კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მიეწოდება ადამიანს ცოდვა სიკეთის სახით და რა არ ეპატიება მას არც ამ და არც იმ ცხოვრებაში

რამდენადაც სულიერია ადამიანი, უფრო მეტად არის უფალთან დაახლოებული. ამ მისტიკურ კავშირს, ალბათ, ყველა მორწმუნე განიცდის და, როგორ განიცდის, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სულიერების არის თვითონ. რაც შეეხება ზედაპირულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ უფალს, არც ვიცით, როგორია, მაგრამ, პირველ ადამიანებს მასთან არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური, ხილული ურთიერთობაც ჰქონდათ – რეალურად აღიქვამდნენ ღვთის მყოფობას და, აქედან გამომდინარე, ჰქონდათ სწორი შემეცნება უფლისა და მისი მყოფობის წესებისა და კანონების შესახებ.

 

მამა საბა (ბიკაშვილი) (ვაკის წმიდა გიორგის სახლეობის ეკლესიის წინამძღვარი): პირველმა ადამიანებმა დაარღვიეს მორალური და ზნეობრივი კანონები, გადავიდნენ ღვთის ცნებიდან და გაწყდა ის უხილავი კავშირი, რომელიც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებობდა და არასდროს არ უნდა გაწყვეტილიყო. რადგან ადამიანი მოსწყდა სასუფეველს და დარჩა სასუფევლის გარეშე, მისი სულიერი ძალები, უკვე ათასწლეულების შემდეგ, ის აღარ არის, რაც თავიდან სამოთხეში გააჩნდათ ადამიანებს. გავიდა წლები, ათასწლეულები და ადამიანები ნელ-ნელა დაშორდნენ თავიანთი სულიერებით უფალს. რადგან ადამიანში გენეტიკურად იყო ჩადებული, რომ ის უნდა ყოფილიყო მორწმუნე, რელიგიური და მოსწყდა სწორ შემეცნებას ჭეშმარიტებაში, მასში დამახინჯდა სულიერი ადამიანი. ამიტომ, ეს ყველაფერი მან სხვანაირად აღიქვა და მისი რწმენაც დამახინჯდა. ადამიანი გამუდმებით ეძებს ჭეშმარიტებას და სწორედ ამ დროს მოდის მრავალღმერთიანობაც. როდესაც ადამიანი დაშორდა სამოთხისეულ მდგომარეობას, დამახინჯდა მისი სულიერი მდგომარეობა. 

– რატომ არის უფრო ადვილი, ადამიანმა ისწავლოს ცრურწმენის წესები, ვიდრე იყოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი?

– როდესაც ადამიანი არ უსმენს უფალს, ჩვენი მასწავლებელი ხდება ის დაცემული ძალა, რასაც ეშმაკს ვეძახით. არ შეიძლება, ადამიანი მამონასაც და ღმერთსაც ერთდროულად ემსახურებოდეს, ის ან ერთს ემსახურება, ან – მეორეს და, შესაბამისად, თუ ის ღმერთისგან არ სწავლობს, ავტომატურად, მისი მოძღვარი და მასწავლებელი ბოროტი ძალა ხდება. როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ის სხვებზე კარგია – ესეც ერთგვარი ცრურწმენაა, ანუ, არასწორი დამოკიდებულება რეალობისადმი. უფრო ადვილია, ადამიანმა ისწავლოს ცრურწმენის წესები, ვიდრე იყოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რადგან ფიქრობს, რომ ღმერთი მისგან ბევრს ითხოვს და, თავისთავად, ამაშიც ეშმაკის ხელი ურევია. ის არიგებს ადამიანს და ეუბნება, რომ ღმერთი შენგან ისეთ რაღაცეებს ითხოვს, რომლის გაკეთებაც არ შეგიძლიაო. მეორე მხრივ, როდესაც საქმე ცრურწმენას ეხება, უკვე ადვილია ყველაფერი: შეგიძლია, თუ დილით მარცხენა ფეხით ადგები, გამოასწორო და მერე მარჯვენათი ადგე. შესაბამისად, ადამიანებს ცრურწმენებზე დამოკიდებულება, მათი რწმენა უფრო უადვილდებათ, ვიდრე ქრისტიანული მცნებების დაცვა, რადგან ის უფრო მარტივი და ადვილია.

– სად სწავლობს ადამიანი გადარჩენის გზას, იმას თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ ცხოვრებაში?

– ადამიანი ტაძარში სწავლობს გადარჩენის გზას, მას ეძლევა სწორი ორიენტირი, თუ როგორ მოიქცეს ცხოვრებაში. ამას კი ეკლესია სახარების საშუალებით ასწავლის. ამიტომაც, ეკლესიაში მთავარი მაცხოვნებელი დოქტრინა წმიდა წერილია, რა თქმა უნდა, მაცხოვრის, მოციქულთა და მამათა ცხოვრება, დოგმატური კანონები და ასე შემდეგ. ამის გარეშე გადარჩენა და ცხონება შეუძლებელია. ადამიანმა შეიძლება, ის წესები, რასაც ეკლესია ქადაგებს, ეკლესიის გარეთაც დაიცვას, აღასრულოს, მაგრამ მაშინ, ბუნებრივია, ბევრს გაუჩნდება კითხვა – რა საჭიროა ეკლესია, ცხონება გარეთაც შესაძლებელია: ვილოცებ, მარხვას დავიცავ, აღვასრულებ იმ ზნეობრივ და მორალურ მოთხოვნილებებს, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების განმავლობაშიო. ყველაფერი, რაც ეკლესიის წიაღში აღესრულება, თუნდაც საიდუმლოებები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებზე მადლი გადმოდის, თავად ის წესებიც, რაც ეკლესიაშია დადგენილი, – ეს ყველაფერი ერთად აღებული, არ არის ადამიანის ცხონების გარანტია. ეს მხოლოდ გარეგნული საშუალებებია, რომელიც ცხონების გზაზე შემდგარ ადამიანს ეხმარება, ასწავლის, აძლევს სწორ ორიენტირს. მარხვა, ლოცვა, კეთილი საქმეები, ყველაფერი მხოლოდ საშუალებაა, რომელიც ადამიანს აცხონებს, თუკი აღასრულებს თავმდაბლობით, სიყვარულით, იმ შემუსვრილი მდგომარეობის განცდით, რაც ყველა ქრისტიანს უნდა გააჩნდეს. როდესაც სწორ დამოძღვრაზე ვლაპარაკობთ, ცალსახად ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს არის კონკრეტულად რომელიმე მოძღვრის დამოძღვრა. რა თქმა უნდა, არა – ეკლესიის დამოძღვრა და მოძღვრის დამოძღვრა სულ სხვადასხვა რამ არის. ეკლესიამ, როგორც წესი, უნდა გადმოსცეს ეკლესიის მოძღვრება და არა პირადი. ყველა მართლმადიდებელი მოძღვარი უნდა გადმოსცემდეს მამათა მოძღვრებას, სწავლებას, მოციქულთა და მაცხოვარ იესო ქრისტეს სწავლებას, ანუ სახარებისეულ ჭეშმარიტებას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს როგორც პიროვნებას, ინდივიდს არ გააჩნდეს ამ საკითხებთან მიმართებაში საკუთარი აზრი. ნებისმიერი ადამიანის, ქრისტიანისა და მოძღვრის ამოსავალი წერტილია, ეფუძნებოდეს ეკლესიას, მამათა სწავლებას. თუ ჩვენ, მოძღვრები ამ სწავლებას ამოვიღებთ ჩვენი ქადაგებიდან და ხალხს იმას ვასწავლით, რაც ჩვენ გვგონია მართებული, დღეს თუ ხვალ აუცილებლად ცდომილებაში ჩავაგდებთ მათ. ყველა ქრისტიანმა, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გააცნობიეროს, ამისთვის კი თავად უნდა იყოს განსწავლული. მრევლი არ უნდა კმაყოფილდებოდეს მხოლოდ ეკლესიაში დგომითა და სახარების მოსმენით. რაც უფრო მეტი ცოდნა ექნება, მით უფრო გაუადვილდება გადაწყვეტილების მიღება და სიკეთის ბოროტებისგან გარჩევა. ასევე, იმის გაგება, თუ რას ქადაგებს მისი მოძღვარი ამბიონიდან. თუ ის მიხვდება, აღმოაჩენს სულიერი განათლების გზით, რომ მისი სულიერი მოძღვარი ცდება, ასწავლის თავის პირად სწავლებას, ასეთ მოძღვარს სასწრაფოდ უნდა განერიდოს. იოანე ოქროპირი ბრძანებს: თუ შენი მოძღვარი არ გასწავლის ღვთისას, არამედ გასწავლის თავისას, ასეთი მოძღვრისგან კი არ უნდა ითხოვო კურთხევა, შენდობა იმისთვის, რომ განეშორო, არამედ სირბილით გაიქეცი მისგან, რადგან ცუდმა მოძღვარმა საკუთარი თავი არ ჩააგდოს გეენიაში და შენც არ გაგიყოლოსო. ადამიანმა ეს ყველაფერი უნდა ისწავლოს ეკლესიის წიაღში მყოფობით, ურთიერთობით, საიდუმლოებებში მონაწილეობით და შემდეგ ეს საკუთარ ცხოვრებაში გაატაროს. ეს არის ოქროს კომპასი, რომელიც ადამიანს სწორ ორიენტირს აძლევს, გამოჰყავს უდაბური ტყიდან, სწორ გზას აძლევს, პლუს ამას, ის საკუთარ თავზეც უნდა ზრუნავდეს, სწავლობდეს, იზრდებოდეს, მეტი განათლება, შემეცნება მიიღოს: სახარების, სამოციქულოს, წმიდა მამათა ცხოვრების სწავლებით. ეს კი სწორი არჩევნის გაკეთებაში დაეხმარება, მიხვდება, თუ რა არის მისთვის უკეთესი, სწორი და რაც მთავარია, სწორად განვითარდება. ეკლესიაში ვსწავლობთ ერთ მთავარ ჭეშმარიტებას, რის გარეშეც ადამიანის ქრისტიანული, ეკლესიური, რელიგიური, მორალური, ზნეობრივი ცხოვრება გამორიცხული იქნება. ეს არის ცოდვებთან სწორი მიდგომა. ეკლესიაში ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ უნდა დადიოდეს, რომ კარგად გაიგოს და გაარჩიოს ცოდვის არსი. დღეს ბევრი ცოდვა მოგვეწოდება არა ცოდვის, არამედ სიკეთის სახით. არადა, თუ კარგად ჩავეძიებით, გავაანალიზებთ, აღმოჩნდება, რომ ეს სიკეთე კი არა, ცოდვაა და მისი გარჩევა უნდა შეგვეძლოს. მაცხოვარი ამბობს: ადამიანმა რაც უნდა დააშავოს ძის, იესო ქრისტეს მიმართ, მას ყველაფერი ეპატიება, მაგრამ თუ ის სულიწმიდის მიმართ შესცოდავს, ეს არც ამ ცხოვრებაში ეპატიება და არც იმ ცხოვრებაში. იოანე ოქროპირი განმარტავს: ადამიანს არ მიეტევება ის ცოდვა, რომელიც ყველაზე საშინელია დედამიწაზე, რასაც ის საკუთარი თავისუფალი ნებით აკეთებს. როცა ფიქრობს, ფიქრობს და იცის, ეს ცუდია, მაგრამ მაინც აშავებს, შეგნებულად ირჩევს ცოდვიან გზას, სწორედ ეს არის სულიწმიდის გმობა. ადამიანებში არის ორი სახის ბრძოლა: ლტოლვა სიკეთისა და ბოროტებისკენ და როცა შეგნებულად აშავებს, ცოდვას ირჩევს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, სწორედ ეს არის სულიწმიდის გმობა. არსებობს ადამიანების სულიერებაში ასეთი მდგომარეობაც: როდესაც ადამიანი სჩადის ცოდვას, მაგრამ არა საკუთარი თავისუფალი ნებით, არამედ ის ცოდვას ჰყავს დამონებული. ამ დროს მისი საკუთარი ნება მთლიანად უგულებელყოფილია. ავიღოთ თუნდაც შური – ვიცი, რომ შური ძალიან ცუდია, ყველანაირად ვებრძვი მას, მაგრამ, ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს.  ეს მდგომარეობა ნაკლებად ცოდვილი მდგომარეობაა, ვიდრე ის, რომ მე მაქვს იმის შინაგანი პოტენციალი, არავისი მშურდეს, მაგრამ ჩავდივარ ცოდვას შეგნებულად და სწორედ ეს არის სულიწმიდის გმობა, რომელიც ადამიანს არ მიეტევება, რადგან ის ამას საკუთარი შინაგანი მდგომარეობით ირჩევს. თუ ის მთელი თავისი ხორციელი, შეგნებული ცხოვრებით ამ პოზიციაზე იდგება, იმქვეყნადაც სწორედ ამას აირჩევს. როდესაც ადამიანი საკუთარი ნებით იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, შემდეგში ის აუცილებლად დაემონება ცოდვას და მისი თავისუფალი ნება მთლიანად ჩაეფლობა ამ მდგომარეობაში. 

 

скачать dle 11.3