რაზე მიგვანიშნებს ქვეცნობიერი გულის უეცარი აჩქარებით და რაზე მეტყველებს ადამიანის ქცევასა თუ მდგომარეობაში გარკვეული ცვლილებები
სამყაროში ბევრი ფაქტი თუ მოვლენა ამოუცნობი რჩება. მათზე აქტიურად მუშაობენ მეცნიერები, მაგრამ ბევრი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. როგორც ბატონი გია ამბობს, ის გამორჩეული ადამიანია და ეს ბავშვობიდან შეამჩნიეს გარშემო მყოფებმა. მან თურმე საიქიოშიც „იმოგზაურა“, წინასწარმეტყველებაც შეუძლია და წინასწარ გრძნობს მომავალში მოსახდენ ფაქტებს.
გია: ჩემი გამორჩეული ნიჭი, გარშემო მყოფების გაოცებას იწვევს. ეს უნარი, ბავშვობიდან შემამჩნიეს. დაახლოებით, ცხრა წლის ასაკში, იმქვეყნად ვიმოგზაურე. სწორედ ამის შემდეგ დამეწყო უცნაური ხედვა და მოვლენების წინასწარ ამოცნობის ნიჭიც შევიძინე.
– თუ გახსოვთ, თქვენი იმქვეყნად „მოგზაურობა“ როგორ მოხდა?
– როგორ არ მახსოვს, გავცივდი, მაღალი სიცხე მომცა, ამაკანკალა და გავითიშე. მთელი ერთი დღე და ღამე უგონოდ ვიყავი და სწორედ მაშინ ვიხილე იმქვეყნიური სამყარო. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიმშვიდე და ჰარმონია, როგორი ფერთა გამა და სამყაროა იმქვეყნად. მართალია, ჩემი ახლობლები გადავრიე შიშით, მაგრამ თვალი რომ გავახილე, მივხვდი, სულ სხვა ადამიანი ვიყავი, თითქოს მეორედ დავიბადე. სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი უცნაური ნიჭის გამოღვიძება. დღეს შემიძლია, მომავალში მოსახდენი ფაქტებიც წინასწარ განვჭვრიტო და შესაძლო საფრთხეებზეც გავაკეთო უტყუარი პროგნოზი. ჩემი თანატოლებისგანაც, ყოველთვის აშკარად გამოვირჩეოდი. იმათ გააზრებულიც არ ჰქონდათ, რომ წინასწარ ვიცოდი, რას იტყოდნენ და მოიმოქმედებდნენ. ხანდახან, დავჯდებოდი მარტო და ვფიქრობდი იმქვეყნიურ სამოთხეზე. ბევრჯერ მინატრია, ნეტავ, ისევ იქ დამაბრუნა-მეთქი. მაგრამ, ახლა ვხვდები, ასეთ რამეზე არ უნდა მეფიქრა. ყველა ადამიანს ჩვენი დრო და მისია გვაქვს ამქვეყნად. დღეს თუ ხვალ, ყველა იმქვეყნად წავალთ და იმ სასწაულის ხილვას მაინც ვერ ავცდებით, რაც მე ბავშვობაში ვიხილე.
– არ გეწყინოთ, მაგრამ ბევრი ამბობს, ასეთი ამბების არ გვჯერა და მას თავად ადამიანები იგონებენ, მათი ფანტაზიის ნაყოფიაო.
– დამიჯერეთ, ცდებიან. არსებობს ისეთი კანონზომიერება, მატერიალურს რომ ცდება და არ ემორჩილება. ამდენად, გასათვალისწინებელია ყველაფერი, რასაც მისტიკას და პარაფსიქოლოგიურ მოვლენებს უწოდებენ. კლინიკური სიკვდილი სასწაულია, რომელიც ადამიანს იმ რეალობაზე მიანიშნებს, რაც მიღმა სამყაროში ნამდვილად არსებობს. იმასაც ამბობენ, კლინიკური სიკვდილი და იმქვეყნიურ სამყაროში დროებით მოხვედრა, მხოლოდ რჩეულთა ხვედრიაო. ვინც ფიქრობს, რომ კლინიკური სიკვდილის შემთხვევა, რჩეულთა ხვედრია, ვეთანხმები, რადგან ადამიანები ამ დროს არამიწიერ მშვენიერებას და გარდაცვლილ ახლობლებს ხედავენ და არც უკან დაბრუნება სურთ. ზოგადად კი, როცა კლინიკური სიკვდილი ზებუნებრივ შესაძლებლობებს იძენს, ჯერ კიდევ კვლევის საგანია და ამ საკითხზე მეცნიერების დისკუსიები დიდხანს გრძელდება. ამიტომ, არ მიკვირს, ზოგს რომ არ სჯერა მსგავსი ფაქტების და ჩემი მონაყოლიც ღიმილს ჰგვრით. მართალია, ეს რთული გასაგები და აღსაქმელია, მაგრამ ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე. წინათგრძნობა კი მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს აქვს განვითარებული. ზოგი ამას მეტად აქცევს ყურადღებას, ზოგიც – ნაკლებად. ადამიანების უმრავლესობას კი წინათგრძნობა სიზმარში აქვს, რადგან ტვინში არსებობს ისეთი უჯრედები, რომლებიც მხოლოდ ღამით, ადამიანის ძილის დროს აქტიურდება. ამ უჯრედებამდე კი ინფორმაცია სხვა არხებიდან, კერძოდ, ასტრალური სფეროდან მოდის.
– მართალია, რომ ასტრალური სფერო დროის ფაქტორს გამორიცხავს?
– ასტრალური სფერო დროის ფაქტორს აბსოლუტურად გამორიცხავს. ანუ, ის ერთნაირად მოიცავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ადამიანის ტვინი ღამით სწორედ ასტრალიდან მომავალ ინფორმაციას იღებს. ამიტომ, როცა სიზმრით ან სხვა ფორმით რამე ინფორმაციას იღებთ, ის მომავალში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. არის შემთხვევები, როცა რაღაც მოვლენის შესახებ წინათგრძნობა გამოიხატება უნებური მოქმედებით, მაგალითად, მოუსვენრობით, ჯანმრთელობის ან გუნება-განწყობის გაუარესებით, უეცარი და უმიზეზო ტირილის სურვილით და ასე შემდეგ. მაგალითად, თუ უეცრად გული აგიჩქარდათ, ამ დროს ქვეცნობიერი რაღაც უსიამოვნო ინფორმაციაზე მიგანიშნებთ. ადამიანის ქცევასა თუ მდგომარეობაში გარკვეული ცვლილებების მიზეზი, სწორედაც ქვეცნობიერია. წინათგრძნობა კი, არა მარტო ცუდის, არამედ კარგი ამბისაც აქვს ადამიანს და ამის არ უნდა შეგეშინდეთ.
– გამიგია, რომ, თითქოს ადამიანის პარაფსიქოლოგიური უნარი მუცლადყოფნის დროს, ჩანასახშივე იწყებს განვითარებასო. თუ არის ეს რეალური და რას გვეტყვით ამაზე?
– ადამიანის სულის სრულყოფილებისკენ სწრაფვა, ჩანასახიდანვე იწყება და დამოკიდებულია მშობლების გენეტიკური კოდის ურთიერთშერწყმასა და მათი ბიოენერგეტიკული ძალების ურთიერთშეთავსებაზე. ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ნიჭიერება მემკვიდრეობით გადადის წინაპრიდან შთამომავალზე, მაგრამ ეს ასე არ არის. სხვათა შორის, ადამიანის სულის სრულყოფისთვის დედამიწაზე მხოლოდ ერთი სიცოცხლე არ არის საკმარისი. ადამიანის სული დედამიწაზე რამდენჯერმე მეორდება და განაგრძობს ცხოვრებას. ეზოთერიკულ ცნობებში წერია, რომ ადამიანის ხელახალი განსხეულების შეხედულებათა მიხედვით, ადამიანის სული რამდენჯერმე იბადება ამქვეყნად, ოღონდ არა ერთ, არამედ სხვადასხვა სხეულში. ყოველი ახალი მოსვლის დროს, ის უშვებს შეცდომებს, აგროვებს გამოცდილებას, ემატება ჭკუა, უკეთესად შეუძლია, ამოიცნოს კეთილისა თუ ბოროტის მსურველი გარშემო მყოფებს შორის – ვინ როგორი განწყობითა და ზრახვით არის მის მიმართ და ასე შემდეგ. მოკლედ, სულში დაგროვილი და დალექილი გამოცდილება თანდაყოლილი ნიჭის საფუძველი ხდება. გარდაცვალების შემდეგ, ის კვლავ სული ხდება და ხელახლა გადის მსგავს გამოცდილებას, მერე ხელახლა იბადება და ბრუნდება დედამიწაზე. სხვა ადამიანის სხეულში მოსვლის დროს, მას აძლევს შანსს, სწორედ იმ სფეროში იყოს ნიჭიერი და წარმატებული, რომელშიც წინა ცხოვრებაში ჰქონდა დაგროვილი მეტი გამოცდილება. ამ დროს შესაძლებელია, წარსულ ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებიც გახდეს ადამიანის გაუბედურების მიზეზი. წარსული ცოდვებისა თუ დანაშაულის სიმძიმეს ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს. ამიტომ, ახალ სიცოცხლეში ჩასახლებული სული გვაძლევს არა მარტო კონკრეტულ ინფორმაციას, არამედ წარსულ ცხოვრებაში შეჯამებულ შედეგებს, მაგალითად, მიდრეკილებას, ნიჭსა და ტალანტს. ასევე, ნებისმიერ, ჩვენგან წარმოთქმულ სიტყვას, უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს. ამიტომ, უნდა აკონტროლოთ ემოცია და აზრები, რომ უნებურად, რამე არასასურველი არ წამოგცდეთ, რომელიც ბუმერანგივით უკან შემოგიბრუნდებათ და შესაძლოა, ცხოვრებაში უსიამოვნებების მიზეზიც კი გახდეს. აკონტროლეთ ემოციები და სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამთ და იფიქრეთ იმაზე, რა შედეგები მოჰყვება ადამიანის უკონტროლო ემოციებს. სიტყვა, გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია და უდიდესი ზემოქმედების მოხდენაც შეუძლია. თუმცა, ძალა არა თავად წარმოთქმულ სიტყვას აქვს, არამედ იმ ენერგეტიკას, რაც უშუალოდ მას მოჰყვება. საერთოდ, რაც მეტად გაბრაზებული ლაპარაკობს ადამიანი და მძაფრია ემოციური ფონი, მით მეტი ძალა აქვს, ანუ, ის, მეტ ენერგეტიკას იძენს. სიტყვასაც მეტი ზემოქმედება შეუძლია სხვა ადამიანზე და თავად მთქმელზეც. დიდია შანსი, ვიღაცის ემოციური საუბრის შემდეგ, გულის არეში ტკივილი იგრძნოთ. არ არის გამორიცხული, ამას უცაბედი ინფარქტიც მოჰყვეს და ეს ნამდვილად ავი მზერისა და სიტყვის შედეგი შეიძლება, იყოს. არ შეიძლება, წარმატებული ადამიანი უცბად გახდეს წარუმატებელი – უბრალოდ არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს და ეს კანონზომიერებები ჩვენზეც მოქმედებს – ზოგზე დადებითად, ზოგზე კი, უარყოფითად.