კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაქორწინდება თუ არა 77 წლის მსახიობი – გრიგოლ წიტაიშვილი და როგორ აღმოჩნდა საყვარელი გოგონა მისი და

საზოგადოებაში ის არ არის ცნობილი მრავალრიცხოვანი როლებით. მისი სამსახიობო კარიერა თეატრით დაიწყო და კინოში გაგრძელდა. რითაც მან მაყურებლის ყურადღება მიიქცია, უპირველესად,  მაინც მისი მორიდებული, უიღბლო კაცის როლები იყო. გრიგოლ წიტაიშვილი დღეს 77 წლისაა. მას ძალიან საინტერესო ცხოვრების ისტორია აქვს: რა გზა გამოიარა დედის გარეშე, როგორ იპოვა დაკარგული და... 

მოდი, მოვუსმინოთ, რას ყვება ის თავის ცხოვრებაზე.

გრიგოლ წიტაიშვილი: დავიბადე და გავიზარდე ბათუმში. იქ დავამთავრე საშუალო სკოლა. ბათუმელი ბიჭი ვიყავი. სკოლის შემდეგ თბილისში წამოვედი და დღემდე აქ ვარ. ნამდვილად არ მქონდა კარგი ბავშვობა. დედაჩემი რეპრესიებში მოჰყვა, დაიჭირეს და გადაასახლეს. მერე, როცა გამოვიდა, ერთმანეთისთვის უცხოები ვიყავით. მართალია, მამასთან ვიზრდებოდი, მაგრამ არც მასთან მქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა. სხვა ცოლი შეირთო, შვილები შეეძინა... მერე კიდევ სხვა ცოლი შეირთო. ბოლოს მამა ოზურგეთში ცხოვრობდა. მეც მოვხვდი მასთან ოჯახში: პერიოდულად მივდიოდი და მოვდიოდი. ბათუმში ძალიან პატარა ბინა გვქონდა. მარტო ვცხოვრობდი, ნათესავები ჩამოდიოდნენ ხშირად... ძალიან კარგი ბებია მყავდა – დედის დედა, რომელიც გადაყოლილი იყო ჩემზე, მაგრამ ის ცალკე ცხოვრობდა. მამაჩემის მხარე დედის ნათესავებთან ურთიერთობას მიშლიდნენ. მე, რაღაცნაირად, ჩუმად ვახერხებდი მათთან ურთიერთობას. ერთი პერიოდი, უპატრონო ბავშვთა სახლში ვიყავი, მახინჯაურში. დიდი სამამულო ომი იყო და მთელი საბჭოთა კავშირის უპატრონო, ქუჩაში მყოფი ბავშვები იქ იყვნენ თავმოყრილი. იყო ერთი ამბავი ბებიაჩემსა და მეორე ბებიას – მამაჩემის დედას შორის. მამაჩემი იმ პერიოდში ბათუმში მუშაობდა, თანამდებობის პირი იყო. ყველა იცნობდა და ესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ მის ზურგს უკან: როგორ შეიძლება, ამ კაცის შვილი „პრიუტში“ იყოსო. ერთი ამბავი ატყდა. მახსოვს, იქ, მახინჯაურში მამიდაჩემი ამოვიდა. ბებიას უჩივლია – ან მე მომცეს ბავშვი, მე მოვუვლი და გავზრდი, ან თვითონ წაიყვანოს, აქ რომ ჰყავსო. ამოვიდა მამაჩემიც, თავის ცოლთან ერთად. დამიძახეს დირექტორთან. შევხედე, მამაჩემი და ჩემი დედინაცვალი დგანან. პატარა ვარ. დირექტორი მეკითხება, – შენ ვისთან გინდა, მამაშენთან თუ ბებიაშენთანო. მამაჩემთან-მეთქი. კარგი, წადიო. მაინც დამტოვეს იქ და წავიდნენ. მეორე დღეს ამოვიდა ბებიაჩემი, დედაჩემის დედა, მომკიდა ხელი და წამომიყვანა. ბებიას და მამას სახლი ახლოს იყო ერთმანეთთან. იმის წინ უნდა გაგვევლო და გარედან დაუძახა. მამაჩემი გამოვიდა, დაგვინახა და ძალიან გაბრაზდა. ბებიაჩემმა მითხრა, ადი სახლშიო და თვითონ წავიდა. ამიყვანა მამაჩემმა. ასე დავრჩი მათთან. დედინაცვალს ვერ ვეწყობოდი. ისიც თვითონ გამოუვალ მდგომარეობაში იყო: პატარა ბინაში ცხოვრობდნენ, მამაჩემის მეორე ცოლისგან შეძენილი ბავშვიც მათთან იყო და მე სადღა წავეყვანე, არ იცოდა. თვითონ საერთო შვილი არ ჰყავდათ. სულ ვჩხუბობდი – თავი დამანებე, შენ არ ხარ დედაჩემი-მეთქი... და სულ ასე ვიყავით. სხვათა შორის, ძალიან კარგი ქალი იყო, ძალიან ვუყვარდით ბავშვები. არც ის ბავშვი იყო მისი შვილი. მისი დედა მშობიარობას გადაჰყვა. ჩვენ ორნი ვიყავით და როგორც თავის შვილებს, ისე გვიყურებდა. თუმცა, ჩემმა დამ ძალიან დიდი ხანი არ იცოდა, რომ ის მისი ნამდვილი დედა არ იყო... ჩემს დას უკვე შვილიშვილები ჰყავდა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მაშინ გაიგო სიმართლე. მე კი ვიცოდი და სულ ვჩხუბობდი: მას უნდოდა, დედა დამეძახა, მე დედას არ ვეძახდი და ამის გამო ვერ ვრიგდებოდით. ყველანაირად გვივლიდა, გადაყოლილი იყო ჩვენზე, მაგრამ მე ჩემი დედა მინდოდა. მერე, მამაჩემი გადმოიყვანეს თბილისში სამუშაოდ და ყველა აქ გადმოგვიყვანა. აქ ვსწავლობდით, თბილისში. შვიდი თვის შემდეგ კი მამაჩემი ოზურგეთში გადაიყვანეს სამუშაოდ. იუსტიციის სამინისტრომ დროებით მისცა მამას პატარა ბინა – სანამ ბინას მიიღებო, მაგრამ, სანამ ბინა მოუწევდა, ოზურგეთში დანიშნეს და იქ წავიდა, ჩვენც თან წაგვიყვანა. მე შევხედე იქ სიტუაციას და ვუთხარი: მე აქ ვერ ვიცხოვრებ და საერთოდ, ბათუმში უნდა წავიდე-მეთქი. დავჯექი მატარებელზე და ჩავედი ბათუმში. ისევ დავბრუნდი ჩემს სკოლაში, მაგრამ ცუდად ვსწავლობდი. ვინ კითხულობდა საერთოდ ჩემს ამბავს. დამდევდნენ მასწავლებლები, ზღვის პირას და ბულვარში მეძებდნენ.

