ექიმის რჩევები
კითხვა: დედა არის 75 წლის. ერთ თვეზე მეტია ყოველ საღამოს ტერფიდან მუხლამდე ტერიტორიაზე შიგნიდან ეწყება საშინელი ტკივილი, გამაყუჩებელიც ვერ შველის. გვყავდა გამოკვლევებზე ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა, გადავუღეთ ფეხზე ყველაფერი, მაგრამ მიზეზი ვერ დაადგინეს. აქვს დიაბეტი და აწუხებს ხერხემლის პრობლემა. იქნებ დაახლოვებით მაინც მითხრათ რა იწვევს ასეთ ტკივილს?
პასუხი: შესაძლოა მიზეზი დიაბეტური ნეიროპათიაა, ის ხშირი გართულებაა ხანგრძლივად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის დროს; ზიანდება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემა. განსაკუთრებით დამახასიათებელია პერიფერიული ნეიროპათია: ავადმყოფებს აწუხებთ გაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, კრუნჩხვები კიდურებში, ტკივილი ფეხებში, რომელიც ძლიერდება მოსვენებული მდგომარეობის დროს, განსაკუთრებით ღამით და გაივლის სიარულის დროს. აღინიშნება მუხლისა და აქილევსის რეფლექსების დაქვეითება ან სრული გაქრობა, ასევე ტაქტილური, ტკივილის მგრძნობელობის დაქვეითება; ზოგჯერ ვითარდება კუნთების ატროფია ფეხების პროქსიმალურ ნაწილებში. მიმართეთ ენდოკრინოლოგს, რომელიც უკეთ გაერკვევა პაციენტის ჩივილში და შესაბამის დახმარებასაც აღმოუჩენს.
კითხვა: დედაჩემს აქვს ლავიწის ძვლებთან რაღაცნაირად გამობურცული. რა უნდა იყოს, შეხებით რბილია, ამობერილია უბრალოდ.
პასუხი: დაუყოვნებლივ აჩვენეთ პირველ რიგში ოჯახის ექიმს, გამორიცხეთ ლიმფური კვანძის გადიდება.
კითხვა: გთხოვთ ამიხსნათ, რას ნიშნავს გარე ორსულობა და ასეთ დროს აუცილებლად აშორებენ ნაყოფს?
პასუხი: ნორმალური ორსულობის დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი კვერცხსავალი მილის გავლით საშვილოსნოს ღრუში გადაინაცვლებს და მის ლორწოვან გარსში ჩაიზრდება. საშვილოსნოსგარე ანუ ექტოპიური ორსულობა ისეთი ორსულობაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუს გარეთ ჩაინერგება და იქვე იწყებს განვითარებას. საშვილოსნოს გარეთ ჩანერგილი ემბრიონი, ფაქტობრივად, დასაღუპავად არის განწირული, რადგან არ გააჩნია ზრდისა და განვითარებისთვის საკმარისი სივრცე, ვერ იღებს საკვებს... ვინაიდან ეს ადგილები განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად არ არის შექნილი, ადრე თუ გვიან წარმონაქმნი სკდება და იწყება მუცლის ღრუში მასიური სისხლდენა, ამიტომ საშვილოსნოსგარე ორსულობა ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი სრულდება.
კითხვა: მაინტერესებს თუ მოხდა ისე, რომ სხვა ქალაქის საავადმყოფოში მომიწია მშობიარობა (რა თქმაუნდა, ქვეყნის შიგნით) და არა იქ, სადაც აღრიცხვაზე ვარ, მშობიარობა მაინც უფასო იქნება?
პასუხი: დიახ, რასაკვირველია. ქვეყნის შიგნით ერთი და იგივე კანონები მოქმედებს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი