გაკვეთილები მულტფილმებიდან!
გაკვეთილები
მულტფილმებიდან!
ვინ არ მოხიბლულა მულტფილმების ჯადოსნური სამყაროთი. მაგრამ გვიფიქრია, რა გაკვეთილის მიღება შეიძლება მათგან? მით უმეტეს, რომ ქალებს განსაკუთრებით გვხიბლავს ყველაფერი ჯადოსნური...
გაკვეთილი ¹1. სიყვარული ერთი ნახვით – თითქოს ჩვეულებრივი რამ, რაც თითქმის ყველა მულტფილმში საოცარი მომხიბვლელობით არის აღწერილი.
ბანალურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარულისთვის დრო აუცილებელია. მას სჭირდება წინააღმდეგობები, კრიტიკული და სულელური სიტუაციები, ცრემლი, განშორება და მონატრება... მხოლოდ ამ ყველაფრის გავლის შემდეგ, შეიძლება ირწმუნო, რომ შენ გვერდით ნამდვილად ის არის, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდება. მხოლოდ ზღაპარში შეეძლო, კონკიას ერთი ნახვით შეეყვარებინა უფლისწული – მამაკაცი, რომელსაც თითქმის არ იცნობდა.
გაკვეთილი ¹2. მათ იპოვეს ერთმანეთი და ცხოვრობდნენ დიდხანს, ბედნიერად...
იმ ერთადერთის პოვნისთვის, რომელთანაც დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებ, შეიძლება, რამდენიმე მცდელობა იყოს საჭირო. თუ პირველივესთან გაგიმართლებთ, ეს დიდი ბედნიერებაა და სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისიც. ზღაპრებშიც კი, პრინცესები მაშინვე ვერ პოულობენ თავიანთ პრინცებს, მაგრამ ეს მათ დეპრესიაში არ აგდებთ – ძებნას აგრძელებენ.
გაკვეთილი ¹3. ცხოვრება უკეთესობისკენ რომ შეცვალო, საკმარისია, იოცნებო ამაზე...
ნურას უკაცრავად! კეთილი ფერიები მხოლოდ ზღაპრებში არსებობენ. რომლებიც ჯოხის ერთი აქნევით გვისრულებენ ოცნებებს. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ საკუთარი თავის კეთილი ფერია. ჯადოსნური ჯოხი კი მონდომება და თავდაუზოგავი შრომაა.
გაკვეთილი ¹4. გინდა იყო ბედნიერი? – ნუ მოუსმენ ნურავის. მათ რა იციან, რა გჭირდება სინამდვილეში.
... რა თქმა უნდა, ზოგჯერ მშობლებიც ცდებიან, მაგრამ მათი თანადგომა და რჩევა დასაფასებელია. ხშირად სრულ სიმართლესაც ამბობენ, მაგალითად, შეიძლება, შენზე ადრე მიხვდნენ, რომ ეს არ არის ნამდვილი სიყვარული და არც ის კაცია სანდო, შენ რომ ცხოვრების მთავარი გმირი გგონია.
გაკვეთილი ¹5. ლამაზი უნდა დაიბადო. მხოლოდ ლამაზებს ერგებათ ნამდვილი უფლისწულები (ანუ, საუკეთესო მამაკაცები).
ტყუილია. ვინ გითხრათ, რომ კონკია ძალიან ლამაზი იყო? ზღაპარში არსად წერია ეს. არც ქალთევზას დაუბრმავებია სილამაზით თავისი უფლისწული. სილამაზის გასაღები ყველა ქალშია. უნდა იცოდე, როგორ გამოაჩინო შენი ინდივიდუალური ხიბლი. მახინჯი იხვის ჭურჭელი ბოლოს გედად იქცა. მთავარია, ირწმუნო საკუთარი თავის...
სისუსტე აუცილებელია, როცა...
ამბობენ, ქალის ძლიერება მის სისუსტეშიაო... როდის და როგორ სიტუაციაში უნდა იყო სუსტი და აჩვენო მამაკაცს ის, რაც გინდა, რომ ნახოს?!