– მაინც, როგორ ცხოვრობდით ასეთი პატარა ბავშვი დამოუკიდებლად? გასარეცხი გქონდათ, საჭმელი გინდოდათ, ელემენტარული მოვლა-პატრონობა...

– ხან დეიდასთან მივდიოდი, ხან მამიდასთან, ხან ბიძასთან, ხანაც ბებიასთან და ასე დავწანწალებდი. ისე, ფულს მაძლევდა ხოლმე მამაჩემი, ოზურგეთში რომ ჩავიდოდი. ადრე დავიწყე სიგარეტის მოწევა, მაშინ პაპიროსი ერქვა და ძირითადად ამაში ვხარჯავდი მთელ ფულს. სხვათა შორის, ასეთი ისტორიაა მამაჩემზე: რომ დაიბადა, მამა აღარ ჰყავდა. ჰყავდა დები და ძმა. მან გაზარდა მამაჩემი, ის იყო მისი მამაც, ძმაც და ყველაფერიც. მთელი ოჯახი ამ ბიჭს დააწვა თურმე კისერზე. მშრომელი, კარგი პატიოსანი კაცი იყო. საცოლე ჰყავდა ნატანებში. იმ საცოლის სანახავად წასულა. სანამ სუფრა გაიშლებოდა, იქვე ეზოში დამსხდარან სტუმრები, ნარდს თამაშობდნენ და დროდადრო არაყს გადაჰკრავდნენ, თხილს შეექცეოდნენ. ეს კაცი არ იყო მსმელი კაცი, ძალიან წესიერი, პატიოსანი, ხათრიანი და მორიდებული ყოფილა. არ უყვარდა ეს არაყი, მაგრამ, რადგან სასიძო იყო, უარი ვეღარ თქვა და უსვია. იმ არაყმაც მოკლა. გრიშა ერქვა და მერე, მე რომ დავიბადე, მის პატივსაცემად დამარქვეს მისი სახელი. უთქვამთ, მისი დღენი შენ შეგემატოსო. მგონია, მართლა, მისი დღეებით ვცხოვრობ.

 – მე გაგონილი მაქვს, რომ თქვენ, სრულიად შემთხვევით, ძალიან უცნაურად იპოვეთ დაკარგული და. არა ის, ვისთან ერთადაც ცხოვრობდით ოზურგეთში რაღაც პერიოდი დედინაცვალთან, არამედ მისი და, რომელიც მამათქვენს მეორე ცოლთან შეეძინა. ეს როგორ და რანაირად მოხდა?

– ეს იყო მეათე კლასში. კლასში ერთი გრძელნაწნავიანი, ლამაზი, შავგვრემანი გოგო იჯდა, მომეწონა და მის გვერდით დავჯექი, ფანჯარასთან. რაც მე იმას ვაწვალებდი... ის აღმოჩნდა და, რომელიც იმ დის შემდეგ დაიბადა. მამამ იცოდა, რომ გაშვილებული იყო და ყველამ იცოდა ეს, მაგრამ ასეთი შეთანხმება ჰქონდათ. ლეილა ერქვა, გვარად გოგიავა და ჩვენი სკოლის დირექტორის შვილი იყო – მას უშვილებია. მან ეს არ იცოდა, გვიან გაიგო. იცით, მე როგორ გავიგე? ჩემი დედინაცვალი გარდაიცვალა და ერთმა ჩვენმა შორებელმა ნათესავმა მოყვა ეს ამბავი. მერე მამაჩემის იმ გარდაცვლილი ცოლის სურათი ნახეს, ზუსტად ჰგავდა ჩემს დებს და ასე გასკდა ეს ამბავი. მაშინ აღარც მამაჩემი იყო და აღარც ჩემი დედინაცვალი. მერე იქ შევხვდი ამ გოგოს, გასვენებაში. რა თქმა უნდა, გაოცებული დავრჩი. საშუალო რომ დავამთავრე და თბილისში წამოვედი, მათთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყდა. ყველა წავიდ-წამოვიდა, აღარავინაა და დავრჩი ასე ობლად. თუმცა, მე ყოველთვის ობლად ვიყავი, მარტო. ეტყობა, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.

თეატრი და კინო მიყვარდა ძალიან, სულ დავდიოდი. ბილეთი არ მჭირდებოდა და არაფერი.. არ ვიცი, რატომ დავდიოდი ამდენს. ეტყობა, შინაგანი მოთხოვნილება მქონდა, რომ ყველაფერი მენახა. კარგი მელოდრამებიც იდგმებოდა მაშინ. რომ ვტიროდი, ბავშვები დამცინოდნენ – მართალი ეგონაო. ამასთან ერთად, ბევრს ვკითხულობდი, სულ გამომქონდა წიგნები ბიბლიოთეკიდან. არასდროს მიფიქრია მსახიობობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა კინოც და თეატრიც, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. აი, იქ უკვე კარგად ვსწავლობდი.

– თეატრალურში როგორ აღმოჩნდით?

