უზმოზე ყავის დალევა რეკომენდებული არ არის
უზმოზე ყავის დალევა რეკომენდებული არ არის
ნედლი ყავის მარცვალი ცხიმებს, ცილებს, წყალს, მინერალურ მარილებსა და დაახლოებით ორი ათას სხვა ნივთიერებას შეიცავს. მოხალვის შემდეგ მარცვალი წყლის დიდ ნაწილს კარგავს, მისი შემადგენლობა კი, მოხალვის ხარისხისა და ხანგრძლივობის მიხედვით იცვლება. ყავის მარცვალი მზა სახით შეიცავს 12 პროცენტ ცხიმს, რომელიც ყავის ნალექში მთლიანად რჩება, 25 პროცენტ საქაროზას, ფრუქტოზასა და გალაქტოზას, 8 პროცენტ სხვადასხვა ორგანულ მჟავას. არომატს ყავას ეთეროვანი ზეთი აძლევს, ანუ მასში შემავალი ტერპენები, რომლებსაც ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული მოქმედებაც აქვთ. ქლოროგენის მჟავა ყავას მწკლარტე გემოს აძლევს, თუმცა მოხალვის დროს მჟავის დაახლოებით სამოცდაათი პროცენტი იკარგება. გარდა ამისა, მჟავა აზოტის ცვლას ასტიმულირებს და ცილის მოლეკულის წარმოქმნას უწყობს ხელს. რაც შეეხება ყავის მწარე გემოს, ეს დაკავშირებულია არა კოფეინთან, არამედ ტანინებთან. ამ რთული ორგანული ნივთიერების გასანეიტრალებლად ყავაში რძეს ან ნაღებს ამატებენ.
კოფეინი იწვევს აგზნებას, რომელიც ნელ-ნელა მატულობს და სამ საათს გრძელდება, ორგანიზმში არ გროვდება და ყავის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოიყოფა.
რაც მეტ ყავას სვამს ადამიანი, მით უფრო იშვიათად ფიქრობს თვითმკვლელობაზე – ეს გამოკვლევებმაც აჩვენა. როგორც ჩანს, კოფეინი ტვინის იმ ნაწილებს ასტიმულირებს, რომლებიც ოპტიმალურ განწყობას წარმოქმნის. კოფეინის ძალიან დიდი დოზით მიღება იწვევს ტოქსიკოზს, ადამიანისთვის საშიში დოზა კი მისი ასი გრამია, რაც დღეში ას ფინჯან ყავას უდრის.
ყავა ააქტიურებს გულის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს ფილტვების მუშაობაზე, აუმჯობესებს სისხლით მომარაგებას; შეიცავს ვიტამინ PP-სა და მინერალურ ნივთიერებებს; ასტიმულირებს თირკმელების მუშაობას, აჩერებს სისხლდენას, ზრდის ამტანობას, აფხიზლებს გონებას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციას, კურნავს გაციებას საწყის ეტაპზე.
ქალები, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იღებენ, ყავას უნდა მოერიდონ, რადგან კოფეინი სისხლში სამჯერ უფრო დიდხანს რჩება და გაღიზიანებასა და თავის ტკივილს იწვევს. კრიტიკულ დღეებში კი უმჯობესია, დღეში ერთი ფინჯანი ყავა დალიოთ. ვისაც უძილობა აწუხებს, მან ყავა საერთოდ უნდა ამოიღოს რაციონიდან.
ყავისა და ალკოჰოლის ერთად მიღება არ შეიძლება, რადგან ამ დროს სასმელი ძალიან მალე და ძლიერად მოგეკიდებათ.
უზმოზე ყავის მირთმევა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს, რასაც, შეიძლება, გასტრიტის, წყლულისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადების პროვოცირება მოჰყვეს.
ასევე, მოერიდეთ ყავის დალევის პარალელურად, სიგარეტის მოწევას. დადგინდა, რომ ქოლესტერინის დონე ორგანიზმში ყავისა და სიგარეტის ურთიერთმოქმედების შედეგად გაცილებით იმატებს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემასზე ბურახი დადებითად მოქმედებს
პურის ბურახი მდიდარია B ვიტამინების კომპლექსით, კალციუმით, მანგანუმით, ფოსფორით, ცილებით, ნახშირწყლებით. მასში შედის ათი სახეობის ამინომჟავა და სასარგებლო რძის მჟავა.
ბურახს, გარდა იმისა, რომ წყურვილს კლავს, აქვს კვებითი, მატონიზებელი და ბაქტერიოციდული თვისებებიც. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზებას და სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
ბურახს ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან იყენებდნენ როგორც შარდმდენ და საფაღარათო საშუალებას. ის, აგრეთვე, სასარგებლოა ნაწლავების აშლილობისა და წყალმანკის დროს.
