როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ხეჩიკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხეჩა.
1666 წლის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება მამასახლისი მასელა ხეჩიკაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ხეჩიაშვილი, ხეჩინაშვილი, ხეჩუაშვილი.
საქართველოში 258 ხეჩიკაშვილი ცხოვრობს: კასპში – 162, თბილისში – 78, გორში – 18.
ჯანგირაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანგირა.
ჯაჰანგირ სპარსული სიტყვაა და ქვეყნის მპყრობელს ნიშნავს.
1871 წელს დუშეთის ოლქის სოფელ დიხჩოდან სოფელ ლასტისციხეში საცხოვრებლად გადასულა პაპია ჯანგირაშვილი.
საქართველოში 882 ჯანგირაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 375, დუშეთში – 228, თიანეთში – 78. არიან სხვაგანაც.
ჭოტიაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ჭოტა, ჭოტი.
1721 წელს სოფელ წინწყაროში, საბარათაშვილოს საბატონეთში, გაგუა ჭოტიაშვილი მოიხსენიება.
საქართველოში 21 ჭოტიაშვილი ცხოვრობს: თელავში – 19, თბილისში – 2.
ბედენაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბედენა, ბედანა.
„ერტისში მცხოვრებ გიორგი ბედენას ძე ბედენაშვილს და რჯულიერსა ცოლსა მისსა ელენე თევდორეს ასულს, 1831 წელს ეყოლათ ვაჟი – ივანე. სახელი გაუნათლა და ნათლისცემა სრულყო მღვდელმა გრიგოლ ნატროშვილმა. მიმრქმელი იყო თავად გრიგოლ ყაფლანიშვილის ყმა, ღოუბანში მცხოვრები დიმიტრი კენკებაშვილი“.
საქართველოში 424 ბედენაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, გურჯაანში – 88, ამბროლაურში – 67. არიან სხვაგანაც.
გულდამაშვილი
გვარი ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან გულდამანა, რომელიც მომდინარეობს სპარსულიდან და ვარდისტანას (ვარდი + სხეული), ნიშნავს.
საამისა და ედიშერ აბაშიშვილების მამულში, სოფელ დვალეთში, 1621 წელს მოიხსენიება ადუა გულდამაშვილი.
გულდამაშვილები მარაბდაში დვალეთიდან უნდა იყვნენ გადმოსულები.
საქართველოში 115 გულდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 52, თეთრი წყაროში – 25, გარდაბანში – 12. არიან სხვაგანაც.
დემურაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დემური, რომელიც თურქულ-მონღოლური წარმოშობისაა და ქართულად რკინას ნიშნავს. სახელი 1677 წელს მოიხსენიება მამულის და შაღუმა ბერუაშვილების ნასყიდობის წიგნში.
1843 წელს პატარა თონეთში მოიხსენიება ვახტანგ დემურაშვილი, იგივე თორისაშვილი.
ამავე წარმოშობისაა გვარი დემურიშვილი.
საქართველოში 318 დემურაშვილი ცხოვრობს: ბოლნისში – 162, თბილისში – 55, თელავში – 35. არიან სხვაგანაც.
სუთიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სუთია.
1721 წელს, წინწყაროში, საბარათაშვილოში, ბატონის სახასოში მოიხსენიება ალავერდა სუთიაშვილი.
საქართველოში 184 სუთიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 67, მცხეთაში – 54, გორში – 6. არიან სხვაგანაც.
ასლამაზიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასლამაზა.
საქართველოს ბევრ კუთხეში ცხოვრობენ ასლამაზიშვილები. ზოგან ისინი რუსული დაბოლოებით ასლამაზოვებად ჩაუწერიათ.
ზაზა სოლომონაშვილის მოურავი ასლამაზა მოიხსენიება მებატონის მიერ ბერელა ზურაბიშვილისადმი მიცემულ თავდახსნილობის წიგნში.
ასლამაზიშვილები ადრე ლამაზიშვილები ყოფილან. ამ ფორმით გვარი მოიხსენიება მეთხუთმეტე საუკუნეში. მოგვიანებით, მეთვრამეტე საუკუნეში, მეტსახელმა ასლამაზმა აწარმოა გვარი ასლამაზიშვილი.
„აზნაური ლამაზიშვილის წინაპარნი ესახლნენ კახეთსა შინა, ლაბიანად წოდებულნი ივრის ხეობაზედ, რომელთაც ეწოდნენ ლამიანის ძეებად, დროსა გიორგი მეფისასა 1587 წელს. ხოლო ამათნი შთამომავალნი იყო ყმა ფრიად მშვენიერი, რომელსა სახელად ეწოდეს ლამაზსა და მის გამო გაუგვარდათ შვილთა მათთა ლამაზიშვილობა და არიან ესენიცა მოხსენიებულნი ტრაქტატსა შინა“.
ასლამაზიშვილების ერთი შტო ბარათაშვილებისგან მომდინარეობს.
ისტორიულ დოკუმენტში გვარი ასლამაზაშვილი გვხვდება 1615 წელს.
გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი სომხურ ეთნოსს მიეკუთვნება. ამ გვარს აქვს შტო-გვარები: ზურაბიშვილი, რამაზაშვილი, ფეიქრიშვილი.
1843 წლის აღწერის ისტორიულ მასალებში, პატარა თონეთში მოიხსენიება ბადალა არუთინაშვილი, იგივე ასლამაზიშვილი, რამაზაშვილი, მოიხსენიება ასლამაზიშვილად.
საქართველოში 429 ასლამაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 231, დმანისში – 46, კასპში – 30. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით