვათ, იმას რა ვუთხარი მე! ეს ჩვენ, კაცები ვართ სუსტები, რაც გინდათ, იმას გვაკეთებინებთ.
თიკომ გადაიკისკისა და პარკები გახსნა. თითქოს კოტეს ნათქვამი არც გაუგონია.
– ერთი ვნახო, რა მოიტანე?
– რაღა აზრი აქვს, გაცივდა ყველაფერი, – აბუზღუნდა კაცი.
– ჭამის მადაც ხომ არ დაგეკარგა? – ირონიულად ჰკითხა თიკომ, – ამას კი ახლავე შევათბობ...
***
დევიდი და ანა უზარმაზარი, ძველებური ბუხრებით დამშვენებულ, სასტუმრო დარბაზში ისხდნენ და მასპინძლების მირთმეულ ნამდვილ ირლანდიურ ვისკის წრუპავდნენ. დევიდმა პატარა ყლუპი მოსვა, სითხე ენის წვერზე გაიჩერა და კმაყოფილმა წარმოთქვა:
– შესანიშნავია! ვილი, ხომ არ აპირებ კარდიოლოგობას თავი დაანებო და ამ საქმეს უფრო სერიოზულად მოჰკიდო ხელი.
ვილიმ, ჭეშმარიტი ირლანდიელის აღნაგობის მამაკაცმა, გულითადად გაიცინა და თავი გადააქნია.
– არა. საოპერაციოს სუნის გარეშე ვერ გავძლებ. ეს კი ჩემი ჰობია. ჩვენი გვარის ყველა წარმომადგენელი აყენებდა ვისკის და ეს უფრო გენეტიკურია. მეც მიყვარს, როცა ჩემს სტუმრებს კარგი, თანაც ჩემი მეთვალყურეობით დამზადებული ვისკით ვუმასპინძლდები. ჩემმა შვილებმაც არ მოინდომეს ამ საქმეს გაჰყოლოდნენ. ბიჭი იურისპრუდენციამ მოხიბლა, გოგომ, საერთოდ, ხელოვნების ექსპერტობა გადაწყვიტა. ვშიშობ, მე ვიქნები ჩემს გვარში უკანასკნელი, ვინც ვისკის დაყენების ამ მეთოდს ფლობს... ძალიან გამიხარდა, რომ ჩამოხვედით. სიმართლე გითხრა, არც გელოდით. კარგი ქენით, რომ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტეთ ჩამოსვლა. ორი კვირით შვებულება ავიღე. ვითევზავებთ, სანადიროდ ვივლით... მოგეწონება...
დევიდმა ხელები გაშალა.
– მე ყოველთვის მინდოდა, ხომ იცი, მაგრამ ისიც იცი, ჩვენი საქმე როგორია. შენი არ იყოს, ვერც მე ვძლებ საოპერაციოს სუნის გარეშე. თან, ანასაც არ ეცალა.
– ხვალ ლინა და დიანაც ჩამოდიან. ახლა დავურეკავ და ვეტყვი, რომ თქვენც აქ ხართ. გაუხარდებათ, – ვილიმ ტელეფონისკენ გაიწოდა ხელი.
– არა! – თქვა უცებ ანამ, – ნუ დაურეკავ. მინდა, სიურპრიზი იყოს. მთავარია, კარგად არიან.
– ჰო. თითქმის ყოველ საღამოს ვურეკავ. მარიაც ერთხელ იყო ჩასული. ლინას ძალიან მოსწონს დიანა. გაუგეს ერთმანეთს. კარგი ქენი, დიანა აქეთ რომ გამოაგზავნე. ყოველთვის მინდოდა, ჩვენს შვილებსაც ისე ემეგობრათ, როგორც ჩვენ ვმეგობრობთ.
– რა თქმა უნდა. მეც მინდოდა, დეას ქვეყანაც ენახა და ლინაც გაეცნო. ბრაიანი ისევ ამერიკაშია?
– ჰო. არც კი ფიქრობს აქეთ ჩამოსვლას, რასაც მე განვიცდი. დედამისს კი მიაჩნია, რომ ასე უფრო ადვილად იპოვის ადგილს ცხოვრებაში.
– ამ შემთხვევაში, მარიას ვეთანხმები, – თავი დაუქნია დევიდმა, – ანას სულ ვეუბნები, დეას მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ-მეთქი. მაგრამ მაინც ძალიან ნერვიულობს... ვერ ისვენებს...
ანამ ნაძალადევად გაიღიმა.
– ასეა, როცა ერთი შვილი გყავს, – თქვა ხმადაბლა და ქმარს უკმაყოფილოდ შეხედა.
დარბაზში ძალიან ლამაზი, სლავური გარეგნობის ქალი შემოვიდა.
– სადილი ერთ საათში იქნება. მანამდე ბუტერბროდებს მოგვართმევენ ვერანდაზე. ვილის უყვარს, როცა ყველაფერი ტრადიციების მიხედვით ხდება. სახლის გადაკეთების უფლებაც არ მომცა. მხოლოდ რამდენიმე ოთახში განვაახლე ინტერიერი. ძირითადი ოთახებისთვის ხელის ხლება ამიკრძალა. სულ მგონია, რომ ჩემ გვერდით ამ ციხე-კოშკის მოჩვენებები ცხოვრობენ, – საყვედურით წარმოთქვა მარიამ და ქმარს ლოყაზე აკოცა.
– ხუმრობს, თორემ, თვითონაც ძალიან მოსწონს ეს კოშკიც და მისი აჩრდილებიც, – ბოხი ხმით გადაიხარხარა ვილიმ, – თავს პრინცესად გრძნობ, ჩემო სიხარულო... სადილად ხომ ჩემი ნანადირევი იხვი შეუკვეთე... ჩვენი მზარეული ისე ამზადებს, თითებს ჩაიკვნეტთ... შემწვარი ვაშლით... მმმ... როგორია... – ვილიმ მსუბუქად გააწკლაპუნა ტუჩები და ხელები მოიფშვნიტა. მერე უცებ შეწუხდა, – რამდენს ვლაპარაკობ. ანა კი, ისეთი დაღლილი ჩანს. ვერ გავითვალისწინე, რომ ნამგზავრები ხართ. გავიდეთ ვერანდაზე, მივირთვათ ბუტერბროდები. სადილის შემდეგ კი, ჩემს ტბაზე გეპატიჟებით, ნავებით გავისეირნოთ.
***
ლინამ ჩემოდანი დახურა და გაიღიმა.
– აჰა, მგონი, ყველაფერი ჩავტიე... კიდევ ერთი ჩანთა დამჭირდება ჩემი მოსართავებისთვის და ეგ არის.
დიანას სიცილი აუტყდა.
– შენ შემხედვარეს, ასე მგონია, ერთი თვით მივდივართ... ლამის ყველაფერი მიგაქვს თან.
– ჰო. წინასწარ ხომ არ ვიცი, რა დამჭირდება?! შენ არ იცნობ მამაჩემს. ამ სამ დღეში საკუთარ თავს აჯობებს. სანადიროდაც წაგვიყვანს, სათევზაოდაც და გრანდიოზულ წვეულებასაც მოგვიწყობს. შესაფერისი ტანსაცმელი ხომ დამჭირდება?!
დიანა შეიჭმუხნა.
– წვეულება მეტისმეტია. არ მიყვარს ბევრი ხალხი და ხმაური. მერჩივნა, ეს რამდენიმე დღე სიმშვიდეში გაგვეტარებინა, რომ ფიქრის საშუალება მქონოდა.
ლინამ ჩაიცინა.
– სანდროზე ფიქრის?
– არა მხოლოდ სანდროზე. იცი, რა მითხრა, ლონდონში გადმოვალ სასწავლებლადო. მამამისისთვის უკვე უთქვამს..
– მე ვიცოდი. ტომასმა მითხრა. ეგ ბიჭი, მგონი, სერიოზულად არის შეყვარებული შენზე და პირადად მე, არ მიკვირს. საოცარი გოგო ხარ. ტომასმაც აღნიშნა.
– არ მითხრა, რომ ისიც შეყვარებულია ჩემზე...
– არა. ტომასს აშკარად მე მოვწონვარ. კარგი ახლა, იმყოფინე ალექსანდრე და საშუალება მომეცი, ტომასთან ცოტა გავერთო... – აკისკისდა ლინა და დიანას ჩაეხუტა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში