კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეძიე კაცი

***

ნათია 6 საათზე უკვე მზად იყო. ძალიან ნერვიულობდა. კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ და კრიტიკული თვალით შეათვალიერა ჩაცმულობაც, მაკიაჟიც და ვარცხნილობაც. მთლად მარტო რომ არ ყოფილიყო ასეთი მნიშვნელოვანი გამოცდის წინ, მიას დაურეკა და მისვლა სთხოვა.

– ძალიან მაგარი ხარ! – შეაქო მიამ მეგობარი, – შენს ქმარს ასი თვალი და ასი ყურის გამოსხმა დასჭირდება, თორემ, ცხვირწინ ააცლიან ცოლს.

– მაგის გარანტია თუ ექნება, შეიძლება, იჩალიჩოს კიდეც, რომ ასე მოხდეს, – წამოსცდა ნათიას და ენაზე იკბინა, მაგრამ მია მაშინვე მიხვდა, რომ დაქალი რაღაცას უმალავდა.

– რას ამბობ! აბა, თვალებში შემომხედე!

ნათიამ ცრემლები ვეღარ შეიკავა და ქვითინით ჩაეხუტა. გოგოებიდან არც ერთისთვის არ მოუყოლია, რაც მის თავს ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში და ახლა ძალიან შერცხვა.

მიამ ფრთხილად მოსწმინდა ცრემლი, თავის წინ დასვა და საკმაოდ მკაცრად უთხრა:

– ახლა კარგად მომისმინე, რასაც გეტყვი: არც ერთი მამაკაცი ქალის ერთ ცრემლადაც არ ღირს და ეს ყოველთვის გახსოვდეს. თუ არ გინდა, ნურაფერს მეტყვი, მაგრამ, ვხვდები, რაც გაქვს გადაწყვეტილი და, რადგან გადაწყვიტე, ბოლომდე მიიყვანე, უკან არ დაიხიო.

– დღეს ან ხვალ აპირებს სახლიდან წასვლას... – სლუკუნით თქვა ნათიამ, – არასაინტერესო ქალი ხარო... მამაკაცის გაოცების უნარი არ გაქვსო...

– ესე იგი, მაინცდამაინც დღეს აქვს წასვლა გადაწყვეტილი? ქორწინების ათი წლისთავზე? – აღშფოთდა მია.

– იცი, ასე კი მითხრა, მაგრამ ზუსტად არა ვარ დარწმუნებული, მართლა მიდის თუ გადაიფიქრა, რადგან, პიჯაკს რომ ვუმზადებდი, ჯიბეში პატარა კოლოფი ვიპოვე ბრილიანტის ბეჭდითა და წერილით, რომელშიც ზუსტად ის სიტყვები ეწერა, მე რომ მეუბნებოდა ხოლმე. მგონი, გადაიფიქრა წასვლა, ან, სულაც, გამომცადა, რა რეაქცია მექნებოდა ამაზე. ან, მიხვდა, რომ გული მატკინა და საიუბილეო თარიღზე საჩუქარი გამიკეთა.

– მერე, რატომ არ მოგცა? – დაეჭვდა მია.

– ჯერ არც მოსულა სახლში. ჩემი აზრით, ან იქ მაჩუქებს, წვეულებაზე და პატიებასაც მთხოვს, ან, რომ დავბრუნდებით, მერე.

– ღმერთო ჩემო! – წამოიძახა მიამ, – ისევ თორმეტი წლის ასაკში ხარ ჩარჩენილი!

– რატომ გგონია, რომ ვცდები? – ისევ ცრემლები წამოუვიდა ნათიას.

– კარგი, შეწყვიტე ტირილი, თორემ, ჩამოგერეცხა მთელი მაკიაჟი, – მიამ თვალები ხელსახოცით შეუმშრალა და მაღალ სკამზე დასვა, – ახლა თავიდან დაგხატავ – ხომ იცი, ამის სპეცი ვარ.

– კარგი, – დაემორჩილა ნათია, – თან, რაღაცას მოგიყვები. აქამდეც მინდოდა, თქვენთან მაინც მომეოხებინა გული, მაგრამ, იმდენად ინტიმურია ეს ყველაფერი, რომ, მრცხვენოდა.

– თუ გინდა, ახლაც ნუ მომიყვები, თითქმის ყველაფერი გასაგებია.

– რა არის გასაგები? – გაუკვირდა ნათიას.

– ის, რომ, შენმა ქმარმა ვიღაც გაიჩინა და, თავისი საქციელი რომ გაამართლოს, ათასნაირი პრეტენზია წამოგიყენა. არასაინტერესო ქალი, გაოცების უნარის არქონა, უგემური სადილი, ცუდი ხასიათი... – ეს ყველაფერი მოღალატე ქმრების რიჟა ბაზარია... არადა, როგორ მიყვარდა რეზო, როგორ მომწონდა და პატივს ვცემდი, იმიტომ რომ, მეგონა, ბედნიერი იყავი მასთან.

– ვიყავი, მაგრამ, დიდი ხნის წინ... თუმცა, მხოლოდ მის გვერდით ყოფნითაც ბედნიერი ვიქნები... ვინც უნდა, ის გაიჩინოს საყვარლად, ოღონდ კი სახლიდან არ წავიდეს... – ნათიას ხმა აუკანკალდა და ისევ ტირილი დააპირა.

მიას გული დაეწვა სიბრალულით. უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ, მიხვდა, რომ ახლა შეგონებებს აზრი არ ჰქონდა და, ამიტომ, მოფერებისა და დაყვავების ნაცვლად, კარგად დაუტატანა, რომ გამოფხიზლებულიყო და ისევ გული არ ასჩუყებოდა:

– მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: გეყო ფშლუკუნი და, რადგან შენი ქმრის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენია, ისე მოიქეცი, რომ დაიბრუნო.

– „გეყო ფშლუკუნი“ ადვილი სათქმელია შენთვის... – ამოიკვნესა ნათიამ.

– მე მეუბნები, გოგო, მაგას?! შენ რამდენიმე წელი მაინც იყავი ბედნიერი და უამრავი ლამაზი დღე გაქვს გასახსენებელი, მე კი ორივე ქმრის ხელში ქორწილის მეორე დღიდან სიკვდილს ვნატრობდი და ძლივს მოვიშორე თავიდან... ერთმა ბარიგობა დაიწყო, თან, სახლიდან ყიდდა წამალს; მეორემ კი ჩემ ჩუმად გადაიფორმა ჩემი საკუთარი ბინა, მამაჩემმა რომ მიყიდა და გაყიდვას აპირებდა, მე და ბავშვები აგარაკზე რომ გაგვისტუმრა, მაგრამ, ბედად, მყიდველი ჩემი თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელსაც ერთი-ორჯერ ნანახი ჰყავდა ჩემი ქმარი, თან, ჩემთანაც იყო რამდენჯერმე ნამყოფი და, ბინის ნახვის შემდეგ მაშინვე დამირეკა. ეჭვი კი არ შეჰპარვია რამეში, უბრალოდ, საყვედური მითხრა – ხომ იცოდი, ბინას რომ ვეძებდი და, თუ შენს ბინას ყიდდი, რატომ არ მითხარიო. ასე შემთხვევით გასკდა ეს ამბავი. თუმცა, რას გიყვები, ხომ იცოდით ყველამ, რაც მოხდა და რის გამოც გავეყარე. ასე რომ, ჩემო კარგო, მარტო როცა ვრჩები საკუთარ თავთან და ვცდილობ, წარსულიდან რამე ლამაზი გავიხსენო, აღმოჩნდება ხოლმე, რომ გასახსენებელიც არაფერი მაქვს, გარდა იმ ორი დღისა, როცა შვილები გამიჩნდა. ამას რომ ვაცნობიერებ, ხმამაღლა ყმუილი მინდება ხოლმე, მაგრამ, თუ ატყობ, ფარ-ხმალს მაინც არ ვყრი, ვცდილობ, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვიყო და, არც შვილები და მშობლები დავთრგუნო ჩემი მოთქმა-წუწუნით და არც ახლობლები და მეგობრები „დავგრუზო“ ბედზე ჩივილით. ის, რაც მოხდა, როგორც ჩანს, უნდა მომხდარიყო.

– და მაინც როგორი ხალისიანი და მხიარული ხარ, კაცს ეგონება, ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ ჰქონიაო. გამოგიტყდები და, თეთრი შურით მშურს შენი, – ნათიამ ერთიც ამოისლუკუნა, მერე უცებ გასწორდა და სახის გამომეტყველება შეეცვალა, – იცი, აი, ამ წუთას გადავწყვიტე, რომ შენ მოგბაძო.

– ჰოდა, ძალიან კარგი, – გადაწყვეტილება მოუწონა მიამ, – ოღონდ, თუ დამიჯერებ კიდეც, უკეთესი იქნება. ხომ იცი, ცუდს არაფერს გირჩევ.

– ყველაფერს დაგიჯერებ, – გადაწყვეტით თქვა ნათიამ, – დღეიდან, აი, ამ წუთიდან, უნდა შევიცვალო და დავუმტკიცო ჩემს ქმარს, რომ ჩემისთანა ქალები ქუჩაში არ ყრია.

– ყოჩაღ, მაგრამ, თუ გინდა, რომ ეს შენს ქმარს დაუმტკიცო, თვითონ უნდა იყო ამაში დარწმუნებული, ანუ, ჯერ საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო.

– ასეც ვიზამ. დღეს მე ვიქნები ყველაზე ლამაზი, ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე მხიარული, ყველაზე საინტერესო და...

– ყველაზე ვნებიანი, – შეაწყვეტინა მიამ.

– ჰო, ყველაზე ვნებიანი ქალი იმ წვეულებაზე, – თქვა ნათიამ და თვალებში უცნაური სხივი გაუკრთა.

– კიდევ ერთი შესწორება: იმ წვეულებაზე კი არა, მთელ საქალეთში, – გამამხნევებლად გაუღიმა მიამ, მერე კი ცოტა დაეჭვებით ჰკითხა: – აქ კი იქადნები, მაგრამ, იქ არ დაიბნევი?

– აღარსად და აღარასოდეს აღარ დავიბნევი. ნეტავი შეიძლებოდეს, შენც წამოხვიდე, რომ ამაში დარწმუნდე.

– ისე, კაცმა რომ თქვას, არ არის ცუდი აზრი, – გამხიარულდა მია, – ჟურნალისტი ტყუილად ვარ? ვითომ სიუჟეტის გასაკეთებლად მოვედი.

– მერე, შენი უფროსი რას იტყვის? თანაც, ვის რაში აინტერესებს ჩვენი ფირმის ამბები?

– რა უნდა მითხრას, ყველაზე უარეს შემთხვევაში, სიუჟეტს არ გაუშვებს. თანაც, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა აინტერესებს, მთავარია, რომ შემოსვლის მიზეზი მექნება.

– ოპერატორი რომ არ გახლავს?

– ჩემი პატარა კამერა სულ ჩანთით დამაქვს და ოპერატორიც თვითონ ვიქნები.

– აუ, რა მაგარია! მეც უფრო თავდაჯერებულად მოვიქცევი... მაგრამ, რეზო ხომ გიცნობს და, არ მიხვდეს, ჩემ გამო რომ იქნები მოსული.

– ვერ მიხვდება. მე ცოტა გვიან შემოვალ დარბაზში და, რეზოს და შენ რომ დაგინახავთ, ძალიან გავიკვირვებ.

– ღმერთო, რა საინტერესო ყოფილა ინტრიგები! – ტაში შემოჰკრა ნათიამ, მერე კი საათს დახედა და უცებ წამოიყვირა: – ვაიმე, დამაგვიანდა! რვაზე იქ უნდა ვყოფილიყავი, ახლა კი უკვე ათი წუთი უკლია რვას. რა ვქნათ?

– ნუ ნერვიულობ. ნახევარი საათით დაგვიანება სწორედ იმ ეფექტს მოახდენს, რომელიც ჩვენ გვჭირდება. აბა, დამენახვე, ხომ ყველაფერი რიგზე გაქვს...

– შენ? შენ რომ არ გაცვია საღამოს კაბა? – შეწუხდა ნათია.

– გოგო, მე იქ ჟურნალისტი უნდა ვიყო და არა დაპატიჟებული საპატიო სტუმარი; ამიტომ, ძალიანაც შესაფერისად მაცვია, მხოლოდ ცოტა მეაკიაჟს დავიმატებ.

თხუთმეტი წუთის შემდეგ დაქალები მიას მანქანაში ჩასხდნენ და რესტორნისკენ აიღეს გეზი.

ზუსტად ცხრის ოც წუთზე მიადგნენ რესტორანს. ფრთხილად მიუახლოვდნენ კარს და შეიჭყიტეს. ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ზოგიერთები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ შამპანურის ფუჟერებით ხელში, ზოგი კი წყვილ-წყვილად მისხდომოდა პატარა მაგიდებს და საუბრობდნენ. გამოპრანჭული ქალები განაზებული სახეებით მიდი-მოდიოდნენ დარბაზში და კეკლუცი ღიმილითა და თვალების ფახულით ცდილობდნენ კაცების ყურადღების მიპყრობას.

– რეზოს ვერ ვხედავ... – თქვა ნათიამ და დაიძაბა.

– მოიცა, მოვძებნო, – მიამ დარბაზის თვალიერება განაგრძო, მერე უცებ ხელი ხელში ჩაავლო  დაქალს და დარბაზის მარცხენა კუთხისკენ გაახედა, – აქ ბრძანდება ვაჟბატონი, ვიღაც ტიპთან ერთად უზის მაგიდას და, მგონი, კონიაკს მიირთმევს.

– უკვე შევიდე? – ნათია აშკარად ვეღარ ფლობდა თავს.

– ჯერ არა, მე როცა გეტყვი, მაშინ შეხვალ, – მკაცრად უთხრა მიამ, – როგორც ჩანს, ოფიციალური ცერემონია ჯერ არ დაწყებულა, მანამდე კი, ძალიან გთხოვ, ძალები მოიკრიბე. შენ ახლა სრულად უნდა გამოაბრწყინო არა მხოლოდ შენი ქალური მომხიბვლელობის რესურსები, არამედ, ნებისყოფა და სიძლიერე – ამაზეა დამოკიდებული შენი მომავალი. გაიგე?

– ჰო, გავიგე, – ცოტა უფრო მხნედ უპასუხა ნათიამ და ღრმად ჩაისუნთქა, – შენ როდის შემოხვალ?

– შენი შესვლიდან მაქსიმუმ ოც წუთში, მაგრამ, ამაზე ნუ ფიქრობ. გახსოვდეს, რომ უნდა იყო თამამი, ლაღი, მხიარული და ცოტა თავხედი. 

– მახსოვს, – უკვე ეშმაკური ღიმილით თქვა ნათიამ.

– აი, ეს უკვე მომწონს, – გაუხარდა მიას, – ახლა კი კარგად მოემზადე, რამდენიმე წუთში უნდა შეხვიდე...

***

რეზო და ტომასი განაპირა მაგიდასთან ისხდნენ, ვისკის წრუპავდნენ და თან ქალებს აყოლებდნენ მზერას.

– რამდენი ლამაზი ქალი გყოლიათ სამსახურში, – მსუნაგი სახით თქვა ტომასმა.

– ესენი ძირითადად ჩვენი თანამშრომლების ცოლები არიან, ჩვენს ოფისში არც ისე ბევრი ქალი მუშაობს, – თქვა რეზომ, საათს დახედა და გაუკვირდა – უკვე ცხრის ნახევარი ხდებოდა, ნათია კი არ ჩანდა.

„ალბათ, გადაიფიქრა მოსვლა“, – გაიფიქრა და გულში გაუხარდა კიდეც, რომ სხვების დასანახავად ცოლთან ფლირტაობა აღარ მოუწევდა.

– თქვენი ცოლი რატომ არ გამაცანით? – ჰკითხა უცბად ტომასმა, – და, საერთოდაც, რატომ არ არის ის თქვენ გვერდით?

– ჩემი ცოლი თვითონ უნდა მოსულიყო, მაგრამ, რატომღაც, არ ჩანს, – მობოდიშებით უთხრა რეზომ, – ისე, ჩემთვისაც დიდი პატივი იქნება თქვენი მეუღლის გაცნობა.

– ამჯერად მარტო ჩამოვედი. ერთი თვის წინ გავეყარე ცოლს – ვეღარ გაუძლო ჩემს ტემპერამენტს. ასე რომ, სრულიად თავისუფალი ვარ, – ხმამაღლა გაიცინა ტომასმა, – ცუღლუტობაში ხელის შემშლელი გვერდით აღარ მეყოლება.