მაგალითად, ქალმა კაცს თავისი სისუსტე აუცილებლად უნდა დაანახვოს მაშინ, როცა უნდა, რომ მას საკუთარი თავის რწმენა გაუძლიეროს, ანუ, ზოგჯერ აუცილებლად უნდა უთხრათ კაცს, რომ მის გარეშე პრობლემას ვერ გადაჭრით, თუნდაც სინამდვილეში ასე არ იყოს.
როცა ჭეშმარიტად გტკივათ და გწყინთ – იტირეთ, ცრემლებით ჩამოირეცხეთ დარდი. ასეთ დროს მამაკაცი წუხს და განიცდის, რომ ასეთ სუსტ, დაუცველ არსებას აწყენინა. თუმცა, სინდისი ნუ შეგაწუხებთ, თქვენ ტირილის უფლება გაქვთ. მაგრამ, ცრემლები აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. მამაკაცებს ზედმეტად აღიზიანებთ ქალის სიყალბე და მანიპულაციები.
თუ გინდათ, მამაკაცს გაუღვიძოთ სურვილი, რაღაც გაჩუქოთ, მაშინაც უნდა გამოიყენოთ თქვენი სისუსტე – ეს კარგი და ბუნებრივი იარაღია, რომელიც პირველი ქალისგან – ევასგან გადმოგვეცემა გენეტიკურად. რომ არ გვჭირდებოდეს, ასე არ მოხდებოდა. თქვენი სისუსტით უნდა მიანიშნოთ მამაკაცს, რომ გასამხნევებლად მისი სიყვარულის დასტური გჭირდებათ, რაც საჩუქრითაც შეიძლება გამოიხატოს. ვერც ერთი მამაკაცი ვერ რჩება გულგრილი, როცა ქალი მიამიტი ბავშვივით უღიმის და ენის მოჩლექით ეტიტინება... ანუ, ისწავლეთ, როდის არის უკეთესი, იყო სუსტი!
ჩვევები და
ახირებები
ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური და განუმეორებელი ახირებები, რომლებიც სხვისთვის ზოგჯერ საერთოდ მიუღებელია. თუმცა, რადგან უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ და მარტო ცხოვრებაც არ შეგვიძლია, უნდა შევეგუოთ ამას. ოღონდ ერთი პატარა აუცილებლობის გათვალისწინებით: შევეგუოთ და მოთმინებით მოვეკიდოთ სხვის ჩვევებს და ახირებებს, ხოლო საკუთარი ჩვევებისა და ახირებების გამოსწორებას შევეცადოთ. მით უფრო, ისეთის, რითაც სხვებს – უახლოეს და საყვარელ ადამიანებს აღიზიანებთ.
გარდა ამისა, არსებობს აქსიომა! მეტი ახირებები და ჩვევები ზღუდავს თავისუფლებას. რადგან ნელ-ნელა აყალიბებს კომპლექსებს.
ახირებები გვართმევენ არჩევნის თავისუფლების, ხელს გვიშლიან პიროვნულ წინსვლასა და განვითარებაში... ვართ შეზღუდულები ქმედებებში... თუმცა, არსებობს ისეთი ჩვევებიც, რომლებიც, უნდა მოახერხოთ და თქვენი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, ინდივიდუალურობის გამოსახატად გამოიყენოთ.
არასოდეს დაგავიწყდეთ მარტივი ჭეშმარიტებაც. გარშემო მყოფები აღგვიქვამენ ჩვენ მთლიანად... ჩვენი ღირსებებით, ნაკლით, ჩვევებით, სიარულის მანერით, ასევე, ახირებებითა და კომპლექსებითაც. ეჩვევიან კიდეც მათ და თუ უცებ, რაღაცას არ გააკეთებთ, რისი მოლოდინიც აქვთ, გაუკვირდებათ. ამით იმისი თქმა გვინდა, რომ ძალიანაც ნუ დაკომპლექსდებით თქვენი ახირებებისა და ჩვევების გამო. უბრალოდ, ისწავლეთ მათი ლამაზად მიწოდება. ქალს აქვს უნარი, მოიხდინოს ნაკლიც კი. უბრალოდ, ამას ცოდნა სჭირდება.