იკერ კასილასი –- „რეალის” სიმბოლო და კაპიტანი
„რეალიდან” მისი წასვლის შესახებ, ბოლო პერიოდია, აქტიურად საუბრობენ. თუმცა, ის ჯერაც მადრიდული გრანდის სიმბოლოდ და კაპიტნად რჩება. საუბარია იკერ კასილასზე, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელზე.
* იკერ კასილასი სკოლის მასწავლებლისა და დიასახლისის ოჯახში დაიბადა.
* ექვსი წლის ასაკიდან, ყოველ შაბათს იკერს მამა დილის 6 საათზე აღვიძებდა, რომ მოესწროთ წასვლა მოსტოლესეს საფეხბურთო სკოლაში, მადრიდში.
* იკერის მამა ტოტალიზატორის მოყვარული გახლდათ და ხშირად თამაშობდა. ერთხელ მან იკერს დაავალა, 14 თამაშიდან გადაბმულ ბილეთზე დაედო რამდენიმე პესო. იკერს დაეზარა საბუკმეკერო კანტორაში წასვლა და ფული მეგობრებში დახარჯა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ იკერის მამამ 14-ივე მატჩის შედეგი გამოიცნო და მას დაახლოებით მილიონი ევროს ოდენობის თანხა შეეძლო მოეგო, რომ არა იკერის სიზარმაცე.
* მადრიდის „რეალის” ექსთავკაცი და ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე იკერ კასილასმა 11 წლის ასაკში გაიცნო. დელ ბოსკემ თავის კაბინეტში დაიბარა ჭაბუკი კასილასი და მკაცრად გაკიცხა თანაკლუბელთა გაშაყირების გამო.
* 20 წლის ასაკამდე იკერ კასილასს საკუთარი ავტომობილი არ ჰყავდა და „რეალის” ვარჯიშებზე ძირითადად, მეტროპოლიტენით მიდიოდა ან მამის ავტომობილით – „რენო-19-ით”.
* იკერ კასილასმა ავტომობილის მართვის მოწმობა მეორე გამოცდიდან აიღო. მისი, როგორც მძღოლის სტაჟი 11 წელია.
* იკერ კასილასი და „ჩელსის” გოლკიპერი პეტრ ჩეხი ერთ დღეს, 20 მაისს არიან დაბადებულნი. უბრალოდ, იკერი – 1981 წელს, ხოლო პეტრი 1982 წელს დაიბადა.
* იკერ კასილასი ზოდიაქოთი კუროა.
* „რეალის” პირველ გუნდში იკერ კასილასი 16 წლის ასაკში მიიწვიეს, 1997 წლის ნოემბერში. ამის თაობაზე იკერს კოლეჯის დირექტორმა შეატყობინა და უთხრა, რომ ეჩქარა, რადგან აეროპორტში ელოდებოდნენ. იკერი ისე, რომ სახლშიც არ გაუვლია, აეროპორტში წავიდა და გუნდთან ერთად ნორვეგიაში გაემგზავრა ჩემპიონთა ლიგაზე „რუსენბორგთან” მატჩის ჩასატარებლად.
* პირველი მატჩი „რეალის” შემადგენლობაში იკერ კასილასმა ბასკური გუნდის, ბილბაოს „ატლეტიკის” წინააღმდეგ ითამაშა.
* იკერ კასილასის მეტსახელებია: „წმინდანი”, „იკერმანი”.
* იკერის უმცროსი ძმა, უნაი „ბარსელონას“ ქომაგია.
* საყვარელი გოლკიპერი – პეტერ შმეიხელი.
* საუკეთესო მეგობრები – სერხიო რამოსი და ჩავი ერნანდესი.
* საყვარელი კერძი – შემწვარი კარტოფილი ერბოკვერცხთან ერთად.
* იკერ კასილასი ესპანეთის ეროვნული ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით.
* 2007 წელს იკერ კასილასმა, ჩოგბურთელ რაფაელ ნადალთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში მალარიის წინააღმდეგ. აქციის ფარგლებში ჩატარდა საფეხბურთო და ჩოგბურთის მატჩები.
* 2007 წელს იკერ კასილასმა მონაწილეობა მიიღო მხატვრულ ფილმში „გოლი 2: ცხოვრება როგორც ოცნება”, სადაც საკუთარი თავი განასახიერა ეპიზოდურ როლში. ფილმში ასევე, მონაწილეობდნენ: ივან ელგერა, სერხიო რამოსი, რობერტო კარლოსი, რაული, დევიდ ბექჰემი, რონალდო, ზინედინ ზიდანი, გუტი, მაიკლ ოუენი, სტივ მაკმანამანი, ტიერი ანრი, ფრედი ლიუნგბერგი, სესკ ფაბრეგასი და არსენ ვენგერი.
* იკერ კასილასი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მესამე გოლკიპერია, რომელმაც მუნდიალზე კაპიტნის რანგში მოახერხა გამარჯვება. მისი წინამორბედი იტალიელები – 1934 წელს გაჩემპიონებული ჯანპიერო კომბი და 1982 წელს გაჩემპიონებული დინო ძოფი არიან.