– ყოველი შემთხვევისთვის, ფრთხილად იყავით, მისტერ ტომას, აქ მყოფი ლამაზი ქალების უმრავლესობა გათხოვილია და ქართველ ქმრებს ისიც კი არ უყვართ, როცა მათ ცოლებს ძალიან დახვეწილ კომპლიმენტს ეუბნება უცხო მამაკაცი.

– გმადლობთ, გავითვალისწინებ, – სიცილით უპასუხა ტომასმა, მერე რეზოს ჭიქა ჭიქაზე მიუჭახუნა და ვისკის საკმაოდ დიდი ყლუპი მოსვა. რეზო გაჩუმდა და რატომღაც ნათიაზე დაიწყო ფიქრი. გულის სიღრმეში აინტერესებდა, რატომ არ მოვიდა.

– თქვენ ლამაზი ცოლი გყავთ? – ჰკითხა ტომასმა ღიმილით.

– ბატონო? – რეზო უცბად ვერ მიხვდა, რას ეკითხებოდა ამერიკელი პარტნიორი.

– თქვენ ლამაზი ცოლი გყავთ-მეთქი? –კითხვა გაუმეორა ტომასმა.

რეზო რამდენიმე წამს დაფიქრდა  და აბსოლუტურად გულწრფელად უპასუხა:

– სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს.

– ეგ როგორ გავიგო? – გაუკვირდა ამერიკელს, – არ გახსოვთ, ლამაზია თუ არა თქვენი ცოლი?

სტუმრის ხმაში გამოჟონილმა ირონიამ რეზო, ცოტა არ იყოს, დააბნია, მაგრამ, სასმელს უკვე დაწყებული ჰქონდა მის ტვინში ხელის ფათური, ამიტომ, მორიდებისა და ეტიკეტის დაცვის გარეშე, ისევ გულწრფელად უპასუხა:

– ჰო, რა არის გასაკვირი? დღეს ათი წელი შესრულდა, ყოველდღე ვუყურებ და, ისე შევეჩვიე მის სახეს, რომ, აღარ მახსოვს, ლამაზია თუ არა.

– არ გეპატიებათ, ჩემო კარგო, არ გეპატიებათ... ანუ, ისე გამოდის, ახლა აქ რომ შემოვიდეს, შეიძლება, ვერც კი იცნოთ?

რეზოს არ ესიამოვნა ტომასის სითამამე და ძლივს შეიკავა თავი, რომ რამე უკმეხი არ ეთქვა, მაგრამ, უცებ დარბაზის შუაგულში რეზოს ფირმის დირექტორი გავიდა მიკროფონით ხელში და გამოაცხადა:

– ძვირფასო მეგობრებო! პატივცემულო სტუმრებო და პარტნიორებო! გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი წვეულება არ ჰგავდეს არც ერთ სხვა კორპორაციულ საღამოს და ამიტომაც მოგეცით ნახევარი საათი „მოთელვისთვის“, ანუ, ერთმანეთის გასაცნობად და მოსაკითხად; ახლა კი, კვლავ ორიგინალურები რომ დავრჩეთ, სანამ სტუმარმასპინძლობის ტრადიციულ ქართულ წესებზე გადავალთ, ვაცხადებთ „თეთრ ვალსს“, ანუ, ქალბატონები საცეკვაოდ პატიჟებენ კავალრებს!

ამ განცხადებამ მხიარული აჟიოტაჟი გამოიწვია, რა თქმა უნდა, ძირითადად ქალებში. მათ ჯერ ტაშით დააჯილდოეს დირექტორი, შემდეგ კი თავიანთი რჩეული მამაკაცებისკენ დაიძრნენ. ის იყო, შტრაუსის ერთ-ერთი ვალსის ულამაზესი ჰანგები გაისმა, რომ, უცებ კარი გაიღო და დარბაზში ნათიამ შეაბიჯა. იქ დამსწრეთათვის ისეთი მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა, რომ უცბად ყველა გაჩუმდა და მას მიაჩერდა. ის კი მიაბიჯებდა ამაყად თავაწეული, საკუთარ სილამაზეში დარწმუნებული და სახეზე მაცდუნებელი ღიმილი დასთამაშებდა. მისი ჩაცმულობა იყო საკმაოდ თამამი, მაგრამ, არა ვულგარული. ოდნავ ღრმა დეკოლტე და მუხლს ზემოთ კაბა ხაზს უსვამდა მისი სხეულის სილამაზეს. ზეციდან ჩამოსულ ქალღმერთს ჰგავდა. უმრავლესობამ ვერც კი იცნო. ისეთი ლამაზი იყო, ქალები ცუდად დაფარული შურით შესცქეროდნენ, მამაკაცები კი – დაუფარავი აღფრთოვანებით. მერე რამდენიმე წუთით ყველა კაცს დაავიწყდა, რომ მათ გვერდით ცოლები იდგნენ, ერთმანეთთან შეუთანხმებლად გააკეთეს ცოცხალი დერეფანი და ტაში დაუკრეს, თან გულში ყველას აინტერესებდა, ვის გაიწვევდა პირველ ცეკვაზე მოულოდნელად გამოჩენილი ფერია, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა პირდაღებული მამაკაცების აღფრთოვანებულ მზერას და დარბაზის კუთხეში მდგარი მაგიდისკენ მიემართებოდა ტანის ავაზისებური რხევით. რეზო და ტომასი წამოდგნენ და მათკენ მიმავალ ქალს თვალებდაჭყეტილები შეაჩერდნენ. თავიდან რეზომ ვერც კი იცნო ცოლი. მხოლოდ მაშინ მიხვდა, ვინ მოდიოდა მისკენ, როცა ნათია ათიოდე ნაბიჯზე მიუახლოვდა.

– აი, მესმის ქალი! – აღფრთოვანება ვერ დამალა ტომასმა და წინ ერთი ნაბიჯი წადგა იმ იმედით, იქნებ მე გამიწვიოს საცეკვაოდო, ქალი კი რეზოს შეჰყურებდა თვალებში და მისკენ მიდიოდა. მაგრამ, ნათიას პარალელურად, რეზოსკენ მიემართებოდა კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც ცდილობდა, დაესწრო ნათიასთვის და პირველს გაეწვია საცეკვაოდ გაოგნებული კაცი. დარბაზში მყოფებმა აშკარად იგრძნეს და დაინახეს კიდეც, რომ ორ მდედრს შორის უცებ გაიმართა უსიტყვო ბრძოლა და ახლა სიტყვა რეზოზე იყო – არავინ იცოდა, როგორ არჩევანს გააკეთებდა ორი მეტოქე ქალის (თუმცა, ორივეს ღიმილის ნიღაბი ჰქონდა სახეზე აფარებული) სამიზნე ერთი მამაკაცი.

ისე მოხდა, რომ ნათია და ის მეორე ერთად მიუახლოვდნენ რეზოს, მისგან ორ ნაბიჯზე შეჩერდნენ და, ის იყო ნათიას საცეკვაოდ უნდა გაეწვია ქმარი, რომ იმ მეორე ქალის ხელზე სწორედ ის ბეჭედი შენიშნა, რომელიც დილით შემთხვევით ნახა რეზოს ჯიბეში და რომელიც მასთან შერიგებისა და ქორწინების ათი წლისთავის საჩუქარი ეგონა. ისე დამცირებულად იგრძნო თავი, კინაღამ გაიქცა იქიდან, მაგრამ, სწრაფად მოვიდა გონს და გადაწყვიტა, ქმარი რომც დაეკარგა, ამ ბრძოლიდან გამარჯვებული თვითონ უნდა გამოსულიყო. ამ ელდის გადატანასაც და გადაწყვეტილების მიღებასაც სულ ორი-სამი წამი დასჭირდა: ნათია მომხიბლავი ღიმილით შებრუნდა რეზოს გვერდით მდგარი უცნობი მამაკაცისკენ, ხელი ჩაჰკიდა და დარბაზის შუაგულისკენ წაიყვანა. გახარებულმა ტომასმა მაშინვე წელზე მოხვია ხელი და ისინი პირველები „შეცურდნენ“ საცეკვაო მოედანზე, მერე კი სხვებმაც მიჰბაძეს. რეზო მექანიკურად გაჰყვა იმ მეორე ქალს, ირმას, რომლის გამოც ოჯახიდან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ, მთელი ცეკვის განმავლობაში ცოლისკენ იყურებოდა და არც კი ესმოდა, რას ეუბნებოდა ირმა, რომელიც ძალიან ცდილობდა, გამოეფხიზლებინა გაოგნებული კაცი, მთელი სხეულით ეკვროდა და ვნებიანად სასიყვარულო სიტყვებს ჩასჩურჩულებდა ყურში.