– სრულიად შემთხვევით. ბათუმიდან თბილისში წამოვედით მე და ჩემი მეგობარი (ახლა უკვე ბათუმის თეატრის წამყვანი მსახიობი) ბედია ინწკირველი. იმან იცოდა, სად უნდა ჩაებარებინა, მე არ ვიცოდი. ჩამოვედით და ერთად დავიწყეთ ამ ინსტიტუტში სიარული. ყველა ინსტიტუტთან გამოკრული იყო, რომელ ფაკულტეტზე რა საგნები ბარდებოდა. შევხედე, ყველგან ფიზიკა-მათემატიკა, ქართული წერია. ყველაზე ხელი ჩავიქნია – ამ საგნებს ვერ ჩავაბარებ-მეთქი. მთელი ინსტიტუტები მოვიარეთ. მერე ეს ჩემი მეგობარი მეუბნება:  მოდი, შენც თეატრალურზე შეიტანე საბუთებიო. რა ბარდება თეატრალურზე-მეთქი და ჩამომითვალა. სულ ოთხი საგანი იყო და მთავარი – სპეციალობა. მოკლედ, ორივემ ერთად შევიტანეთ საბუთები თეატრალურში. სანამ გამოცდები დაიწყებოდა, კონსულტაციები მიდიოდა. ისე მომეწონა ეს პროცესი, არც ერთი კონსულტაცია არ გამიცდენია. ძალიან საინტერესო იყო თვითონ ეტიუდები და ამაში კარგად გავვარჯიშდი. დაიწყო გამოცდები. პირველ გამოცდაზე, ვხედავ, ოცდაათი კაცია – ჩვენი ყველა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი. რატომ გადაწყვიტე თეატრალურში ჩაბარებაო. ვუთხარი: რა ვიცი, აი, ჩემი მეგობარი აბარებს და წამოვყევი. გადავწყვიტე, მეც იმასთან ერთად ჩამებარებინა-მეთქი. ასეთი მიამიტი ვიყავი ყოველთვის. ტყუილი არ მიყვარდა არც ეკრანზე, არც სცენაზე და არც ცხოვრებაში. სადმე დრამწრეში ან ისე, ღონისძიებაზე მიგიღია მონაწილეობაო. არა-მეთქი. ძალიან გაუკვირდათ. ლექსი წავიკითხე, მერე იგავი, მერე კიდევ რაღაც... მერე მკითხეს, სიმღერა იციო. არა, არ ვიცი, არასდროს მიმღერია-მეთქი. ცეკვაო, არც ცეკვა ვიცი-მეთქი. აბა, რა გინდა, სიმღერა შენ არ იცი, ცეკვა შენ არ იცი... საერთოდ, რატომ აბარებ, არც ის იცი და აბა, რა გინდა აქ რომ მოხვედიო. მაინც რაღაც დაუკრეს, ავყევი. მერე ტაში დაუკრეს, რიტმის გრძნობა შემიმოწმეს. სმენაც აღმომაჩნდა და რიტმის გრძნობაც. კარგი, წადი, წადიო. გამოვედი, ვიფიქრე, მე აქ ვინ მიმიღებს, ამათში – ისეთი გოგო-ბიჭები ისხდნენ, ლამაზები, მაღლები, მღეროდნენ, ლაპარაკობდნენ.. გამოიკრა ტურის შედეგები – სიაში ვარ. მეორე ტურის შედეგები გამოიკრა – ისევ სიაში ვარ, მაგრამ ეს ჩემი მეგობარი არ არის. მესამე ტურის სიაშიც ვარ. მთავარი სპეციალობა იყო, საგნებს იმდენად არ აქცევდნენ ყურადღებას. ის ჩემი მეგობარი იმ წელს ვერ მოხვდა, შემდეგ წელს ჩაირიცხა. დავამთავრე ინსტიტუტი. შემოთავაზება გვქონდა რუსთაველის თეატრში. მაშინ  რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  და ინსტიტუტში ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ალექსიძე იყო. ასევე, გიგა ლორთქიფანიძემ შემოგვთავაზა მარჯანიშვილის თეატრში, მაგრამ ჩვენ ორივეზე უარი ვთქვით და გორში წავედით. ლილი იოსელიანი წავიდა გორში სამუშაოდ და მას წავყევით.

