დიეტა სახის კანისთვის
ძალიან ხშირად, ქალების უმრავლესობა დიეტას იცავს მხოლოდ გახდომის მიზნით. მათ ჰგონიათ, რომ, მთავარია, წონაში დაიკლონ, მაგრამ, ავიწყდებათ, დაფიქრდნენ, რას სწირავენ მსხვერპლად ამას, ანუ, რის ხარჯზე აღწევენ მიზანს. არადა, ნამდვილად ღირს დაფიქრებად, რადგან, სახის კანის ჯანმრთელი ვიზუალი სწორედ გონივრულ დიეტაზეა დამოკიდებული.
ბებიებმა იცოდნენ თქმა, კანის სილამაზე კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებულიო. ეს მართლაც ასეა. იკვებებით თუ არა სწორად, ამაზე რამდენიმე დღეში „მიგითითებთ“ სახის კანი – კვების რეჟიმის დარღვევა ან შემადგენელი პროდუქტების შეუსაბამობა, მომენტალურად აისახება სახეზე. ამიტომ, სახის კანზე ზრუნვა სწორი კვებით უნდა დაიწყოთ.
ზღვის თევზი A და D ვიტამინებისა და ომეგა 3-ის მჟავების საბადოა. ის უზრუნველყოფს კანის უჯრედების აღდგენასა და სიმკვრივეს. შესაბამისად, აუცილებელია, კვირაში 3-ჯერ ჩართოთ ის თქვენს რაციონში, ოღონდ, მხოლოდ მოხარშული სახით.
ჭვავის ფაფა უხვად შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებსა და ბოტინს. პასუხს აგებს სახის ჯანმრთელ ფერსა და კანის ელასტიკურობაზე.
ფაფა მოხარშეთ წყალში უშაქროდ და უცხიმოდ, მინიმალური რაოდენობის მარილით. მიირთვით ყოველ დილით 200 გრამი.
ხაჭო და რძე კალციუმისა და H ვიტამინის წყაროა. აუცილებელია კანის უჯრედების ზრდისა და ელასტიკურობისთვის. დილით მიირთვით 1 ჭიქა უცხიმო რძე, შუადღესა და საღამოს კი – 100-100 გრამი უცხიმო ხაჭო (ორივე უშაქროდ).
კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ბოლოკი, ისპანახი, კიტრი, პომიდორი, მწვანილი – შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს, რომლებიც აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისგან, რაც პირდაპირ აისახება სახის კანზე. ეს პროდუქტები შეგიძლიათ მიირთვათ სალათების ან ფხალეულის სახით, უმი ან ოდნავ მოთუთქული, დღეში ერთხელ (მონაცვლეობით).
ნებისმიერი ხილი (თუ დიაბეტი არ გაქვთ, სეზონის მიხედვით, მიირთვით დილით, შუადღესა და საღამოს (19 საათამდე), 200-300 გრამის ოდენობით. შეგიძლიათ, მოიმზადოთ ხილის ასორტი და მოასხათ უცხიმო კეფირი ან მაწონი.
კვება უნდა იყოს მინიმუმ ოთხჯერადი, ყოველ კვებამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 1 ჩაის ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი (ნელთბილი), კვებიდან ნახევარი საათის შემდეგ კი – 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
ჩაისა და მინერალურის გარდა, დღეში უნდა დალიოთ მინიმუმ 2 ლიტრი ჩვეულებრივი სასმელი წყალი.
ამ დიეტის პარალელურად, პიტნის, ოხრახუშის, ნიახურისა და გვირილის ნახარშებისგან მოამზადეთ ყინულის კუბიკები და დილა-საღამოს მსუბუქად დაიმასაჟეთ სახე (მონაცვლეობით), რომ შეგაშრებათ, წაისვით შესაბამისი მკვებავი კრემი.