– რა ბედნიერებაა, – ჩურჩულებდა ქალი, – ხვალიდან სულ ერთად ვიქნებით და ვეღარავინ შეუშლის ხელს ჩვენს სიყვარულს. ხომ ასეა, ჩემო საყვარელო?

– რა არის ასე? – გამოფხიზლდა რეზო.

– რა და, ხვალიდან რომ სულ ერთად ვიქნებით, უფრო სწორად, ამ წვეულების შემდეგ.

– არ ვიცი, ამაღამ, ალბათ, არ გამოვა ჩემი წამოსვლა, – ორჭოფულად უპასუხა კაცმა.

– რატომ? თავისი ზიზილ-პიპილებით გაგაოგნა? არ მეგონა, ასე თუთიყუშივით მოკაზმული ქალები თუ მოგწონდა, – გაგულისებულმა ირმამ ისეთი შხამი გამოაყოლა ამ სიტყვებს, რომ რეზომ იგრძნო, როგორ მოიწამლა მის გარშემო ჰაერი.

– მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, – უთხრა უცბად ირმას ძალიან უხეშად და ცეკვა შეწყვიტა, – არასდროს, გესმის? არასდროს აღარ გაბედო ჩემი ცოლის ხსენება, არც ავად და არც კარგად. მე შენთვის ეს არაერთხელ მითქვამს, მაგრამ, რატომღაც ვერ უშვებ მაგ ტვინში. ახლა კი კატეგორიულად გიკრძალავ და, თუ ასე არ მოიქცევი, სამუდამოდ დამკარგავ, იცოდე, გასაგებია?

– გასაგებია, მაპატიე, – უკან დაიხია ირმამ, – ნუ შეწყვიტე ცეკვა, ყველა ჩვენ გვიყურებს...

ნათია და ტომასი ისე ცეკვავდნენ, ყველას ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

– მშვენიერო ქალბატონო, ინგლისურად ლაპარაკობთ?

– დიახ, – გაიღიმა ქალმა.

– რა გქვიათ?

– ნათია.

– მე ტომასი ვარ, ამერიკელი ბიზნესპარტნიორი.

– საისამოვნოა. მსმენია თქვენზე.

– მართლა? კარგი თუ ცუდი?

– ალბათ, უფრო ნეიტრალური, – გაეცინა ნათიას.

– ძალიან გიხდებათ სიცილი, მაგრამ, სევდასა და ტკივილს ვხედავ თქვენს ლამაზ თვალებში, – რაღაცნაირი, მამაკაცური თანაგრძნობით უთხრა ტომასმა.

– სულაც არა, მე ახლა საოცრად კარგ ხასიათზე ვარ და ძალიან ბედნიერადაც ვგრძნობ თავს, – ნათია შეეცადა, გულწრფელობა ჩაექსოვა ამ სიტყვებში.

– მე ვერ მომატყუებთ, – გაეღიმა ტომასს და საუბრის თემა შეცვალა, რადგან, მიხვდა, რომ ქალმა უხერხულობა იგრძნო, – გათხოვილი ხართ?

– დიახ, უკვე დიდი ხანია.

– თვალებში გეტყობათ, რომ გიყვართ ქმარი, – ტომასმა, რატომღაც, არ ჰკითხა, ვინ იყო მისი მეუღლე და რატომ არ ცეკვავდა მასთან ერთად, – მეც მიყვარდა ჩემი ცოლი, მაგრამ, ზოგადად ქალებიც ძალიან მიყვარდა. იმანაც, ითმინა, ითმინა და ბოლოს ვეღარ მოითმინა, აღარ მაპატია ამდენი ღალატი და, სწორედ საქართველოში წამოსვლამდე ერთი თვით ადრე, ოფიციალურად გამეყარა.