პურის ბურახის ძირითადი კომპონენტებია პური, საფუარი და შაქარი. თუმცა, მის დასამზადებლად გამოყენებული ინგრედიენტები გაცილებით მეტია, მაგალითად: ქერის ან ჭვავის ალაო, წიწიბურისა და ჭვავის ფქვილი, ქონდარი, თაფლი, კვლიავი, პიტნა, დარიჩინი, ღვია, პირშუშხა, სვია, ჭარხალი, ქიშმიში, კენკრა და ხილი. ამიტომ, პურის ბურახის დამზადების რამდენიმე რეცეპტი არსებობს და ყოველი მათგანი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.
ხახვი პოტენციას ამაღლებს
დღევანდელი დაძაბული სტრესული ცხოვრების ფონზე, პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემა ბევრ მამაკაცს აწუხებს. თუმცა, ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვას ამჯობინებენ.
თუ ყოველივე ეს სერიოზული ფიზიოლოგიური მიზეზებით არ არის გამოწვეული, იმედი არ უნდა დაკარგოთ. ყოველ დილით გადაყლაპეთ ერთი კვერცხის გული. ასევე, კარგია კვერცხისა და ხახვის სალათის რეგულარული მიღება.
პოტენციის დაქვეითებისას უძველესი დროიდან არის ცნობილი ხახვის ნაყენი. კერძოდ, ორ ჭიქა წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, გააჩერეთ დაახლოებით, 5-6 დღე ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ კარგად გაწურეთ და დალიეთ მეოთხედ ჭიქა წყალში გახსნილი თითო ჩაის კოვზი ნაყენი, დღეში ორჯერ, ჭამამდე. დააკვირდით და დარწმუნდებით, რომ უმოკლეს დროში ძალა და ენერგია გაგიორმაგდებათ.
ლობიოს პარკის ჩენჩოს სამკურნალო თვისებები აქვს
სამკურნალოდ გამოიყენება ლობიოს პარკის ჩენჩო, რადგან ის შეიცავს ტრიგონელინს, ანუ ბეტოინს, არგინინს, ტიროზინს, ლევიცინს, დიზინს, ამინომჟავებს, ასპარანგინსა და ჰოლინს, ასევე, ორმოცდაათ პროცენტამდე ფემიცელულოზას.
რევმატიზმისა და თირკმელების დაავადებით გამოწვეული წყალმანკის დროს, როგორც შარდმდენი საშუალება, კარგია შემდეგი ნაყენი: 30 გრამ დაქუცმაცებულ ლობიოს ჩენჩოს დაასხით 1 ლიტრი წყალი, წამოადუღეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ნახევარი ჩაის ჭიქა.
წითელი ქარით გამოწვეული ანთების დროს მტკივან ადგილზე დაიყარეთ ლობიოს ჩენჩოს დაფქული მასა.
ლობიოს ჩენჩო მოცვის ფოთლებთან ერთად ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და წამოადუღეთ. ეს ნაყენი კარგია კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ, ასევე, შაქრიანი დიაბეტის დროს.
თირკმელების ანთების დროს ლობიოს ჩენჩოსა და სიმინდის ულვაშს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ადუღეთ და ნახარში დალიეთ ყოველი ჭამის შემდეგ, ერთი ყავის ჭიქის ოდენობით.
დღის რომელ მონაკვეთში აღწევს ორგანიზმის ფიზიკური ძალები მაქსიმუმს
თუ გსურთ, ღრმა სიბერემდე ნათელი გონება, ენერგია და შრომისუნარიანობა შეინარჩუნოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები.
კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანის ყველა შინაგანი ორგანო, მათ შორის ტვინიც, მთელი სიცოცხლის განმავლობაში კარგად რომ გემსახუროთ, დღეში სამჯერ მაინც უნდა ივარჯიშოთ. სხვათა შორის, სწორედ დღეში სამჯერ აღწევს ორგანიზმის ფიზიკური ძალები მაქსიმუმს და ასევე, დღეში სამჯერ დგება დაღლილობის პერიოდიც. ეს პერიოდები უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, სწორად დაგეგმოთ ნებისმიერი ნაბიჯი. ეს გარანტირებული ჯანმრთელობის საწინდარია.
თუ ეცდებით, რომ ნერვულ სტრესს აარიდოთ თავი, ორგანიზმი გადაღლილობისგან იხსნათ, შრომის ნაყოფიერება გაზარდოთ და ასევე, საუკეთესო გუნება-განწყობა შეიქმნათ, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად:
* ადამიანისთვის დღის ორი საათიდან ოთხ საათამდე არ არის რეკომენდებული საჭესთან ჯდომა, რადგან ამ დროს ორგანიზმი უდიდეს დატვირთვას განიცდის.
* სწავლის, ინტელექტუალური განვითარების და სხვა დატვირთვისთვის საუკეთესო დროა 4-დან ექვს საათამდე.
* ადამიანისთვის ყველაზე აქტიური და შრომისუნარიანი პერიოდი ათიდან თორმეტ საათამდე დგება. ამ დროს კარგია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემების მოგვარება, ხელშეკრულებების დადება და პარტნიორებთან მოლაპარაკებები.
* ფიზიკური შრომისთვის კარგია სამიდან ოთხ საათამდე პერიოდი. ამიტომ, ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი ფიზიკური სამუშაო სწორედ ამ მონაკვეთში უნდა შეასრულოთ.
* სპორტს დაუთმეთ დღის პირველი ნახევარი. ამ დროს ვარჯიში გაცილებით დადებით შედეგს მოგიტანთ.
* დღის პირველი საათიდან ორ საათამდე აუცილებელია საკვების მიღება. ამით თავიდან აიცილებთ კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს.
* რვიდან ათ საათამდე კი შეგიძლიათ, უყუროთ ტელევიზორს ან იკითხოთ წიგნი. ამით ძილისთვის კარგ პირობას შეიქმნით.
მოწამვლის დროს დროულად დაეხმარეთ ორგანიზმს
ხანდახან ძალიან რთულია, გამოვიცნოთ, რომელია ჩვენთვის ალერგიული პროდუქტი. ამის გასარკვევად საჭიროა, ისეთი დიეტა შევადგინოთ, რომელშიც გამოვრიცხავთ ყველა მაღალი ალერგიული ქმედებით გამოირჩეულ პროდუქტს. მათი ჩამონათვალი კი საკმაოდ გრძელია და მხოლოდ ზოგიერთს მიგანიშნებთ: ციტრუსები, თხილი, ნიგოზი, თევზეული, ზღვის პროდუქტები, ხორცი, შოკოლადი, ყავა, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტი, ასევე, სანელებლები და საკმაზები, მდოგვი, ძმარი, მაიონეზი, თალგამი, ჭარხალი, პომიდორი, ბადრიჯანი, სოკო, რძე, მარწყვი, ნესვი, ანანასი, თაფლი და სხვა. სამაგიეროდ, შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ და აუცილებლად ჩართოთ საკვებ რაციონში საქონლის უცხიმო ხორცი, ბოსტნეულისა და ბურღულეულის სუპები, კარტოფილი, წიწიბურა, შვრია, ბრინჯი, მწვანილი, კიტრი, ვაშლი, საზამთრო, ჩაი, შაქარი; რძის პროდუქტებიდან კი – ყველი, იოგურტი, კეფირი და ხაჭო.
კვებითი ალერგიის ყველაზე სერიოზული და საშიში გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. შოკი ალერგენული პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე წუთში ვლინდება. ადამიანი ამ დროს კარგავს გონებას, ეწყება კრუნჩხვები, აყრის ტანზე, აღენიშნება პირღებინება და უნებლიე შარდვა.
თუ მოიწამლეთ, დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი და, ეცადეთ, გული ძალით აირიოთ. როცა დარწმუნდებით, რომ კუჭი სუფთაა, მიიღეთ წყალში გახსნილი სამი აბი აქტივიზებული ნახშირი. თუ საკვების მიღების შემდეგ, ნაწლავების სპაზმმა შეგაწუხათ, ეს, შესაძლოა, კვებითი ალერგიის გამოვლინება იყოს და სასწრაფოდ მიიღეთ „ნო-შპა“. ეს მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.
კვებითი ალერგიის დროს, ასევე, ხშირია ფაღარათი. ეცადეთ, მოხარშული კარტოფილი ჭამოთ და ამით უმკურნალოთ კუჭის აშლილობას.
აგრეთვე, ყველანაირი გამონაყარი, სიმშრალე, კანის აქერცვლა ალერგენებისთვის არის დამახასიათებელი. თუ ჭამის შემდეგაც სახის ან ტუჩის ირგვლივ ქავილი დაგეწყოთ, შემდეგ კი ტანზეც გამოგაყარათ, ეს საკვებით მოწამვლაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში, გამოიძახეთ ექიმი , მის მოსვლამდე, კანზე დამარბილებელი კრემი წაისვით, ბანაობისგან კი თავი შეიკავეთ.