მერე რუსთაველის თეატრშიც ვმუშაობდი. დამიძახეს კინოში და წავედი. თავიდან კინოსკენ არც ვიყურებოდი. ჩვემი თანაკურსელები, ყველა, უკვე სტუდენტობიდან კინოვარსკვლავები იყვნენ – ბელა მირიანაშვილი, თენგიზ დაუშვილი, იმედო კახიანი, მალხაზ გორგილაძე... მეც მეუბნებოდნენ, წამოდიო, მაგრამ კინოსტუდიის მხარეს არც გამიხედავს. არ წავყოლივარ არავის, რადგან, საერთოდ არ მაინტერესებდა. თეატრი მინდოდა. მერე, რაღაცნაირად, ისე მოხდა, ერთხელ წავედი, მეორედ და მას მერე, სულ მიღებდნენ ფილმებში, ტელესპექტაკლებში. პირველი ფილმი „ცისკრის ზარები“ იყო. მერე „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ და „წუთისოფელი“.

კინოში უფრო მეტის გაკეთებაც შემეძლო. ესეც ჩემი ბრალია. არ ვარ აქტიური, მებრძოლი, რომ საკუთარი თავისთვის ვიბრძოლო. სხვისთვის, შეიძლება, თავიც დავდო, მაგრამ თავის გასატანად არასდროს მიბრძოლია. ასეთი ადამიანი ხელოვნებაში იჩაგრება. უნდა შეგეძლოს ბრძოლა იმ როლისთვის, ამ როლისთვის... რაც ვითამაშე, არც ერთი როლისთვის არ მიბრძოლია. თუ დამიძახებდნენ, დამიძახებდნენ.

– ცოლი რატომ არ შეირთეთ, არავინ მოგწონდათ, გიყვარდათ...

– არ ვიცი, ეს ძალიან რთული საკითხია... ასე მოხდა. ხომ იცით, ყველაფერი უფლის ხელშია. ღმერთმა ასე წაიყვანა ჩემი ცხოვრება. როგორ არ მომწონდა და მიყვარდა. ბევრი ისეთი სიტუაცია ყოფილა, როცა შეიძლებოდა, ეს ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ არ მოხდა. ჯერჯერობით მარტო ვარ და მერე ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ ამაზე, აღარ ვაპირებ ასე ცხოვრებას. სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ვმუშაობდი და ცხოვრების ფერხულში ჩართული ვიყავი, ვერ ვგრძნობდი. დედაჩემი ცოცხალი იყო. მარტო იყო და ავადმყოფობდა, მას ვუვლიდი, ვპატრონობდი. ასე წავიდა ეს ცხოვრება. ახლა აღარც სამუშაო მაქვს, აღარც დედაჩემია და აღარც მეგობრები, ნათესაობა. დავრჩი ასე, მარტო. ვნანობ,  რომ ბევრი რამის გაკეთება შემეძლო და არ გავაკეთე. არასდროს არაფერზე მიზრუნია – არც პირად ცხოვრებაში, როგორც უკვე აღვნიშნე და არც ქონებასა და ცხოვრებაზე ვყოფილვარ დახამებული... მაშინ, როცა ბევრს დავხმარებივარ, ბევრისთვის ხელი გამიმართავს. ბინაც უკეთესი მექნებოდა და ყველაფერიც, მაგრამ ამაზე არ მიზრუნია. ამ ბინაშიც შემთხვევით მოვხვდი. აქ რეზო გაბრიაძე ცხოვრობდა. თვითონ საბურთალოზე გადავიდა, მე კი, სულ ვქირაობდი ბინებს. ერთხელაც ქუჩაში შემხვდა, ისე, შემთხვევით. მომიკითხა. მერე მკითხა, სად ცხოვრობ ახლაო. ქირით ვარ-მეთქი. აი, გასაღები, შეხვალ და იცხოვრებ, ოღონდ ჩუმად იყავი, არავინ დაგინახოსო. მე მივდივარ აქედან, მაგრამ ამ ბინის ჩაბარებას არ ვაპირებ – სახლმმართველობისთვის უნდა ჩაებარებინა, – შედი  და იცხოვრე, თან კინოსტუდიიდან გააკეთე მოთხოვნა, რომ გაგიფორმონო. ასე შემოვედი ამ ბინაში და დავრჩი.

 

скачать dle 11.3