– სამწუხაროა, – ზრდილობის გამო თქვა ნათიამ და მუსიკაც შეწყდა.

ის იყო, ტომასს უნდა ეთხოვა, ჩვენს მაგიდასთან დაბრძანდითო, რომ ახლა სხვა მუსიკა გაჟღერდა. წყვილს მაშინვე მიუახლოვდა ფირმის დირექტორი და ნათიას თავი დაუკრა:

– მხოლოდ ერთი ცეკვა, მეტად არ შეგაწუხებთ.

ქალმა ღიმილით გახედა ტომასს და ახლა დირექტორს გაჰყვა დარბაზის შუაგულისკენ ბზრიალ-ტრიალით.

ტომასი თავის მაგიდას დაუბრუნდა და თვალით რეზო მოძებნა. ის იქვე, ფანჯარასთან იდგა ვიღაც ქალთან ერთად და უყურადღებოდ უსმენდა მის ლაპარაკს, თან ცალი თვალით მოცეკვავეებისკენ იყურებოდა. ბოლოს ბოდიში მოუხადა – ცოტა ხნით უნდა დაგტოვო, სტუმარი მყავს მისახედიო და ტომასისკენ გაემართა.

– ასეთი ქალი იშვიათად მინახავს, – მაშინვე გაუზიარა ამერიკელმა თავისი ემოცია, – რაღაცნაირი სილამაზე აქვს – ჩუმი, დახვეწილი, არამყვირალა, და, საოცარი თვალები – ვნებიანი, მაგრამ, ჩამქრალი; ეტყობა, ცეცხლფარეში არ უვარგა.

– ცეცხლფარეში რა შუაშია? – ვერ მიხვდა რეზო, რომელსაც სასმელი და ემოციები ერთნაირად ჰქონდა მოკიდებული.

– ცეცხლფარეში ყველა ქალს სჭირდება, – ეშმაკური ღიმილით აუხსნა ტომასმა, – თვალებში ნაპერწკლების გასაღვივებლად. აი, ნათიას კი აშკარად არ უვარგა ცეცხლფარეში, არადა, ჰყოლია ქმარი, რომელიც ძალიან უყვარს.

– ეს თვითონ გითხრათ?

– ქმარი რომ ჰყავს, თვითონ მითხრა, მაგრამ, ძალიან რომ უყვარს, მე დავინახე მის თვალებში. ისე, სიმართლე გითხრა, ძალიან მაინტერესებს, როგორი ქმარი ჰყავს. შენ იცნობ? – რატომღაც, უცებ „შენობით“ მიმართა ტომასმა.

– ჰო, ძალიან კარგად.

– შეგიძლია, გამაცნო?

– რაში გაინტერესებს? – რეზომაც გადაწყვიტა, რომ „თქვენობითი“ ფორმა აღარ უხდებოდა მათ ურთიერთობას.

– ისე, მხოლოდ მამაკაცური ცნობისმოყვარეობის გამო. გამაცნობ?

– გაგაცნობ, ოღონდ, წინასწარ გაფრთხილებ, რომ ცოტა ფიცხი ხასიათი აქვს, განსაკუთრებით – როცა ნასვამია და, ზედმეტი არაფერი წამოგცდეს მის ცოლზე, ქებაც კი, თორემ, შეიძლება, ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდოს და უსიამოვნება შეგამთხვიოს.

– გასაგებია. პირობას გაძლევ, ძალიან კორექტული ვიქნები.

რეზომ ჭიქები სასმლით შეავსო, ამერიკელს მიუჭახუნა და უხმოდ დალია. ტომასმაც იგივე გააკეთა და ქართველ პარტნიორს მოლოდინით შეაცქერდა:

– როდის გამაცნობ იმ კაცს?

– ის კაცი შენ წინ ზის და არ იცის, როგორ მოიქცეს.

– ასეც ვიცოდი! – შეჰყვირა ტომასმა, – მივხვდი, მაგრამ, დარწმუნებული არ ვიყავი. თუ არ გეწყინება, გკითხავ: ცოლთან უსიამოვნება გაქვს?

– ეს საკითხი არავისთან არ განიხილება, – აიფოფრა რეზო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3