კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცეოდა სტალინი მეგობრებთან ქეიფის დროს და უყვარდა თუ არა მას საქართველო

1946 წლის ოქტომბერში სოჭში დასასვენებლად ჩასულ სტალინს ორიოდე დღით სტუმრად მიუწვევია თავისი სიყრმის მეგობრები და ცნობილი ქართველი მსახიობები.

პურობისას თამადას საქართველოს სადღეგრძელო წარმოუთქვამს და ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ ჩვენს სამშობლოს განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის მსოფლიოს წინაშე, იმით, რომ კაცობრიობას სტალინი მისცაო.

სტალინი სიტყვას აწყვეტინებს თამადას:

– მოიცა, მოიცა, მაშ, ის ქვეყნები, რომლებსაც სტალინი არ მიუციათ კაცობრიობისთვის, დღეგრძელობის ღირსი არ არიან? მერედა, მარტო მე რომ განსაკუთრებულად მახსენებ საქართველოს შვილად, დავით აღმაშენებელს რაღას ეუბნები ან სხვები რად დაივიწყე?!

ერთი სიტყვით, თამადას სიტყვა ჩამოართვა და განაგრძო:

– გაუმარჯოს საქართველოს ხალხს და მის ბუნებას, მის წარსულს და მომავალს, მის ბარაქას და სილამაზეს, ყველაზე უცნაურ მხარეს დედამიწის ზურგზე. განა აუცილებლად ყველაზე უკეთესს და ლამაზს? არა, თავისთა ვად კარგსა და თავისებურად განუმეორებელს!

ცოტა ხანში მრავალჟამიერიც წამოიწყეს და სტალინმაც არ დააყოვნა:

– აი, აგაშენოთ ღმერთმა! დღეს, როგორც ვატყობ, პურის ჭამა გამოგვივა, სიმღერა ქართული სუფრის მადლი და ეშხია, ურომლისოდ ქართული სუფრა აღარ არის.

აკაკი ვასაძის მოგონებით, სტალინი ანდამატური ძალით იზიდავდა სტუმრების გულს და აიძულებდა ყოველ მათგანს, ისეთივე უშუალო, უბრალო და პირდაპირი ყოფილიყო, ქცევასა და სიტყვაში ბუნებრივი დარჩენილიყო ალალი გულისა და ფიქრის ამარა.

სპარტაკ ბაღაშვილი „ბატონობით“ მიმართავს და სტალინი სიცილით აჩერებს: შე კაი კაცო, ორმოცდაათი წელიწადი ბატონებს იმიტომ ვებრძოდი და ვებრძვი, რომ ახლა ბატონო დამიძახოო?

სპარტაკ ბაღაშვილი მოკრძალებით პასუხობს, რომ „ბატონო“ ქართული ზრდილობის სიტყვად მიაჩნია და ვერ შეელევა. ამ ახსნა-განმარტების შემდეგ, სტალინს აღარაფერი უთქვამს და მოთმინებით უსმენდა მისთვის უჩვეულო მიმართვას.

შემდეგ სიტყვა ჩამოვარდნილა ძველ თეატრზე და აკაკი ვასაძე სინანულით შენიშნავს, რომ ლადო მესხიშვილს „ნევრასტენიკს“ უწოდებენო. სტალინი იხსენებს მესხიშვილის შესრულებულ როლებს: ურიელ აკოსტას, ჰამლეტს, ხიმშიაშვილს. ამბობს, კარგად თამაშობდაო და მერე დასძენს: „ყველა თეატრმცოდნეს ყური არ უნდა დაუგდო, იქაც ერთი-ორი თუ შეგხვდება ნამდვილი მცოდნე. ეს „ყველაფრის მცოდნენი“ კი, უმეტეს შემთხვევაში, სქემებითა და პირადი სიმპათია-ანტიპათიებით ჭრიან და ზომავენ ხელოვნებას“.

სპარტაკ ბაღაშვილს „ოტელოდან“ წაუკითხავს მონოლოგი. სტალინი მთელი გულისყურით უსმენდა და მოულოდნელად უთქვამს:

– არ შეიძლება, რომ სპარტაკმა თეატრში „ოტელოს“ როლი ითამაშოს?

უთქმელი რეპლიკა: – მაგრამ, აკაკი ხორავას რაღას უშვებით?

სტალინი განაგრძობს:

– რატომ არ შეიძლება თქვენებურად რომ გამოვთქვა – სპარტაკმა თავისი „ტაქტიკით“ ითამაშოს?

მერე ბაღაშვილს მიმართავს:

– დასვენება გჭირდება, სერიოზულ როლს რომ მოჰკიდო ხელი.

ბაღაშვილი პასუხობს, ჯერ „აკაკის აკვანში“ უნდა ვითამაშოო.

სტალინი: გაიგე, რომ შენ „აკვანზე“ მეტი გაქვს გასაკეთებელი. მაგ ნიჭის გამოვლენას ძალა, გამძლეობა სჭირდება და ამიტომაც, უნდა დაისვენო!

მერე უშანგი ჩხეიძე მოაგონდათ. შესჩივლეს სტალინს, სცენას ვეღარ ეკარება, სახლიდან ვერ გამოდისო:

– რა დაემართა?

– ექიმები რომელიღაც ფსიქიკურ სნეულებას ვარაუდობენ. მატერიალურადაც გაუჭირდაო.

– როგორც ვხედავ, საქართველოში ნიჭიერები ქუჩაში გიყრიათ... ალბათ, ამხანაგებსაც მიტოვებული ჰყავთ ის საცოდავი.

– არაო, – არწმუნებენ. ახლო მეგობრები დროდადრო ვაკითხავთო.

– თქვენ აკითხავთ... უფროსებს, ალბათ, არ სცალიათ. მაგათ კარგად მყოფებისთვისაც არ სცალიათ. თორემ ავადმყოფებს რას გაიხსენებენ? მერე დასძენს: ექიმი არ მოაკლოთ, ორგანიზაციების საშუალებით დაეხმარეთ.

აკაკი ვასაძე იხსენებს, სტალინმა ყოველივე ეს იმგვარი რისხვით თქვა, რომ ხმა ვერავინ ამოიღოო.

შემდეგ სტალინმა გაიხსენა, რომ ირანში ყოფნისას საბჭოთა საელჩოში კინოფილმი „გიორგი სააკაძე“ უჩვენა რუზველტს, ჩერჩილს და ირანის თავკაცებსაც. დიდად მოსწონებიათ, მაგრამ ირანელები განსაკუთრებით შაჰ-აბასით მოხიბლულან (ამ როლს აკაკი ვასაძე თამაშობდა). აი, შაჰიც ეგეთი უნდა, მოგვეცით ეგ შაჰი ჩვენო.

– გურულო, რამე რომ იყოს, ხომ არ წახვიდოდი შაჰად ირანში? – ხუმრობით უთქვამს სტალინს?

– არა, ამხანაგო სტალინ. რა მინდა ირანში, საკუთარ სახლში შაჰიც ვარ და შაჰინ-შაჰიცო.

– მეც ეგრე ვუთხარი. ვასაძე თქვენს შაჰობას არ დათანხმდება-მეთქი, – თვალი ჩაუკრავს და გულიანად გაუცინია სტალინს.

მერე ამიერკავკასიის რუკა მოითხოვა, მრგვალ მაგიდაზე გაშალა და კანდიდ ჩარკვიანს უთხრა:

– აბა, კანდიდ, აგერ ფანქარი და მოხაზე ახლანდელი საქართველოს საზღვრები.

კანდიდ ჩარკვიანს ფანქრის გადატარება დაუპირებია ჩრდილოეთის საზღვრებს იქით, მაგრამ შეყოვნებულა და ფანქარი მხოლოდ ჰაერში გაუვლია.

– ნუ გეშინია, მოხაზე, მოხაზე ფანქრით, რუკას როგორმე კიდევ ვიშოვით.

და კანდიდ ჩარკვიანს ახლა ზუსტად და მკაფიოდ შემოუხაზავს საქართველოსთვის ომის შემდგომ ხანებში შემომატებული ტერიტორია.

– აი, ეს მესმის, – თქვა სტალინმა, – ქლუხორის მხარეც საქართველოს საზღვრებში მოექცა. ესეც პასუხად იმათ, ჩვენშიც და უცხოეთშიც, ვინც გვსაყვედურობდა, საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორია შეამცირაო. რამდენი უნდა ებრძოლა მეფე ერეკლეს ამოდენა ტერიტორია რომ შემოეერთებინა საქართველოსთვის.

სტალინის ყრმობის მეგობარს, მიხეილ ტიტვინიძეს უთქვამს, – სხვისი მიწა რად გვინდა, ნეტავ, ჩვენი რაც იყო, ის დაგვაბრუნებინაო. ტიტვინიძის გულუბრყვილო ნათქვამმა სტალინი და სხვებიც გააცინა.

მცირე დუმილის შემდეგ სტალინმა ასე უთხრა ტიტვინიძეს: „შენს ორმხრივ ნათქვამსაც მიგიხვდი, ჩემო ძმა; რაც შეეხება პირველს, ის შეცდომა იყო და მე მასში მონაწილეობა არ მიმიღია. უჩემოდ მოაგვარეს ეს საქმე ისე, რომ მე არც შემეკითხნენ თვით ქართველი ამხანაგებიც. ახლა კი ლენინის ხელმოწერილი დოკუმენტის შეცვლა, ცოტა არ იყოს, უხერხული გამოგვივა... რაც შეეხება მეორეს – საბაბს არ გვაძლევს მიმტაცებელი, ჩვენი მიწები რომ დავიბრუნოთ და მარტო საქართველოს კი არა, საბჭოთა კავშირს კანონიერად შემოვუერთოთ, თორემ საბაბი რომ იყოს ყარსსა და არდაგანს ტრაპეზუნამდე, მთელ მიწებს უკან ჩავიბარებდით.

შემდეგ მსმენელებს მოუთხრო იმდროინდელი პერიპეტიების შესახებ, როდესაც ბრესტ- ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების პერიოდში, კავკასიის ფრონტის ჯარებს არზრუმი არ ჰქონდათ დატოვებული და დიპლომატიას ხიშტებით უმაგრებდნენ ზურგს: 

საბჭოთა რუსეთის საზავო კომისიის თავმჯდომარედ ტროცკი იყო დანიშნული, ხოლო სტალინი კონსულტანტად მიავლინა ლენინმა, როგორც ეროვნულ საქმეთა კომისარი. ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკებს თავიანთი წარმომადგენლები არ გამოუგზავნიათ. და კაცი არ გამოჩნდა, რომ მათი სასაზღვრო ინტერესები დაეცვათ. ოსმალეთის დელეგაცია კი, ყარსსა და არდაგანს ვინ ჩივის, ბათუმსაც ეპოტინებოდა. სტალინს ოსტატურად მოუგვარებია ეს ფრიად დახლართული საქმე, დასრულებულად მიუჩნევია თავისი მისია და მოსკოვს გამგზავრებულა. გზაში ტიფი შეყრია, ორი-სამი კვირით ლოგინად ჩავარდნილა, როდესაც ლენინს გამოუძახებია ახალ სასაზღვრო ხელშეკრულებათა გასაცნობად. სტალინი სახტად დარჩენილა: ტროცკის ხელი მოუწერია საზღვრების დანაწილების ვარიანტისთვის. მთელი მსოფლიოს რევოლუციურ ხანძარში გახვევის მქადაგებელს საქართველო რაში ენაღვლებოდა!

სტალინის სიტყვით, „როგორც გამოირკვა ქიაზიმ-ბეის უსარგებლია ჩემი არყოფნით და გაქნილ დიპლომატს კარგა ლაზათიანად გაუცურებია ჩვენი თავმჯდომარე ტროცკი. რაღას ვიღონებდი, ლენინსაც უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი ხელშეკრულებაზე“.

სტალინმა განაგრძო: „ერის ტერიტორიის დათმობისა და გაჩუქების უფლება არავის აქვს. ომის შემდეგ კი გადავუკარი ერთი-ორი სიტყვა და ზუსტად მივანიშნე ოსმალებს – საზღვრების ამბავი არ დამვიწყებია-მეთქი. საპასუხოდ, ხმას არ იღებენ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენი ევროპელი და ოკეანის გადაღმელი ძმები მხარს იმათ უჭერენ, თუმცა აშკარად არაფერს ამბობენ ამაზე. ჯერჯერობით არ ვაპირებ არც პოზიციების დათმობას და არც დადუმებას, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს გზასაც და გამოსავალსაც“.

ამასობაში აკაკი ვასაძე ლექსების კითხვის იშტაზე მოსულა და აკაკი წერეთლის  „განთიადი“ დაუწყია. როგორც ჩვეული იყო, ისე კითხულობდა. წარმოთქვა პირველი ტაეპები და უცებ სტალინის რეპლიკა მოესმა:

– თუ ძმა ხარ, აგრე ნუ წაიკითხავ, თორემ ავტირდებით (ალბათ, სიზმარშიც არ გინახავთ ატირებული სტალინი).

მსახიობმა მყისვე შეცვალა ინტონაცია:

– აი, ეს მესმის, ქართულ ენას, ქართულ მეტყველებას აღმოსავლური დაშაქვრა არ სჭირდება... შენ ეს, ისედაც გულში ჩამწვდომი ლირიკული ლექსი, ისე გულისგამაწვრილებლად წაამღერე, შენი საკუთარი ცრემლიც ისე გაურიე, რომ შევწუხდი, უკვე თვითონ ლექსის შინაარსს, ლექსის გრძნობას ვეღარ აღვიქვამდი. კითხვის დროს ლექსს თავისი უნდა დაუტოვო, ლექსს უნდა დაემორჩილო კაცი...“

პეტრე შარიას კახელებზე ჩამოუგდია სიტყვა: მოგეხსენებათ, საქართველოში განსაკუთრებით კახელები გვყავს პატივისცემაში. ათაბაბიდან მათაც ღირსეულად, პატივში უყვართ ყოფნა და გვაინტერესებს, კახეთში თუ ყოფილხართო?

– სამწუხაროდ, არ ვყოფილვარ. რამდენჯერ მოვინდომე, ისე მოეწყო საქმეები, ვერ მოვხვდი კახეთში, იმერეთშიც 1905 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ.

***

ორი დღის სტუმრობის დროს არც რიწის ტბაზე ასვლა დავიწყებიათ, არც ომში დაღუპული შვილები, არც ვაჟა-ფშაველა და გიორგი ლეონიძე, არც ყმობის დროინდელი თავშესაქცევი ამბები, არც ჩვენში ჩვეულებად გადაზრდილი ხუმრობები საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა შესახებ, არც „გაფრინდი, შავო მერცხალო“ (გასაგებია, ვინც წამოიწყებდა) და არც გურული „ხელხვავი“, ქუთაისის ციხეში რომ უსწავლია სტალინს, არც მახობელა პური და ციმორი.

კრემლის მბრძანებელი ღამით მეზობელ ოთახში შედის და მძინარე პეტრე კაპანაძეს გადახდილი საბანს უსწორებს.

დამშვიდობებისას კი, ყოველ სტუმარს ეუბნება, რაც სათხოვარი გაქვთ გულში, პირდაპირ მითხარითო.

ყრმობის მეგობარი სოსო ცერაძე თავის დისწულის სიცოცხლეს სთხოვს. 21 წლის სტუდენტს დახვრეტა ჰქონია მისჯილი. ოქრო-ვერცხლის მაღაზიის გაძარცვა უცდიათ და ხსენებულ დისწულს თავდასხმის დროს დარაჯი შემოჰკვდომია.

სტალინს ირონიულად წარმოუთქვამს:

– რა საოცარია ეგ ქართული ზმნა, როგორ არ მიმოაქცევს ქართველი კაცი ამ ზმნას! პირდაპირ თქვი, მოკლაო! ჰმ, შემოკვდომია... ასეთ ფორმას, ყველა ენა რომ დაჩხრიკო, ალბათ, ვერა ნახავ. ამ სიტყვის მეშვეობით ქართველ კაცს შეუძლია, მკვლელობა თვით მოკლულს გადააბრალოს... საოცარი არ არის?

სიყრმის მეგობარს მშვიდად და მტკიცედ მიმართავს: მე არც სიცოცხლის ჩუქება, არც მინიჭება შემიძლია. მთავრობაში იჩივლეთ და იქნება, რამე იღონონო და მერე დასძენს: „ნუ ღელავ, ჩემო სოსო, უსაშველო არ არის რა ამქვეყნად. შენ ისა თქვი, იმ მოკლულს აღარ ეშველება“.

ხანმოკლე სტუმრობა დამთავრდა.

– მაშ, წავსულვართ, – უთქვამს სტალინს.

– დროა უკვე, – უპასუხა პეტრე კაპანაძემ, – ისედაც ბევრი შეგაწუხეთ. 

– დიდად შემაწუხეთ, ძალიან შემაწუხეთ, ისე შემაწუხეთ, რომ წამით ისევ ნაღველი ჩაუდგა თვალებში და ალერსით გაუღიმა სტუმრებს, – რა გიყოთ, რაკი არ გინდათ ჩემთან დარჩენა...

კარლო ცქიტიშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3